"ქართველები თბილი და მზრუნველი ხალხი ხართ, ეს სისხლში გაქვთ, ამას ვერ ისწავლი" - კვირის პალიტრა

"ქართველები თბილი და მზრუნველი ხალხი ხართ, ეს სისხლში გაქვთ, ამას ვერ ისწავლი"

მინდი ლანდერსი მექსიკელი ქოუჩია. ქოუჩინგის გარდა, სტუმარმასპინძლობის ტრადიციებსა და თავისებურებებსაც იკვლევს. სწორედ ამან ჩამოიყვანა ის საქართველოში უკვე მეორედ. მინდის აზრით, ბიზნესში წარმატების გასაღები ხარისხთან ერთად გამასპინძლების კულტურაც არის და ამაში ქართველებს ბადალი არ ჰყავთ. იურისტი, მკვლევარი, მენტორი და მეწარმე ქალი საქართველოთი ამერიკულ არხზე ნანახი გადაცემის შემდეგ დაინტერესდა, ნანახმა კადრებმა იმდენად მოხიბლა, რომ გეზი თბილისისკენ აიღო. მექსიკელი ქოუჩი უკვე 20 წელია მოგზაურობს, ის 52 ქვეყანაშია ნამყოფი და 5000 სასტუმროში აქვს ღამე გათენებული - ამ ყველაფრის მიზანი კი წარმატებული ბიზნესია. მსოფლიოს რომელი სასტუმროები გამოირჩევა ექსტრავაგანტურობით და რა იზიდავთ ყველაზე მეტად 21 საუკუნეში დამსვენებლებს, ამ კითხვებზე მინდი ლანდერსი "კვირის პალიტრის" უპასუხებს.

- გამასპინძლების კულტურას სჭირდება პროფესიული ცოდნა, ამ დარგის ექსპერტი უნდა იყოს მკვლევარიც, მენტორიც, ქოუჩიც, კონსულტანტიც, სპიკერიც და მწერალიც. დღეს ამის მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზარზე და მეც ვაკმაყოფილებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს. ამის გარეშე ვერ იქნები პროფესიონალი გამასპინძლებისა და მომსახურების სფეროში.

- დიდი ხანია ამ სფეროს იკვლევთ. ალბათ, წლების განმავლობაში მომხმარებლების მოთხოვნები იცვლება?

- ყველა სასტუმროს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - სტუმარს უნდა გაუმასპინძლდნენ საუზმით და შესთავაზონ დასაძინებელი სივრცე. თითქოს ამის დაკმაყოფილება მარტივია, ამიტომ სასტუმროებმა სხვა მხრივ გაზარდეს თავიანთი შესაძლებლობები, რათა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს და კიდევ მოუნდეს იქ დაბრუნება. საუკუნეების განმავლობაში სასტუმროებისგან სტუმარი ითხოვდა მხოლოდ დასაძინებელ ადგილსა და საუზმეს, მეტზე პრეტენზია არ ჰქონდა, ღამის გათევის შემდეგ კი აგრძელებდა მოგზაურობას. ახლა სტუმარს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს - ზოგჯერ ჰამაკში სურს დასვენება, ზოგჯერ აუზთან, თოვლში ან სულაც მთაში.

- თქვენ ხშირად მოგმართავენ მომსახურების სფეროს მუშაკები რჩევისთვის. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იდეალური სასტუმრო?

- რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოვყოფ: არქიტექტურა - ეს იქნება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა სასტუმროთი ისიამოვნოთ. შენობაში უსაფრთხოდ უნდა იგრძნოთ თავი, ამ დროს მშვიდად ხართ და თუ დაცულობასთან ერთად ინტერიერიც მოგწონთ, მაშინ გაღიმებაც მოგინდებათ. დასვენებას აუცილებლად სჭირდება დაცულობისა და ესთეტიკური სილამაზის შეგრძნება. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - საწოლი. თუ თქვენ კარგად დაგეძინათ, აუცილებლად დაბრუნდებით იმავე სასტუმროში. ბევრ მაგარ სასტუმროში ვყოფილვარ, უმაგრესი დიზაინის, სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი და ხელოვნების ნიმუშებით გაწყობილ ინტერიერში, მაგრამ საწოლი იმდენად ცუდი ჰქონდათ, რომ თავი საშინლად ვიგრძენი. წარმოიდგინეთ, დაძინებას, რომ ვერ შეძლებთ დასასვენებლად წასული, მაშინ რა აზრი აქვს მშვენიერ ინტერიერს? არა მარტო საწოლი, ბალიშებიც კი კომფორტული უნდა იყოს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს თეთრეული მაღალი ხარისხის და რაც მთავარია, ამინდის შესაბამისი უნდა იყოს. ასე რომ, ოთახში კომფორტს ქმნის რამდენიმე ფაქტორი - საშუალო ზომის საძინებელი, მუქი ფარდა, კლიმატ-კონტროლი, მაღალი ხარისხის მატრასი და თეთრი თეთრეული. თეთრი ასოცირდება სისუფთავესთან, ეს აუცილებლად იწვევს სტუმარში ნდობას და ის კვლავ დაბრუნდება თქვენს სასტუმროში.

- მსოფლიოს მრავალ სასტუმროში ხართ ნამყოფი, რომელს გამოარჩევდით?

- სამმა სასტუმრომ მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება:

ჩაბლე (მექსიკა) - სასტუმრო ბუნებასთან იმდენად შერწყმულია, გრძნობ ადამიანისა და გარემოს ურთიერთკავშირს. დაუვიწყარი ადგილია, გამორჩეული სტუმარმასპინძლობის სპეციფიკით.

ოტილია (კოპენჰაგენი) - ეს არის ბუტიკის სტილის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, კოპენჰაგენის ულამაზეს ნაწილში. მას ძალიან ორგანიზებული მომსახურე პერსონალი ჰყავს, იმდენად კეთილგანწყობილი, რომ კიდევ მოგანდომებენ დაბრუნებას. ოთახები რომანტიკულ სტილშია გადაწყვეტილი.

აირაბა მითოს პალასი (კუნძული კორფუ) - საბერძნეთი ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელი ქვეყანაა.

- უკვე მეორედ ჩამოხვედით საქართველოში, ქართულ სტუმარმასპინძლობაზე თუ გსმენიათ?

- ქართველების სტუმარმასპინძლობა საოცარია. თითქოს ეს ქვეყანა შენი დიდი ხნის მეგობარია - ასეთი განცდა გეუფლება, როდესაც ჩამოდიხარ. შარშან ქართველებს უფრო მეტ სიხარულს ვატყობდი ტურისტის დანახვაზე, წელს ქუჩებში ტურისტებით დაღლილ სახეებს ვხედავ. ქართველები თბილი და მზრუნველი ხალხი ხართ, ეს სისხლში გაქვთ, ამას ვერ ისწავლი.

გასულ წელს ტაქსიმ დაახლოებით 20 დოლარის ეკვივალენტი გამომართვა აეროპორტიდან რუსთაველამდე, ახლა კი 125 დოლარი მომთხოვა. ვუთხარი, უსამართლოდ იქცევი-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი, უკვე დანიშნულების ადგილას ვყავდი მიყვანილი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა თანხას მომთხოვდა.

- ერთი სიტყვით, როგორ დაახასიათებდით საქართველოს?

- როგორც ბებიის დიდ ჩახუტებას. ბებია ჩემთვის გმირი იყო, მისი ჩახუტება ყველაფერს მერჩივნა. ასეთია ჩემთვის საქართველო.

მომსახურების სფეროში სითბო, კომფორტი და მზრუნველობაა წარმატების საწინდარი. ქართველებს ეს სამივე თვისება გაქვთ, თქვენს ქვეყანას კი უდიდესი პოტენციალი.