გაიცანით ბიბი! ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ბინადარი - კვირის პალიტრა

გაიცანით ბიბი! ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ბინადარი

ის დღეიდან მარო მაყაშვილის ბაღში იცხოვრებს. ბიბი ქუჩაში ვიპოვეთ, სახლში წავიყვანე, მაგრამ ჩემი, მანამდე აყვანილი ჰასკი ვერ შეეგუა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ბიბლიოთეკაში დაიდოს ბინა. დღეს ქუჩაში ასობით მიუსაფარი ძაღლია, კარგია, თუ ორგანიზაციები მოგვბაძავენ და მათაც ეყოლებათ საკუთარი "ტოტემები", - იუწყება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ოფიციალური ფეისბუკგვერდი, სადაც გიორგის და ბიბის ფოტოსაც ნახავთ.

ბიბი ჰასკის ჯიშის ძაღლია, რომელსაც საქართველოში მცხოვრები მისი უამრავი თანამოძმისგან განსხვავებით, მთელი ცხოვრების წამებითა და ტანჯვით ქუჩაში გატარება არ მოუწევს. 12 იანვარს ბიბი რუსთაველის მეტროსთან კატების დამცველმა ირმა ლორიამ შეამჩნია. ფოტო გამომიგზავნა და მომწერა, ახალი გასტერილებულია, ჭრილობა ჯერ კიდევ მოუშუშებელია. მივარდნილია, არაფრის თავი არა აქვს. საქმიან შეხვედრაზე გავრბივარ, როგორც კი გამოვალ, მასთან დავბრუნდები, მაგრამ სად წავიყვანოთო? ძაღლის ამბავი სოციალურ ქსელში გავავრცელე და უმოკლეს დროში დახმარების მსურველებიც გამოჩნდნენ, მათ შორის გიორგი კეკელიძე, რომელიც მზად იყო სახლში უკვე შეფარებულ ერთ ჰასკისთან მეორეც მიეყვანა. სამწუხაროდ, მეტროსთან უკან მობრუნებულ ირმას ძაღლი იქ აღარ დახვდა. ალბათ, ცუგა ვიღაცას თვალში ცუდად მოხვდა და გააგდო. ბევრი ეძება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, ისევ სოციალურ ქსელში დავწერე, თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ, როგორმე დააკავეთ, დამირეკეთ, მოვალ და წავიყვან-მეთქი. ერთსულოვანმა ძებნამ ნაყოფი გამოიღო. ჩემთვის სრულიად უცნობმა მარიამ შაროიანმა დამირეკა, თქვენ რომ ეძებდით, ის ძაღლი დავიჭირე და ჭავჭავაძის ქუჩაზე გელოდებითო.

მოსიყვარულე და ძალიან კეთილი ცუგა დიდი ხნის ნაცნობივით შემხვდა და ძალიან საიმედო პატრონს, გიორგი კეკელიძეს მივუყვანე. ცუგას, როგორც ბიბლიოთეკის ბინადარს, ბიბი დაარქვეს, სასწრაფოდ სახლი დაუდგეს, თბილი საწოლიც მიუტანეს, ექიმთანაც გააქანეს, აუცილებელი სამედიცინო კვლევები და სხვა პროცედურები ჩაუტარეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიბის ამბავი იმ დაძაბულობის პარალელურად მოხდა, რაც ერთ-ერთი ცნობილი სავაჭრო ცენტრისა და ბრენდული ნაყინის კაფეს ირგვლივ ტრიალებდა. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან მომხმარებლებზე ზრუნვის მოტივით ოთხი მიკედლებული ძაღლი მუნიციპალური სამსახურის ფასიან გადამყვან ჯგუფს წააყვანინეს. რატომ ფასიანს? მონიტორინგის სამსახურს ძაღლი კონკრეტული ტერიტორიიდან არ გაჰყავს, თუ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, არ დაუკბენია ვინმე. ალბათ, იფიქრებთ, რომ დაკბენს, მერე ხომ გვიანი იქნებაო. თუ სოციალურ პასუხისმგებლობას ავიღებთ და ქუჩის ძაღლებს სწორად მოვუვლით, ისინი არავის დაკბენენ. თუ ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყანა, ქალაქი, სოფელი, უბანი, ქუჩა და ეზო ჩვენია, მაშინ ყველას გვმართებს ფიქრი და ზრუნვა პრობლემების მოგვარებაზე. ამიტომაც მოქალაქეობრივი პოზიციიდან გაუგებარია მიდგომაც, თუ ძაღლები გიყვართ, სახლში წაიყვანეთო, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ ცნობილმა მომღერალმა ლადო ბურდულმა განაცხადა. ძაღლები ქუჩაში უპასუხისმგებლო ადამიანების დაუდევრობით მომრავლდნენ და თუ გვინდა პრობლემა მოვაგვაროთ, ასე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ვერაფერს გავხდებით. უნდა მოვითხოვოთ ცხოველების შესახებ კანონის მიღება და აღსრულება, რაც უზრუნველყოფს ცხოველების გამრავლების და მოვლა-პატრონობის უმკაცრეს კონტროლს და ცოტა ხანში არც ერთი მიუსაფარი ძაღლი აღარ იქნება ქუჩაში.

