სამართალმა პური ჭამა - VAMOS, VAMOS, ARGENTINA!.. - კვირის პალიტრა

სამართალმა პური ჭამა - VAMOS, VAMOS, ARGENTINA!..

"რამხელა დოზითაც არ უნდა შეიჭრას ფული და პოლიტიკა ფეხბურთში, ის მაინც არასდროს მოკვდება!" - წლების წინ ჩვეული პირდაპირობით თქვა დიეგო არმანდო მარადონამ. მე კი დავამატებ, რომ სანამ ფეხბურთი არსებობს, "ცოცხალი" იქნება ამ სიტყვების ავტორიც. ისევე, როგორც ახლახან გარდაცვლილი "ფეხბურთის მეფე" და ყველა ის მოთამაშე, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს მილიონობით ადამიანის საყვარელ თამაშში. XXI საუკუნეში "ფულის საჭრელ მანქანად" გადაქცეულ ფეხბურთში, სადაც მთავარი შედეგია და არა პროცესი, თითზე ჩამოსათვლელი დარჩნენ ფეხბურთელები, თავისი და გულშემატკივრის სიამოვნებისთვის რომ თამაშობენ. დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა მონატრებული მსოფლიო თასი მოაგებინა არგენტინას! და მაინც: მარადონა თუ მესი? - ვკითხე ჟურნალისტსა და პუბლიცისტს, ჟურნალ "ათიანის" დამფუძნებელ გიორგი გორგოძეს, რომელიც "ალბისელესტეს" სტაჟიანი გულშემატკივარია. თუმცა არგენტინამდე კატარში გამართულ მუნდიალზე ვილაპარაკეთ:

- კარგა ხანია სანაკრებო ფეხბურთის უმაღლესი ფორუმი საკლუბო ტურნირების ჩრდილში მოექცა და ფიფას კორუმპირებულ ჩინოსანთა გასაყიდ "ივენთად" იქცა. გავიხსენოთ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეფასება რუსეთში 2018 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ: "ეს საოცარი, გამაოგნებელი მუნდიალია. როგორც ველოდი, ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესო გამოვიდა - ვგულისხმობ ფეხბურთის ხარისხს. სიტყვასიტყვით იგივე გაიმეორა კატარში გამართული მუნდიალის შესახებ და თუ დააცადეს, იმავეს იტყვის 2026 წელს კანადა-აშშ-მექსიკაში გასამართი "გრანდიოზული ივენთის" შემდეგაც!

- ინფანტინოს "სხვა რა გზა აქვს" - უნდა აქოს მისი ორგანიზაციის ჩატარებული ტურნირები... მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, რა მოგეწონათ კატარში და რა არა?

- უკვე მეთხუთმეტე მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურე და თუ ბოლო მუნდიალს ამ საუკუნეში გამართულ სხვა ტურნირებს შევადარებთ, ვფიქრობ, იმაზე უკეთესი გამოდგა, ვიდრე 2002 წელს კორეა-იაპონიაში, 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ან 2014 წელს ბრაზილიაში ნანახი. რომ აღარაფერი ვთქვა ინფანტინოს ნაქებ 2018 წლის გაუგებრობაზე. კატარში ნანახი ფეხბურთის მიზეზი კი ისიც არის, რომ მუნდიალი პირველად ჩატარდა შუა სეზონში - ზამთრისპირზე და ევროპულ კლუბებში მოთამაშე წამყვანი ფეხბურთელები ჯერ არ იყვნენ ფიზიკურად გამოფიტული სეზონის განმავლობაში ნათამაშები 60-70 მატჩით. თამაშების გაზრდილი რაოდენობის გარდა, ფეხბურთი სხვა მხრივაც ძალიან შეიცვალა: უწინ ქომაგებს ლაღი და სანახაობრივი თამაში იზიდავდა, ახლა თავად სამყარო გაუხეშდა, ჭარბობს აგრესია, წინა პლანზე სხვა ღირებულებებია - წარმატებული შედეგის მიღება ნებისმიერ ფასად! ფეხბურთს საოცარი უნარი აქვს - დაემსგავსოს ცხოვრებას...

- სამწუხაროდ, მართალი ხართ, მაგრამ ხომ არიან გამონაკლისებიც?!

- შესაძლოა უფროსი თაობის ქომაგებს გული გვწყდებოდეს, ნამდვილი ვარსკვლავები რომ შეცოტავდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, დღესაც არიან და ისინი ქმნიან გადამწყვეტ განსხვავებას გუნდებს შორის. ასეთი დიდი ფეხბურთელი, წინამძღოლი და კაპიტანი ჰყავდა არგენტინის ნაკრებს, რომელიც დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

rati2-1674398832.jpg

- დიახ, "გამონაკლისებში" უპირველესად სწორედ ლეო მესის ვგულისხმობდი!

