"ქალის გარეშე კაცი წარმატებული ვერ იქნება" - კვირის პალიტრა

"ქალის გარეშე კაცი წარმატებული ვერ იქნება"

გადავწყვიტეთ, "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური მონაწილე - გოგა ჯაბაური უკეთ გაგვეცნო. თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ გოგა გულახდილად გვესაუბრა...

- გოგა, პროექტის დასრულების შემდეგ, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- უბრალოდ, ჩემი პოპულარობა 50%-ით გაიზარდა. საზოგადოებისთვის უცნობი მანამდეც არ ვყოფილვარ - სარესტორნე ბიზნესში ბევრი ადამიანი მიცნობდა. მოგეხსენებათ, ჩემს სამუშაო სფეროში ადამიანს სხვადასხვანაირ ხალხთან კონტაქტი გაქვს. დღის განმავლობაში მინიმუმ, 50 ახალ ადამიანს ვხვდები. 14 წელია, ამ ბიზნესში ვარ... პროექტში პოპულარობის მოსაპოვებლად არ ვმონაწილეობდი. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო: მაინტერესებდა, იმ პირობებში გავძლებდი თუ ვერა... თან, ერთგვარი დასვენება მოვიწყვე. პრიზის მოგება მიზნად არ დამისახავს. გართობა და სიმართლე მიყვარს. ჰედონისტი ვარ: რასაც ვაკეთებ, იმისგან სიამოვნებას ვიღებ...

- როგორ გარემოში გაიზარდე?

- ფემინურ გარემოში გავიზარდე - ჩემს სახლში 8 ქალი ცხოვრობდა: დედა, დეიდები, დეიდაშვილები... ჩემი მშობლები დაშორებულები იყვნენ. მამა 22 წლისამ გავიცანი, როცა უკვე თავადაც შვილები მყავდა... მოკლედ, ისე ვიზრდებოდი, როგორც თითქმის ყველა ბავშვი: 90-იან წლებში ყველგან გასაჭირი იყო. ზამთარში ხან შეშის ღუმლით ვთბებოდით, ხან - ნავთის საშოვნელად დავდიოდით... ბოთლებიც ჩამიბარებია და ფერადი ლითონიც... სკოლაში ცუდად ვსწავლობდი. ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ყველაფრის პერფექციონიზმამდე მიყვანა მიყვარდა. მიზანდასახული გახლდით. უბრალოდ, სკოლაში კარგად სწავლის აზრს ვერ ვხედავდი. ისეთი დრო იყო, ბავშვებს ერთმანეთთან გართობა გვერჩივნა. როცა ადამიანი გაჭირვებაში იზრდები, გინდა, შენი სტრესი როგორღაც დააბალანსო...

- რა მიზნები გქონდა?

- ცხოვრება მინდოდა და არა - არსებობა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მიზანს მივაღწიე: კი არ ვარსებობ, ვცხოვრობ!.. იყო პერიოდი, როცა ბარში 150 ლარის სანაცვლოდაც ვმუშაობდი. მაშინ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. დაბალი ხელფასი არ მეთაკილებოდა. ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ჩემი ამჟამინდელი სამუშაო სფერო კარგად შემესწავლა და იქამდე მოვსულიყავი, სადაც ახლა ვარ...

- სარესტორნე ბიზნესით როგორ დაინტერესდი?

