ოპოზიციური პარტიების პერსპექტივა 2024 წლის არჩევნებისთვის - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიების პერსპექტივა 2024 წლის არჩევნებისთვის

"თუ ოპოზიცია სექტემბერ-ოქტომბერში ისეთივე მდგომარეობაში იქნება, როგორშიც დღეს არის, ჩათვალეთ, რომ 2024 წლის არჩევნები "ქართულ ოცნებას" გარანტირებულად აქვს მოგებული", - ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრის პერსპექტივას პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. რითი გამოირჩევა თითოეული პარტია და როგორია დღევანდელი გადასახედიდან თითოეულის პერსპექტივა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამ საკითხებზე საუბარი ვახტანგ ძაბირაძესთან "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებით დავიწყეთ.

- როდესაც გაცხადდა, რომ "ნაცმოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნების საკითხი დადგა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა პარტიის შიდა არჩევნები შიდაპარტიული დემოკრატიისთვის. როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებზე ვსაუბრობდით, გვერდს ვუვლიდით იმას, რომ არც პარტიებშია დემოკრატიული განწყობები. შესაბამისად, ყოველთვის ვიღებდით პარტიის ლიდერს და მასთან მიბმულ პარტიას. პარტია არჩევნებზე იმარჯვებდა თუ მარცხდებოდა, პარტიის თავმჯდომარე რჩებოდა პოსტზე და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პარტია მხოლოდ ქაღალდზეღა არსებობს, მისი თავმჯდომარე მაინც ის არის, ვინც 30 წლის წინ იყო. ცხადია, მხოლოდ თავმჯდომარე არ განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეს რეალობა გვქონდა და როდესაც დადგა მოცემულობა, რომ "ნაცმოძრაობაში" რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აპირებენ, გაჩნდა განცდა, რომ ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ორი, თავმჯდომარეობას გამოდევნებული მხარე ყველაფერს კადრულობს, დაწყებული ერთმანეთზე ფარული ჩანაწერებით, დამთავრებული იარლიყების მიკერებით. დღეს ჩნდება იმის ძალიან მაღალი ალბათობა, რომ თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთთან ვეღარ ითანამშრომლებენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება თავმჯდომარე. ალბათ, პარტიაც და ელექტორატიც გაიყოფა, მაგრამ იქნება განსაზღვრული ნაწილი, რომელიც დატოვებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ხოლო დარჩენილი როგორ გადანაწილდება, კაცმა არ იცის. აქამდე, ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდა, იყვნენ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ამ არჩევნების შემდეგ კი ორივე შეძლებს თუ არა 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ძნელი სათქმელია.

"ნაციონალური მოძრაობ" დიდი ალბათობით, გაიყოფა, მაგრამ სააკაშვილის თემას ვერც ერთი თავს ვერ დაანებებს, რაც სამწუხარო რეალობაა. ხაბეიშვილმა თამასა ძალიან მაღლა ასწია იმით, რომ მელიას დააბრალა სააკაშვილის ციხიდან დახსნას არ ცდილობსო. მე ნაკლებად მჯერა, რომ დღეს მელიას ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც ხაბეიშვილი, შეძლებდა სააკაშვილის დახსნას?.. ეს შეუძლებელია, რადგან "ოცნება" სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის სიცოცხლეს რეალურად დაემუქრება საფრთხე, ან თუ დასავლელი პარტნიორების დიდი ზეწოლა იქნება. ხაბეიშვილმა თემა იმ ამომრჩევლის გულის მოსაგებად წამოსწია, რომელიც ბრმად ენდობა სააკაშვილს. არჩევნების შემდეგ მას ეს პრობლემა დაუდგება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხაბეიშვილი წააგებს თუ მოიგებს არჩევნებს, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რაც, უშედეგოდ დასრულდება. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის თემა "ნაცმოძრაობის" ორივე ფრთაში სხვადასხვა დოზითა და მიმართულებით მაინც დარჩება. რაც შეეხება კითხვას, თუ რა უნდა გააკეთონ, ძალიან მარტივია პასუხი - უნდა დაუბრუნდნენ მოსახლეობის პრობლემებს. დღეს იმის ძახილი, "ოცნება" პრორუსულია, ივანიშვილი ოლიგარქი და ავცდით ევროპულ კურსსო, არ არის შედეგის მომტანი ელექტორალურად. მოსახლეობას უფრო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. ოპოზიციას თუ რეალურად უნდა რამის გაკეთება, თავი უნდა დაანებოს დიდ გაერთიანებაზე ლაპარაკს, უნდა გამსხვილდნენ, მაგრამ არა ისე, რომ ერთ ქვაბში მოიხარშონ. ოპოზიციური მედია უნდა გახდეს კრიტიკული როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ და მაშინ შესაძლებელი იქნება ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნა.

- შესაძლებელია,, რომ "ლელო" თუნდაც მელიას ჯგუფთან გაერთიანდეს?

