"ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითამაშო!" - კვირის პალიტრა

"ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითამაშო!"

"ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითამაშო!"

ყველასათვის საყვარელ მსახიობს, მედეა ლორთქიფანიძეს მალე 85 წელი შეუსრულდება. "20 წლის გოგოს გული მაქვს - ლამაზ ბიჭს რომ დავინახავ, აუცილებლად თვალს გავაყოლებ ხოლმე", - ეშმაკური ღიმილით ამბობს ქალბატონი მედეა, რომელიც წელთა სიმრავლეს და ბედნიერებას უსურვებს ჩვენს ხალხს, მთელ საქართველოს.

(ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)

- პირველ თებერვალს ვარ დაბადებული, რამდენიმე დღეში 85 წლის გავხდები, მაგრამ გული ისევ ახალგაზრდული მაქვს, ჩემს ასაკს ვერ ვგრძნობ და ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. როცა ვხედავ, ვინმე ცუდ გუნებაზეა, იმდენს ვიხუმრებ და ისეთ ამბებს მოვუყვები, მდგომარეობიდან გამოვიყვან - ასეთი ხასიათი მაქვს.

- ახალ, 2023 წელს როგორი განწყობით შეხვდით?

- შობა-ახალი წელი ძალიან მიყვარს. სულ ვცდილობ, ამ დღეებში რაღაც გემრიელი და განსხვავებული მოვამზადო. მახარებს, რომ ჩემი შვილი და შვილიშვილები მოდიან, დღესასწაულს ყველა ერთად ვხვდებით. ჩემი სიძე და ნათესავებიც აუცილებლად მესტუმრებიან და ეს სტუმრიანობა პატარა ბავშვივით მიხარია. ისიც მომწონს, საჩუქრები და ტკბილეული რომ მოაქვთ. ჩემი შვილი, შორენა პატარა რომ იყო, ყოველ ახალ წელს თოვლის პაპის ტანსაცმელს ვქირაობდი, ჩვენს რომელიმე ნათესავს ან ახლობელს გამოვაწყობდი და ახალ წელს ასე ვულოცავდით. მე და ჩემი მეუღლე 12 წლამდე ასე ვატყუებდით, მაგრამ მერე მიხვდა, რომ თოვლის პაპები არ არსებობენ. ჩემი შვილიშვილები ამას კიდევ უფრო ადრე მიხვდნენ. ისეთი გონებაგახსნილი თაობა მოდის, რომ ასე ადვილად ვეღარ მოატყუებ.

- თქვენს ბავშვობაში როგორ აღნიშნავდით ახალი წლის მოსვლას?

- მე ძალიან რთულ დროში დავიბადე: 1938 წლის 1-ლ თებერვალს. 1930-იანი წლების რეპრესიები ახალი ჩავლილი იყო. ჩვენი ოჯახი ფოთში ცხოვრობდა, საიდანაც იმ წლებში იმდენი ხალხი გადაასახლეს, რომ ნახევარი ქალაქი დაცლილი იყო. მერე ომიც დაიწყო და ზეიმისთვის აბა, ვის ეცალა? მიუხედავად ამისა, ბაღში მაინც დავდიოდით და კარგად მახსოვს, როგორ გვილოცავდა ჩვენი თამარა მასწავლებელი ახალ წელს. საჩუქრების ფულს მშობლები აგროვებდნენ და როგორც იმ წლებს შეეფერებოდა, ისე აღვნიშნავდით. მაშინ სურსათს ტალონებით არიგებდნენ. მჭადის ფქვილსაც ტალონებით აძლევდნენ ფოთელებს. ახლაც მახსოვს, რა გემრიელად ვჭამდით ჯემიან ან მურაბიან მჭადებს, რომელსაც ბაღში "თოვლის ბაბუა" გვირიგებდა. 1943-44 წლებში თითქმის მთელი ფოთი დაცლილი იყო, ნაპირთან მარტო გემები დგებოდნენ, საიდანაც "მატროსები" ჩამოდიოდნენ და ქალაქს ცოტათი აცოცხლებდნენ.

- ყველაზე მკაფიოდ რა დაგამახსოვრდათ იმ დროიდან?

