საქართველოში იწყება იმ პოლონური დრონების წარმოება, რომლებმაც უკრაინის ომში თავი ისახელეს (VIDEO)
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! ოკუპანტი და აგრესიული რუსეთი უნდა დამარცხდეს! ეს ის საკითხია, რომელზეც კამათი არ შეიძლება. ასევე, უკრაინა არა მარტო იბრძვის, არამედ გაკვეთილებსაც აძლევს ყველა იმ ქვეყანას, რომელთაც აგრესია ემუქრება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ომი დასრულებული არ არის და გაბოროტებული და მუხრუჭებიდან აწყვეტილი რუსეთი ვის და როგორ შეუტრიალდება, არავინ იცის.
უკრაინაში თითქმის წელიწადია მიმდინარე ფართომასშტაბიანმა ომმა ყველა დაარწმუნა, რომ XXI საუკუნის ომი დრონებისაა, რომ დისტანციურად მართვად ან სულაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოქმედ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოძრავ ობიექტებს ბევრად დიდი საბრძოლო ეფექტიანობა აქვთ, ვიდრე ადამიანებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის მქონე ტანკებს თუ თვითმფრინავებს.
თუმცა დრონებში ჩემპიონებიც არიან და აუტსაიდერებიც, რაც ფრონტის ხაზზე და სიღრმეში საბრძოლო მათი გამოყენებისას ვლინდება.
უკრაინის ომმა უკვე გამოავლინა იმ სხვადასხვა დანიშნულების დრონებიდან ის ტიპები, რომლებიც საუკეთესოა საჰაერო დაზვერვისთვის, და ისინიც, რომლებიც კამიკაძე-დრონების ამპლუაში "თავს წირავენ" რუსული ჯავშანტექნიკის გარანტირებულად ასაფეთქებლად.
უკრაინის ომში წარმატებულ საბრძოლო ნათლობამიღებულთა შორის არიან პოლონური კომპანია WB Grupa-ს წარმოებული სადაზვერვო დრონი FlyEye და კამიკაძე-დრონი WARMATE, რომელთა ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების არაერთი ვიდეო გავრცელდა უკრაინის ფრონტიდან.
ამიტომაც მისასალმებელია, რომ უკვე ამ კვირიდან საქართველო თავად დაიწყებს პოლონური დრონების სერიულ წარმოებას.
რატომ უნდა გამოიგონო ხელახლა ველოსიპედი, როდესაც ომში უკვე აპრობირებული სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები პოლონელებთან ერთობლივად შეგიძლია აწარმოო - სწორედ ამ პრინციპით ჯერ კიდევ 2022 წლის 19 მაისს თბილისში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო Delta-WB დაიწყებს პოლონური დრონების აწყობას. საგულისხმოა, რომ ოფიციალური ვარშავის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კომპანია WB Group-მა.
"ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დასაწყებად. უკვე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელ და სადაზვერვო-საფრენ აპარატებს ააწყობს. საწარმო აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს", - აცხადებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გასული წლის ზაფხულში.
სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო 2022 წლის დეკემბერში ვერ მოესწრო დრონების წარმოების დაწყება, მაგრამ ერთი თვის დაგვიანებით, 2023 წლის იანვრის მიწურულს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი მაინც აიღებს სტარტს და ქართული არმია ეტაპობრივად მიიღებს თანამედროვე ომების ისეთ აუცილებელ ატრიბუტს, როგორიცაა სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები, რომელთა საბრძოლო გამოყენება დაზოგავს ქართველი სამხედროების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც.
საგულისხმოა, რომ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო Delta-WB არათუ სერიულად გამოუშვებს დრონებს, არამედ მოამზადებს ოპერატორებს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და იმ სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც (მაგალითად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებისთვის), რომლებიც იმედია დაინტერესდებიან ამ დიდი შესაძლებლობით, რაც მათ საშუალებას მისცემს ოპერატიულად აითვისონ თანამედროვე ქართულ-პოლონური დრონების გამოყენება.
ცალკე პერსპექტივა იხსნება საქართველოში აწყობილი პოლონური დრონების ექსპორტის დაწყების შემთხვევაში მას შემდეგ, რაც მთავარი დამკვეთის, თავდაცვის ძალების შეკვეთები დაკმაყოფილებული იქნება. უკრაინის ომში ამ ორივე ტიპის დრონის წარმატებულმა საბრძოლო გამოყენებამ მათ სახელი გაუთქვა მსოფლიოში და მოთხოვნაც იზრდება.
მკითხველს დააინტერესებს, თუ რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და რამდენად შეუძლიათ გააძლიერონ ჩვენი თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობები თანამედროვე ომებში. მრავალჯერადი გამოყენების FlyEye-ს ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი განკუთვნილია ბრძოლის ველის სათვალთვალოდ, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რადიოსიგნალების რეტლანსირებისთვის, სასაზღვრო ზოლის პატრულირებისა და თვით ტყის ხანძრების მონიტორინგისთვისაც.

პოლონური "მფრინავი თვალის" ერთ-ერთი დიდი პლუსი ისიც არის, რომ მხოლოდ 12 კგ-ს იწონის და მას ერთი კაცი ხელით უშვებს - ანუ არ არის საჭირო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოწინააღმდეგის უპირველესი სამიზნეა მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის დროს.
