„არავის ინდობდა, ეტყობა, ომის კადრები ელანდებოდა და ვითომ მტერს ესროდა“ - კვირის პალიტრა

„არავის ინდობდა, ეტყობა, ომის კადრები ელანდებოდა და ვითომ მტერს ესროდა“

საგარეჯოში ნათლისღების ღამეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა - მოულოდნელად ავტომატის ჯერის ხმა გაისმა. ხალხი სახლების ფანჯრებიდან ხედავდნენ, როგორ ესროდა მამაკაცი ეზოში ბიჭებს და ერთმანეთის მიყოლებით როგორ წაიქცა ყველა. ვინც დაჭრილებთან მიახლოება სცადა, დამნაშავემ ყველას ესროლა, ამიტომ შეშინებული ხალხი ვერ ახერხებდა დაჭრილების დახმარებას. მართალია, 112-ში დარეკეს და საპატრულო პოლიცია სწრაფად მივიდა, მაგრამ ვერ შეძლეს დაჭრილებთან მისვლა, რადგან შეიარაღებული დამნაშავე ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან ავტომატს ისევ ისროდა - ჯერ კორპუსის წინა მხრიდან, მერე კი მეორე აივანზეც გავიდა და ახლა იქიდან ატეხა სროლა. დაჭრა 3 კაცი, ხოლო პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი მოკლა, რომელიც თურმე გოგონას გადაეფარა. ტრაგედიის შედეგი უმძიმესია, მოკლულია 5 კაცი: ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, დათო ნასრაძე, ზაქარია მათიაშვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილი არიან: ვალერი მათიაშვილი, ბექა ზარდიაშვილი, გიორგი კიკნაძე, ნინო წიქარიშვილი და ლიზა ჭიაბერაშვილი. მათგან ერთის, 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ნასროლმა ტყვიამ არტერია დაუზიანა და თითქმის სისხლისგან დაცლილი შეიყვანეს კლინიკაში. მძიმედ დაჭრილი შვილის გადარჩენას ელოდება კლინიკასთან გიორგის მამა, თეიმურაზ კიკნაძე. მისი შვილი ნოდარ ათუაშვილმა მაშინ დაჭრა, როდესაც ის სროლის ხმაზე სახლიდან გარეთ დაჭრილების დასახმარებლად გავარდა: "მე შინ არ ვიყავი. სროლის ხმაზე ჩემი გიორგი გარეთ გასულა ბიჭების დასახმარებლად. დახოცილი ბიჭები, ყველანი, ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვები არიან. დასახმარებლად რომ მივარდნილა, მისთვისაც უსვრია. ბევრი სისხლი დაკარგა, ახლა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა", - ამბობს გიორგის მამა. საგარეჯოს „"ჯეო ჰოსპიტალში" აცხადებენ, რომ დაშავებული სხვა პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაჭრილებიდან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გაწერეს. სუპერმარკეტთან დაჭრილი გოგონა კი თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრში საოპერაციოდ გადაიყვანეს, მას თვალი დაუზიანდა. საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტლის" კლინიკის ექიმის მამუკა ოთიაშვილის თქმით, 4 დაჭრილს ოპერაცია დასჭირდა ცეცხლნასროლი მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობის გამო, ზოგს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ზოგს ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები.

დამნაშავე ყოფილი სამხედროა, 1974 წელს დაბადებული ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც თავის ბინაში სწორედ მაშინ მოიკლა თავი, როცა სპეცრაზმელები შევიდნენ. "როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, მოუწოდეს სროლის შეწყვეტა, მაგრამ მაინც რამდენჯერმე გაისროლა. როცა კარი შეაღეს, გასროლის ხმა გაისმა - საწოლზე ნახეს გადაწოლილი, ავტომატი გვერდით ედო. იქვე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი, შეიძლება ყუმბარები ქვეშ ჰქონდა ამოდებული. ამიტომ გამნაღმველები გამოვიძახეთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

"კაცი განუწყვეტლივ ისროდა"

