„აგრესორი ადამიანის უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება“ - კვირის პალიტრა

„აგრესორი ადამიანის უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება“

საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრი კითხვა წარმოშვა: რაშია პრობლემა? რისი ბრალია ეს - უყურადღებობის? გულგრილობის? დაუდევრობის? ამ კითხვებზე პასუხსაც ჩვენს რუბრიკაში ფსიქიატრები შეძლებისდაგვარად უპასუხებენ.

ლოლა ლომიძე, ფსიქოთერაპევტი: - ამ ადამიანის დიაგნოზზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გარე დაკვირვებით რაც ჩანს, მისი ქმედება ლოგიკურად არ ჯდება არსებულ გამოცდილებაში. სავარაუდოდ, ათუაშვილს, დიდი ალბათობით, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ვერ ვიტყვით დაბეჯითებით, რომ ეს მისი პროფესიული გამოცდილების ბრალი იყო. შესაძლოა ჰქონდა პროფესიული ტრავმა, შესაძლოა არც ჰქონდა. ფსიქიკური პრობლემები ყველა პროფესიის წარმომადგენელს შეიძლება გაუჩნდეს, მაგრამ როდესაც ადამიანი ისეთ საპასუხისმგებლო ადგილას მსახურობს, სადაც მისთვის ხელმისაწვდომია იარაღი, სადაც მნიშვნელოვანი და ოპერატიული გადაწყვეტილებებია მისაღები, ასეთ ადამიანზე სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.როგორც კი საგარეჯოში ეს საშინელი ამბავი მოხდა, ინფორმაციის მოსმენის შემდეგ დავიწყე მოძიება, რა სერვისი, რა პროგრამა აქვთ თავდაცვის ან შს სამინისტროებს იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც ფსიქიკური პრობლემა აქვთ და ვერაფერი ვიპოვე, გარდა 2015 წლის მონაცემებისა, სადაც უცხოელი ტრენერებისა და საელჩოების, ასევე აშშ-ის ჩარევით შეიქმნა პროგრამა სპეციალისტების მოსამზადებლად. ვიპოვე ასევე წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრი იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მისიებში დაზიანდნენ, მაგრამ ცენტრმა დაახლოებით წელიწადს იმუშავა. ვიპოვე სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც 1-1,5 წელი გრძელდებოდა. ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს გვერდზე მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში ნეიროფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზებას ნახავთ.

ვინც თავდაცვის ან შს სამინისტროებში, მათ დაქვემდებარებულ უწყებებში მუშაობს, იცის, რომ თუ მიმართა ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს, დიდი ალბათობით, სამსახურიდან დაითხოვენ. ეს კი მათთვის ტრაგედიაა. ამიტომაც იკავებენ თავს. ჩემთან არაერთხელ მოსულან ამ პრობლემით და უკითხავთ, სადმე ხომ არ დავფიქსირდებიო? მინდა ასეთმა პირებმა იცოდნენ, რომ ფსიქიატრთან კონსულტაცია კონფიდენციალურია და არსად ვლინდება.

უმნიშვნელოვანესია სტიგმის დაძლევა. ადამიანებს უჭირთ ფსიქიატრთან მისვლა, ჰგონიათ, თუ, ექიმთან მივიდა, ეს აუცილებლად გახმაურდება და ხელს შეუშლის კარიერულ განვითარებაში. მაგრამ არსებობს ისეთი მდგომარეობები, რომელთაც ადამიანი ვერ უმკლავდება, ამიტომ გვერდს უვლის ფსიქიატრს და მიდის ნევროლოგთან, მაგრამ ნევროლოგი არ არის მენტალური პრობლემების სპეციალისტი. დაწყებული უძილობით და დამთავრებული შიზოფრენიით, ეს ფსიქიატრის კომპეტენციაა.

- ხომ შეიძლება სამხედრო პირმა ინტენსივობით გაიაროს ფსიქიატრთან კონსულტაცია?

- შეიძლება კი არა, სავალდებულოა. არის კონკრეტული პოზიციები, რომლებსაც სჭირდება შერაცხადი გონება და გამართული ფსიქიკა, რადგან შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ჰქონდეთ საქმე. მაგალითად, პატრულის თანამშრომლებს ყოველდღიურად უამრავ მოქალაქესთან აქვთ ურთიერთობა. მენტალურად არასტაბილური პატრულის თანამშრომელი ძალიან საშიშია. ამიტომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის სკრინინგი.

- ალბათ, იმ პირებისთვისაც, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვთ.

- იარაღის ტარების უფლებისთვის პირს წარსადგენი აქვს ფსიქო, ფსიქიატრის შეფასება, რაც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ეს კი დაუშვებელია. ასე რომ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტიგმის დაძლევას, სამხედრო სამსახურის შემდგომ პირებისთვის ალტერნატიული სამსახურის მოძიებას, მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც. მოგეხსენებათ, სამედიცინო მომსახურება ფასიანია, კერძო დაწესებულებები არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.

