ბროვარის ტრაგედია - კვირის პალიტრა

ბროვარის ტრაგედია

"თითქოს დნეპრის საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიში არ გვეყოფოდა. სანამ უკრაინის ცა დაუცველია, ტრაგედიები არ დასრულდება", - ასე ეხმაურებიან უკრაინელები ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნას, რომელსაც 20-მდე კაცი ემსხვერპლა.

სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც კიევის გარეუბან ბროვარიში ჩამოვარდა, ფრანგული "სუპერ პუმაა". ეროვნული პოლიციის ცნობით, ბორტზე 9 კაცი იმყოფებოდა: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, ტატიანა შუტიაკი - შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე; მიხაილ პავლუშკო - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი; ნიკოლაი ანაცკი - შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი; ალექსანდრე ვასილენკო - თვითმფრინავის მეთაური, სპეციალური დანიშნულების საავიაციო ესკადრილიის ინსტრუქტორი; კონსტანტინ კოვალენკო - სპეციალური დანიშნულების საავიაციო ესკადრის პილოტი; ივან კასიანოვი - ვერტმფრენებზე სპეციალური დანიშნულების საავიაციო ესკადრის საბორტო მექანიკოსი, სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრაპორშჩიკი.

ერთი ვერსიით, აფეთქებისას ხმელეთზე დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. დაშავდა 29 კაცი, მათგან 11 ბავშვია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიემგზავრებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობას ხარკოვის ოლქში ელოდებოდნენ.

42 წლის იურისტი და კანონმდებელი მონასტირსკი შს მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. ის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.

ჯერჯერობით უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია ტრაგედია, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. მათ შორისაა ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად.

ჩვენ ბროვარელ ვოლოდიმირ ჩაბანს ინტერნეტით დავუკავშირდით. როგორც ამბობს, ვერტმფრენის გაუმართაობაზე საუბარი უსაფუძვლოა. თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე თვითმხილველმა დაინახა, ვერტმფრენს ქვემოდან ცეცხლი რომ ეკიდა, წრეზე დაფრინავდა, თითქოს იცოდა, რომ ჩამოვარდებოდა და ქალაქიდან გასვლას ცდილობდა.

tragedia2-1674390364.jpg

- აფეთქების ხმა, რომელიც დილის საათისთვის გაისმა, ანტისარაკეტო სისტემის მუშაობის ხმას ჰგავდა და ეგონათ, უკრაინის საჰაერო ძალებმა მორიგი თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა შემდეგ ჰაერში აჭრილი ცეცხლის ალი შენიშნეს, იქაურობა კვამლში გაეხვია და დაინახეს, რომ საბავშვო ბაღიც იწვოდა. ჩემი სამსახური იქვეა. როგორც კი შევიტყვეთ, რომ რაღაც აფეთქდა, მე და ჩემი თანამშრომლები წავედით. ამ დროს ბავშვების გამოყვანა უკვე დაწყებული იყო. მოხალისეები შეშინებული ხალხის დამშვიდებას ცდილობდნენ, ბავშვებთან წასაღებად ტკბილეულსა და სათამაშოებს ურიგებდნენ. 11 თვეა ამ მონსტრის პირისპირ ვართ, მაგრამ საკმარისი შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, ანტისაჰაერო ძალები მაინც არა გვაქვს. ყოველი დაუცველი დღე რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის ტოლფასია.

- რა ვერსიები ვრცელდება?

- რამდენიმე ვერსია გავრცელდა, ერთ-ერთი უამინდობაა, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ისეთი რთული მეტეოროლოგიური პირობები და ნისლი არ ყოფილა, რომ ვერტმფრენს მართვა დაეკარგა. კიევის ცაში, რომელიც ორი დღის წინ სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა, ამხელა რისკზე არც ერთი ჭკუათამყოფელი არ წავიდოდა. როდესაც რუსეთის სარაკეტო იერიშები ლამის ყოველდღიური ამბავია, ჩვენი სამხედროები თუ პილოტები არ გარისკავდნენ ისეთ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენას, როდესაც მიწასთან ვიზუალური კონტაქტის დაკარგვის საფრთხეა.

