"მიხა პაპაც წავიდა და ხევსურეთიც დაცარიელდა" - კვირის პალიტრა

"მიხა პაპაც წავიდა და ხევსურეთიც დაცარიელდა"

ხევსურეთის სოფელ ზეისტეჩოში მარტო მცხოვრები მიხა არაბული გარდაიცვალა და მთელი გორშეღმის ხეობა ისევ მარტო, დარაჯის გარეშე დარჩა. თუმცა ვინ იცის, იქნებ მიხა პაპას მაგალითმა კიდევ რამდენი მთიელი დაძრას მშობლიური ადგილებისაკენ, ჯერჯერობით კი ამის მაგალითი მიხა პაპაა. ის ანდერძისამებრ ისევ ზეისტეჩოში დაკრძალეს. ამისთვის ქართველი ბიჭები, მოხალისეები სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ და პაპას ნეშტი თბილისის კლინიკიდან მთაში წაასვენეს, ფეხით კილომეტრიან გზაზე. ამ ფაქტმა ბევრს მოჰგვარა ცრემლი, მათ შორის ემიგრანტებსაც: "ღმერთმა გაახაროს ყველა, ვინც ასე უანგაროდ უპატრონა მიხა პაპას. საქართველოში ეს თანადგომა და ურთიერთსიყვარული არ მოშლილიყოს", - მოგვწერეს ემიგრანტებმა და თანამოხალისეებზეც გვკითხეს…და იმაზეც, მიხა პაპას ჭირისუფალი თუ ჰყავს, რომელიც მის საფლავს უპატრონებსო.

ჩვენ დავუკავშირდით მიხა პაპას ბოლო გზაზე გამცილებლებს, რომელთაც გვითხრეს, მხოლოდ ადათ-წესი აღვასრულეთ და ამაზე რა უნდა ვილაპარაკოთო. თუმცა შემდეგ ბარისახოში გოგი ჭინჭარაულსაც ვესაუბრეთ:

eradze2-1674406967.jpg

- სწორედ ბარისახოში ჩამოდიოდა მიხა პაპა პენსიის ასაღებად, რისთვისაც 18 კილომეტრს ფეხით გადიოდა.

- სოფელი ზეისტეჩო ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულშია. ამიტომაც თვეში ერთხელ მაინც ხვდებოდით, ალბათ, პენსიისთვის მოსულ მიხა პაპას. ნუთუ ერთხელ არ გამოუხატავს წუხილი იმის გამო, რომ მთელ ხეობაში სულ მარტო იყო.

- განცდებს ყველანი გამოვხატავთ ხან ასე, ხან ისე, მაგრამ ეს ცხოვრებას არ ცვლის. სამაგიეროდ, როდესაც ერთხელ მიხა პაპას ვუთხარი, ბარში კარგი ძმისშვილები გყავს, მათთან გამოიზამთრე და მთაში გაზაფხულზე ადი-მეთქი, ისეთი რამ მითხრა, მერე ამაზე არაფერი მიკითხავს. იცით, რა მითხრა?! რას ამბობ, კაცო, ხატი არ მიშვებსო. მაგას რომ კაცი იტყვის, ცხადია, ადგილის დედას არ მოშორდება და ამის მერე რა უნდა მეთქვა. მაგისთანა ხალხმა თითქოს გულთამხილავად იციან, მომავალში რაც მოხდება. უპატრონეს კიდეც, თბილისიდან მართალი გულით ჩამოასვენეს ბიჭებმა და თავის მიწას მიაბარეს. ეგ დიდი საქმეა.

- ადამიანს იმედი ეძლევა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მარტო არავინ დატოვებს. როგორც ვიცი, მოხალისეებმა კილომეტრიანი გზა ფეხით გაიარეს სასაფლაომდე. პროცესია მიხა პაპას სახლთანაც მივიდა. მიხა პაპას საფლავს ვინღა უპატრონებს?

- უპატრონებს, როგორ არა. მიხა პაპასაც ჰყავს ჭირისუფალი, ხევსურეთი დაიცალა, მაგრამ სასაფლაოს უპატრონოდ მაინც არავინ დატოვებს. არც წესის შეუსრულებლად - მიხას საფლავს უსათუოდ მოწამეს დაადგამდნენ.

- მოწამეს?

- დიახ. ხევსურეთში საფლავები არ იღობებოდა და ახლაც იშვიათად იღობება. მთაში ურჩევნიათ საფლავი გარემოს იყოს შერწყმული. მოწამე ქვაა, რომელსაც დაკრძალვისთანავე ადგამდნენ, რათა საფლავი არ დაკარგულიყო.

- ალბათ, არა მარტო ამიტომ. ადამიანს ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი ხვდება. მიხა პაპამ მართლაც მოწამებრივად იცხოვრა მიწის სიყვარულისთვის, მთაში, სრულიად მარტომ. ნათელში იყოს იმ ქვეყნად.

- ამინ. იქაც ნათელი ჰქონებოდეს.