„რაღაცნაირად მგონია, თუ წავალ და აქაურობას მივატოვებ, დედამიწა დაიქცევა“ - კვირის პალიტრა

„რაღაცნაირად მგონია, თუ წავალ და აქაურობას მივატოვებ, დედამიწა დაიქცევა“

"აგერ, 43-ე წელია აქ ვარ, სამშობლოს კართან ვდგავარ. ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალე, აქ სამშობლოა... რაღაცნაირად მგონია, თუ წავალ და აქაურობას მივატოვებ, დედამიწა დაიქცევა. სამი სოფელი ვართ უპატრონოდ დარჩენილი - ჭიმღა, ამღა და ახიელი. სამივეში 7 მარტოხელა კაცი ცხოვრობს, ყველა 60-70 წელს გადაცილებული. გაჭირვებით ვმარაგდებით, საცოდავად... ახლა ეს უშუქობა დაგვემატა და საშინელ დღეში ვართ. დარჩა მთა მიუხედავი... მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?" - მეუბნება მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა სოფელ ჭიმღადან პოეტი გიგლა ოჩიაური და იმ ზღვა პრობლემებზე საუბრობს, რისი გაძლებაც გმირობის ტოლფასია.

- სამშობლოში უბედური ვარ-მეთქი, რომ ვთქვა, უპატივცემულობა იქნება. რა ვიცი, ექიმი აქ არაა, გზა და ადამიანები... სამი თვეა, რაც მესაზღვრეები წავიდნენ ბარისახოს და სულ მარტო დავრჩი. სამშობლოს კართან ვდგავარ, ყველა მტერი და მოყვარე მე უნდა გამცდეს და როგორი ამბავია? მარტოობას, ალბათ, ის მატანინებს, აქ წინაპრის ძვლები რომ მარხია. ახალგაზრდა რომ ვიყავ, უფრო ვუძლებდი, ისე ყოჩაღად ვეღარ ვარ, აგერ, 43-ე წელია აქ ვარ, სამშობლოს სადარაჯოზე. ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალე, აქ სამშობლოა... რაღაცნაირად მგონია, თუ წავალ და აქაურობას მივატოვებ, დედამიწა დაიქცევა. სამი სოფელი ვართ უპატრონოდ დარჩენილი - ჭიმღა, ამღა და ახიელი. სამივეში 7 მარტოხელა კაცი ცხოვრობს, ყველა 60-70 წელს გადაცილებული, მათგან ერთი ქალია - ელისო ნაროზაული. როგორც ვახერხებთ, ისე ვცხოვრობთ... აქ ვერტმფრენს რა უნდა, ჭირი მოგვჭამა... ზამთარში ერთი რეისი მაინც რომ გაკეთდეს, რაღა გვიჭირს - ვიღაცას წამალი უნდა, ვიღაცას საკვები, ხომ გაგითავდება? მანქანა რომ ამოიყვანო აქ, ყველა პენსიონერია და განა რა შეუძლიათ. თბილისიდან ჩვენამდე 300 კილომეტრია და ის მანქანა 800 ლარზე ნაკლებ არ გამოგყვება, ან ერთდროულად განა რამდენი საკვები უნდა იყიდო? ასე გაჭირვებით ვმარაგდებით, საცოდავად... ახლა ეს უშუქობა დაგვემატა და საშინელ დღეში ვართ. დარჩა მთა მიუხედავი, ოდითგან ამაზე ვწუხდი...

ზვიად გამსახურდია როცა მოვიდა, აქედან, ჭიმღადან დაიწყო ქვეყნის შემოღობვა, გზა ამოგვიყვანა ხეობაზე, მაშინ ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან მოვდიოდით. ტვირთი თუ გვქონდა წასაღებ-მოსატანი, თვეში ერთხელ მაინც გვქონდა ვერტმფრენი, აბა, აქ როგორ ვიცხოვრებდით? გაზაფხულის იმედად ვართ ზამთარში. სამი თვე გვაქვს სამანქანო გზა და მერე გამოკეტილი ვართ იმის მოლოდინში, როდის მოვა გაზაფხული.

