სოფელ ვერნეს „მარადიულები“ - კვირის პალიტრა

სოფელ ვერნეს „მარადიულები“

"არსებობს თუ არა მარადიული სიყვარული?" - ამ კითხვაზე მხოლოდ ორი პასუხია: ჰო ან არა, მაგრამ რეალურად სწორი პასუხი მაშინ გვაქვს, როდესაც ადამიანი განვლილ ცხოვრებას გადახედავს და იტყვის, რომ ერთადერთის გვერდით მუდამ სიამოვნებით იყო. ასეთი არცთუ ცოტაა, საბედნიეროდ, მომავალშიც იქნება. მინდა ხულოში, სოფელ ვერნებში ჩვენი "მარადიულები" გაგაცნოთ: რევაზ სურმანიძე და ფადიმე მიქელაძე, რომელთაც ერთად 58 წელიწადი გაატარეს, თანაც ისე, რომ ერთმანეთისათვის არასოდეს უთქვამთ, წინ დგახარ, უკან დაიწიე და პირველობა მე დამითმეო. იმიტომაც არიან ჯანმრთელი, ბედნიერი, ხუთი კარგი შვილისა და შვილიშვილების გამზრდელები. ცუდი არ იქნება, ამ ადამიანებს ჰკითხოთ, თუ როგორ იცხოვრეს ისე, რომ ერთმანეთისაგან გაქცევა არასოდეს ნდომებიათ - ეს ახალგაზრდებს გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, მათ ამბავს უეჭველად წაიკითხავენ, სიყვარულზე ხომ ყველას ყველაფერი აინტერესებს.

ნატალი ზოიძე"

ამ წერილის ადრესატები ჩვენც სიამოვნებით მოვძებნეთ და ყურადღებით მოვუსმინეთ.

რევაზ სურმანიძე: - გამზადებულად ვერავინ გეტყვით, თუ როგორ უნდა იცხოვრო მთელი სიცოცხლე მეორე ადამიანთან, თანაც სიამტკბილობით. თუმცა ჩვენ ორი წესი ვიცით: უნდა შეგეძლოს მეორე ადამიანის პატივისცემა და მასზე ზრუნვა. როცა ზრუნავ, ესე იგი, გიყვარს. მე და ფადიმე დღემდე ასე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ სამსახურში მიმეჩქარებოდა, ფადიმეს უამრავ საქმესთან ერთად ჩემს ჩაცმულობაზეც უნდა ეზრუნა, შემდეგ მე მივდიოდი, ის კი საქმესთან რჩებოდა. ამისთვის ჩემთან საყვედური არასოდეს უთქვამს.

- გაგმართლებიათ. სხვა მის ადგილზე წუწუნით აგიკლებდათ, შენ დადიხარ, მე მარტო მტოვებ უამრავ საქმესთანო.

- განა გამართლებაშია საქმე? არა, ზრუნვაშია, სამაგიეროდ, როგორც კი შინ მოვიდოდი, მის გვერდით და მასთან ერთად შრომაში შეუძლებელსაც ვაკეთებდი, თანაც მხოლოდ კუჭისთვის კი არა, სულისთვისაც. მხოლოდ თამბაქოსა თუ კარტოფილის მოყვანაში, ან პირუტყვის მოვლაში კი არ ვიყავით. გვქონია მომენტები, როდესაც საქმე გადაგვიდია და დრო ნათესავისთვის, მეგობრისთვის, მეზობლისსა და ჩვენი სულის სიამტკბილობისთვის დაგვითმია. ხან შვილებთან ერთად ვილხენდით, ხან მათ გარეშეც. ასე მოვედით დღემდე და ვემადლიერები ღმერთს იმისთვის, რომ ასეთი მეუღლე მარგუნა. ერთი რამ იცოდეთ, ერთმანეთის სიყვარული და გვერდით ყოფნის იმედი ხანდაზმულობაში არანაკლებია, ვიდრე ახალგაზრდობაში. ღმერთმა ქნას, ყველს სიამტკბილობით გეცხოვროთ.