ქართული არხეინობა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდეს - კვირის პალიტრა

ქართული არხეინობა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდეს

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! ოკუპანტი და აგრესიული რუსეთი უნდა დამარცხდეს! ეს ის საკითხია, რომელზეც კამათი არ შეიძლება. ასევე, უკრაინა არა მარტო იბრძვის, არამედ გაკვეთილებსაც აძლევს ყველა იმ ქვეყანას, რომელთაც აგრესია ემუქრება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ომი დასრულებული არ არის და გაბოროტებული და მუხრუჭებიდან აწყვეტილი რუსეთი ვის და როგორ შეუტრიალდება, არავინ იცის.

პუტინისთვის ომში დამარცხება ფიზიკური განადგურების ტოლფასია. სწორედ ამიტომ მზად არის, რუსი ჯარისკაცების გვამებით გადაავსოს უკრაინის ტერიტორია, ოღონდ რაიმე თუნდაც ფორმალურ წარმატებას მიაღწიოს. შესაბამისად, ნებისმიერი მარცხი რუსეთის პრეზიდენტს ხდის უფრო არაადეკვატურს და სახიფათოს არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, მეზობლებისთვის.

საქართველო გეოპოლიტიკური ქარიშხლის შუაგულშია. საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია და ჩვენი ქვეყანა რუსული ბაზებითაა გარშემორტყმული - ცხინვალში, აფხაზეთსა და გიუმრიში (სომხეთი). გასაგებია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. გასაგებია, რომ არა გვაქვს ისეთი რესურსები, როგორიც უკრაინას და დიდი ალბათობით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე ნატოშიც არავინ მიგვიღებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი ვისხდეთ და იმის იმედად ვიყოთ, რომ მტერი ჩვენთვის ვერ მოიცლის. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ იოლი ლუკმა არავისთვის ვიყოთ.

წესით, ჩვენ უკრაინულ გაკვეთილებს არ უნდა დავლოდებოდით. სულ რაღაც 14 წლის წინ იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რაც ჩვენთვის უნდა ყოფილიყო ამოსავალი წერტილი მომავლის სტრატეგიის განსასაზღვრად. თუმცა...

წარსულზე დარდს მოვეშვათ და ვთქვათ ის, რომ დღეს მაინც საქართველოს პოლიტელიტის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს იმაზე მსჯელობა, ვართ თუ არა მზად საფრთხეებისთვის, როგორ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემები, რა მდგომარეობაშია საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები და ა.შ.

პოლიტელიტაში ვგულისხმობთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. თუ ხელისუფლება დუმს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაშინ ოპოზიციამ უნდა წამოსწიოს ეს საკითხი წინა პლანზე და "ოცნებაც"“ იძულებული იქნება დისკუსიაში ჩაერთოს, მით უმეტეს, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ბერკეტები, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს თავდაცვისა თუ შს მინისტრები და მათ დაუსვას ზემოხსენებული კითხვები.

სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს მორიგი პოლიტიკური იწილობიწილო და ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი ქვეყანა სადღაც უკაცრიელ კუნძულზეა, რომელსაც ვერავინ მისწვდება. არადა, სადისკუსიო თემა ბევრია და იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრიმიტიული პოლიტიკური გამიშვი-გამატარე.

მაგალითად, საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა არ იცვლება და კვლავ 37000 კაცით განისაზღვრება. აქედან, 37000-ივე ავტომატიანი ჯარისკაცი არ არის. შესაბამისად, ნამდვილად საჭიროა დისკუსია თემაზე - ხომ არ უნდა გავზარდოთ შეიარაღებული ძალების რაოდენობა? ოღონდ საფუძვლიანი დისკუსია და არა ტელეეთერებში ექსპერტების დონეზე, რომელთა ნათქვამი მეორე დღეს აღარავის ახსოვს. გასაგებია, რომ ჯარის რაოდენობის გაზრდა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და სხვა პროექტებს მოაკლდება, მაგრამ ჯობს, ჯარისთვის ფული გავიმეტოთ, ვიდრე მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ყველა პროექტი ოხრად დაგვრჩეს. ალბათ, დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მასშტაბური აგრესიის შემთხვევაში, არმიის ზემოხსენებული რაოდენობა საკმარისი არ არის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ეს მოიცავს არა მარტო იმას, გვაქვს თუ არა თავშესაფრები, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები კრიტიკულ სიტუაციებში. "კვირის პალიტრაში"“ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, დავიწყეთ რუბრიკა "სამოქალაქო თავდაცვა", რომელშიც გაზეთის სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა დეტალურად აუხსნა მოქალაქეებს, როგორ უნდა იმოქმედონ მძიმე და რთულ სიტუაციებში. თუმცა რომელიმე ერთი მედიასაშუალების, თუნდაც ძალზე პოპულარულის მცდელობა საკმარისი არ არის. აუცილებლად მსჯელობის საგანი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს თუ არა უფრო ფართო და მასობრივი ხასიათი მოქალაქეების გათვითცნობიერებას სამოქალაქო თავდაცვის ელემენტარულ საკითხებში.