- რობერტო ბაჯოს აქვს წრფელად და გემრიელად ნათქვამი, მესი რომ არა, ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდაო!.. მუნდიალის დაწყებამდე არც ერთი ფეხბურთელი არ განიცდიდა ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხს, როგორსაც ლიონელ მესი. მოშურნენი ამუნათებდნენ, რომ მას მუნდიალი არასდროს მოუგია და კატარში შანსი უკანასკნელად ჰქონდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ის თამაში, რომელიც მესიმ ბოლო მუნდიალზე გვიჩვენა, ქომაგთა მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება. არგენტინის ჩინებული გუნდის გამარჯვება მესიმ განაპირობა!

- აქამდე მესის სწორედ ნაკრებში (ვერ)ნაჩვენები შედეგების გამო აყენებდნენ დიეგოზე უკან. ახლა, მუნდიალის მოგების შემდეგაც არ არის "ლეგიტიმური" კითხვა, მარადონა თუ მესი?

- ნახევარ საუკუნეზე მეტია, არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. დიდი ხნის სურვილი ათი წლის წინ ავისრულე - არგენტინას ვესტუმრე და სხვა კუთხიდან დავინახე იქაური ფეხბურთი. ვნახე ის, რასაც სრულად ვერ აღიქვამ, თუ შენი თვალით არ იხილე. "ალბისელესტე" ამ ქვეყნის სულს და ხასიათს გამოხატავს. ეროვნული ნაკრები ვერ გაიმარჯვებს ხალხის მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ამიტომ იყო, რომ კატარში ყველაზე მეტი გულშემატკივარი არგენტინიდან ჩავიდა. ეს ქვეყანა სამართლიანად ამაყობს თავისი ფეხბურთელებით. ბუენოს-აირესში ყოველ ნაბიჯზე იყიდება ფეხბურთელების მაისურები, ყველაზე მეტი - მარადონასი! ჩემი იქ ყოფნისას მესის უკვე სამი "ოქროს ბურთი" ჰქონდა მოპოვებული, არგენტინელები მაშინაც ამაყობდნენ მისით, მაგრამ დიეგო მარადონა არგენტინაში უკონკურენტოა. იქაურებს გაუჭრელი არგუმენტი აქვთ: მარადონა მხოლოდ არგენტინელი კი არ არის, მარადონა არგენტინაა! იქ ისევ სჯერათ დიეგოს ცრემლებისა. ასე და ამდენჯერ მოტირალი კაცი იშვიათია, თან ასეთი ეშმაკი მინდორზე, ერთდროულად ასეთი გულწრფელი და თან ასეთი გადარეული!..

- დიეგოს ამიტომაც პატიობდნენ თითქმის ყველაფერს!

- მახსენდება სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის კაშკაშა "სელებრითი", არგენტინის ნაკრების "ქოუჩი" დიეგო: "ჰუგო ბოსის" კოსტიუმში გამოსკვანჩული, ხამად გაკვანძული ჰალსტუხით, ორივე მაჯაზე ერთნაირი საათით და ხელში გიშრის კრიალოსნით, რომელსაც მალიმალ იმ დროს ეამბორებოდა ხოლმე, როცა თავის ფეხბურთელებს არ კოცნიდა. განა მხოლოდ ვიზუალური მხარე? მთლიანად ხმაურიანი იყო მარადონას ვოიაჟი მანდელას სამშობლოში. მისი ნაკრების სტაფი ხომ ნეპოტიზმის იშვიათი ნაზავი გახლდათ: უფროსი ქალიშვილი დალმა მამის მთავარი ასისტენტი იყო; მისი ქმარი - ნაკრების პრესმდივანი; დიეგოს იმდროინდელი საყვარლის ძმა ფეხბურთელების ფიზმომზადებაზე აგებდა პასუხს; მარადონას ყოფილი ცოლი კლაუდია ნაკრების ვიდეოოპერატორების მუშაობას "კურირებდა", კლაუდიას ახალი ქმარი კი ნაკრების უსაფრთხოების სამსახურის თავკაცი გახლდათ! არგენტინის ნაკრების ბაზა საპაემნო ადგილს დაამსგავსეს, სადაც მარადონას მრავალრიცხოვანი კამარილია ჩასახლდა. ამ "ბოშათა ბანაკს" მსოფლიო ჩემპიონობას მესი კი არა, მამაზეციერი ვერ მოაგებინებდა.

- და მაინც, ვინ იყო დიეგო მარადონა?

- დიეგო არმანდო მარადონა იყო არაამქვეყნიურ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი, გულუბრყვილო და ხშირად სულელური პოლიტიკური განცხადებების კაცი, რომელსაც მოედნის მიღმა არავინ აღიქვამდა სერიოზულად. მისი კრიტიკოსები იმასაც ამბობდნენ, დიეგოს შეეძლო მისაბაძი ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის და სანაცვლოდ მხოლოდ ცუდი მაგალითი გამოდგაო. ფეხბურთის გენიოსი დიეგო მარადონა როგორ უნდა ყოფილიყო ვინმესთვის მაგალითი, როცა მისი მიბაძვა შეუძლებელია. დიეგოს ხასიათი და მშფოთვარე სული ამას გამორიცხავდა.

