ბუბა - კვირის პალიტრა

ბუბა

ეპოქა დასრულდა! - ამბობენ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებით დამწუხრებული სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პოლიტიკური თუ კულტურული ელიტის წარმომადგენლები. ცნობილი მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნათლისღებას უკანასკნელ გზაზე ფილარმონიიდან გააცილეს და ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, დედისა და მეუღლის გვერდით. როგორც სჩვეოდა, თავისი საფირმო ღიმილით გამიღებდა ხოლმე კარს. კართან ბავშვის ეტლი იდგა, თვალებგაბრწყინებული მანიშნებდა ხოლმე, ეს ოჯახის ყველაზე საპატიო წევრის, ჩემი შვილთაშვილისაა, რომელიც ყველას გვაგიჟებსო. მერე სასტუმრო ოთახში ჩემთვის ყავას, მისთვის კი საფერფლეს და სიგარეტს მოიმარაგებდა და იწყებოდა ინტერვიუ. ისეთი გულიანი საუბარი იცოდა, წინასწარ ვიცოდი, რომ მასთან შეხვედრის დღეს სხვა არაფერი უნდა დამეგეგმა. "კვირის პალიტრა" უსამძიმრებს ქვეყანას, ოჯახს, ახლობლებს ამ დანაკლისს და ბუბა კიკაბიძესთან სხვადასხვა დროს ჩაწერილი ინტერვიუებიდან ამონარიდებით გაიხსენებს მას, მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს, შეხედულებებს...

"როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლება"

"მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც სულ მეყოლებოდა... ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება. ჩვენი თაობის დედებმა ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანეს...

დედა ძალიან კარგი მომღერალი იყო. მღეროდა ბიძაჩემის, ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრში, მერე საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, მას შემდეგ კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიონის ტაძარში გალობდა. მორწმუნე ქალი იყო. ერთხელ, დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ვკითხე, დედა, სულ ღმერთს რომ ახსენებ, იცნობ-მეთქი? როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, მიპასუხა... როგორია-მეთქი? შენ ხარ... ყველა ადამიანში არის ღმერთი. როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, მომიგო. სწორია!"

"დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან"

"გარეგნულად მამას ვგავარ, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო. მეგობრებივით ვიყავით, ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დედაა! მამაც თუ ჰყავს, ბიჭისთვის, მით უმეტეს, კარგია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვები ახალ წელს სულ ელიან თოვლის ბაბუას. ჩემი თაობის ბავშვებისთვის თოვლის ბაბუა იყო მამა... ოჯახის კაცი, რომელიც უნდა მოვიდეს ღამე და ბავშვმა დილით ნახოს ფეხსაცმელში ჩადებული მისი დანატოვარი საჩუქარი... მე სულ ვეძებდი, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არაფერი არ იდო, იმიტომ, რომ მამა არ იყო... ოფიციალური ვერსიით, მამა ქერჩთან დაიღუპა. დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან".

"დედა სულ მეუბნებოდა, არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!"

"ჩემი ონავრობის გამო დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ერთხელ მესამე კლასში დამტოვეს, მეორედ - მეექვსეში, მესამედ - მერვეში. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა ანუგეშა, ნუ ნერვიულობ, მანანა, შენი ბიჭი არტისტი გამოვაო...

სკოლის დამთავრების შემდეგ ხან მშენებლობებზე ვმუშაობდი, მერე კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის "ცეხშიც" ვხატავდი... შემდეგ ავმღერდი. დედა სულ მეუბნებოდა, არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!

"რეროს" სახელმწიფო ორკესტრისთვის კონკურსი რომ გამოაცხადეს, ძია ჯანოს ვთხოვე, მიმიყვანე, გამსინჯონ-მეთქი. არ მიმიღეს, ხრინწიანი ხმა გაქვსო. დასკვნა ასეთი იყო: „Его хриплый голос отдает загнивающим Западом“. ასე ეძახდნენ მაშინ დასავლეთს. მოგვიანებით, ვზივარ სახლში და დამირეკა ვახტანგ გოჩიაშვილმა, რომელიც იმ საბჭოში მჯდარა, რომელმაც დამიწუნა. გვარს თუ გამოიცვლი, 2 კვირაში რუსეთში გასტროლებზე წაგიყვანო. პირველი კონცერტი როსტოვში ჩატარდა. პირველ წერილში, რომელიც ჩემზე დაიწერა, მიწასთან ვიყავი გასწორებული: "კონცერტის ბოლოს გამოდის ახალგაზრდა გამხდარი მამაკაცი და ხრინწიანი ხმით ყვირის მიკროფონში", - ეს იყო 1959 წელი. ასე დავიწყე... შემდეგ იყო "დიელო", პირველად საზღვარგარეთ მათთან ერთად გავედი. მერე კი "ორერა", რომელთან ერთადაც ხუთივე კონტინენტი მოვიარე...