ხაზს ვუსვამთ - როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო თავდაცვაზე, არ ვგულისხმობთ იმას, რომ ხვალ მაინცდამაინც ომი დაიწყება. სამოქალაქო თავდაცვის ელემენტარული საწყისების შესწავლა გამოადგებათ ჩვენს მოქალაქეებს პირველ რიგში სტიქიური უბედურებების დროს, რისი ალბათობაც საქართველოში ყოველთვის არის.

რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას - მედია ამ თემას ეპიზოდურად აშუქებს ხოლმე. როგორც წესი, ყველა სიუჟეტი თუ სტატია ერთმანეთს ჰგავს - ექსპერტები ამბობენ ხოლმე, რომ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა ან არ გვაქვს, ან რაც გვაქვს, ისიც სავალალო მდგომარეობაშია. ისიც აღსანიშნავია - როცა ამ თემას ეხებიან ჟურნალისტები, ექსპერტები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, აქცენტი კეთდება მარტო დედაქალაქზე. კი მაგრამ, რეგიონები? ბათუმს, ქუთაისს, თელავს თუ ზუგდიდს არ სჭირდება თავშესაფრები? გასაგებია, წლების განმავლობაში შევთანხმდით, რომ თავშესაფრები სავალალო მდგომარეობაშია. თუმცა არ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ან საერთოდ კეთდება რამე თუ არა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად; საერთოდ, აღრიცხულია თუ არა ის ობიექტები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში თავშესაფრებად გამოდგება; როგორი გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს.

უკრაინის მაგალითმა დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თავშესაფრების არსებობას და იმასაც, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, მძიმე სიტუაციაში სად შეაფარონ თავი. უკრაინაში, ცუდად თუ კარგად, მოახერხეს სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და ამან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

საქართველოს თავდაცვის უწყება გადადის რეზერვის ახალ სისტემაზე. ამ თემაზეც უნდა იყოს მსჯელობა. იქნებ ხელისუფლება შეცდომას უშვებს? იქნებ რაღაც არასწორადაა გათვლილი? იქნებ შესაძლებელია ისეთი ნიუანსების დამატება, რაც რეზერვის სისტემას უფრო მოქნილს გახდის? არსაიდან ხმა, არსით ძახილი.

აღარაფერს ვამბობთ სხვა, ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ თემებზე, რომელიც პოლიტიკურმა იწილობიწილომ გადაფარა - ეკონომიკით დაწყებული და საიმიგრაციო პოლიტიკით დამთავრებული. ამ თემაზე საქმიანი დისკუსიები არ იმართება. თუ ვინმე ამ თემას შეეხება, ყველაფერი მთავრდება პოლიტიკური ლანძღვა-გინებით და იმის გარკვევით, ვინ რუსეთის აგენტია და ვინ ამერიკის.

არ ვიცით, ამ მდგომარეობას რა დავარქვათ - ქართული არხეინობა თუ პოლიტიკური უმწიფრობა. თუმცა ფაქტია - ეს ჩვენს სახელმწიფოს კარგს არაფერს მოუტანს და მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ყველა ერთ გატეხილ ვარცლში აღმოვჩნდებით - ხელისუფლებიანად, ოპოზიციანად, ექსპერტებიანად თუ ჟურნალისტებიანად.

გიორგი კვიტაშვილი