რატომ ცდილობს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი "ნაცმოძრაობაზე" კონტროლის მოპოვებას და რა მიზნები აქვთ მათ ქართულ პოლიტიკაში - კვირის პალიტრა

რატომ ცდილობს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი "ნაცმოძრაობაზე" კონტროლის მოპოვებას და რა მიზნები აქვთ მათ ქართულ პოლიტიკაში

ორიოდ კვირაში "ნაციონალური მოძრაობის"“ მომხრეებმა უნდა აირჩიონ ახალი თავმჯდომარე - ნიკანორ (ნიკა) მელია ან ლევან ხაბეიშვილი. დაპირისპირებაში ჩაერთო ფარული ჩანაწერები, რომელთა გავრცელებაში მელიამ პირდაპირ დაადანაშაულა ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილზე კი თქვა, პარტიის კონტროლი სურსო. შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილის უკან დგანან შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრები. შესაბამისად, ისმის კითხვა, რეალურად რა ინტერესები ამოძრავებს ამ ორ ფიგურას ქართულ პოლიტიკაში? როგორ განვითარდება მოვლენები, თუ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა შეძლეს მელიას დამარცხება?

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ "ნაცმოძრაობის" მომავლისთვის კვლავ გადამწყვეტი იქნება სააკაშვილის ფაქტორი. ვგულისხმობთ იმას, რომ ამ პარტიის ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას აძლევს პერსონალურად მიშას და მელია, ხაბეიშვილი, ცისკარიშვილი თუ კირკიტაძე მათთვის მხოლოდ გარნირია პოლიტიკურ მთავარ კერძზე. თქვენს მონა-მორჩილს არ სჯერა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდება. გავა დრო (მნიშვნელობა არა აქვს, გაათავისუფლებენ მიშას თუ ციხეში დარჩება) და სააკაშვილი თავის ჩვეულ სტილში, დიდი ზარ-ზეიმით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში. შესაძლოა მას პარტიის ტაქტიკაზე დიდი გავლენა აღარ ჰქონდეს, მაგრამ მთავარი დროშის ფუნქციას ყოველთვის შეასრულებს. საინტერესო ის არის, დროშად მას მელია გამოიყენებს თუ კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი.

თუ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა მელია დაამარცხეს და „"ნაცმოძრაობაზე" კონტროლი მოიპოვეს, მათი პოლიტიკური გავლენები რამდენჯერმე გაიზრდება. შესაბამისად, როდესაც აკონტროლებ #1 ოპოზიციურ პარტიას, უფრო ეფექტურად შეგიძლია ევაჭრო ხელისუფლებას. ვაჭრობის საგანი რა შეიძლება იყოს, ეს ცალკე სტატიის თემაა, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ პოლიტიკური გავლენები და დიდი ფული საქართველოში ტყუპი ძმები არიან.

მეორეც - საჯარო პოლიტიკაში იქნებიან თუ არასაჯაროში, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პოლიტიკური რეაბილიტაცია - ანუ აღარ იყო ისეთი ტოქსიკური ფიგურა, რომელთანაც ასოცირება პოლიტიკური თვითმკვლელობა. რეაბილიტაციის კუთხით კეზერაშვილმა მერაბიშვილს გაუსწრო. იყო დრო, თავად "ნაციონალებისთვის" იყო სამარცხვინო კეზერაშვილთან თანამშრომლობა და თავად უწოდებდნენ მას ბიზნესრეკეტიორსა და ყაჩაღს. შემდეგ დადგა მომენტი და "ნაცმოძრაობის"“ ერთი ნაწილის რიტორიკაში ბიზნესრეკეტიორი იქცა მეცენატად და თავისუფალი მედიის დამცველად. თუ კეზერაშვილმა მოიპოვა კონტროლი პარტიაზე, ეს ხაზი გაძლიერდება და მთელი პარტია დაიწყებს მტკიცებას, რომ კეზერაშვილი იყო მამა აბრამის ბატკანი და მას ყველაფერი მოუგონეს. სხვათა შორის, ეს კეზერაშვილის პირველი მცდელობა არ არის, რომ კონკრეტულ პარტიაზე კონტროლი მოეპოვებინა. ის თავის დროზე "ევროპულ საქართველოს" აფინანსებდა და გავლენების გაძლიერება რომ სცადა, გიგა ბოკერიასთან დუელი წააგო და დაუბრუნდა დედაპარტიას.