- ძალიან "მოგულავე" ბავშვი ვიყავი. ფაქტობრივად, 13 წლიდან მარტო ვცხოვრობდი. ოჯახს, ჩვენს სახლთან ახლოს, კიდევ ერთი დაკეტილი სახლი გვქონდა. დედას ვთხოვე, - საცხოვრებლად ცალკე გადავალ-მეთქი. გამომხედა, გამიღიმა და, - კარგიო... ბავშვობის მეგობრები "ვხულიგნობდით", ხან "შტაბობანას" ვთამაშობდით, ვერთობოდით... გვაინტერესებდა, კარგი ცხოვრება რა იყო. იმ პერიოდში სარესტორნე ბიზნესში კარგი შემოსავალი იყო. ჯერ ბარმენის დამხმარე გახლდით - ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მავალებდნენ. ვსწავლობდი ინტერნეტიდან, კონსპექტებიდან... მაშინ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო. ბარის ინდუსტრიით დავინტერესდი - იმით მოვიხიბლე, რომ ბარში ხალხი მოდის, გესაუბრება, იმართება დიალოგი, დისკუსია ან მონოლოგს უსმენ... წლების მერე აცნობიერებ, რომ ფაქტობრივად, ფსიქოლოგი ხარ, რადგან როცა ადამიანი მოდის, უკვე იცი, რა უნდა. წლის განმავლობაში დაახლოებით 15 ათას ადამიანს რომ გაიცნობ, წარმოიდგინე, რამხელა ინფორმაციას ფლობ!.. წიგნი აღარ მჭირდება. თან, დისლექსია მაქვს და არაფერს ვკითხულობ. ჯარში ყოფნის დროსაც, 1 წიგნს - ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრა" მთელი წელი ვკითხულობდი (იღიმის). ფილოსოფია ყოველთვის მაინტერესებდა... შემდეგ მივხვდი, წიგნი არ მჭირდება.

- არც აუდიოწიგნებს უსმენ?

- არა. რამდენჯერმე ვცადე... ბიზნესლიტერატურას რაც შეეხება, ყოველთვის ვკითხულობ, თუ რამე საინტერესოა...

- 30 წლის ხარ. 4-ჯერ დაოჯახება და განქორწინება როგორ მოასწარი?

