"ფსიქოლოგი, რომელსაც ომი თვალით არა აქვს ნანახი, ამ საქმეს ვერ უშველის" - კვირის პალიტრა

"ფსიქოლოგი, რომელსაც ომი თვალით არა აქვს ნანახი, ამ საქმეს ვერ უშველის"

„ებრძოლე დემონს, რომელიც აუცილებლად ჩაგისახლდება სულში... ჩემი პირველი ოცეულიდან ორმა თავი მოიკლა, ერთმა ოთხი კაცი მოკლა, რამდენიმეს გული გაუსკდა... ესაა სამშობლოს მსახურების საზღაური და ხშირად უკან დარჩენილი ხალხის დამოკიდებულების შედეგი", - ეს პოსტი აფხაზეთის ომის ვეტერანმა, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამამ, არჩილ ხოფერიამ საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა და ომის დაუწერელი კანონი უწოდა.

- ომგამოვლილი კაცის პოსტტრავმული სტრესი, ალბათ, ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია, თუმცა შედეგი ყველგან მძიმეა. რაც უფრო ნაკლებად არის საზოგადოება ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში, შედეგი მით მძიმეა. იცით, რა ხდება ამ დროს კაცის გულში? გრძნობ, რომ დემონი გისახლდება სულში.

ვინც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, ომთან შეხება არ ჰქონიათ. იციან, რომ ფორმიანი ხალხი, მეომრები სჭირდებათ, მაგრამ არ იციან, როგორ მოექცნენ. ამასთან, მათი ეშინიათ კიდეც. ეშინია საზოგადოებასაც. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოების ყველაზე უუფლებო, შერცხვენილი, დამარცხებული ნაწილი. საქართველოს დაცვას ქართველი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობდა. შესაბამისად, მარცხი იწვნია არა სრულიად ერმა, არამედ მისმა მცირე ნაწილმა. ფრონტიდან დაბრუნებულ ხალხს სხვა რეალობა დაგვხვდა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი. აი, ამ ჯოჯოხეთსა და საზოგადოებას ერთი ვიწრო სანგარი ყოფდა. ამ სანგარში ვიყავით ჩვენ, ისინი, ვისაც ჯოჯოხეთთან მოგვიწია შეჯახებამ. ომი დასრულდა, მაგრამ ჩვენ ისევ ვებრძვით ჯოჯოხეთიდან წამოყოლილ დემონებს. ეს ჩვეულებრივ ადამიანებს არ ესმით და მეომრებს ახალ ჯოჯოხეთს უწყობენ. დღევანდელ ხელისუფლებაში ნაომარი კაცი რამდენია? არც ერთი! ერთი კობა კობალაძე იყო და ისიც აღარ არის. თუ ომია, ყველასთვის უნდა იყოს, ისე ვერ გავიმარჯვებთ.

ნახეთ, რა მოხდა საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ ადამიანები დახოცა. იცით, რატომ? ის ჯოჯოხეთი უკან მოტოვებული რომ ეგონა, წინ დახვდა. ჩემი ოცეულიდან ორმა თავი მოიკლა, ერთმა ოთხი კაცი მოკლა, რამდენიმეს გული გაუსკდა. იცით, იმ ორმა თავი რატომ მოიკლა? სხვები რომ არ დაეხოცა! აი, ამისკენ გიბიძგებს ის დემონი. საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ჩემშიც არის ეს დემონი და მე მას ყოველდღიურად ვებრძვი. კიდევ კარგი, ოჯახი, ნათესავები, მეგობრები გვიდგანან გვერდში. როგორც ვატყობ, ნოდარ ათუაშვილი საკუთარ თავთან მარტო იყო დარჩენილი. მისთვის ერთადერთი ხსნა ომში წასვლა იქნებოდა. ჩემმა თანამებრძოლმა გოჩა ქანთარიამ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მეომარი იყო, რამდენიმე თვის წინ თავი ჩამოიხრჩო. ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ რამე უბედურება არ დაეტრიალებინა. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე წერილი მომწერა, უჩემოდ როგორ წახვედი უკრაინაშიო!

- უკრაინის ომში თქვენც იყავით?

- არ მინდა ამაზე საუბარი... საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას, თორემ, ადრე თუ გვიან, ეს ამბავი ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება.

30 წლის წინ, აფხაზეთში ომის დაწყებამდე, მე 25 წლის ეკონომისტი და მასწავლებელი ვიყავი. ერთი წლით უმცროსი ძმა მყავდა, მძღოლი. ორივე ომში წავედით. არადა, შეგვეძლო საფრანგეთში წავსულიყავით და, ბოლოს და ბოლოს, უცხოურ ლეგიონში შევსულიყავით. რა იქნებოდა 30 წლის შემდეგ? ჩემს შვილს ახლა დამთავრებული ექნებოდა მინიმუმ სენ-სირის სამხედრო სასწავლებელი და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანი იქნებოდა. მე კი, თუ ჩადში ან მალიში არ მოვკვდებოდი, პატივისცემა და ღირსეული პენსია მექნებოდა, შეიძლება ჩემი ძმაც ცოცხალი ყოფილიყო. ჩვენ არ წავედით საფრანგეთში, ომში წავედით. მე დავკარგე ძმა, მეგობრები, ვნახე ჯოჯოხეთი, დავბრუნდი სახლში და მივიღე შეურაცხყოფა, ცილისწამება... რატომ?! იმიტომ, რომ საზოგადოებაში, სადაც მე დავბრუნდი, არც ის იცოდნენ, რა იყო ომი და არც ის, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ ნაომარ ადამიანებს. ამიტომ ვამბობ, ომი უნდა იყოს ყველასთვის ან არავისთვის. მერე ყველას ეცოდინება, როგორ ჭრილობას ტოვებს ომი.

- ხომ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, ფსიქოლოგების დახმარება...

- ფსიქოლოგი, რომელსაც ომი თვალით არა აქვს ნანახი, ამ საქმეს ვერ უშველის. ამ საქმეს შესაბამისი სპეციალისტი სჭირდება, რომელმაც ომის ავანჩავანი კარგად იცის. საჭიროა ხელისუფლების და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა, რესურსების დახარჯვა, რესოციალიზაცია... ნაომარი კაცის უსაქმოდ, ქუჩაში დატოვება არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ ჩემი სატკივრის გასაზიარებლად მეგობარი კაცი მოვიდა. მას სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში ასწავლიდა აფეთქებას. უცხო ქალაქში რომ ჩასვა, არაფერი რომ არ ჰქონდეს ხელში, შევა სასურსათო მაღაზიაში, შაქარს, სხვა პროდუქტს იყიდის და იმისგან დაამზადებს ასაფეთქებელს. აი, ასეთი კაცი სამსახურიდან გამოაგდეს, ქუჩაში დატოვეს. ის ახლა მოსიარულე ბომბია. ბოლო დროს ბევრი ისეთი პროფესიონალი გამოუშვეს სამსახურიდან, რომელთა მომზადებაში სახელმწიფოს დიდი ფული აქვს დახარჯული. ბევრი საკუთარ თავს სამოქალაქო სექტორში ვეღარ იპოვის და კრიმინალური სამყაროს ნაწილი გახდება. უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თუ ხალხს დროულად არ მიხედეს, ჯოჯოხეთი დატრიალდება და არ დასრულდება, მინიმუმ, ათ წელს.

ხათუნა ბახტურიძე