სანამ გერმანია უკრაინას ტანკებზე ევაჭრებოდა, რუსეთმა ზაპოროჟიეს შეუტია - კვირის პალიტრა

სანამ გერმანია უკრაინას ტანკებზე ევაჭრებოდა, რუსეთმა ზაპოროჟიეს შეუტია

20 იანვარს გერმანიის რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაში გამართულ რიგით მერვე შეხვედრას, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა (მათ შორის საქართველოდანაც), კიევში დიდი იმედით შეჰყურებდნენ, რადგან მის შედეგზე იყო დამოკიდებული გაზაფხულიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების წამოწყება.

მაგრამ უკრაინელებს ნაწილობრივ იმედი გაუცრუვდათ, რადგან გერმანიამ კვლავ ვერ გაბედა "ლეოპარდ-2" ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება უკრაინელებისთვის, ისევე როგორც ამერიკელებმა შეიკავეს თავი "აბრამსების" გადაცემაზე.

კონტრიერიშების დასაწყებად უკრაინის არმიას აუცილებლად სჭირდება სატანკო შეტევები რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად და საამისოდ ყველაზე მოსახერხებელი დასავლური წარმოების ტანკებიდან სწორედ გერმანული "ლეოპარდ-2"-ია.

უკრაინის არმიას არანაკლებ 300 ასეთი ტანკი სჭირდება სამი სატანკო ბრიგადის ჩამოსაყალიბებლად, რაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ნატოს წევრი ყველა ქვეყანა, რომელთაც ასეთი "ლეოპარდები" ჰყავთ შეიარაღებაში, ერთ-ორ სატანკო ასეულს (ნატოს სტანდარტის ერთ სატანკო ოცეულში 4 ტანკი ირიცხება, ასეულში - 14, სატანკო ბატალიონში კი 54) გაიმეტებს უკრაინის დამცველებისთვის, მით უმეტეს, რომ ბევრ მათგანს "ლეოპარდები" წლებია მოხსნილი ჰყავს შეიარაღებიდან და მინდვრებში იჟანგებიან.

პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი მზად არიან დღესვე გადასცენ უკრაინას "ლეოპარდ-2"-ები, მაგრამ ამისთვის გერმანიის, როგორც ამ ტანკების მწარმოებელი ქვეყნის, აუცილებელი თანხმობა სჭირდებათ.

მაგრამ გერმანიის ხელისუფლება არათუ "ლეოპარდების" უკრაინისთვის გადაცემას საგანგებოდ აჯანჯლებს მთელი წლის განმავლობაში, არამედ არც სხვებს აძლევს ამის უფლებას, რამაც გაბრაზებულ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ათქმევინა, ჩვენს წილ "ლეოპარდების" ერთ ასეულს უკრაინას მაინც გადავცემთ და გერმანიას თუ სურს საერთაშორისო სასამართლოში გვიჩივლოსო.

მკითხველს არ უნდა ეგონოს, თითქოს გერმანელებმა დაივიწყეს უკრაინელები, მხოლოდ "ლეოპარდებს" არ აძლევენ ჯიუტად იმ უაზრო პრინციპის გამო, თითქოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისევ გერმანული ტანკების რუსულთან დაპირისპირება ჰიტლერის "ვეფხვების" საბჭოთა კავშირში შეჭრის ასოციაციას აღძრავს.

სინამდვილეში გერმანიამ დღემდე თითქმის 3 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას და ისეთი შეიარაღებაც მისცა (თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ნაღმები), რომელიც ბევრად დიდ ზარალს აყენებენ რუს ოკუპანტებს, ვიდრე "ლეოპარდები" შეძლებდნენ და ამიტომაცაა გასაკვირი გერმანული სიჯიუტე.

და სანამ რამშტაინში "ლეოპარდების" გადაცემა-არგადაცემაზე მიდიოდა ვაჭრობა, რუსმა ოკუპანტებმა ფართომასშტაბიანი შეტევები წამოიწყეს ფრონტის ზაპოროჟიეს მონაკვეთზე და ოთხი სოფელიც აიღეს.

თუ შეტევები კიდევ ერთ-ორს დღეს გაგრძელდება, გამოდის, რუსმა ოკუპანტებმა გაზაფხულამდე დაიწყეს დიდი იერიში ზაპოროჟიეს დანარჩენი ნაწილის დასაპყრობადაც, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება ფრონტის ბახმუტის მონაკვეთზეც, უკრაინის დამცველებს ეს ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, არათუ საგაზაფხულო კონტრიერიშების წამოწყებაზე იქნება ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ახალი ქალაქებიც არ დაიპყრონ.

p.s. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები კვლავ "ლეოპარდების" გარეშე დარჩნენ, "რამშტაინ-8" შეხვედრის შედეგი მაინც იმედისმომცემი გამოდგა, რადგან უკრაინის დასახმარებლად დიდძალი შეიარაღება გამოიყო.

უკრაინის არმიის "სპონსორებს" შორის კვლავ აშშ ლიდერობს, რომელსაც 2,5 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი აქვს, რომელშიც პირველად შევა "ბრედლის" ქვეითთა საბრძოლო მანქანები და "სტრაიკერის" ჯავშანტრანსპორტიორები, ბრიტანეთი კი უკრაინას 14 "ჩელენჯერ-2" ტიპის ტანკს მიაწვდის, შვედეთი თანამედროვე თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "არჩერებს", გერმანია ქვეითთა საბრძოლო მანქანა "მარდერებს", ხოლო ნიდერლანდები კი თავის წილ "პეტრიოტების" ორ საზენიტო-სარაკეტო დანადგარს დაუთმობს.მოამზადა

ირაკლი ალადაშვილმა