ერთადერთი ადამიანი, კონცერტზე ვისი დასწრების დროსაც ვნერვიულობდი, იყო დედაჩემი. მერე მითხრა, გვიან, უკვე ხანში შესულმა, რადგან ბილეთებს ყიდულობენ შენს კონცერტებზე დასასწრებად, ალბათ, მე რაღაცას ვერ ვიგებო".

ბუბა და ირინა

"კენედის ბრალია, მე რომ ცოლი მოვიყვანე. მაშინ გასტროლზე ვიყავით უნგრეთში. ვისხედით, ვსვამდით, უცებ შუაღამისას კივილ-წივილი ატყდა. მანქანები ჩერდება, ხალხი გარბის. თურმე კენედი მოკლეს. ირა შეშინებული და ატირებული ჩამეხუტა. მას შემდეგ აღარც გამიშვია. საერთოდ არ მიყვარს მორბენალი მამაკაცები. ხდება, ვიღაც სხვა უყვარდება ქალს ან კაცს და უნდა წავიდეს სახლიდან. ეგ უბედურებაცაა და ბედნიერებაც, მაგრამ თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე. შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება. ეს მთელი ფილოსოფიაა. სწორად სიარული ბევრს უჭირს. ალბათ, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ სულ ვცდილობდი ასე არ მომხდარიყო. ჩემი ცოლი სულ მეუბნება, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვს. ჯერ გიყვარს სამშობლო, მერე მეგობრები და ბოლოს ოჯახი, როცა პირიქით უნდა იყოსო. დედაჩემმა ასე გამზარდა, ის ცოცხალი აღარაა და საყვედურს ვეღარ მიიღებს. ალბათ, ასეც უნდა იყოს, კაცი თავის მიწაზე უნდა ცხოვრობდეს, "მიმინოც“ ხომ ამაზეა".

"მე და გია დანელია"

"მადლობელი ვარ ცხოვრების, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შემახვედრა ეს არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბედნიერი ვარ, მას რომ შევხვდი. მანამდე არც მიფიქრია კინოზე, თუმცა ერთ ფილმში უკვე ნათამაშები მქონდა. მსოფლიო კინემატოგრაფიის 100 წლისთავზე "არ დაიდარდო" ოქროს ფონდში შევიდა. ფელინის ორჯერ ზედიზედ უნახავს. ამის შემდეგ "მიმინოს" სცენარი სპეციალურად ჩემთვის დაიწერა.

ბოლოს გია დანელია ძალიან ავადმყოფობდა. ტელეფონით ვკონტაქტობდით ხოლმე. გარდაცვალებამდე ცოტა ადრე დავურეკე, ცუდად იყო, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა. მითხრა, ბუბა, მე, ალბათ, მალე წავალ ამ ქვეყნიდან. შენ ხომ ჩემზე 8 წლით უმცროსი ხარ, 8 წლის შემდეგ, როდესაც შენც იმ ქვეყანაში მოხვალ, მე იქ დაგხვდები ეკლესიასთან, 2 ანკესით ხელში. წავიდეთ, ვითევზაოთ, მერე გავშალოთ დიდი სუფრა და ვისაუბროთ სიცოცხლესა და ცოცხლებზეო".

"ონ ნას ნე ლიუბიტ"