თამარ ოთარაშვილი ამ ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს. "ვიფიქრე, ალბათ, ფეიერვერკია-მეთქი და ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ცოტა ხანში სახლის უკანა მხრიდან ისევ შემომესმა სროლის ხმა და ხალხის კივილ-წივილი. გავედი და მაღაზიასთან, ხალხი და პოლიციის მანქანა დავინახე. გავიგონე კაცის ყვირილი, ვიღაცას ეძახდა, თანამშრომელი მოგვიკლესო. მივხვდი, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. რამდენიმე წუთში დამირეკა მეზობელმა, ეზოში დახოცილები ყრიანო. ამასობაში ისევ ისმოდა ავტომატის ჯერის, პერიოდულად კი იარაღის ხმაც. ფანჯრიდან დავინახე, როგორ ეგდო სამი კაცი სადარბაზოსთან. კაცი კი განუწყვეტლივ ისროდა. მერე აფეთქების მსგავსი ხმა გავიგონე, სახლი შეზანზარდა, გადავიხედე და ერთ-ერთი სპეცრაზმელი გადამცემში ვიღაცას ეუბნებოდა, თავი მოიკლაო", - ამბობს ქალბატონი თამარი.

"თავის შვილსაც მოკლავდა, ბიჭს რომ არ გაესწრო"

ირმა, კორპუსის მობინადრე: "დახოცილები ჩვენი უბნელები არიან, მათგან მხოლოდ ერთი, დათო ნასრაძე იყო დაოჯახებული. სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ერთი მოკლული სტუმარია, ზაზა ჩიხლაძის ბიძაშვილი, ზაქარია მათიაშვილი. ისიც საგარეჯოელია. სროლა რომ ატყდა, ეტყობა, ჩამოვიდა სახლიდან, რადგან ზაზა გარეთ ეგულებოდა და მოკლული კი დახვდა. ამ დროს იმ კაცმა ისიც მოკლა. ძირს დაყრილ დაჭრილ ბიჭებს ვერავინ ეკარებოდა. ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ვიცი, ორმა სროლის დროს სადარბაზოს შეაფარა თავი. არავის ინდობდა, ეტყობა, ომის კადრები ელანდებოდა და ვითომ მტერს ესროდა. უბანში არავისთან კონტაქტობდა, ამიტომ შურისძიება გამორიცხულია. სულ სახლში იყო. ცოლს გაცილებული იყო, ცოლ-შვილი წინა კორპუსში ქირით ცხოვრობს. მხოლოდ ბიჭი დადიოდა მამასთან, როგორც ვიცი, იმ დროს იქ იყო და კიდევ კარგი, გაქცეულა. იმ კაცმა სახლის წინა მხარეს ბიჭები რომ დახოცა, მერე მეორე მხარეს გადავიდა და სადღეღამისო მაღაზიასთან ბრმა ტყვიები მოხვდათ მაღაზიის მეპატრონეს და კიდევ ორ კაცს. 17 წლის გოგონას თვალი აქვს დაზიანებული. მას პოლიციელი გადაეფარა და ისიც მოკლა. ფეხში დაჭრილიაქალი, რომელიც შემთხვევით მივიდა მაღაზიაში შვილთან. თავის შვილსაც მოკლავდა, ბიჭს რომ არ გაესწრო. ფსიქიკურად ვერ იყო, სახეც ისეთი ჰქონდა, რომ დადიოდა ბევრ მეზობელს უთქვამს, როგორი შემზარავი სახე აქვსო".

"სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომც მოსულიყო, იმათაც ცეცხლს გაუხსნიდა"

დაჭრილი, ვალერი მათიაშვილი, ასე იხსენებს მომხდარს: "მაღაზიაში ვიყავი ხმაური რომ ატყდა. ყვიროდნენ, დაწექით, დაწექითო, შევბრუნდი, მაგრამ ვერ მოვასწარი - ტყვია ბარძაყში მომხვდა. პირველად რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ შიგნით გოგონები იყვნენ და მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი უნდა მომეძებნა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, ეგრევე უკნიდან მომაყოლა ტყვია. მერე დავინახე როგორ წაიქცა პოლიციელი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომც მოსულიყო, იმათაც ცეცხლს გაუხსნიდა. ამასობაში ვიპოვეთ უკანა გასასვლელი და დაჭრილი სამი კაცი, ერთი ქალი, გოგონა და მე მანქანით ჩემმა მეგობარმა წაგვიყვანა საავადმყოფოში".