უპილოტოს 60-120 კმ/სთ სიჩქარით 2,5 საათზე მეტხანს შეუძლია სადაზვერვო ფრენა პირდაპირი ხედვის 50 კმ-იან რადიოკავშირის ზონაში - როდესაც შენი "მფრინავი თვალი" 40-50 კმ-ის სიშორეზე მყოფ მოწინააღმდეგეს ზემოდან "დასცქერის" და თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს გადმოსცემს საათების განმავლობაში, მაშინ, წესით, არც თავდაცვისა თუ შეტევის დაგეგმვა უნდა გაგიჭირდეს და არც საარტილერიო ცეცხლის ზუსტად მართვა.
"მფრინავი თვალის" კიდევ ერთი დადებითი მხარე ისიცაა, რომ მას ამოძრავებს არა შიდაწვის, არამედ ელექტროძრავა, შესაბამისად, უპილოტოს სითბური "კვალიც" უმნიშვნელოა, რაც ძალიან ამცირებს მისი ჩამოგდების ალბათობას სითბური დამიზნების საზენიტო "იგლების" საშუალებით. მწარმოებლების მტკიცებით, ამ უპილოტოების მართვის სისტემა მდგრადია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების მიმართაც.
"მფრინავ თვალს" ორი მოძრავი კამერა აქვს ფიუზელაჟის ქვემოთ - დღის ხედვის სატელევიზიო და ღამის ხედვის სითბური, შესაბამისად, ამ სადაზვერვო დრონის დანიშნულებისამებრ გამოყენება დღე-ღამის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ქართულ არმიას თავის დროზე შეიარაღებაში ჰქონდა (შეიძლება კიდევ შემორჩა) მცირე რაოდენობის ამერიკული მინისადაზვერვო დრონები RQ-11 Raven. ამ "ყვავებსაც" ხელით უშვებდნენ და ქართველი მებრძოლების მცირე ნაწილს მაინც შემორჩებოდა ასეთი სადაზვერვო დრონების გამოყენების ცოდნა, თუმცა, იმედია, ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმოს სპეციალურად მომზადებული დრონების ოპერატორები აღარ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომას, როდესაც დრონის საშუალებით ბაგირის გადატანას ცდილობდნენ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, რასაც დრონის დაკარგვა მოჰყვა.
პოლონელების მეორე უპილოტო ერთჯერადი დრონი-კამიკაძეების კლასს განეკუთვნება.
ერთი მეტრი სიგრძის WARMATE 5,7 კგ-ს იწონის და ორიგინალური კატაპულტიდან შეკუმშული ჰაერით უხმაუროდ იღებს სტარტს. თითქმის ასევე გრძელდება ფრენის დროსაც, რადგან მასაც ბევრად ნაკლებხმაურიანი ელექტროძრავა აქვს. გაიხსენეთ, ყარაბაღის ბოლო ომში სომეხი სამხედროები როგორ ასწრებდნენ რეაგირებას, როდესაც მათ თავზე აზერბაიჯანელების შიდაწვისძრავიანი ისრაელური "ჰაროპის" ტიპის დრონი-კამიკაძეები პიკირებდნენ.
კამიკაძე WARMATE-ს აკუმულატორების ენერგია საკბილოს ერთსაათიანი ძებნისთვის ჰყოფნის და მისი აღმოჩენისთანავე 150 კმ/სთ სიჩქარით პიკირებს მასზე. საბრძოლო დავალებიდან გამომდინარე, მას ეცვლება საბრძოლო ქობინი და უყენდება მსხვრევად-ფუგასური ან კუმულაციური, ან თერმობარული მოქმედების. დრონი-კამიკაძის მსხვრევად-ფუგასური ქობინი ერთ კგ-ს იწონის და მასში 300 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაა განთავსებული. აფეთქებისას ნამსხვრევები ათი მეტრის რადიუსში ინარჩუნებს დამაზიანებელ ენერგიას.
კუმულაციური მოქმედების ქობინი კი 120-დან 220 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას გარანტირებულად აფეთქებს, თუმცა ტანკის კოშკურაზე ზემოდან მოხვედრისას (თუკი კოშკურის ზემოთ არ არის დაყენებული დინამიკური დაცვის ელემენტები). არსებობს ასევე ტანკის ზედა, შედარებით მცირე სისქის ჯავშნის გარღვევისა და ტანკის საბრძოლო კომპლექტის, ჭურვების (განსაკუთრებით 125 მმ-იანი ჭურვების ჰილზების) დეტონაციის ალბათობა.
უკრაინელი მებრძოლები ომის პირველივე დღეებიდან ხშირად იყენებენ პოლონურ კამიკაძე-დრონებს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, საბრძოლო გამოცდილების დაგროვება კი განაპირობებს ამ დრონების ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამოდერნიზაციო სამუშაოს დაწყებას, რაც ასევე დიდი პლუსი იქნება ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმოსთვის.ჩვენი მხრიდან კი ერთი რამ შეიძლება შევთავაზოთ ერთობლივ საწარმოს - იქნებ სცადონ როგორც მზვერავი FlyEye-ს, ისე კამიკაძე Warmate-ს სისტემების შერწყმა ჯავშანმანქანა "დიდგორის" მრავალფუნქციურ ბაზასთან, რათა მობილური და კარგად დაცული "დიდგორის" პლატფორმიდან ამ დრონების გაშვება მოძრაობის დროსაც დისტანციურად იქნეს შესაძლებელი.