„ისევ წესების გარეშე ვიბრძვით, ვის ხელშიც ძალაუფლებაა, ის ჩაგრავს სხვას“ - კვირის პალიტრა

„ისევ წესების გარეშე ვიბრძვით, ვის ხელშიც ძალაუფლებაა, ის ჩაგრავს სხვას“

"საქართველოს ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც რეგიონში შექმნილი რთული ვითარების შესახებ მკაფიო პოზიციას არ გამოხატავს, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების შეძახილებს კი ომში ჩართვის მცდელობად მიიჩნევს", - ამბობს პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ უბიძგებს, უბრალოდ, მოუწოდებენ, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი ნატოსთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, უპირველესად კი უკრაინასთან. უსუფაშვილის აზრით, სწორედ უკრაინის წარმატებაზეა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე ეკონომიკის, უსაფრთხოების საკითხებში წინსვლა და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრება. უფრო ვრცლად ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, პარტიის მიზნებსა და ამოცანებზე, ლიდერების პოზიციებ­ზე, "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩენებზე, დავით უსუფაშვილი ვრცლად გვესაუბრება:

- "ლელო" ქართველ ხალხს აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ქვეყანას სასიკეთოდ არ წაადგება. საბედნიეროდ, საქართველოში განსხვავებული პოზიციის მქონენიც ვცხოვრობთ და ამას ხედავს დასავლეთი. იმისათვის, რომ საბოლოოდ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს ევროინტეგრაციის შეფერხებით ან რუსეთთან მარტო დატოვებით, "ლელოს" გადაწყვეტილი აქვს ხალხს უკეთ განუმარტოს, თუ რაოდენ არასწორია "ქართული ოცნების" საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებები.

- თქვენი აზრით, "ქართული ოცნება" დღემდე იმიტომ არის ხელისუფლებაში, რომ საზოგადოებამ არ იცის, როგორია ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური მიმართულებები?

- გასულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ორმა ფაქტორმა განაპირობა, ერთი იყო "ოცნების" მოფიქრებული და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ხელშეწყობილი პიარსტრატეგია - ანუ ნარატივი "ჩვენ თუ არა, "ნაცები" დაბრუნდებიან", დღემდე მუშაობს, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო მოვლენაა. მეორე ფაქტორი ის იყო, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე "ქართული ოცნება" წარმატებით ახერხებდა საკუთარი ელექტორატის იმ ნაწილის შეცდომაში შეყვანას, რომელსაც საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად წარმოედგინა და არა კარჩაკეტილ, რომელიმე იმპერიასთან მიკედლებულ გუბერნიად. უკრაინაში დაწყებულმა ომმა "ქართული ოცნების" ლიდერები აიძულა თავიანთი ხედვები მკაფიოდ წარმოეჩინათ. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" პროდასავლელი ამომრჩეველი სხვა პარტიას მისცემს ხმას.

- "ქართულ ოცნებასაც" აქვს ბრალდებები ოპოზიციაზე მისი პრორუსულობის შესახებ. მაგალითად, გია ვოლსკი ხშირად ამბობს, რომ რუსი ჩინოვნიკები, განსაკუთრებით ლავროვი, სწორედ ისეთ დროს აკეთებს მმართველი გუნდის მადისკრედიტებელ განცხადებებს, როდესაც ოპოზიციას ძალიან უჭრის.

- თქვენ გარშემო იცნობთ ვინმეს, ვისაც ამის სჯერა? მე არ ვიცნობ!

- მე ასევე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც ახლა ოპოზიციაში ყველაზე დიდ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ინტერესით არ ადევნებდეს თვალყურს. თქვენი შეფასებით, რა ხდება ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში"?

- ჯერ კიდევ შარშან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, ვთქვი, რომ პოლიტიკური კატასტროფისკენ მიმავალი ნაბიჯი გადადგა. მან განაჩენი გამოუტანა როგორც საკუთარ თავს, ასევე თავის პოლიტიკურ პარტიას. მაშინ იმედი გამოვთქვი, რომ მისი ეს ნაბიჯი საქართველოს მაინც არ ავნებდა.