"ბავშვობიდან უცნაური ადამიანი იყო, რაღაცნაირად ჩაკეტილი"

ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში ბინა 6 წლის წინ იყიდა, მანამდე სოფელ მანავში ცხოვრობდა. "ბავშვობიდან რაღაცნაირად ჩაკეტილი იყო. აქ მამის სიკვდილის შემდეგ გაყიდა სახლი. მანავში ნახევარძმა ჰყავს. ალბათ, გაგიჟდა, სხვა ახსნა მომხდარს არა აქვს", - გვითხრა დამნაშავის მანაველმა ნაცნობმა.

"ცოლს სცემდა და ამიტომაც გაშორდა ქალი. შვილები ცოლთან ცხოვრობდნენ. მას მხოლოდ ბიჭი აკითხავდა", - ამბობს დამნაშავის მეზობელი.

ათუაშვილის დედა მონაზონია, ნახევარძმასთან კი კონტაქტი დიდი ხანია არ ჰქონია. "აქედან რაც წავიდა, ურთიერთობა აღარ მაქვს. ვიცი, რომ "მაკაროვი" ჰქონდა გაფორმებული, ავტომატური იარაღი თუ ჰქონდა, არ ვიცოდი", - ამბობს ის.

ნოდარ ათუაშვილი 2021 წლამდე ჯარში მსახურობდა და დაჯილდოებულია მედლებითაც. ავღანეთში ორჯერ იყო, ბოლოს 2021 წელს, შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ბევრი დეტალია დასადგენი - ჰქონდა თუ არა დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები, თუ მკურნალობდა, ან საიდან ჰქონდა ამდენი იარაღი და ა.შ. "კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს­ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

sagarejo2-1674388365.jpg

„მე გმირი მამით ვამაყობ!“

მომ­ხდარ ამ­ბავს დამ­ნა­შა­ვეს­თან ერ­თად ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი. მათ შო­რის არის პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სხვი­სი სი­ცო­ცხლე გადა­არ­ჩი­ნა. ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა, რა დრო­საც ტყვია გულ­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცველს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი, 11 წლის ანა და 12 წლის გი­გა დარჩა.

ანა ღვი­ნაშ­ვი­ლი: "მა­მამ ერთი წე­ლია, რაც სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მა­ნამ­დე თბი­ლის­ში იყო. ის მთლი­ა­ნად სამ­სა­ხურ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და ჩვენ­თვი­ს სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ეკ­ლო. მა­მამ მარ­ტო დაგვტო­ვა, მაგ­რამ ის მა­ი­მე­დებს, რომ მას გმი­რი უწო­დეს, ყო­ველ­თვის უნ­დო­და გმი­რი­ვით და­ღუ­პუ­ლი­ყო. მა­მით ობო­ლი იყო. მა­მას მა­მი­კოც გმი­რი იყო, ომში და­ი­ღუ­პა, მა­შინ 4-5 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით მე და ჩემი ძმა. ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ. ტე­ლე­ფონ­ზე და­ვუ­რე­კე, შემ­თხვე­ვამ­დე 1 სა­ა­თით ადრე, ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს. ვი­ცო­დით, ის თა­ვი­სი საქ­მის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, თავ­საც და­დებ­და, მამა ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბო­და, როცა რამე გაქვთ, სხვა­საც მი­ე­ცით, ვი­საც არა აქვს, გა­უ­ყა­ვით, თქვენ გექ­ნე­ბათ და შე­საძ­ლოა, მათ არ ჰქონ­დე­თო. მეც მა­მის გზას გა­ვაგ­რძე­ლებ, ალ­ბათ, პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა არა, მაგ­რამ პრო­კუ­რო­რო­ბა მინ­და".

