ჯოჯოხეთი დედამიწაზე - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთი დედამიწაზე

"თალიბანმა" თითქმის უბრძოლველად აიღო მთელი ავღანეთი. ამ დროს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად აღიარებულ ქვეყანაში სხვა უცხოელ სამხედროებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა კერძო სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ქართველებიც იყვნენ.

48 წლის დავითი, ამჟამად ერაყში ისევ სამხედრო მისიით იმყოფება. ის წლების განმავლობაში საჩხერის სამთო ბატალიონში მსახურობდა, შემდეგ კი კერძო სამხედრო მისიით ავღანეთში წავიდა. როგორც იხსენებს, იმ დღეებში ქაბულის ქუჩებში თითქმის 12 საათის გატარებამ მოუწია, რადგან ევაკუაციაში პრიორიტეტი ენიჭებოდათ საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლებს და კერძო პირებს.

- უპირატესობა, რა თქმა უნდა, უცხოელებს ენიჭებოდა, ჩემი კომპანიის, ბრიტანული დაცვის კომპანია GardaWorld-ის ფუნქცია იყო, ჩემს ჯგუფთან ერთად მათი უსაფრთხოდ შეგროვება და სამშვიდობოს გაყვანა. ხალხი, უფრო ის ავღანელები, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებული, ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. იცოდნენ, რომ იქ მათი დარჩენა სიკვდილს უდრიდა, მაგრამ არც თავისი ოჯახებისა და ნათესავების დატოვება უნდოდათ. ყველას წაყვანა კი შეუძლებელი იყო.

არ ეგონათ, თალიბები თუ ასე სწრაფად აიღებდნენ პროვინციებს, ქალაქებს, დასახლებებს და ქაბულში შემოვიდოდნენ. წინააღმდეგობის გასაწევად ყველანაირი რესურსი და პოტენციალი გვაქვს, შეიარაღება, ჯარი, რატომ უნდა დავთმოთო, ამბობდნენ. ისიც იცოდნენ, რომ ყველგან კორუფცია იყო, მაგრამ რატომღაც ეგონათ, რომ თავად ძალოვანებსა და ადმინისტრაციას ისე ეშინოდათ თალიბების, რომ სამხედროებსა და პოლიციას ასე მარტივად იარაღის დაყრის უფლებას არ მისცემდნენ.

მოკლედ, დილის რვა საათიდან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თანამშრომლების მოგროვება და აეროპორტამდე უსაფრთხოდ ევაკუაცია მქონდა ნაბრძანები. დროის უმცირეს მონაკვეთში უნდა მომესწრო, რადგან თალიბები აეროპორტსაც უტევდნენ. წლები ვიმუშავე ავღანეთში, მაგრამ რაც იმ 12 საათის განმავლობაში ვნახე, ყველაფერს გადააჭარბა. დიდიან-პატარიანად ყველას იარაღი ჰქონდა და ხალხს ისე ხოცავდნენ, როგორც კომპიუტერულ სამხედრო თამაშებშია. პატარა ბიჭების დაჯგუფება სილამაზის სალონში შევარდა, რომელიც ერთ ოჯახს სახლის პირველ სართულზე ჰქონდა გახსნილი. დაწესებულება არ მუშაობდა, მაგრამ ოჯახის წევრები შინ იყვნენ შეყუჟული, თალიბებმა ჯერ რამდენიმე ხელყუმბარა შეაგდეს, შემდეგ კი ავტომატებით აცვივდნენ სახლში, ალბათ, სანახავად, თუ ვინმე დარჩა ცოცხალი. საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელ ავღანელებს სადაც მოიხელთებდნენ, იქვე ასამართლებდნენ ლინჩის წესით და რამდენიმე წუთში ჩამოხრჩობას უსჯიდნენ.ამას მოზარდების თვალწინ აკეთებდნენ. "თალიბანის" აქტიურობის გარდა, ერთმანეთს დაერივნენ შიიტები და სუნიტებიც. ამაში მოლებმა ითამაშეს დიდი როლი.