- 17 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა - მის მშობლებს არ მოვწონდი, რადგან მდიდარი ოჯახის შვილი არ გახლდით... ცხოვრებაში ბევრი რამის ამბიცია მქონდა: მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ისეთ რამეს ვყიდულობდი, რასაც ერთი შეხედვით, ვერ ჩაიცვამდი - არ მოგეწონებოდა, მაგრამ ისე გადავაკეთებდი ხოლმე, რომ სამოსს კარგ იერს ვაძლევდი. თან, თბილისის ერთ-ერთ სამკერვალოში ტანსაცმლის დიზაინს ვსწავლობდი, რადგან მკერავების ლოდინი მომბეზრდა, როდის გადააკეთებდნენ ჩემს დატოვებულ სამოსს. გადავწყვიტე, თავად მესწავლა... მოკლედ, რჩეულის მშობლებმა დამიწუნეს, რადგან ცხოვრებაში არაფერი გამაჩნდა, მაგრამ არა უშავს... მიმაჩნია, რომ ოჯახის შექმნისას ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგო: თუ ერთმანეთი მოგწონთ, ჯობია, ჩამოყალიბდეთ, გარკვეული დეტალები "გაიაროთ" - ცხოვრებაში რა გინდათ, ერთმანეთს ენდოთ და დაოჯახდეთ. ჩემმა პირველმა ქორწინებამ მცირე ხანს - 9 თვეს გასტანა. შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, მეუღლის მშობლებისგანაც მხარდაჭერა რომ გვეგრძნო... მეორე ქორწინებას რაც შეეხება, იმ ადამიანს ბევრი წელი ვიცნობდი, ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვიჩნდა და დრო აღარ დავკარგე... მერე, როცა ურთიერთობა ტოქსიკურობამდე მიდის - კარიერისტი ადამიანი შენს კარიერას და ცხოვრებას შენში კლავ, ასეთ დროს ჯობია, ურთიერთობა კარგად დაასრულო და შენი ყოფილი მეუღლე გიყვარდეს, როგორც ადამიანი. უბრალოდ, სასიყვარულო ურთიერთობა ვეღარ გექნებათ. ერთმანეთს შეუღლებიდან 4 წლის მერე დავშორდით. ტყუპი ბიჭი გვყავს. 9 წლის, ულამაზესი ბავშვები არიან, მაგრამ მათ ფოტოებს არასოდეს ვასაჯაროებ: როცა გაიზრდებიან, თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა, რომ მაგალითად, ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ. მათით ვცხოვრობ... ბიჭები რომ შეგვეძინა, 19-20 წლის ვიყავი. დილის 8 საათიდან მშენებლობაზე ვმუშაობდი, საღამოს კი - ბარში. კარგ შემთხვევაში, დღე-ღამეში 4-5 საათი მეძინა. რთული იყო, მაგრამ როცა 2 მცირეწლოვანი შვილი გყავს, ოჯახს მაქსიმალურად უნდა დაეხმარო. იმ პერიოდშიც საკმაოდ ბევრ ფულს ვშოულობდი... შემდეგ ბევრს ვმოგზაურობდი: სიამოვნებისთვის, გამოცდილების მისაღებად, სამუშაოდ... აზიაში რომ ჩავედი, იქ არავის ვიცნობდი. თავდაპირველად ყაზახეთში ვიყავი. იმ დროს საქართველოში, ბარის ინდუსტრიაში ცუდი ტიპი არ გახლდით. მენეჯმენტის გამოცდილებაც მქონდა, მაგრამ დიდ პროექტზე მუშაობის - არა. ამ საქმეს უკვე აზიაში შევერკინე. პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ქალაქი გავიცანი; გავერკვიე, რა ხდებოდა ბარის ინდუსტრიაში... -15-გრადუსიან ყინვაში ფეხით დავდიოდი, რომ ჩემი რეზიუმე ყველა დაწესებულებაში დამეტოვებინა. მალე სამუშაოდ მაგარი პროექტი ავიღე: ერთ-ერთი ფრანგული ღვინის სახელობის რესტორნის ბარის დეპარტამენტს მენეჯერი სჭირდებოდა... ნახევარი წლის მერე, საინტერესო ქალბატონი გავიცანი, რომელიც ძალიან მომეწონა. ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ დავოჯახდით... ჩვენი განშორების მიზეზი ის იყო, რომ აბორტი გაიკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია. მას მერე ურთიერთობა გაგვიფუჭდა. ქორწინების შენარჩუნებას შევეცადე, მაგრამ საკუთარ თავთან ვერ ვიბრძოლე... თუ ადამიანი გიყვარდა, მას ცუდად ვერ მოექცევი - გაუშვებ და დაემშვიდობები... საქართველოში 2017 წელს დავბრუნდი - "ჯემ ფესტზე" მომიწვიეს. პროექტი წარმატებულად განვახორციელე და 1 თვეში ყაზახეთში დავბრუნდი. ერთ-ერთ საღამოზე ძალიან მაგარი გოგო გავიცანი. გაცნობიდან ნახევარი წლის განმავლობაში ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შემდეგ გარკვეული დრო ერთად ვიცხოვრეთ და მივხვდით, ერთად ყოფნა მოგვწონდა - კიდევ ერთხელ დავქორწინდი... ჩვენი გოგონა თბილისში დაიბადა, ახლა აზიაშია... მე და ჩემი, ამჟამად უკვე ყოფილი მეუღლე წელიწად-ნახევრის წინ დავშორდით - ორივე კარიერისტები ვართ. ურთიერთობა ტოქსიკურობაში რომ გადაიზარდა, გადავწყვიტეთ, ჩვენი კამათებით ბავშვი არ გვეწვალებინა... ვისთანაც შვილები მყავს, ყველასთან ვმეგობრობ, რადგან საერთო იდეა გვაქვს: ბავშვები კარგად იყვნენ და რაც ჩვენთვის ვერ შევძელით, შვილებისთვის გავაკეთოთ...

- ოთხმა ქორწინებამ რა გასწავლა?

- საერთოდ, პასუხისმგებლობის აღება მიყვარს. ყველაფერი ოფიციალური უნდა იყოს: დოკუმენტს უფრო აზრზე მოჰყავხარ - გაფხიზლებს, თავს ვერ დაადებ და სადღაც ვერ წახვალ...

- ამჟამად შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, ახალი ურთიერთობისთვის მზად ხარ?

- ყოველთვის მზად ვარ, რადგან მამაკაცს გვერდით ძლიერი ქალი ყოველთვის სჭირდება, რათა წარმატებული იყოს. ქალის გარეშე კაცი წარმატებული ვერ იქნება. ჩემი ყველა ყოფილი მეუღლე ჭკვიანი და განათლებულია. სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრეს, უნივერსიტეტში სტიპენდიატები იყვნენ... ქალი ჭკვიანი უნდა იყოს. გაუნათლებელთან საუბარი ძნელია - მოსაწყენი იქნება... მართალია, წიგნებს არ ვკითხულობ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ვისაც სხვისი ცხოვრება აინტერესებს, მხატვრული ლიტერატურა წაიკითხოს, მაგრამ ჯობია, თქვენი ცხოვრება - ის, რაც გინდათ, სხვა ადამიანში ნახოთ, თქვენშივე "გაშალოთ"...