- ახლაც ფიქრობთ, რომ ამ ნაბიჯმა საქართველოს არ ავნო?

- ავნო, მაგრამ ისეთი კატასტროფის მომტანი არ აღმოჩნდა, როგორიც თავად სააკაშვილისა და მისი პარტიისთვის.

- რჩებოდა განცდა, რომ პარტია "ლელოს" ლიდერები სააკაშვილისგან განსხვავებით, ნიკა მელიას მიმართ პოზიტიურად იყვნენ განწყობილი და არც მასთან თანამშრომლობაზე ამბობდნენ უარს.

- "ლელოს" გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მაგრამ "ლელოს" გადასაწყვეტია, ვისთან ითანამშრომლებს. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ყოფილი მმართველი პარტია და ჩემი თანამოქალაქეების პოლიტიკური ორიენტირი არსებობს და ჩვენ მასთან ურთიერთობა გვექნება, მაგრამ მჭიდრო იქნება თუ ნაკლებად მჭიდრო, დამოკიდებულია პარტიის კურსზე და მის დამოკიდებულებაზე ქვეყნის მომავლის მიმართ. მელია იქნება თუ ვინმე სხვა, ვინც შეეცდება პარტიის რეფორმირებას და წარსულში ჩადენილი შეცდომებისგან დისტანცირებას, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით იმ პირებზე, რომლებიც "ნაციონალური პარტიის" დაშვებული შეცდომების "შემოქმედნი" არიან. ეს ხალხი რაც უნდა ეცადოს საკუთარი წარსულის გარეცხვას და დაბანილი სახით წარმოჩენას, მათთან თანამშრომლობის ხალისი არ გვექნება.

- ე.ი. ითანამშრომლებთ მელიასთან, მაგრამ არა ლევან ხაბეიშვილთან?

- პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. გვარებსა და სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. მელიამ განაცხადა, რომ ძველი შეცდომების გააზრებას, პარტიის განახლებას და ახალი სახეების წარმოჩენას აპირებდა, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. თუ სხვა გვარ-სახელის მატარებელი იმავეს მოინდომებს, ჩვენც დავუფასებთ. თუ სხვა ტიპის პროცესები წავა, მაშინ შეიძლება მათთან თანამშრომლობაში დიდი აზრი ვერ დავინახოთ.

- ბოლო დროს "ლე­ლო" ძველებურად აქტიური აღარ არის, აღარც­ მამუკა ხაზარაძეა მედიისთვის ძველებურად ხელმისაწვდომი. რა ხდება, პარტია რაიმე სიახლისთვის ემზადება?

- რაც ჩამოთვალეთ, ცოტ-ცოტა ყველაფერია. დიახ, პარტია ახალი ეტაპისთვის ემზადება და ეს არის არჩევნები. ჩვენმა ქვეყანამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის "ლელომ", რთული წლები გავიარეთ. რამდენჯერმე თითქმის მოვახერხეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პლატფორმის თუ საგზაო რუკის ფორმირება, მხედველობაში მაქვს შარლ მიშელის შეთანხმება, საარჩევნო რეფორმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამ ყველაფერმა შესაბამისი შედეგი რომ ვერ მოგვიტანა, ამაში მმართველ პარტიასთან ერთად ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წვლილიც არის. თავიანთი კაპრიზებისა და გაუგებარი პოზიციების გამო ხან არ უერთდებოდნენ შეთანხმებებს, ხან მაშინ უერთდებოდნენ, როცა აზრი აღარ ჰქონდა. ამან პოლიტიკური პროცესი დააზარალა და პარტია "ლელოშიც" სტრატეგიული ცვლილებები გამოიწვია. მამუკა ნაკლებად ჩანს ტელეეთერებში, მაგრამ ძალიან აქტიურად არის დატვირთული პარტიული საქმეებით. მომავალ არჩევნებში წარმატების მისაღწევად საჯარო განცხადებები არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ მივყვებით პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პატარა ჯგუფით ვართ წარმოდგენილი, ჩვენზე მეტი ინიციატივა იქ არავის შეუტანია. ასე რომ, ჩვენ ვარსებობთ, ვმუშაობთ...