- ითქვა, ათუაშვილი მკურნალობდაო. მაგრამ ვინმემ იცის ეს? არსებობს მონიტორინგი?

- თუ ათუაშვილიც იყო აღრიცხვაზე, შეიძლება დადგენა, მიდიოდა თუ არა მედიკამენტების ასაღებად, მაგრამ თუ კერძო ფსიქიატრთან დადიოდა, ჩვენი ვალია კონფიდენციალურობის დაცვა.

ცუდია, რომ არ არსებობს უფასო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი.

- საინტერესოა, შემდგომ ის პირები, ვისაც, ვთქვათ, კონტრაქტი გაუთავდათ, აღარ კონტროლდებიან? თუ როგორც კი კონტრაქტი შეწყდება, სამინისტრო ხელს იბანს? პენსია რომ ენიშნებათ, ვიცი, ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობ.

- როგორც ვიცი, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ აღარ იღებენ რომელიმე სერვისს, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობისთვის. პრობლემაა ისიც, რომ დაზღვევა არ ანაზღაურებს მენტალურპრობლემიანი პირის მკურნალობას, არ არსებობს შეღავათიანი ან უფასო პროგრამები, ამიტომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ასეთი პირები დაუცველები არიან.

გუგა სიხარულიძე, ფსიქიატრი: - ბუნებრივია, საქმე გვაქვს ადამიანის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობასთან. პრობლემა სერიოზულია და პრევენცია არის ქვეყანასა და კონკრეტულად ნებისმიერ, მათ შორის თავდაცვის უწყებაში, ფსიქიკური სერვისების მაქსიმალურად დახვეწილობა. მნიშვნელოვანია დესტიგმატიზაციაც.

2014 წელს, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა შესაბამისი უწყება, თავიდან სამმართველო, მერე კი გადაკეთდა დეპარტამენტად, სადაც მაქსიმალურად ვცდილობდით ყველა რისკებისგან დაგვეცვა ისინი. პირველად ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილეთა ფსიქოლოგიური მონიტორინგი დავიწყეთ. ვცდილობდით ავღანეთის მისიაში არ გაგვეშვა ის პირები, რომლებიც მომატებულ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდნენ სტრესის თვალსაზრისით. დაბრუნებულებს ვუტარებდით სკრინინგს და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ვთავაზობდით მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

როდესაც ადამიანს აქვს მენტალური პრობლემა, კი არ უნდა გააგდო უწყებიდან და მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, არამედ მასზე უნდა იზრუნო, უმკურნალო. ეს ნაწილობრივ შევძელით, ბევრი ამგვარი პრობლემიანი პირი გამოვაჯანმრთელეთ და სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მივეცით.

სანამ მოქალაქე სამხედრო ფორმას ჩაიცვამს და მას კონტრაქტს გაუფორმებენ, აუცილებელია მისი შემოწმება, რისკების წინასწარი შეფასება და თუ პრობლემა აღმოჩნდება, ასეთი პირი არ უნდა დაიშვას მომატებული რისკის, სტრესულ სამუშაოზე. ეს სისტემაც მუშაობდა. მუშაობდა სუიციდის პრევენციის პროგრამაც. 2015-16 წლებში 70%-ით შემცირდა სუიციდი თავდაცვის უწყებაში.

- დღეს რა სურათია?

- არ ვიცი... 2017 წელს დავტოვე ეს ორგანიზაცია.

- როგორ სრულდება დანიშნულება, ვინ აკონტროლებს?

- იურიდიული მექანიზმი, რომლითაც პირს აიძულებ მიმართოს ექიმს და დალიოს წამალი, არ არსებობს და ვერც იარსებებს. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია, რომ პირი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით საშიშროებას წარმოადგენს - ან იმუქრება თვითმკვლელობით, ან სხვების დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ შესაბამისი ორგანოების მეშვეობით პაციენტი სამკურნალოდ მოთავსდეს სტაციონარში, ოღონდ ამასაც სასამართლოს დადგენილება სჭირდება. როდესაც პაციენტი მივა იმ კონდიციამდე, რომ აღარ არის სოციალურად საშიში, ამბულატორიულად იმკურნალებს. ექიმი მეტს ვერაფერს იზამს.

- თქვენი აზრით, საგარეჯოს შემთხვევა ვიღაცების გულგრილობის შედეგია?

- ეს იყო ძალიან არაორდინარული შემთხვევა და, საქართველოს ისტორიაში, ალბათ, პირველი. როდესაც მოსახლეობა, ხედავს, რომ მის მეზობლად არის ძალადობა და მსხვერპლს არა აქვს იმის გამბედაობა, რომ დაიცვას თავი მოძალადისგან, მას მეზობელი ან ახლობელი უნდა დაეხმაროს. აგრესორი ადამიანის უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება. მერე ეს მიდის ისეთ ტრაგედიამდე, როგორიც, მოხდა. თუმცა კონკრეტული პირის ან სისტემის დადანაშაულება რთულია. ექიმი საერთოდ გამორიცხულია. ის წამალს ვერავის დააძალებს. ამის უფლება არა აქვს.