"ბუბა კიკაბიძის კონცერტები ყველგან ანშლაგით მიდიოდა. განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. 2008 წლის ომის შემდეგ მომღერალი რუსეთში აღარ ჩასულა. "მედვედევმა ორდენი გამომიგზავნა, მისი უფროსი კი პუტინი იყო. ამ დროს აქ ტანკები შემოდიოდნენ. შეიძლება ვინც გცემს იმასთან ჩახვიდე და უმღერო? არ შეიძლება! მე ასე ვთვლი, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს. მეთორმეტე წელია, რუსეთის არც ერთ ქალაქში არ ვყოფილვარ. სულ მოდის წერილები, მაგრამ ვპასუხობ, თუ შეიცვლება პოლიტიკა, ჩამოვალ-მეთქი", - ამბობდა მომღერალი 2 წლის წინ ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ნანი ბრეგვაძე კი "კვირის პალიტრასთან" აღნიშნავდა: "ბუბასნაირი პოპულარული ადამიანი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე არ შემხვედრია. საზღვარგარეთ ხშირად ვყოფილვართ ერთად. უნდა გენახათ, რა ხდებოდა ქუჩაში. მის დანახვაზე ხალხი გამორბოდა. დღემდე მისტირის მთელი რუსეთი: "ონ ნას ნე ლიუბიტ". ეს მათთვის დიდი ტრაგედიაა, რუსეთს რომ არ ეკარება. ერთმა იმპრესარიომ, ბუბა ოღონდ წამოვიდეს ჩვენთან კონცერტზე, საკუთარ თვითმფრინავს გამოვუგზავნიო, ძალიან კარგ პირობებსაც სთავაზობდა, ბუბამ კი, წადით, თქვენი დედაცო".

"დიდება უკრაინას! მეც უკრაინელი ვარ“

ბუბა კიკაბიძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, კიკაბიძემ ასე მიმართა უკრაინელ ხალხს: "ძალიან, ძალიან, ძალიან გვიყვარხართ და განვიცდით, რაც უკრაინაში ხდება. ღმერთი თქვენთანაა, რადგან საკუთარ სამშობლოს იცავთ. ეს უბრალო რამ არ არის, ეს გმირობაა. ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. შესანიშნავი პრეზიდენტი გყავთ - ახალგაზრდა, ჭკვიანი, ვაჟკაცი, ნიჭიერი. გაუფრთხილდით მას. დიდება უკრაინას! მეც უკრაინელი ვარ".

„დღესასწაული კაცი იყო“

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: "არიან მსახიობები, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებმაც ყველას ცხოვრებაში მოახერხეს შემოსვლა, მიუხედავად ასაკისა, ბავშვის, მოზარდის, ზრდასრულის, მოხუცის... ისეთი გმირები შექმნა, რომ უყურებდი, სურვილი გიჩნდებოდა, შენ ყოფილიყავი ის გმირი. ოდესღაც ყველა იყო ბუბა, რაღაც მომენტში. ჰქონდა გაიგივება ამ ქალაქთან, თბილისის კოლორიტთან, აბსოლუტური სიმბოლოა იმდროინდელი ჩვენი ქალაქის, თავისი პრინციპული პოზიციითაც, პატივსაცემი ადამიანია არა მარტო როგორც მსახიობი და მომღერალი, არამედ როგორც კაცი. მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის, იქიდან გამომდინარე, რომ იმ რეჟისორების შვილები, რომელთა ფილმებშიც ბუბა თამაშობდა, ჩემი სამეგობროა, ნიკუშა შენგელაია, კოლია დანელია (გია დანელიას შვილი)... ამიტომ ერთმანეთთან როდესაც დავდიოდით, ხშირად გვიწევდა ბუბას ნახვა. აბსოლუტურად არ ჰქონდათ ასაკობრივი ზღვარი, შენთან ურთიერთობდა როგორც თანატოლი. დღესასწაული დაჰქონდა სულ. მუხტი იყო ბედნიერების, სიყვარულის, სიხარულის და უბრალოების. დღესასწაული კაცი იყო.

ბუბას დედა, მანანა ბაგრატიონი, ბებიაჩემის, ქეთევან მაღლაფერიძის მეგობარი იყო. ერთ დროს ორივე სანდრო კავსაძის ანსამბლში მღეროდა. ჩემთვის ვარსკვლავი იყო ბუბა, ბებია კი მიყვებოდა, ბუბას დედა ამბობს, რატომ დაიწყო სიმღერა, მარცხვენსო. წლების მერე ბუბა კიკაბიძის ინტერვიუდან მოვისმინე იგივე, რასაც ბებია მიყვებოდა ხოლმე. ბებიაჩემს სასწაულად უყვარდა ბუბა.

საოცარი ადამიანი იყო, რატომღაც მეგონა, რომ ბუბა არასდროს გარდაიცვლებოდა. იმდენი დატოვა, რომ იცოცხლებს ჩვენთან და ჩვენ შვილებთან ერთად. ბუბა ქართული კულტურის საკუთრებაა, საგანძური, რომელიც ყოველთვის იარსებებს, სანამ საქართველო იქნება".