"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, როცა 90 წლის ასაკში მითხრა..." - ნინო სუხიშვილის მოგონებები ლეგენდარულ ნინო რამიშვილზე - კვირის პალიტრა

"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, როცა 90 წლის ასაკში მითხრა..." - ნინო სუხიშვილის მოგონებები ლეგენდარულ ნინო რამიშვილზე

"უწინ მე მეგონა საუკუნე რაღაც საოცრება. ახლა? ახლა, არაფერი ყოფილა საუკუნე. დრო მიდის, იცვლება ცხოვრება, ადამიანები, ეს გარდაუვალი კანონია. ასეა! შეიცვლება თაობები, შეიცვლება ცოტა ცეკვებიც, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, სოლიკო ვირსალაძის და ჩემი, ნინო რამიშვილის სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია ხალხში დარჩება".

ნინო რამიშვილი

ნინო რამიშვილი - ეს სახელი და გვარი დიდი ხანია იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჯილდოებისა და ტიტულების ჩამონათვალი. მოდური ჩალმით, განუყრელი სიგარეტით, სამაჯურებით ხელდამშვენებული მისი დარბაზში გამოჩენა მრავალსაათიან რეპეტიციებს ნიშნავდა. საქმეში მკაცრი და უკომპრომისო, საოცრად მომთხოვნი არ ცნობდა შიმშილს, უძილობას, დაღლას, დაგვიანების მიზეზებს. ამბობდა, რომ დიდ საქმეში მხოლოდ შრომა და ფანატიზმამდე მისული სიყვარული იმარჯვებს. ყველას მეგობარი იყო, ფარივით ედგა ანსამბლს. საოცრება იყო თავისი ნიჭით, პლასტიკით, განუმეორებელი როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაშიც. ურთიერთობის თავისი სტილი ჰქონდა. არასოდეს არავისთან ქედს არ მოიხრიდა. ძალიან ძლიერი, დამუხტული, ენერგიული ქალი იყო. ღრმა სიბერეშიც კი ისეთი ელეგანტური იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.

"იცით, რით ვარ ბედნიერი? დავიბადე არაჩვეულებრივ დღეს, ნათლისღებას. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო და ჩვენ სოფელში წავედით, მაგრამ რამდენი ხანი ვიქნებოდით იმ სოფელში? როცა ქალაქში დავბრუნდით, სახლში აღარ შეგვიშვეს, იქ ვიღაც ბოლშევიკი შებრძანდა და ერთი სკამი და სინიც კი არ დაუბრუნებია. მას შემდეგ კეცხოველის ქუჩაზე ვცხოვრობდი" (ნინო რამიშვილის მოგონებიდან).

ნინო სუხიშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი:

- მარტივი ცხოვრებით არ უცხოვრია. იოლად არაფრისათვის მიუღწევია. ცხოვრება, თან ჩვენს ანსამბლში, ისეთი ტემპით მიდის, რომ მოდუნება წარმოუდგენელია. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, როცა 90 წლის ასაკში მითხრა, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ცოტაა 90 წელიო. მახსოვს, როდესაც ვარსკვლავის გახსნა უნდოდათ, ეუბნებოდნენ, რომ სახე გადაეჭიმა, ის კი გამუდმებით ანა მანიანის სიტყვებს იმეორებდა,“თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, ისინი ძალიან ძვირი დამიჯდაო.“ ნინო ჩემთვის მხოლოდ ბებია არ ყოფილა. ყველანაირად ვცდილობდი მას დავმსგავსებოდი. ბრძენი ქალი იყო. მისი წასვლით ისეთი სიცარიელე დარჩა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. ნინო არასოდეს არ იხდიდა დაბადების დღეს, მაგრამ სულ აღნიშნავდა ნინოობას. და ეს იყო სასწაული მთელი იანვარი ჩვენს ოჯახში დღესასწაული იყო. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მენატრება...

1924 წლის 26 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმხანად ცნობილი წარმოდგენა „"საბავშვო დილა" გაიმართა. სპექტაკლში ბალერინა პერინის სტუდიის მოსწავლე გოგონები ცეკვავდნენ. წარმოდგენას 17 წლის ილიკო სუხიშვილი ესწრებოდა და ათობით მოცეკვავეს შორის მისი ყურადღება ასაკით ყველაზე უმცროსმა გოგონამ მიიქცია. ის„ყვითელი მარგალიტის“ პარტიას ასრულებდა. გოგონა თავისი პლასტიკით მთელ დასში გამოირჩეოდა. შესვენებისას ილიკომ წარმოდგენის პროგრამა იყიდა. "ყვითელი მარგალიტის" გასწვრივ რამიშვილის გვარი ეწერა. იმ დღიდან ილიკო სუხიშვილი ნინო რამიშვილის თაყვანისმცემელი გახდა.