- ეს ჩემი ბაშვობის ყველაზე ლამაზი, ნათელი მოგონებაა, ამიტომ ჟურნალისტებს ხშირად ვუყვები: ჩვენს სახლთან ახლოს რუსული სკოლა იყო, სადაც გერმანელ ტყვეებს აბინავებდნენ. მათი დანახვა სკოლის ეზოში ხშირად შეიძლებოდა. ერთ დღეს, ჩემი ყურადღება მიიქცია ყველაზე უმცროსმა ჯარისკაცმა, რომელიც სულ კუთხეში იჯდა და ძალიან მოწყენილი იყო. ერთხელ ამ ბიჭს ეზოში მჭადის ნაჭერი გადავუგდე და შინისკენ თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. თავიდან მეგონა, უფროსები ჩემი საქციელის გამო მკაცრად დამსჯიდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდად დასრულდა. ერთ დღეს, სკოლასთან რომ ჩამოვიარე, მან ჩემი მიმართულებით რაღაც ისროლა. შიშისაგან ლამის გული წამივიდა - მეგონა, ბომბი იყო. თავი რომ ავწიე, ჩემს თავთან ცოცხის ღერებისგან გაკეთებული ლამაზი თოჯინა იდო. ეს თოჯინა ძალიან მიყვარდა და მანამ ვთამაშობდი, ვიდრე საბოლოოდ არ დაიშალა. ამ გადმოსახედიდან, ეს შემთხვევაც და მთელი ჩემი ბავშვობაც ტკბილად მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ რთული დრო იყო და ყველას უჭირდა, იმ წლებში მაინც ბევრი რამ უკეთესი იყო.

- მაინც, რა?

- პირველ რიგში, ხალხი ერთმანეთს მხარში ედგა და ხელს უწყობდა; მეზობლები, ნაცნობები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და უფრო მეტი სიყვარული იგრძნობოდა. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ყველაზე უცნაური იცით, რა იყო? - თეატრში ხალხი სულ დადიოდა. მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრი რომ ჩამოდიოდა, ფოთის თეატრი სულ გადაჭედილი იყო. ცნობილი მსახიობები ჩვენს ოჯახშიც მოდიოდნენ, რადგან მამაჩემი ფოთის თეატრის რეჟისორი გახლდათ. ხელოვნების სიყვარული გენეტიკურად მოგვდგამს - ჩემი ბებია, მარიამ მაღალაშვილი მსახიობ ედიშერ მაღალაშვილის და იყო. იმდროინდელმა ბავშვებმა უფროსის დაჯერება და პატივისცემა ვიცოდით. რომ წამოვიზარდე და ოჯახი შევქმენი, მახსოვს, როგორი პატივიცემით ვექცეოდი დედამთილს. ყოველ ახალ წელს მაზლის ცოლთან ერთად მივდიოდი, ის ცომეულს ამზადებდა, მე - კარგ იმერულ საცივს ან ბაჟეს და ვუტოვებდით. ჩვეულებრივ დღეებშიც, კვირაში 2-3-ჯერ მაინც მივდიოდით, რომ დედამთილს მარტოობა არ ეგრძნო. რძალ-დედამთილობაც კარგი გვქონდა და მეზობლობაც კარგი ვიცოდით: საახალწლო ნაძვის ხეს დავდგამდით ხოლმე, მეზობლებთან სტუმრადაც მივდიოდით, ერთმანეთს მეკვლედაც ვპატიჟებდით და დღესასწაულსაც ერთად აღვნიშნავდით.

- დღევანდელ ახალგაზრდებში რა არ მოგწონთ?

- ახლა ისეთი დროა, რომ ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, სტუმრად მისვლაც კი არ უხარიათ. ახალგაზრდა გოგონები ღამის ბარებში ისე ათენებენ, მათ ამბავს მამაც კი არ კითხულობს. შეიძლება ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი საქციელი მოსაწონი ნამდვილად არ არის. რთული დროა: შვილი მამას კლავს, მამა - შვილს, ქმარი ცოლს არ ინდობს და ცოლი - ქმარს, უფრო მეტიც, ბავშვები ვერ გაგვიშვია ქუჩაში თამამად, გვეშინია, ვიღაც ავადმყოფს არ გადაეყარონ... ადრე მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ეს ხალხი მატერიალურმა გაჭირვებამ შეცვალა და გადააგვარა?! მაგრამ ქართველებს უარესიც გადაგვიტანია.

- საახალწლო განწყობა ჯერ არ განელებულა, რადგან წინ 14 იანვარი - ძველით ახალი წელი გველოდება. რას ინატრებდით ახალი, 2023 წლისაგან? (ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)

- რას ვინატრებდი? - ალბათ იმას, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" გაგრძელდეს. ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო. კიდევ? - ძალიან მინდა, წელს მშვიდობა დამყარდეს, რომ ჩვენი ბიჭები ომში აღარ იღუპებოდნენ. ნებისმიერ დედას ურჩევნია შვილი ცოცხალი ჰყავდეს, ვიდრე გმირი ერქვას და საიდანღაც ჩამოუსვენონ! იმედი მაქვს, რომ 2023 წელი ყველა ოჯახში მშვიდობას, ხვავსა და ბარაქას შემოიტანს. დაე, ყველას გულში სიმშვიდე და სიხარული ბინადრობდეს, ყველა ღიმილიანი და გახარებული იყოს!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"