ამ ზამთარს ძალიან გაგვიჭირდა - ექთანი აქ არაა, ვერავინ იშოვეს, ამბულატორია კი აშენდა, ამბულატორია კი არა, რკინის კონსტრუქციები დადგეს და წარწერა ააკრეს "ამბულატორია". თვალის მოსატყუებლად არის ისიც, ნაცრის შესაყრელად. ვიღაც აქაური გოგო უნდა მოსულიყო, მაგრამ გამგეობამ საცხოვრებელი ვერ გამოუნახა, რაციაც არ გვაქვს, რაიონს რომ დაუკავშირდე.

ახალგაზრდობა სოფლიდან წავიდა. იმ ხალხისთვის ვინმეს კრედიტები რომ მიეცა, იქნებ დამკვიდრებულიყვნენ კიდეც. აქ ყველაფერი ნანგრევებადაა ქცეული და სახლი რომ ააშენო, გმირობის ტოლფასი იქნება - ან ცემენტს რით ამოიტან, ან ლამს, რა დაგიჯდება ჩამოტანა? წინა ხელისუფლების დროს ისე მოჰქონდათ მასალა, ვერც ვიგებდით. ზვიადის დროს აქ დიდი სოფელი იყო, 22 ოჯახი ვცხოვრობდით, სამივე სოფელს გვქონდა ბიბლიოთეკა, ფოსტალიონი ჟურნალ-გაზეთებს ეზიდებოდა, ჩვენი ჰესი და რაცია გვქონდა, ყველაფერი, რაც სოფელს სჭირდებოდა. ამათ ვერაფერი გაუგეს ვერც მასწავლებელს, ვერც ექიმს და ვერც რაციას. იმ მასწავლებელს, ხელფასს რომ აძლევ, პირობების შექმნა ხომ უნდა - ბინა, კვება, გათბობა, შეშა... დუშეთის გამგებელი რომ იყო, გოდერძი ბერბერაშვილი (დუშეთს მონასტერი რომ ააგო), მის დროს სოფელში მასწავლებელიც იყო და ბავშვებიც იბადებოდნენ. შარშან 4 კაცი, ნაროზაულები წავიდნენ ამღიდან და გული მეტკინა. კაცი ოჯახით იყო ჩამოსული, არავინ არაფრით დაეხმარა, ადგა და წავიდა. მეორეს არხოტში სახლი დაეწვა, ატარეს აღმა-დაღმა დუშეთში, ეუბნებოდნენ, რატომ სახანძროს გამოძახება არ არის დაფიქსირებულიო, გაგიგონიათ? ყორანი არ დაფრინავს აქ, რა სახანძრო და რა გამოძახება? ან სახანძროები წამოვლენ არხოტში? მობილური აქ არ იჭერს, ვერტალიოტი და რაცია აქ არაა, ჩამოდი, შე კაი კაცო, და ნახე, ის სახლი თვითონ ხომ არ დაწვა? კარავი მაინც მიეცი, ცხოვრება რომ შეძლოს.მიტოვებული ვართ... ამ ახალ წელს საზღვარზე 4 კაცი შევხვდით... ჩვენს იქით ქართული მიწა აღარ არის, - მესაზღვრეები სადაც დგანან, 5 კილომეტრში ინგუშების საქონელი ძოვს.

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა უშუქობაა, 2 თვეა ასე გრძელდება. ზვიად გამსახურდიამ აქ ჰესი აგვიშენა, რომელმაც 35 წელი იმუშავა. 2019 წელს ამათ გამოყვეს 2 600 000 დოლარზე მეტი (იმ კურსით 8 მილიონი ლარი იყო), ვითომ ჰესი უნდა აშენებულიყო არხოტში. ეს პატიოსანი კომპანიები უკან გაბრუნდნენ, რადგან აქამდე მილებს ვერ ჩამოიტანდნენ, როშკის აღმართებს რომ ამოდიხართ, სამარშრუტო მანქანები ძლივს უხვევენ, რთული მონაკვეთია და იქ 20-მეტრიანი ტრაილერები ივლიდნენ? ხელისუფლებამ ის პატიოსანი კომპანიები ხომ დააფრთხო და თვითონ მოიყვანა თავისი კომპანია, ისინიც ჩამოვიდნენ, ძველი გენერატორი მოჭრეს და თავისი მიუყენეს, გენერატორის გამოცვლაში 8 მილიონი ჩაიჯიბეს და მორჩა. რა დენსაც ის გამოიმუშავებს, მარტო 3 სოფელს ჰყოფნის, ითიშება და უშუქოდ ვრჩებით. ასეთი ფოკუსი გააკეთა იმ კომპანიამ და დავრჩით ასე, დენის გარეშე, არადა, იმ ფულით ვითომ საბაგიროც კი უნდა გაეყვანათ...