მეორეც, ჩვენი სამაშველო საფრენი აპარატები, მით უმეტეს, თანამედროვე ფრანგული ვერტმფრენი„"სუპერ პუმა" აღჭურვილია ყველა საჭირო რადიოელექტრონული მოწყობილობით. ის რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მათ შორის ხილვადობის სრული დაკარგვის დროსაც დაფრინავს.პრორუსი ბოტები ამ შემთხვევას დაბალ სიმაღლეზე ფრენას მიაწერენ. მოწინააღმდეგის რადიოტექნიკური საშუალებებით ვერტმფრენის აღმოჩენის ალბათობა ასე უფრო შემცირებული იქნებოდა. ამბობენ, თითქოს როვენსკის მხრიდან, სადაც ხუთსართულიანი სახლებია, შემთხვევით პირდაპირ მაღალსართულიანებში შეფრინდნენ, რადგან ელექტროენერგია გათიშული იყო, ჩაბნელებული კორპუსები ვერ აღიქვეს ან ბარიერი გვიან შენიშნეს. მკვეთრი მოძრაობით მოტრიალდნენ, შემდეგ კი ძირს დაეშვნენ. ვინაიდან ძალიან დაბალ დისტანციაზე მიფრინავდნენ, შესაძლოა ვერტმფრენი რამეს, თუნდაც საბავშვო ბაღის შენობის სახურავს წამოედო, რაც საფუძველს მოკლებული მგონია, რადგან საცხოვრებელი სახლებიდან საბავშვო ბაღამდე 50 მეტრიც არ არის, ფაქტობრივად, ერთ ეზოშია, რაც ვერტმფრენს მანევრის შესაძლებლობასაც კი ვერ მისცემდა.

tragedia3-1674390364.jpg

შეუძლებელია მაღალსართულიან კორპუსებს გვერდი აუარო და ორსართულიანი შენობის სახურავს წამოედო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამაშველო ვერმტრფრენს გამოცდილი პილოტი ჰყავდა. ამიტომაც რთული მეტეოროლოგიური პირობები და უბედური შემთხვევა რუსული ბოტების შემოგდებული მგონია, რომლებიც იმ ვერსიასაც ამუშავებენ, თითქოს არესტოვიჩმა იძია შური მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო. რაც უფრო აბსურდულია ვერსია, მით უფრო მარტივად იჯერებენ მასები და იმავეს დანერგვას ცდილობენ აქაც.

პრორუსი ბოტების ვერსიები ისევ და ისევ რუსეთის მოსახლეობაზე, იმ მასებზეა გათვლილი, რომლებიც კრემლის მედიით იკვებებიან და "არ სჯერათ", რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ. მათ წარმოდგენა არა აქვთ, რომ პილოტი რუკის გარეშე, თავისი ვარაუდით არ დაფრინავს. "ვაგნერის" კურატორი პრიგოჟინი ერთი თვეა რუსეთის არმიას უმაქნისებს უწოდებს, ჩემი ბიჭები რომ არა, სოლედარის და ბახმუტის აღებას ვერ შევძლებდითო, არადა, თავადაც კარგად იციან, რომ სრული კონტროლი არა აქვთ, მაგრამ "გამარჯვება" ხომ უნდა იზეიმონ, რომ მასები თავიანთ უძლეველობაში დაარწმუნონ?!

- ვერტმფრენის გაუმართაობაზეც იყო საუბარი...

- ეს ვერსიაც უსაფუძვლოდ ითვლება, რადგან მასში ხელმძღვანელი პირები ისხდნენ, ასე რომ ყოფილიყო, პილოტი საავტომობილო გზაზე დაშვებას შეეცდებოდა, რაც რთულია, მაგრამ ტრაგედიას თავიდან აიცილებდა. ითქვა, რომ ეს უხარისხო ვერტმფრენია, რომელიც 2018 წელს ყოფილმა შსს მინისტრმა შეისყიდა. რაც ასევე სიცრუეა. ყველაფერი დივერსიაზე მიანიშნებს. მოულოდნელობაზე მიანიშნებს ისიც, თუ სად დაეცა საფრენი აპარატი. შესაძლოა ესროლეს და კონტროლი დაკარგა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სამი წრე დაარტყა და შემდეგ მართვადაკარგულივით, მოწყვეტით წავიდა საბავშვო ბაღისკენ, რაც წარმოუდგენელია გააზრებულად გაეკეთებინა, რადგან საბავშვო ბაღის შენობა გარშემორტყმულია ცხრასართულიანი სახლებით. ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს ვერტმფრენი, რომელსაც ქვედა ნაწილზე ცეცხლი უკიდია. ალბათ, ქალაქიდან გასვლას ცდილობდა. მტერი ჩვენს პრეზიდენტს ვერ უსწორდება და ცდილობს საყრდენი გამოაცალოს, გარემოცვა შეურყიოს. ისიც შეიძლება ვიღაცას ეგონა, რომ ვერტმფრენში პრეზიდენტი იჯდა, რადგან ყოველთვის ჩადის იქ, სადაც მისი გამოჩენა ხალხს იმედს მისცემს. რუსები აღშფოთებული არიან, როგორ ვერ შეძლეს უკრაინელი ხალხის სულისკვეთების შერყევა. არადა, თავად პრობლემები თავზე საყრელად აქვთ - "პუტინის მზარეული" გავლენის გასაძლიერებლად იბრძვის. მას მოწინააღმდეგები ყოველთვის ჰყავდა, ახლა მით უმეტეს, ის თავს პუტინის შემცვლელად მიიჩნევს.