„არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს“ - კვირის პალიტრა

„არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს“

შიდაპარტიული არჩევნების მოახ­ლოებასთან ერთად "ნაციონალურ მოძ­რაობაში" დაპირისპირება სულ უფრო მძაფ­რდება. პარტიის თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატიდან ორი - ნიკა მე­ლია და ლევან ხაბეიშვილი პროცესე­ბის ავანგარდში არიან დაუსრულებე­ლი სკანდალებითა და ურთიერთბრალდე­ბებით. საარჩევნო კამპანიაში თითქმის არ ჩანს ნონა მამულაშვილი, ის უმე­ტესად დასავლელ პარტნიორებს­ ხვდება და ელექტორატს დროდადრო ახალ-ახალი ინიციატივებით მიმართავს. ერთი-ერთი ინიციატივა პატიმარი ექსპრეზიდენტის რუს ტყვეებში­ გადაცვლას ითვალისწინებდა. რას ფიქრობს ნონა მამულაშვილი შიდაპარ­ტიულ დაპირისპირებად გადაქცეულ საარ­ჩევნო კამპანიასა და ოპონენტ თანაგუნდელებზე და როგორ წარმოუდგენია პარტიის მომავალი არჩევნების შემდგომ, ამის შესახებ ის თავად გვიამბობს:

- დასანანია, რომ ჩემს უგულებელყოფას ცდილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები მხარდამჭერები მყავს და ვერავინ ხედავს, რას ვაკეთებ. არათანაბარი პირობების მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე არჩევნებში ჩართვა, რადგან მაქვს ხალხის, მათ შორის, ემიგრანტების მხარდაჭერა. ძალიან არ მომწონს, რომ ჩემი ოპონენტები ერთმანეთს ტალახს ესვრიან. ვისაც ვებრძვით, იმათ არ უნდა დავემსგავსოთ და არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ძალიან ცუდია, რომ პარტიის ოთხი კანდიდატიდან სამი ერთმანეთთან დალაპარაკებას ვერ ახერხებს. მე შემიძლია ყველა კანდიდატის ერთ მაგიდასთან დასმა, მათი ძლიერი მხარის გამოყენება პარტიის სასარგებლოდ, გუნდში პოლარიზაციის დასრულება, 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადება და "ქართული ოცნების" დამარცხება. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სულ სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი - უნდა შეეძლოს პარტიის მენეჯმენტის აწყობა. მეორე - აუცილებლად უნდა შეეძლოს პარტიის პოზიციის გაძლიერება დასავლეთში. ხშირად დავდივარ ევროპაში, ამერიკაში, უკრაინაში და ვიცნობ ჩვენი პარტნიორების შეხედულებებს. მათ აინტერესებთ, როგორია ჩვენი ხედვები ქვეყნის განვითარების შესახებ, როგორ ვაპირებთ "ქართული ოცნების" დამარცხებას და რა დახმარება სჭირდება საქართველოს დასავლეთისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარე იქნება, შეძლოს უკრაინასთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა, თანამშრომლობა. მე შემიძლია ველაპარაკო უკრაინის ხელისუფლებას და დავაბრუნო იმ თანამეგობრობაში, საიდანაც ამოგვაგდო "ქართულმა ოცნებამ". ვიცი, როგორ შეიძლება სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა, თუმცა ამისთვის საჭიროა, პარტიის გაძლიერება.

- სააკაშვილი როგორ უნდა გამოიყვანოთ ციხიდან?

- უპირველესად "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა დამთავრდეს დაპირისპირება, შემდეგ პარტია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან. თუ ამბობ, რომ "ქართული ოცნება" რუსული რეჟიმია, მაშინ მასთან ერთად პარლამენტში არ უნდა იჯდე. ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით, რომ პოლიტიკურად აქტიურები ვიქნებოდით და მმართველ გუნდს დისკომფორტს შევუქმნიდით. ვერაფერი ვერ შევასრულეთ, მაგრამ დავრჩით პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურს ვუწოდებთ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტართა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითაც უღალატა წინა მოწვევის პარლამენტების სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა, ცვლის ქვეყნის ევროპულ მომავალს, რისთვისაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან იღებს მადლობას, კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი ესაქმება ე. წ. პარლამენტში. ასე ვფიქრობდი წარსულშიც და ამიტომ გადავწყვიტე პარლამენტის დატოვება. როგორც კი პარტიის თავმჯდომარე გავხდები, "ნაციონალური მოძრაობა" გამოვა პარლამენტიდან და დადგება ხალხთან, დაიწყებს ლაპარაკს ევროპასთან, ამერიკასთან, უკრაინასთან... ეს არის პარტიის გაძლიერების სტრატეგიაც და სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის გზაც.

- მელიასა და ხაბეიშვილის ურთიერთბრალდებებზე რას ფიქრობთ, ან თქვენ თუ ხართ რომელიმე შემთხვევის მომსწრე?

- ვფიქრობ, პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია უნდა იყოს უფრო ღირსეული, სტრატეგიებსა და ხედვებზე უნდა ვლაპარაკობდეთ და არა იმაზე, ვის რა კომპრომატები აქვს. მელიასთან, ხაბეიშვილსა და მუმლაძესთან არანაირი პრობლემა არა მაქვს, მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, ვიცი, რა სურთ, დანარჩენებზე კი არაფერს ვფიქრობ.

- თუ არჩევნებს წააგებთ, პარტიაში დარჩებით?

- ჯერ ვნახოთ, პარტია დარჩება თუ არა.

- პარტიის დაშლის საფრთხეს რეალურად ხედავთ?

- თუ ასეთი დაპირისპირება გაგრძელდა, გამორიცხული არაფერია.

ხათუნა ბახტურიძე