- მელიას და "ლელოს" გაერთიანება ჩემთვის ცოტა გაუგებარი იქნება. "ნაცმოძრაობა" ამ ეტაპზე რაც არის, არცთუ ისე დიდი წარმატების მომტანია არც თავად პარტიისთვის და არც "ლელოსთვის". მე ძალიან კარგად მესმის "ნაცმოძრაობის" იმ წევრების, რომლებიც დიდი კოალიციის შექმნას ეწინააღმდეგებიან, რადგან 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა თუ არა გაქვს, გაუგებარია, რატომ უნდა გააკეთო დიდი კოალიცია და დაურიგო მანდატები იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, "ნაცმოძრაობა" "ლელოს" ვერაფერს მოუტანს, რადგან მათი ელექტორატები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. თუ "ნაცმოძრაობა" გაიყოფა, ჯერ უნდა ვნახოთ, ელექტორალური ბაზა როგორ გაიყოფა და ვინმესთან მათი გაერთიანების პერსპექტივებზე მერე უფრო უპრიანი იქნება საუბარი. "ლელომ", ალბათ, უნდა იზრუნოს, რომ თავად გაზარდოს თავისი ელექტორალური ბაზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი რეიტინგი დაცემულიყო, ეს კი, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა იმან, რომ სწორედ "ნაცმოძრაობასთან" მოხდა მისი გაიგივება. თუკი გაერთიანებაზე ვილაპარაკებთ, ოპოზიციაში არის ერთი ფრთა, "ნაცმოძრაობიდან" ასხლეტილი პატარა პარტიები, იგივე ვაშაძის, ხოშტარიას, ჯაფარიძისა და "ევროპული საქართველო", და არიან პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, მათ შორის "ლელო", გახარიას პარტია, ელისაშვილი, მეორე "გირჩი" და ანა დოლიძე. ეს ორი ჯგუფია და ამიტომ, თუ გამსხვილება მოხდება, სწორედ ამ მიმართულებებით უნდა მოხდეს. წვრილ ოპოზიციურ პარტიებში მე სწორედ ამ ორ ან სამ გაერთიანებას ვხედავ. თუ ოპოზიცია სექტემბერ-ოქტომბერში ისეთივე მდგომარეობაში იქნება, როგორშიც დღეს არის, ჩათვალეთ, რომ 2024 წლის არჩევნები "ქართულ ოცნებას" გარანტირებულად აქვს მოგებული.

- დღევანდელი მოცემულობით ძნელი წარმოსადგენია, რომ გახარიას პარტია ვინმესთან გაერთიანდეს.

- დღეს რომ სერიოზული გამოკითხვა ჩატარდეს, არა მგონია, გახარიას პარტიამ იმდენივე ხმა დააგროვოს, რამდენიც ადგილობრივ არჩევნებზე დააგროვა. მაშინ გახარია იყო სიახლე, ეს ერთი, და მეორე, მან გადადგა მკვეთრი ნაბიჯი, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და ამ ყველაფერმა ელექტორატზე იმუშავა. დღეს ეს პოლიტიკური ჯგუფი რამით გამოირჩევა? თავად გახარია ახალ მთვარესავით გამოჩნდება, ეს ხომ ნიშნავს, რომ პარტია არ ფუნქციონირებს. ეს ითქმის ელისაშვილის და ანა დოლიძის პარტიებზეც - ძალიან მოდუნებული არიან. ცოტა უფრო აქტიურია "გირჩი", მაგრამ არც ეს არის საკმარისი. ლეიბორისტები 1-2%-იანი ბარიერის იქით ვერც 2024 წლის არჩევნებზე წავლენ. ოპოზიციურ სპექტრში დისონანსი ვისაც შეაქვს, ერთადერთი ჩერგოლეიშვილია, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ლაპარაკობს და ეთანხმები თუ არა, ეს სხვა საკითხია. ამიტომ, როდესაც გაერთიანებაზე ვლაპარაკობ, მხოლოდ გაერთიანებას არ ვგულისხმობ, რადგან მხოლოდ ეს არ კმარა. ოპოზიციაში დღეს ლიდერების პრობლემაც დგას და გაერთიანების შემდეგ ეს საკითხიც გააქტიურდება.

- თქვენც ახსენეთ, რომ "ევროპული საქართველო" გამოირჩევა თუნდაც მხოლოდ ჩერგოლეიშვილის ხარჯზე. თქვენი აზრით, პარტიას 2024 წლის არჩევნებზე რა შანსი აქვს?

- ლიდერების პრობლემა ვახსენე და ეს ერთ-ერთი მტკივნეულია ამ პარტიისთვისაც. როდესაც "ნაცმოძრაობას" გამოეყვნენ, ჰქონდათ შანსი, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ ძლიერ, დამოუკიდებელ პარტიად, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ისევ ვაშაძეს დაუჭირეს მხარი, რითაც ორი წლის ნამუშევარი, რომ ცალკე ელექტორატი ჩამოეყალიბებინათ, ისევ "ნაცმოძრაობას" დაუბრუნეს. ასეთი შეცდომების დაშვებას ელექტორატი არ პატიობს. ამიტომ "ევროპულ საქართველოს" ძალიან გაუჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გადალახავს და ამიტომ უნდა იფიქრონ სხვაგვარად მოქმედებაზე. ისეთ თემებზეა ლაპარაკი საჭირო, რომლებიც ყველას აწუხებს­. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და მოძებნონ ის თემები, რომლებიც მოსახლეობასთან თანხვედრაში იქნება, ამ თემებზე მათი ლაპარაკი კი - დამაჯერებელი.

რუსა მაჩაიძე