გიგა ღვი­ნაშ­ვი­ლი: “"მამა მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნად და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა, ჩვენ­გა­ნაც სულ ამას ითხოვ­და, არ უყ­ვარ­და, როცა ვტი­რო­დით. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, დე­დას მო­უ­ა­რე, ქა­ლებს მი­ხე­დე, მარ­ტო ნუ ტო­ვებ, როცა სახ­ლში არ ვარო. ვა­მა­ყობ გმი­რი მა­მით... არა­სო­დეს მნდო­მე­ბია, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მო­მინ­და პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა და ეს არ­ჩე­ვა­ნი მა­მის ამ­ბავ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მინ­და მა­ნაც ია­მა­ყოს ჩე­მით, მა­მას თუ ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და და ამის­თვის და­ი­ბა­და, მეც მისი გზა უნდა გა­ვაგ­რძე­ლო".

მომხდარის ვერსიები

ერთი ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და დანაშაულიც ამის საფუძველზე ჩაიდინა. მეორე ვერსიით, თავდამსხმელსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, კონფლიქტი მოხდა და მან ასე სასტიკად იძია შური. კიდევ ერთი საკითხი განიხილება, რაც დაკავშირებულია პოსტკონფლიქტურ სინდრომთან. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ მსროლელის ყოფილი პროფესია დაკავშირებულია ტრაგედიასთან: "2006-დან 2021 წლამდე არმიაში მსახურობდა და კარგად ეცოდინებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარება, რაც გამოჩნდა კიდეც ტრაგედიის მომენტში, როდესაც თავისი ბინის ორივე აივნიდან დამიზნებითი სროლით ათი კაცი დააზიანა. მეორე და მთავარი კავშირი კი ის არის, რომ სამხედრო სამსახურის დროს მან გაიარა შეიარაღებული კონფლიქტის ზონა, იმყოფებოდა ავღანეთში და პოსტკონფლიქტური სინდრომი ექნებოდა, რაც ბევრ ყოფილ და მოქმედ სამხედროს აწუხებს. ეს სინდრომი შეიარაღებული კონფლიქტების ყოფილ მონაწილეებში იწვევს იმის შეგრძნებას, რომ პრობლემის გადაწყვეტა ან მოხსნა ისევე "მარტივად" შეიძლება, როგორც ფრონტის ხაზზე, ავტომატის ჯერის მიშვებითა თუ ხელყუმბარების გადაგდებით. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებულ ყოფილ სამხედროს ხშირად უჭირს ახალ რეალობასთან ადაპტაცია, განსაკუთრებით, როდესაც პრობლემა პრობლემას ემატება - უმუშევრობა, უფულობა, საოჯახო კონფლიქტი... ყოფილი სამხედრო პრობლემების გადაჭრას ძლიერი აფექტის მდგომარეობაში სწორედ იმ ხერხებით ცდილობს, როგორც ფრონტის ხაზზე ბრძოლის დროს - სროლა ყველა მოძრავი და უძრავი მიზნისკენ, რომლებიც მის აფექტურ მდგომარეობაში მყოფ გონებაში იმწამს ყველა სახიფათო მტრად აღიქმება და აუცილებლად უნდა გაანადგუროს".

დამნაშავის ბინაში ტყვია-წამალი, ავტომატი, და ხელყუმბარები აღმოჩნდა. ექსპერტი დავით კუხალაშვილი თვლის, რომ შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ მის გადაბირებას. "არ ვიცით, რისთვის შეიტანა იარაღი ბინაში. გამოცდილი სამხედრო პირი სადაზვერვო სამსახურებისთვის ერთ-ერთი სამიზნეა, ეძებენ ასეთებს, რათა კონკრეტული დავალება შეასრულებინონ. მის "ფეისბუკის" გვერდზე ზოგიერთ მოწონებას თუ გადავხედავთ, მაღალი ალბათობით, შეიძლება პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებიც დავინახოთ".

ნანა ფიცხელაური;

თეა ხურცილავა