რასაც ყველაზე კარგად აკეთებდა ცხოვრებაში, იმის კეთების დრო შეზღუდული ჰქონდა, მერე კი... ვერ იცხოვრა ისე, როგორც ითამაშა. ვერ იყო და ვერც გამოვიდოდა მისგან ბუნჩულა პენსიონერი... და მაინც, იმ მილიონობით ქომაგისთვის, რომელთაც დიეგოს ჯადოსნური თამაშის ნახვის ბედნიერება ჰქონდა, სიმართლე შემდეგ სიტყვებშია: საქმე ის კი არ არის, რას უკეთებდა მარადონა თავის თავს, საქმე ის არის, რა გაუკეთა მან არგენტინასო!.. მარადონაზე ნათქვამი ეს სიტყვები ერთგვარი რიკოშეტით ახდენდა ზეგავლენას ლეო მესის თამაშის შეფასებაზეც. მესის არასდროს უთამაშია არც ერთ არგენტინულ კლუბში. თორმეტი წლის იყო, როცა "ბარსელონაში" წაიყვანეს და... მერე რაც მოხდა, მკითხველმა უჩემოდაც კარგად იცის.

- "საქმე ის არის, რა გაუკეთა მან არგენტინას!" - ეს სიტყვები უკვე მესიზეც ხომ ალალია?

- უპრიანი მგონია ფეხბურთის ყველაზე დიდი მოაზროვნის იოჰან კრუიფის ნათქვამის კიდევ ერთხელ გახსენება: "ფეხბურთი იმისთვის არის გამოგონილი, რომ თამაშის პროცესში სიამოვნება მიიღო, და არა იმისთვის, სულელივით ირბინო წინ და უკან და მეტოქეს ფეხებში ურტყა. სტადიონზე იმიტომ კი არ დადიან, რომ ნახონ, როგორ ცდილობენ და წვალობენ ფეხბურთელები, ფეხბურთს როგორ თამაშობენ, ის აინტერესებთ". ვფიქრობ, ბევრი გულშემატკივარი დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ 2022 წლის მუნდიალს მესის თამაშის სანახავად ელოდა მსოფლიო და ლეომაც ყველაფერი გააკეთა ქომაგის გასახარად.

- როცა ბურთი მესის აქვს, უდიდეს სიამოვნებას იღებს თვითონაც და მისი უამრავი გულშემატკივარიც!

- როცა ფინალში პენალტების სერია დასრულდა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა გაიხარა მესის ჩემპიონობით, ტელევიზორის წინ ემოციებისგან გასავათებულს, ამეკვიატა ერთი გამოთქმა, რომელიც, მგონი, არასდროს მითქვამს - სამართალმა პური ჭამა!.. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გავხედე კედელზე გაკრულ მარადონას 1986 წლის მუნდიალის პოსტერს, რომელიც 36 წლის წინ ჩამომიტანა ყიფომ. 2008 წლის 25 ოქტომბერს თბილისში "პოსლეზე" ჩამოყვანილმა მარადონამ დაუზარლად "გამოიმეტა" თავისი აცაბაცა ხელმოწერა პოსტერზე. გავხედე და მივულოცე დიეგოს - VAMOS, VAMOS, ARGENTINA!

...გვიან, მაგრამ სამართალი მაინც მოვა. ამ გამარჯვებით ყველაფერი დალაგდა და არც ერთი ჭკუათამყოფელი აღარ იკითხავს: რა გაუკეთა არგენტინას მარადონამ და რა მესიმ? ამიტომაც კითხვაზე: მარადონა თუ მესი? სწორი პასუხია: რა თქმა უნდა, ორივე! მეოცე საუკუნეში ფეხბურთს ჰყავდა მარადონა, ოცდამეერთე საუკუნეში ჰყავს ლეო მესი და ცხადია, მათთან ერთად უნდა ვახსენოთ "ფეხბურთის მეფე" პელეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაგვტოვა.

- პელეზე ორი წლით ადრე მარადონაც წავიდა, მაგრამ სანამ ფეხბურთი არსებობს, სულ იქნება კითხვაც: პელე, მარადონა თუ... მართლაც, სიკვდილის გამო ხომ არ გადავიყვარებთ ადამიანებს, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს და შეცვალეს?

- გეთანხმებით და მინდა ჩვენი საუბარი დიეგო მარადონას ერთი გულუბრყვილო და ძარღვიანი ნათქვამით დავასრულო: "ფეხბურთში იქნება სულ უფრო მეტი ბინძური ფული და პოლიტიკა, მაგრამ ის მაინც არასოდეს მოკვდება!".