dzagli2-1674396149.jpg

მომხმარებელზე ზრუნვის მოტივით ნაყინის კაფეს ტერიტორიიდანაც გააქრეს ათი წლის ბრმა ძაღლი სალვატორი, რომელზეც ზრუნავდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცხოველების მოყვარულები, ან მომხმარებლები. ცხოველთა უფლებების დამცველების და, რაღა თქმა უნდა, საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნით, საბედნიეროდ, სავაჭრო ცენტრის ოთხივე ძაღლი და სალვატორიც უკან დააბრუნეს. ყველა მათგანის კვებაზე, აცრებსა და სხვა აუცილებელ პროცედურებზე ზრუნვა კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა იკისრეს.

თუ 2022 წლის მეორე ნახევარი, თითქმის წლის ბოლომდე, ძაღლების პრობლემის მხრივ მძიმე იყო და მთავარ თემად, ძირითადად, პიტბულის ჯიშის ძაღლისგან ადამიანების დაკბენის ამბები ტრიალებდა, 2023 წელი საინტერესოდ დაიწყო. ბიბის ახალი და საიმედო პატრონი ჰყავს, ბებერი სალვატორი პირვანდელი დისლოკაციის ადგილზეა, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის მოყვარული ოთხი ცუგაც ბედნიერად ცხოვრობს. ამ სტატიის მომზადებისას მესტიის გზაზე, ხეობაში ნაპოვნი ცუგაც დაბინავებულია და ულამაზესი ჰასკი ლესიც პატრონს დაუბრუნდა. თუმცა ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, რადგან ქუჩაში უამრავი უპატრონო ცხოველია. ლესის და პატრონის შეხვედრის ვიდეომასალა ერთ ღამეში ძალიან პოპულარული გახდა. ცხოველების მოყვარულმა ლუსი ქუთათელაძემ დიდ დიღომში მოხეტიალე ულამაზესი ჰასკი შეამჩნია, მოეფერა, ისიც მანქანაში ჩაუხტა და სახლში გაჰყვა. ლუსიმ მთხოვა, ინფორმაცია გაავრცელე, იქნებ ამ ცუგასაც გამოუჩნდეს პატრონიო, და მართლაც, ზუსტად 15 წუთში დამიკავშირდნენ, თქვენს ვიდეოში სავარაუდოდ ჩვენი ორი თვის დაკარგული ლესია და გვინდა ვნახოთო. მერე რაც მოხდა, ამის აღწერა შეუძლებელია.

თუ ლუსის, ირმას და სხვა, უამრავი კეთილი ადამიანის მსგავსად ყველა ერთად ან ცალ-ცალკე ვიზრუნებთ დაკარგული, გამოგდებული ან მიუსაფარი ცხოველების დაბინავებაზე, თუ ორგანიზაციები სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებენ და ეროვნული ბიბლიოთეკის მსგავსად ერთ ძაღლს და კატას მაინც შეიფარებენ, გვერწმუნეთ, ქუჩაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემას იმაზე მალე მოვაგვარებთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. აქვე უნდა ვთქვა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გავრცელებული მოწოდების შესახებ. სააგენტო კომპანიებს სთხოვს ყინვიან ამინდებში სიცივისგან დაცვის მიზნით შეიფარონ ცხოველები, მაგრამ ბევრ ორგანიზაციას, მათ შორის კვების ობიექტებს, კანონი სხვაგვარად სთხოვს და თუ მათ ტერიტორიაზე შეფარებულ ცხოველებს ნახავს სანიტარიული ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმებს. თუნდაც ამიტომაც საშურია ცხოველების შესახებ კანონის მიღება. გთხოვთ, თუ თქვენს საცხოვრებელ კორპუსთან, ოფისთან, ეზოში მუდმივად ამჩნევთ ერთსა და იმავე ძაღლს, იზრუნეთ მასზე. ერთად, სრულიად უსასყიდლოდ გავასტერილოთ, რითაც თავიდან ავიცილებთ ქუჩის ცხოველების უკონტროლო გამრავლებას. სამწუხაროდ, ცხოველები დიდხანს არ ცოცხლობენ, სიკეთეს კი დიდი ძალა აქვს, გადამდებია და აუცილებლად წინ დაგვხვდება.