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გავიდა და ქვეყნის მართვა ხელში "თალიბანმა" აიღო, რამდენიმე თვეში ისლამისტური დაჯგუფების მმართველობას "კოვიდ-19"-ის პანდემია და გვალვა დაემთხვა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა. ამას ემატება, შარიათის კანონების ამოქმედება და ლინჩის წესით გასამართლება, რამაც უმძიმეს მდგო­მარეობაში ჩააგდო ისედაც გასაცოდავებული ხალხი.

- მთელი ქვეყანა შიმშილობს, არა?

- დიახ, ავღანეთიდან ამერიკის გასვლის შემდეგ ავღანეთის მთავრობას დახმარება შეუწყდა. ქაბულის ცენტრალური ბანკის 7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები გაყინეს, რამაც რადიკალური ისლამისტური მთავრობა, მერე კი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ახალ ხელისუფლებას თანხებზე წვდომა იმ პირობით აღუთქვა, თუკი ის დაიცავდა ქალთა უფლებებს, მაგრამ თალიბები, ცხადია, ამას არ გააკეთებდნენ, რადგან ეს შიდა განხეთქილებას ნიშნავს. უმეტესობას, მათ შორის, ქალებსაც, ჩაბეჭდილი აქვთ გონებაში, რომ ქალი მამაკაცის ჩრდილია და მას არ სჭირდება განათლება, ერთადერთი უფლება აქვს - ემსახუროს მამაკაცს. ჯერ მამას და ძმებს, შემდეგ კი ქმარს, შვილებს და ქმრის ოჯახის მამრობითი სქესის წევრებს. ვიღაცები ცდილობენ გოგონებისთვის სკოლების გახსნას. დასავლეთისთვის საჩვენებლად რამდენიმე ქალთა სასწავლებელი გახსნეს, მაგრამ ეს ხომ სისულელეა?.. ვის სცალია გოგონების განათლებისთვის, როდესაც მთელ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილობს, პურიც კი არა აქვთ...

avgan2-1674392902.jpg

თალიბებმა გაანადგურეს წყლის საქაჩი სისტემები, ის, რისი გაკეთებაც კოალიციის ძალებმა დიდი წვალებით მოახერხეს. იმ პროვინციებში, სადაც წყლის პრობლემა აღმოიფხვრა, მოსახლეობამ ამოისუნთქა, მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას მისდევდნენ და არ შიმშილობდნენ. ახლანდელი მთავრობის ერთადერთი მიღწევა პაკისტანში ქვანახშირისა და ხილის ექსპორტია. ასევე ნარკოტიკების რეალიზაცია, რომელიც მაშინაც იყო, თუმცა არა ასეთი მასშტაბებით.

ცოტა, მაგრამ განათლებისა და პროგრესის მომხრეებიც არიან, რომელთა დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა ქვეყანა, ვინც ვერ წავიდა, ალბათ, ლინჩის წესით გასამართლებას ვერ ასცდა. ჩემთან ერთად ბრიტანულ ბოინგში, რომელიც, ფაქტობრივად, ბოლოს გამოფრინდა ქაბულის აეროპორტიდან, ასობით ავღანელი იყო. ვისაც საბუთები რიგზე ჰქონდა, ყველა წაიყვანეს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც წლების განმავლობაში კოალიციურ ჯარში მსახურობდნენ, საელჩოებში, სამხედრო ბაზებში, ადგილობრივ არმიაში ან სპეცრაზმში, მაგრამ ქვეყანა ვერ ან არ დატოვეს. მათ პანჯშირის ხეობაში გამაგრებულ აჰმად მასუდის შვილს შეაფარეს თავი. ეს ერთადერთი პროვინციაა, რომლის აღებაც "თალიბანმა" ვერ შეძლო.

ავღანელების 90 პროცენტზე მეტს განათლების ძალიან დაბალი დონე აქვს, მაგრამ იმას მაინც ხედავენ, რომ პანჯშირის პროვინცია, ჯერჯერობით, ხელშეუხებელია და იქ ხალხი შედარებით ნორმალურად ცხოვრობს.

- ამას წინათ, ერაყშიც მოხდა ტერაქტი.