- "ლელო" რას მიიჩნევს ქვეყნის მთავარ პრობლემად, შესაძლებლობის შემთხვევაში საიდან დაიწყებს ქვეყნის დალაგებას?

- ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ დამოუკიდებლობა 30 წლის წინ გამოვაცხადეთ, მაგრამ სახელმწიფოებრიობა ვერ დავამკვიდრეთ. მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ისეთივე ურთიერთობაა, როგორიც ორი-სამი ათასი წლის წინ იყო - ანუ ისევ წესების გარეშე ვიბრძვით, ვის ხელშიც ძალაუფლებაა, ის ჩაგრავს სხვას. რასაც მე ახლა ვამბობ, შესაძლოა ბევრისთვის არც საინტერესო იყოს და არც გასაგები. ვიღაცა მეტყვის, სამი ათასი წელია უკვე სახელმწიფო გვაქვსო. კი მაგრამ გვაქვს კი ამ სახელმწიფოში ისეთი წესები, როგორიც იმ სახელმწიფოებშია, საითაც თვალი გვიჭირავს?! ჩვენ გვაქვს შენობა, რომელსაც აწერია პარლამენტი, მაგრამ რომ შეხვალთ, ვერ მიხვდებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში ხართ; გვაქვს შენობა, რომელსაც სასამართლო აწერია, მაგრამ იქ სამართალს ვერ იპოვით; გვაქვს თვითმმართველობის შენობა, მაგრამ ქვეყანაში გაქანებული ცენტრალური მმართველობაა; გვყავს სახელად თავისუფალი მედია, მაგრამ მას აუცილებლად ვიღაცა აკონტროლებს. სახელმწიფო ინსტიტუციები პროფანაციადაა ქცეული. ამიტომ გვჭირს, რაც გვჭირს. ვისაც ეს გვესმის, უნდა ჩავებათ ძალიან სერიოზულ და შრომატევად საქმეში - საქართველოში სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, სადაც პერსონები კი არა, იდეები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

თქვენ მკითხეთ, მელიას უჭერთ მხარს თუ ხაბეიშვილსო. არც ერთს არ ვუჭერ მხარს, სამეგობროდ ჩემი წრე მყავს. ჩვენ რომ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრიობა გვქონდეს, თქვენ მკითხავდით, მელიას იდეას უჭერთ მხარს თუ ხაბეიშვილისასო. არასწორად ვცხოვრობთ, მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, ხელისუფლების შემცვლელებიც არასწორად ვიქცევით ხოლმე.

- თქვენ თქვით, რომ გვაქვს შენობა, რომელსაც აწერია პარლამენტი, მაგრამ იქ არ არის საკანონმდებლო მუშაობაო. ამას რომ თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები წაიკითხავენ, კიდევ ერთხელ გეტყვიან, თუ ასეა, რატომ არ ტოვებთ მაგ ფიქციურ შენობასო.

- მე ისიც ვთქვი, სახელმწიფოებრივად ვერ შევდექით, არასახელმწიფოებრივად ვცხოვრობთ-მეთქი, და რა გამოდის, უნდა დავადო თავი და ქვეყნიდან წავიდე?! არა, ბატონო, აქ უნდა დავრჩე და სახელმწიფოებრიობის აშენებაში უნდა მივიღო მონაწილეობა. იმავეს ვიტყვი პარლამენტის შესახებაც, თუ არ პარლამენტობს, ჩვენ უნდა ვაპარლამენტოთ. გამოსავალი არც ქვეყნიდან წასვლაა და არც პარლამენტიდან. მე ასე ვფიქრობ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მორჩეს მოთქმა-გოდებას და საქმე გააკეთოს!

ხათუნა ბახტურიძე