ასაკში რომ ხარ კაცი, ყოველდღე ფიქრობ წასვლაზე, მაგრამ მაინც რომ ვერ მივდივარ? ხელისუფლება რომ არ გვიშლიდეს ხელს და ნერვებს, კიდევ გაჩერდები. არჩევნების დროს - 2020 წლის 1-ლ იანვარს შევიდა ექსპლუატაციაში, როგორც განაცხადეს,“მაღალი ძაბვის ჰესი, არიქა, სამ სოფელს დააკმაყოფილებსო და აღმოჩნდა, რომ ეს ე.წ. ჰესი მხოლოდ 17კვტ-ს გამოიმუშავებს, მეტს კი არა. სინამდვილეში, ვალდებულება იყო აღებული, 200 კვტ-იანი ჰესი აშენებულიყო. არჩევნებისთვის გათამაშდა ეს ფოკუსი - როცა არც ერთი მილი არ ჩამოუტანიათ, ჰესი როგორ აშენდა? მეორე პრობლემა სამანქანო გზაა. გზა ისევ მთაზეა სადღაც გაჩერებული, ამისთვის 12 მილიონი გამოყვეს, დაიხარჯა და ახლა კიდევ 18 მილიონია გამოყოფილი. სულ 15 კილომეტრია გასაკეთებელი და ის მილიონები სად მიდის, გაუგებარია.

ჩვენთან უნიკალური ქვიშის მთები იყო, ისინიც აიღეს, ქვიშის მომპოვებელი კარიერებიც გახსნეს, ვინ მისცათ ამის ნება, სად არის გარემოს დაცვა? არაგვის ხეობიდან კი არ ამოაქვთ ქვიშა, აქაც ხელს ითბობენ - არაგვისპირზე ერთი ლამით მანქანა რომ დატვირთო, 700-800 ლარი უნდა, ის რომ არხოტის მთაზე წამოიღო, რა დაგიჯდება? აქ კიდევ, მუქთად მოიპოვებენ.

მთა ოქტომბრის 12-ში ჩაგვეკეტა, ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ და გზას არ გახსნიან, მაშინ სასაზღვრო ზოლი მოშალონ და ეს ტერიტორია ბარემ რუსებს მისცენ. ასე გამოდის, ალბათ, უნდათ, სოფლები დავცალოთ. ფულის გათეთრება როცა დასჭირდათ, ხომ გამოვადექით? ვიღაც ქურდმა არჩევნებისთვის ქულები ჩაიწერა, “ჰესი ჩადგა” და ეს “მოვლენა” "საზმაუმ" და "იმედმა" ეთერიდან აღარ ჩამოუშვეს, არხოტის სოფლებს მაღალი ძაბვის ჰესი ექნებათო. რომ გვატყუებენ, ამაზე ვბრაზდები. შენ აქ კუთხეს იცავ, სამშობლოს კარებში დგახარ და კიდე შენ გპარავს, მთას არღვევს, შენი გამოყენებით ხეირობს და თავის კეთილდღეობას საქართველოს კეთილდღეობას სწირავს. აქ თუ ის 4 ადამიანიც აღარ იცხოვრებს, საქართველოს საზღვარი უკვე ბარისახოში იქნება.

მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა? ძალიან დავიღალე, ძალიან... მტრისა არ მეშინია, იმისა მეშინია, მარტოკაცი ვარ და მტერი თუ მომეპარა, როგორმე ტყვია ამაცილოს, რომ იარაღს მივწვდე, საიქიოში რომ არ ვიწვალო, როგორ ვერ მოვასწარ იარაღის მომარჯვება-მეთქი. სიკვდილისა კი არ მეშინია, ხელისუფლება მძაგს, ქვეყანას რომ ცლის, სკამებსა და კეთილდღეობას რომ ანაცვალებს სამშობლოს კუთხეებს. მიხა პაპა რომ მოკვდა, ცხონებული, "მთის ამბებს" უნდა ეტარებინა ბეჩავი აქეთ-იქით, ექიმებში? ის ხეობა სულ დაიცალა, მიხა პაპას პაწია სახლიც "მთის ამბებმა" აუშენა. მაინტერესებს, რა დანიშნულება აქვს ხელისუფლებას, რისთვის არსებობს, რაღაცაში ხომ უნდა დახმარებოდნენ, ან სახლი აეგოთ, ან ეპატრონათ... ახლაც, ეს ჰესი რომ გაფუჭდა, “"მთის ამბებს" კი არ უნდა გამოეგზავნა აკუმულატორები, ამ თაღლითებს უნდა დაეხარჯათ ფული.

თუ რამე დღეობაა - გიორგობა, ახალი წელი, ათანგენობა, მაშინ თუ შევხვდებით აქ დარჩენილი 4 კაცი. ზამთარში სულ არა.…მე საოჯახო სასტუმრო და პატარა ფერმა მაქვს, ამათი შემყურე ხომ არ ვიქნები? ახალგაზრდა რომ ვიყავ, მეცხვარეობას მივდევდი, 600-700 ცხვარს ვკვებავდი. ახლა ცხვარში ვეღარ წავალ. მსხვილფეხი მყავს, 40-მდე სული, ადვილი შესანახია, სულ მშრალია მთები და 1 წელში რაღაცას მოგცემენ, ლუკმაპური გექნება. აქ ყველაფერს მოწყვეტილნი ვართ. იქნებ ვინმეს ეპოვა ერთი ექთანის ხელფასი, რომ მაღალი სიცხით არ დავიხოცოთ მოხუცები.

ჭიმღაში ციხე-კოშკია, 2000 წელს რუსებმა თავი მოაგლიჯეს (ახიელის ციხე-კოშკიც ნახევრად დაანგრიეს, ოხრებმა), მასზე ლექსი მაქვს დაწერილი:

“წეღანაც თოვლისმძივიან/ შენს კარზე გადავიარე../ იქნებ შენს ფიქრში ჭყივიან/

ისარნი წითელყიანი.../იქნებ, გამწყრალი ლაწლუწობს/ მტერზე მახვილი რისხვითა../

შენც ლაღად - ქონგურ მოწნული,/ ფერმოწმენდილი სისხლითა../.. იქნება ჯავრმა დაგშალა-/ სიჩუმემ ჩამოწოლილმა../ ვერ გაიმარჯვებს დუშმანი,/ სანამ მე და შენ ორნი ვართ!..”

რუსებს ვაქებთ და მათზე ის ვერ გვითქვამს, რომ მტერია. ამათ რუსის სახელი ვერ უხსენებიათ და ეს ხალხი როგორ უნდა მიუშვა გაბისკირიას, შარტავას, ანწუხელიძის ან ტატუნაშვილის საფლავზე? ან იმ ბიჭების, უკრაინაში რომ იბრძვიან და ომს ეწირებიან? რა მნიშვნელობა აქვს, შენს მტერს სად ებრძვი? ახლოს რომ იყოს და ხელი მიმიწვდებოდეს, მეც არ დავიხევდი უკან. რადგან იარაღით არ ვძიძგილაობ, ახლა რასაც მე ვაკეთებ, ნაკლები გგონიათ? მტერი შორიდან ლანძღო არ გამოდის, გულს ვერ იჯერებ. ის მოსისხლეა, ჩვენი სისხლი მართია.

მინდა ბედნიერების, გამთლიანების და გასუფთავების წელი ჰქონოდეს საქართველოს, რაღაც ახლის დაწყების, ახალი სულის შთაბერვის და ახალი ადამიანების სათავეში მოსვლის. თუ მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, მაშინ ყველაფერი გვეშველება, თუ არადა...