"ვასილ თამარაშვილმა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა მუსიკალური ნოტების საბეჭდი მანქანა" - კვირის პალიტრა

"ვასილ თამარაშვილმა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა მუსიკალური ნოტების საბეჭდი მანქანა"

"ბევრად მეტ ყურადღებას უნდა ვუთმობდეთ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს ისტორიაში კვალი დატოვეს. ძალიან ბევრი გვყავდა შეუმჩნევლად, მაგრამ ქვეყნისთვის რუდუნებით მშრომელი ადამიანი, რომელთა შრომის შედეგი თაობებს გადაეცემა. მათ შორის ვასილ თამარაშვილია, მიხეილ თამარაშვილის ძმისშვილი და მასავით თავისი ქვეყნის პატრიოტი. მან მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა მუსიკალური ნოტების საბეჭდი მანქანა. საქართველოს სხვა საშვილიშვილო საქმეც დაუტოვა: იმდენად დახვეწა ქართული ფოლკლორული საკრავების (სალამური, ჩანგი, ჭიბონი და ა.შ.) რეკონსტრუქციები, თითოეული მათგანიდან ახალი ტონალობები მიიღო. შემდეგ კი ამავე ტონალობებით ორკესტრში შეიყვანა დასაკრავად, რისი ტრადიციაც დღესაც გრძელდება და საოცარი ჰარმონიებითაც გვატკბობს. იგი იყო ზაქარია ფალიაშვილის მოწაფე და იმდენად მაღალი მუსიკალური შესაძლებლობების ადამიანი, რომ ჯერ კიდევ მოსწავლეობისას ორკესტრიც თავადვე შექმნა. წელს ვასილ თამარაშვილის დაბადებიდან 140 წელიწადი სრულდება. ვფიქრობ, ამგვარი მოღვაწეობისა თუ თუნდაც საკუთარი პატივისცემის ნიშნად ასეთი ხალხი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. წინაპრების შრომას ასე თუ არ მოვექეცით, ღირებულს თავადაც ვერაფერს შევქმნით.

ზურაბ გამთენაძე"

ჩვენ ვასილ თამარაშვილის შთამომავალი მოვძებნეთ. ეს მისი შვილიშვილი, ნოდარ ხითარიშვილია:

- ბატონო ნოდარ, იმ ხალხის შთამომავალი ხართ, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს ისტორიაში. იტალიაში მოღვაწე მიხეილ თამარაშვილმა ჩვენი ისტორიის ევროპული არქივები მოიძია და დაამუშავა, ბაბუამ კი ჩვენი ფოლკლორული საგანძურის, საკრავების დახვეწასა და რეკონსტრუქციას მიუძღვნა ცხოვრება. საამაყოა ნამდვილად.

- ამიტომაც მეამაყება. ვასილ თამარაშვილი ჩემი ბაბუა იყო დედის მხრიდან. სამწუხაროდ, მისი შთამომავლობა თამარაშვილების გვარით მხოლოდ იმიტომ ვერ გაგრძელდა, რომ ერთადერთი ვაჟი, დედაჩემის ძმა, მეორე მსოფლიო ომს შეეწირა. მახსოვს, როგორ ელოდებოდნენ ბაბუაჩემი და ბებია ომიდან შვილის დაბრუნებას. ბაბუა ამბობდა, იქნებ ჩემი შვილი იტალიაში მოხვდა, იქ კი მიხეილ თამარაშვილის სახელი დაეხმარა და შეიფარესო. სხვათა შორის, განიცდიდა, რომ მიხეილ თამარაშვილი საქართველოში არ იყო დაკრძალული. 1911 წელს, როდესაც იტალიაში მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების გამო ქართული დელეგაცია წავიდა, იმ დელეგაციაში ბაბუაჩემიც იყო. მოგეხსენებათ, მაშინ იტალიაში მხოლოდ ერთეულები თუ წავიდოდნენ. ბაბუაჩემმა სუხიშვილების ანსამბლს სთხოვა, ეგებ იტალიაში ბიძაჩემის საფლავზე ყვავილები მიიტანოთო.

დარდის მიუხედავად, ბაბუა მაინც განუწყვეტლივ მუშაობდა. ქართულ ხელოვნებას შვილივით უვლიდა. სრულიად ახალგაზრდა იყო, რომ მისივე შექმნილ ორკესტრში მისივე რეკონსტრუირებული ქართული საკრავებით უკრავდნენ. ქართულ საკრავებზე უმეტესად ერთი კაცი უკრავს, ბაბუა ჩვენი საკრავების ასლებს ისე ქმნიდა, რომ ასლს ორიგინალთან შედარებით განსხვავებული ტონალობა ჰქონოდა. ჩონგურის ან სალამურის ასლებში სულ მცირედ ცვლიდა თუნდაც ზომას ან სიმების რაოდენობას, რაც საკრავს სულ სხვა ტონალობას, ახალ ხმას ანიჭებდა.A ამგვარი ხერხით შესაძლებელი გახდა ორკესტრში, მაგალითად, ერთის ნაცვლად, სამი სალამური დაეკრათ და ყველას სხვადასხვა ტონალობა ჰქონოდა. აი, ასე შეძლო ბაბუამ 11 საკრავის რეკონსტრუირება.

- როგორც ვიცი, რეკონსტრუირებული ქართული საკრავები დღესაც გამოიყენება.

- რა თქმა უნდა, ბაბუას პროექტი ხომ მომავლისთვის იყო.

- ნოტების საბეჭდ მანქანაზე გვითხარით. როგორც ვიცი, მსოფლიოში ამ გამოგონების ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო.

- ერთ-ერთი კი არა, პირველი იყო. ერთხანს ბაბუა ნოტების გადამწერად მუშაობდა. უფრო ადრე რომ გამოგონება ყოფილიყო, ხომ თავადაც ისარგებლებდა მისი სიკეთით. მისი გამოგონების პირველი ნიმუში 1926 წელს ჩამოასხეს, 1936 წელს კი პეტერბურგში დანადგარის სერიული ჩამოსხმა დაიწყო, მაგრამ პროცესი მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. კიდევ უამრავი შრომა ჰქონდა მუსიკის დარგში, მუსიკის სახელმძღვანელოც გამოსცა. მისი ნაშრომები, 378 ეგზემპლარი, წლების წინ ფოლკლორის ცენტრს ჩავაბარე. ახლა სიამოვნებას მანიჭებს იმის განცდა, რომ ეს არქივი, როგორც წინაპრის შრომით დატოვებული მემკვიდრეობა, მომავალ თაობებს გადაეცემა. სხვათა შორის, ოჯახს ნება დაგვრთეს, რომ ბაბუა დიდუბეში გადმოგვესვენებინა და ბიძის, მიხეილ თამარაშვილის გვერდით დაგვეკრძალა, მაგრამ გარემოებათა გამო თავის შეკავება მოგვიხდა. მთავარი ის არის, მისი ნაშრომები ჩვენს ქვეყანას მოხმარდება.