გერმანია უფრთხის, რომ უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად გაგზავნილმა "ლეოპარდებმა" მესამე რაიხის "ვეფხვების" ასოციაცია არ აღძრან... - კვირის პალიტრა

გერმანია უფრთხის, რომ უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად გაგზავნილმა "ლეოპარდებმა" მესამე რაიხის "ვეფხვების" ასოციაცია არ აღძრან...

20 იანვარს გერმანიის რამშტეინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გამართულ რიგით მერვე შეხვედრას, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა (მათ შორის - საქართველოდანაც), კიევში დიდი იმედის თვალით შეჰყურებდნენ, რადგან მის შედეგებზე იყო დამოკიდებული გაზაფხულიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების წამოწყება...

მაგრამ უკრაინელებს ნაწილობრივ იმედი გაუცრუვდათ, რადგან გერმანიამ კვლავ ვერ გაბედა "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება უკრაინელებისთვის, ისევე, როგორც ამერიკელებმა თავი შეიკავეს "აბრამსების" კიევისთვის გადაცემაზე.

კონტრიერიშების დასაწყებად უკრაინის არმიას აუცილებლად სჭირდება სატანკო შეტევები რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად და ამ შეტევებისთვის ყველაზე მოსახერხებელი, დასავლური წარმოების ტანკებიდან, სწორედ გერმანული "ლეოპარდ-2"-ებია.

უკრაინის არმიას არანაკლებ 300 ასეთი ტანკი სჭირდება სამი სატანკო ბრიგადის ჩამოსაყალიბებლად, რაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ნატოს წევრი ყველა ქვეყანა, ვისაც ასეთი "ლეოპარდები" ჰყავს შეიარაღებაში, ერთ-ორ სატანკო ასეულს (ნატოს სტანდარტის ერთ სატანკო ოცეულში 4 ტანკი ირიცხება, ასეულში - 14 ტანკი, სატანკო ბატალიონში კი - 54) გაიმეტებს უკრაინის დამცველებისთვის, მით უმეტეს, ბევრ მათგანს ეს "ლეოპარდები" წლებია, საერთოდ მოხსნილი ჰყავს შეიარაღებიდან და მინდვრებში იჟანგებიან.

პოლონეთი მზად არის, დღესვე გადასცეს მის განკაგულებაში არსებული "ლეოპარდ-2"-ები უკრაინელებს, მაგრამ ამისთვის გერმანიის - ამ ტანკების მწარმოებელი ქვეყნის აუცილებელი თანხმობა სჭირდება ამისთვის.

მაგრამ გერმანიის ხელისუფლება არათუ თავისი "ლეოპარდების" უკრაინისთვის გადაცემას სპეციალურად აჯანჯლებს, მთელი წლის განმავლობაში, არამედ - ჯერ არც სხვებს აძლევს ამის უფლებას, რამაც გაბრაზებულ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ათქმევინა, ჩვენ წილ "ლეოპარდების" ერთ ასეულს უკრაინას მაინც გადავცემთ და გერმანიას თუ სურს, საერთაშორისო სასამართლოში გვიჩივლოსო...

ვარშავის მხრიდან ასეთ, არცთუ მთლად დიპლომატიურ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრაზების ნაცვლად დაყვავებით უპასუხა, - თუკი პოლონეთი გადაწყვეტს "ლეოპარდების" უკრაინისთვის ერთპიროვნულად მიწოდებას, გერმანია ამას არ შეეწინაღმდეგებაო...

მკითხველს არ უნდა დარჩეს ისეთი მოსაზრება, თითქოს გერმანელებმა საერთოდ დაივიწყეს უკრაინელები. ისინი "ლეოპარდებს" არ აძლევენ ჯიუტად იმ უაზრო პრინციპის გამო, თითქოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისევ გერმანული ტანკების რუსულებთან დაპირისპირება ჰიტლერის "ვეფხვების" საბჭოთა კავშირში შეჭრის ასოციაციას აღძრავსო...

რეალურად კი გერმანიამ დღემდე თითქმის 3 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება უკვე გაუწია უკრაინას და მას ისეთი შეიარაღებაც გადასცა (თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ნაღმები), რომლებიც ბევრად მეტ ზარალს აყენებენ რუს ოკუპანტებს, ვიდრე "ლეოპარდები" შეძლებდნენ და ამიტომაცაა გასაკვირი ეს გერმანული სიჯიუტე, ტანკების მიუწოდებლობასთან დაკავშირებით.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები კვლავ "ლეოპარდების" გარეშე დარჩნენ, "რამშტაინ-8" შეხვედრის შედეგები მაინც იმედისმომცემი გამოდგა, რადგან უკრაინის დასახმარებლად დიდძალი შეიარაღება გამოიყო.

უკრაინის არმიის "სპონსორებს" შორის კვლავ აშშ ლიდერობს, რომელმაც 2,5 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელშიც პირველად შევა "ბრედლის" ქვეითთა საბრძოლო მანქანები და "სტრაიკერის" ჯავშანტრასპორტიორები, ბრიტანეთი უკრაინას 14 თავის "ჩელენჯერ-2"-ის ტიპის ტანკს მიაწოდებს, შვედეთი - თანამედროვე თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს - "არჩერებს", გერმანია - ქვეითთა საბრძოლო მანქანებს - "მარდერებს", ხოლო ნიდერლანდები კი - თავის წილ "პეტრიოტების" ორ საზენიტო-სარაკეტო დანადგარს დაუთმობს...