ნინო სუხიშვილი: - სპექტაკლის შემდეგ, როცა ნინო ოპერიდან სახლში მოდიოდა, ილიკო უკან მიჰყვებოდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს. არ აწუხებდა, ხმასაც არ სცემდა. აი, ასე მორიდებულად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, თაყვანისცემას... ჩუმად, უსიტყვოდ.

მალე ცეკვის ილეთებს კარგად დაუფლებული სუხიშვილი ბალერინა პერინის სტუდიაში მიიღეს და პირველივე რეპეტიციაზე მეწყვილედ ნინო დაუყენეს, თუმცა ილიკომ სასტიკად იუარა.

suxishvili2-1674394532.jpg

ნინო სუხიშვილი: - ბაბუა აღშფოთებულა, მე კლასიკური ბალეტის მოცეკვავესთან ქართულ ცეკვას არ ვიცეკვებ. კლასიკური ბალეტის შემსრულებელი ისე კარგად ვერ ასრულებს ქართულსო. არ ვიცი, ალბათ, ნინოს მიუტანეს ილიკოს ნათქვამი და ძალიან გაბრაზდა. ფაქტობრივად, მათი ურთიერთობა კონფლიქტით დაიწყო. მოგვიანებით ისინი მარია პერინიმ შეარიგა. მისი წყალობით ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ცეკვა "ქართული" ერთად პირველად შეასრულეს, რომელიც შემდეგში ანსამბლის სავიზიტო ბარათად იქცა...

მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ქართულს, ძირითადად, ქეიფებსა და სახალხო დღესასწაულებზე ცეკვავდნენ. სუხიშვილი და რამიშვილი პირველები იყვნენ, ვინც ამ ცეკვებს სასცენო სახე მისცეს და ახალი ელემენტებითა და შესრულების უჩვეულო მანერით გაამდიდრეს.

ნინო სუხიშვილი: - ტემპის ასეთი აჩქარება, მონაცვლეობა, სწორად აგებული ქორეოგრაფია - როგორც ახლა ვხვდები, ისინი ხელმძღვანელობდნენ იმდროინდელი მოდერნ-ბალეტის პრინციპებით, რომელსაც ზუსტად მიესადაგებოდა ყველა ის ფორმა, რაც მათ შემოიტანეს ქართულ ცეკვაში. მათი ცეკვები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ცეკვავდნენ ლეკურს მთიულური ილეთებით და მაშინდელ დარბაზს იპყრობდნენ. რეპერტუარში ჰქონდათ ტანგოც, რომელსაც შემდეგ ქართული ტანგო დაარქვეს.

"მე და ილიკო ესტრადაზე ვმუშაობდით, დავდიოდით ზაფხულობით ყველა რესპუბლიკაში, საიდანაც დიდი წარმატებით ვბრუნდებოდით... მერე დაიწყო, აი, ეს იდეა ანსამბლის შექმნისა, სადაც არ შემიძლია არ ვახსენო არაჩვეულებრივი ადამიანი, გენიალური მხატვარი და 60 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი მეგობარი სოლიკო ვირსალაძე" (ნინო რამიშვილის მოგონებებიდან).

ნინო სუხიშვილი: - სოლიკოსნაირ მოკავშირეს ნინო და ილიკო ვერც ინატრებდნენ. როცა ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკოც აქტიურად მონაწილეობდა, პირველი სასცენო კოსტიუმებიც მან შექმნა. ომის პერიოდში, როცა არაფრის საშუალება არ იყო, ეს სამი ადამიანი სასწაულებს ქმნიდა. ყველა სირთულის მიუხედავად მაინც გააკეთეს პირველი პროგრამა, რომელიც დღემდე ცოცხლობს ჩვენს ანსამბლში.

არასოდეს დამავიწყდება საუბრები ბუხართან. ვიჯექი ხოლმე ოთახის კუთხეში და ღრუბელივით ვისრუტავდი ამ ორი ადამიანის ნათქვამს. იხსენებდნენ ძველ ამბებს ან დღევანდელ ცხოვრებაზე ბჭობდნენ. ორი წელი თავადაც გავატარე სოლიკო ვირსალაძესთან, როგორც მისმა ასისტენტმა, სადაც ვთვლი, რომ მეორე აკადემია დავამთავრე...

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლმა 5 კონტინენტის 88 ქვეყანა მოიარა. მათ კონცერტებს 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. "ამერიკას ასეთი წარმოდგენა არასოდეს უნახავს!", "ქართველებმა ინგლისი დაიპყრეს!",„მილანის სახელგანთქმულ ლა სკალას საოპერო თეატრის სცენაზე კი ქართველებმა ორსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს და ორსაათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ენრიკო კარუზოს რეკორდი მოხსნეს - ფარდა 14-ჯერ აიწია.“

ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტრიუმფით მოგზაურობდა.