- შენი ნაშოვნი მილიონი დოლარის შესახებაც გვიამბე...

- 27 ჩემი საყვარელი რიცხვია. ჩემი ცხოვრების მიკრომიზანი იყო, რომ 27 წლამდე, ჩემი ოქროს დაბადების დღისთვის, მილიონი დოლარი მეშოვა. მარტივად მოვახერხე - გამიმართლა. მაშინ ცენტრალურ აზიაში ვცხოვრობდი. ძალიან ძვირად ღირებული პროექტები მქონდა. ბევრ საინტერესო, რეალიზებულ, წესიერ, წარმატებულ ადამიანს ვიცნობდი. მათ ჩემს ამბიციებს ვუზიარებდი. ჩინეთისთვის კონკრეტული პროდუქტი - თხილი სჭირდებოდათ. საერთო ინტერესის მქონე ადამიანები ერთმანეთს დავაკავშირე, გარიგებიდან კი მოგების 2-3%-ს ვიღებდი. რამდენიმე სეზონში, მილიონი დოლარი ვიშოვე და დავხარჯე კიდეც. იმ ფულით ბევრი "ვიგულავე", ცოტა - უძრავ ქონებაში დავაბანდე...

- "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობისას იმ შეჯიბრებაში არ მონაწილეობდი, რომელშიც მონაწილეებს ფალოსის ფორმის სათამაშოები ჰქონდათ თავზე დამაგრებული...

- რეალურად, ვმონაწილეობდი. უბრალოდ, თავზე ფალოსის ფორმის სათამაშო არ დამიმაგრებია, ჩემთვის ეს მიუღებელია. კაცმა თავზე პენისი რატომ უნდა გაიკეთო (იცინის)? "ტეხავს"... სიმართლე გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილება დიდწილად, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 2 შვილი მეზრდება. მათმა კლასელებმა იციან, ვინ არის მათი მამა... მოკლედ, თამაშში ვმონაწილეობდი, მაგრამ არ მიხმაურია - ეს სტრატეგია არ გამომიყენებია, რომ სხვა მონაწილე ბიჭებისთვის "ჩამეჭირა". გურამ შეროზია კი არ ვარ, ასე მოვქცეულიყავი. გურამმა დეა ხიდეშელს (ბაგირას) მადლობა გადაუხადოს, რადგან სწორედ დეამ განაცხადა - თამაშში მონაწილეობას არ მივიღებო, თორემ მანამდე, შეროზია ამბობდა, - სახალისოა, ვითამაშოთო, მე კი სულ "ბირჟის კაცს" მეძახდა, რადგან "პენისი" თავზე არ გავიკეთე. ჩვეულებრივი ფარისეველია, ცხოვრებისგან გაბოროტებული ადამიანი. ბოლოს თითქოს ჩემი დამცირება უნდოდა - ბარის მფლობელიც არ ხარ, ბარმენი ხარო...

- სამომავლოდ რას აპირებ?

- ჩემს ბიზნესს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. ახალ გუნდს შევკრავ, რადგან ძველი გუნდის წევრები გაიზარდნენ, ისწავლეს და გუდაურში გაემგზავრნენ უფრო მეტი ფულის საშოვნელად. საინტერესო გუნდს ვკრებ: 18, 21 და 25 წლის ახალგაზრდები არიან. ვასწავლი, როგორ იმუშაონ, სტუმრებს როგორ მიმართონ... მაგალითად, გუშინ ერთ-ერთ სტუმარს ვკითხე, - რომელიმე პროდუქტზე ალერგია ხომ არ გაქვთ-მეთქი? გაუკვირდა, - ასეთი რამ პირველად მკითხესო. ბარში 340 ალერგენული პროდუქტი მაქვს: კენკრა, ციტრუსი, თხილი, თაფლი... შესაძლოა, გასართობად მოსულ ადამიანს ზიანი მივაყენო... ჩვენთან მოსულმა სტუმარმა სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიიღოს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"