მერაბიშვილთან დაკავშირებით "ნაც­მოძრაობა" დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ის მაგარი შს მინისტრი იყო და რას იზამ, შეცდომები ყველას მოსდის. თუმცა მერაბიშვილს გირგვლიანის საქმის სახით კისერზე ისეთი ლოდი ჰკიდია, რომ არ გვგონია, პოლიტიკური სიღრმიდან ამოყვინთოს.

საინტერესო ის არის, რას მოუტანს თავად "ნაცმოძრაობას" კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გამარჯვება. კარგს არაფერს. ზემოთ ვახსენეთ, რომ ამ პარტიის ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას აძლევს მიშას. თუმცა ამომრჩეველთა ნაწილი "ნაცმოძრაობას"“ხმას იმიტომ აძლევს, რომ ან "ქართულ ოცნებაზეა" გაბრაზებული, ან სხვა ოპოზიციურ პარტიაში ვერ ხედავს ისეთ რადიკალიზმს, როგორსაც "ნაცმოძრაობაში" და ა.შ.

თუმცა მათთვის (პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს და ამიტომ ვსაუბრობ) კეზერაშვილი და მერაბიშვილი წითელი ხაზია. ეს ორი ფიგურა მათთვის ასოცირდება ბიზნესრეკეტთან, გირგვლიანის საქმესთან, 7 ნოემბერთან და ა.შ. ამიტომ "ნაცმოძრაობა" ამომრჩეველს დაკარგავს.

მეორეც - „"ქართულ ოცნებას" ბევრად გაუადვილდება ჩვეული ტაქტიკის გამოყენება: ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, "ნაციონალები" დაბრუნდებიანო. სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ბუას, ძალიან ადვილად ჩაანაცვლებენ მერაბიშვილითა და კეზერაშვილით. ინტერვიუებს მისცემს ყველა ის ბიზნესმენი, რომელთაც კეზერაშვილმა კომპანიები "აახია", გაიხსენებენ აგვისტოს ომს, რომელთა შესახებ თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ბევრი კითხვაა, უფრო ინტენსიურად აიწევა თემა, რომელიც კეზერაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობის საკითხს შეეხება და ა.შ.მერაბიშვილზე აღარც ჩამოვთვლით - ვიმეორებთ, მხოლოდ გირგვლიანის საქმეც საკმარისი იქნებოდა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ პოლიტიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ხალხში არ გამოჩენილიყო.

მესამეც - ოპოზიციის ნაწილი ითანამშრომლებს კი კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტთან?! ალბათ, ნაწილი არა. თუმცა, მეორე მხრივ, სადაც ელენე ხოშტარია თანამშრომლობს კეზერაშვილთან, ხოშტარიასთან კი თანამშრომლობენ გიორგი ვაშაძე და ზურა ("გირჩი") ჯაფარიძე, საკვირველი არაფერი იქნება.

თუმცა მელია გაიმარჯვებს თუ კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი, "ნაცმოძრაობა" მაინც დასუსტდება. კერძოდ, კეზერაშვილ-მერაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ნიკა მელია "ნაცმოძრაობაში" დარჩეს. ასევე უცნაური იქნება, თუ მელიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით, მელია თავისი თანამოაზრეებით ახალ პარტიას შექმნის. შესაბამისად, გაუყოფს ხმებს თავის ყოფილ პოლიტორგანიზაციას.

თუ ისევ მელია გახდება "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ პარტიაში დარჩეს ის გუნდი, რომელიც დღეს მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დაკვეთებს ასრულებს. ძალიანაც რომ მოინდომონ დარჩენა, მელია არ გააჩერებთ. სავარაუდოდ, არც ისინი წავლენ პოლიტიკიდან და ახალ პარტიას დააფუძნებენ. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი „"ნაცმოძრაობის"“ მაგივრად მივიღებთ ორ "ნაცმოძრაობას".

P.S. როგორც ჩანს, კეზერაშვილს გეგმა ბ-ც აქვს. ზემოთ ვახსენეთ ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის ალიანსი და ხოშტარიას კავშირები კეზერაშვილთან. თუ "ნაცმოძრაობაში" დამარცხდა, სავარაუდოდ, კეზერაშვილი შეეცდება ზემოხსენებული ალიანსის მეშვეობით გაატაროს თავისი პოლიტიკური ინტერესები.

გიორგი კვიტაშვილი