ნინო სუხიშვილი: - ინდოეთში გასტროლების დროს, როცა პირველი განყოფილება დამთავრდა, ეტყობა, სცენა არამყარი იყო და ჩვენების ასეთმა მოძრაობებმა და ილეთებმა, საბოლოოდ მოარყია და ჩაინგრა. უცებ მოხდა საოცრება - მაყურებელი წამოიშალა, შეუდგა სცენას და მეორე განყოფილება ჩვენებმა ინდოელების ზურგზე იცეკვეს. მსოფლიოს ხალხებმა შეარქვეს ჩვენებს "სუხიშვილები" და დღემდე ასეა, ვინც ჩვენთან ცეკვავს, ყველას ერთი გვარი აქვს -„"სუხიშვილები"...

1935 წელს ინგლისში გასტროლისას ბაბუამ მთიულურის სოლო შეასრულა, რამაც აღაფრთოვანა დედოფალი და ილიკო ოქროს მედლით დააჯილდოვა, თავის მხრივ, ილიკო დედოფალს ხელზე ემთხვია. ამ ამბავმა კრემლამდე მიაღწია და ინგლისიდან დაბრუნებული დელეგაცია სტალინმა მიიღო. საზეიმო მიღებისას "დიდმა ბელადმა"“ილიკოს დედოფლის ხელზე ამბორი ღიმილით შეახსენა. არ ვიცი, რატომ, მორიდებით, შინაურულად თუ შიშით,„ბაბუა სტალინს ძია სოსოთი“ მიმართავდა. სტალინსაც უყვარდა ბაბუაჩემი.

"როდესაც ნახეს, რომ სტალინი ასე თბილად ექცეოდა ილიკოს, ბევრს ეს არ ესიამოვნა და პარტკომმა შესძახა, კომკავშირელი ასე არ უნდა იქცეოდესო! გავშეშდი, ვის ეუბნები, სად ეუბნები. სტალინმა გადახედა და უთხრა: ამან ასე იცეკვოს და კომკავშირში სხვა იმუშავებსო" (ნინო რამიშვილის მოგონებებიდან).

- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცი, სტალინის ნაჩუქარი ფოტოც ინახება თქვენს ოჯახში...

- სხვათა შორის, ეს ფოტო ფარივით იცავდა მათ ოჯახს იმ რთულ პერიოდში. ბებია ჩამოიღებდა, ბაბუა ისევ დაკიდებდა კედელზე და ასე იყვნენ (იცინის). მართლა რთული ცხოვრებით იცხოვრეს. ქალბატონი ნინოს მხრებზე არაერთ დიდ პრობლემას თუ სირთულეს გადაუვლია, მაგრამ მაინც ბოლომდე შეუდრეკლად იდგა, როგორც ანსამბლი ბერმუხა. დღეს მე და ჩემი ძმა, ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, ვცდილობთ გავურთხილდეთ იმას, რაც მათ ასეთი წვალებითა და შრომით შექმნეს.

- რამდენად მკაცრად გზრდიდნენ თქვენ და ილიკოს?

- ძალიან ლაღად გვზრდიდნენ, არაფერს გვიშლიდნენ. მკაცრი მშობლები არ გვყოლია. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ნინოზე ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი იყო, რადიკალურად განსხვავებული იყო სახლში, ძალიან რბილი და ძალიან თანამედროვე. თუმცა, როცა მე და ილიკომ ანსამბლში დავიწყეთ მუშაობა, ისეთივე მკაცრი მოთხოვნები ჰქონდა, არაფრით განგვასხვავებდა რიგითი მოცეკვავეებისაგან. უფრო მეტსაც კი გვთხოვდა.

- თქვენზეც ამბობენ, რომ ბებიას ჰგავხართ ხასიათით, ისეთივე მკაცრი და მომთხოვნი ხართ..

- მკაცრი და მომთხოვნი მხოლოდ სამსახურში ვარ, თუმცა, როგორც ვიცი, თანამშრომლებსაც ვუყვარვარ (იცინის). ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის სიყვარულია, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ბებიაჩემი სულ ამბობდა, რომ ბედნიერია ადამიანი, რომელმაც თავის საყვარელ საქმეს მიაგნოო. ძალიან მომწონს და მიყვარს, რასაც ვაკეთებ. არც მე და არც ილიკოს ერთი კონცერტიც არ გაგვიცდენია არც გასტროლზე, არც საქართველოში. ჩვენი ოჯახის სამივე თაობამ თავი დადო ამ საქმისათვის და ვფიქრობ, შედეგიც კარგად ჩანს.

რუსუდან შაიშმელაშვილი