- ერაყელებმა ცივილიზებული ქვეყნებისგან ბევრი რამ ისწავლეს და ცოტა გაეშმაკდნენ კიდეც. ამას წინათ, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, 4 რაკეტა ესროლეს, თუმცა არავინ დაღუპულა. მათი აზრით, ასეთი რამეები ადრეც იყო და კიდევ იქნება, სანამ ქვეყანაში ეროვნული მთავრობა არ მოვა. მიაჩნიათ, რომ ახლა ერაყს ირანული მთავრობა ჰყავს. ეროვნული ძალების მოსვლას კი ისინი არ დაუშვებენ, ვისაც ქვეყნიდან ნავთობი გააქვთ.

რამდენიმე წლის წინ ვიყავი ბასრაში და ცხოვრების სრულიად სხვა დონე იყო, გაცილებით დაბალი, ახლა ინფრასტრუქტურა გამართულია, ხალხი დასაქმებულია, წყლის პრობლემა თითქმის ყველგან აღმოიფხვრა, განათლებას დასავლეთში იღებენ, ინგლისური ყველამ იცის და კარგი პროექტებიც აქვთ, მაგრამ მაინც უკმაყოფილო არიან - ჩვენი ბუნებრივი რესურსები ასე რომ არ ნიავდებოდეს, ყველაფერს თავად რომ განვაგებდეთ, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდითო, მითხრეს. ეს ის ხალხია, ჰუსეინის დროს წყალი რომ ენატრებოდა, ერთი ბიდონის წყლისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ. კორუფცია აქაც არის, ეს დამახასიათებელია ასეთი ტიპის ქვეყნებისთვის, მაგრამ ავღანელებივით არ არიან. ქვეყნიდან გაქცეულ პრეზიდენტს რამდენიმე მილიონი დოლარი ორი ვერტმფრენით მიჰქონდა, ერთმა გაასწრო, მეორის პილოტი ჩამოაგდეს თალიბებმა.

avgan3-1674392902.jpg

შეცდომების მიუხედავად, ერაყის ხელისუფლება ხედავს, რაც ხდება ავღანეთში. ხალხიც არ მისცემს ზედმეტის უფლებას. აქ ხშირად იმართება საპროტესტო აქციები, აპროტესტებენ ფასების ზრდას, საგარეო პოლიტიკასა და სხვა.

ასე იქნება მანამ, სანამ ეროვნული ლიდერი არ მოვა. ირანი მათთვის წყევლაა - ჰუსეინის დროს 9 წელი ომობდნენ ირანთან, შემდეგ გადატრიალება მოხდა და სადამი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ერაყში კოალიციური ჯარები განთავსდნენ. ვითარების დამშვიდების შემდეგ არჩევნებიც გაიმართა, მაგრამ შედეგები გაყალბდა და ქვეყნის სათავეში ირანის დაფინანსებული ძალები მოვიდნენ, მაგრამ ხალხი ომით დაღლილი და გამოფიტული იყო და კიდევ ერთი შეიარაღებული კონფლიქტის რესურსი არ აღმოაჩნდა.

ოპოზიციის ლიდერი გავლენიანი და ავტორიტეტული კაცია. მისი მოწოდებისთანავე რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში 6-7 მილიონი კაცი გამოდის, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეიარაღებული შეტაკება მოჰყვება ხოლმე. პოლიცია უხსნის ცეცხლს, მაგრამ არც ისინი ისვრიან ყვავილებს - ცეცხლს უხსნიან სამთავრობო შენობებს, საზოგადოებრივ დაწესებულებებს, რასაც პოლიციის პასუხად აღმკვეთი ღონისძიებები მოსდევს.

ყველაფრის მიუხედავად, განათლებით, მენტალობით, ცხოვრების წესით, ერაყელები ბევრად წინ არიან ავღანელებზე. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ როდესაც ოპოზიციასა და სახელისუფლებო ძალებს შორის ვითარება ძალიან მწვავდება, ტემპს ისევ მოსახლეობა აგდებს. როგორც ამბობენ, სადამის დროს და მისი ჩამოგდებისას 600 ათასზე მეტი ერაყელი დაიღუპა და ამგვარი ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს.