"ვერაგი გენერალი": სარდალ ვალერი გერასიმოვის ჩეჩნური კვალი" - კვირის პალიტრა

"ვერაგი გენერალი": სარდალ ვალერი გერასიმოვის ჩეჩნური კვალი"

ამერიკული რადიოს - Radio Free Europe/Radio Liberty-ს რუსულენოვანი სამსახურის ეთერში გადაიცა ვრცელი სიუჟეტი რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსის, გენერალ ვალერი გერასიმოვის შესახებ, რომელიც ამას წინათ, 11 იანვარს, უკრაინაში მოქმედი ჯარების სარდლად დაინიშნა. აუდიოსიუჟეტის ტექსტური ვერსია გამოქვეყნდა გამოცემის ვებ-გვერდზეც სათაურით - "ვერაგი გენერალი": სარდალ ვალერი გერასიმოვის ჩეჩნური კვალი" (ავტორი - პეტრე სევრიუკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვალერი გერასიმოვი ყაზანშია დაბადებული, 1955 წელს. მან იქვე დაამთავრა სუვოროვის სამხედრო სკოლა, სწავლა განაგრძო ჯერ ყაზანის უმაღლეს სატანკო სასწავლებელში და შემდეგ - ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიაში, ბოლოს კი სამხედრო განათლება რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაშიც გაიღრმავა.

უკრაინაში რუსეთის არმიის დაჯგუფების ახალი სარდალი იმ სამხედროების წრიდან არის, რომლებსაც, ზოგადად, "ჩეჩენ გენერლებს" უწოდებენ. მისი ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მიერ წარმოებული ჩეჩნეთის მეორე ომთან: 1998 წლის თებერვლიდან ვალერი გერასიმოვი ვლადიკავკაზში მსახურობდა - ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ხელძღვანელობაში. 1999 წლის აგვისტოდან მისი ქვედანაყოფები ჩეჩნეთის ომში აქტიურ ბრძოლებს აწარმოებდნენ.

ომის დასრულების შემდეგ ვალერი გერასიმოვი ჯერ შორეულ აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში (ვლადივოსტოკში) გადაიყვანეს სამუშაოდ, შემდეგ - მოსკოვში, ცენტრალურ გენშტაბში. 2006 წელს კი ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდა, ოლქის შტაბის უფროსის თანამდებობაზე. 2012 წელს, სერგეი შოიგუს რეკომენდაციით, იგი დაინიშნა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ და ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრად. ვალერი გერასიმოვი იყო სირიაში მოქმედი რუსული სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელი, რის გამოც მან 2015 წელს "რუსეთის გმირის" ოქროს ვარსკვლავი მიიღო. იმავე წელს უკრაინის სამხედრო პროკურატურამ ვალერი გერასიმოვი "დონბასში მიმდინარე ომის მთავარ იდეოლოგად" გამოაცხადა. 2016 წელს იგი დაადანაშაულეს მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის - "ბოინგის" (რეისი MH17) ჩამოგდებაში. ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ მოქმედებს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.

ოფიცერი, რომელმაც სიტყვა არ შეასრულა

რუსი უფლებადამცველი ალექსანდრე ჩერკასოვი გამოცემას უყვება, თუ როგორ ასოციაციებს იწვევს მასში უკრაინაში მოქმედი რუსული ჯარების დაჯგუფების ახალი სარდალი:

"ვალერი გერასიმოვი 1998 წლიდან 58-ე არმიის სარდლის მოადგილე იყო. მოგვიანებით, 2001 წელს, იგი ამავე არმიის სარდალიც გახდა. ანუ საუბარია იმ სამხედრო სტრუქტურაზე, რომელიც 1999 წლიდან ჩეჩნეთში მთავარ მოქმედ საომარ ძალას წარმოადგენდა. სწორედ ვალერი გერასიმოვი ითვლება ჩეჩნეთის სოფელ კომსომოლსკოეში 2000 წლის მარტში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის არქიტექტორად, რომელიც, რუსეთის იმდროინდელი ხელისუფლების შეფასებით, "ბრწყინვალედ" იქნა რეალიზებული.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოპერაციის განხორციელებაში, ვალერი გერასიმოვთან ერთად, გენერალი ვლადიმერ შამანოვიც მონაწილეობდა, რომელიც იმ დროს ჩრდილოკავკასიურ საარმიო დაჯგუფებას - "დასავლეთს" მეთაურობდა და ჩეჩნეთში გაუმართლებელი ძალადობით მოქმედებდა. იგივე ითქმის ვალერი გერასიმოვზეც, რომელიც ვლადიმერ შამანოვს უშუალოდ ექვემდებარებოდა

ჩეჩნეთის სოფელ კომსომოლსკოეში ჩატარებული "ბრწყინვალე ოპერაციის" დროს, როცა საველე მეთაურის, რუსლან გელაევის რაზმს ებრძოდნენ, რუსმა სამხედროებმა სოფლის ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა - ქალები, ბავშვები, მოხუცები - ჯერ ცოცხალ ფარად გამოიყენეს, შემდეგ კი ბევრი ადგილზე დახვრიტეს, ზოგი - დააპატიმრეს და ხანკალას სამხედრო ბაზაში წაიყვანეს. დაიღუპა 24 ადამიანი. ეს იყო დიდი ვერაგობა იმდენად, რამდენდაც რუსმა სამხედროებმა მათ "ოფიცრის სიტყვა" მისცეს, რომ ამნისტია გამოცხადდებოდა და მათ გაათავისუფლებდნენ.

თუ ეს "ბრწყინვალ ოპრაციაა", რომლითაც გენერალი ვალერი გერასიმოვი უნდა ამაყობდეს, მაშინ შეიძლება უკრაინაში მისი მოქმედების შედეგებიც წარმოვიდგინოთ, სადაც იგი მთლიანი დაჯგუფების სარდლად არის დანიშნული. მე არ მინდა იმის თქმა, რომ კომსომოლსკოეს ოპერაციაში ყველაფერზე ის იყო პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა - არა, მაგრამ ვალერი გერასიმოვმა პასუხი უნდა აგოს თავისი ჯარისკაცების მოქმედების გამო. იგი უფროსი ოფიცერი იყო და მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

კრემლს ბრძოლაგამოვლილი გენერლების დიდი რეზერვი არ ჰყავს. სერგეი სუროვიკინიც და ვალერი გერასიმოვიც მათ რიცხვიდან არიან, რომლებიც ჩეჩნეთში მსახურობდნენ. ისინი უკანასკნელნი არიან, სხვები არ არსებობენ".

-----------------

"უკრაინაში, რუსეთის არმიის დაჯგუფების სარდლობაში მომხდარი მორიგი საკადრო ცვლილებები მოწმობენ იმას, რომ კრემლი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია", - აცხადებს კომენტარში მიხეილ სავა, უკრაინელი ექსპერტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საქმე ისაა, რომ უკრაინის ომის შედეგებს კრემლისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ომის შედეგებზეა დამოკიდებული რუსეთის მმართველი რეჟიმის და ვლადიმერ პუტინის გუნდის თითოეული წევრის სიცოცხლისუნარიანობა. ომის მსვლელობას მსოფლიო უყურებს. ის, რაც ხდება უკრაინაში და მის ირგვლივ, მასმედიის ყურადღების ცენტრში იმყოფება. ობიექტურად ჩანს, რომ რუსეთის მმართველი ხელისუფლება უკრაინაში მისთვის საჭირო შედეგებს ვერ აღწევს. არც არის გასაკვირი, რადგან რუსეთს საჭირო პოტენციალი არ აქვს. ამიტომაც რეჟიმი აკეთებს ერთადერთს, რის გაკეთებაც შეუძლია - ცვლის მეთაურებს და სარდლებს. თანაც ცვლილებები იმდენად ხშირი და სწრაფია, რომ სასაცილოდაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ამაში არაფერი რაციონალური არ არის. ეს არის სასაწარკვეთის გამოხატულება", - ამბობს მიხეილ სავა.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო სტრუქტურები აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ სამხედრო მოქმედებებისა და ოკუპაციის დროს, ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში მასობრივად ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები. მათ რიცხვშია მსოფლიოში გახმაურებელი და რეზონანსული მკვლელობები, რომლებიც ბუჩაში და ირპენში იქნა ჩადენილი. თუმცა რუსი სამხედრო მოსამსახურების მხეცობის ფაქტები ამით არ ამოიწურება, უკვე ათასობით სამხედრო დანაშაულია დაფიქსირებული. ბევრში მონაწილეობა აქვს მიღებული ე.წ. კადიროველებს - ჩეჩნეთში დისლოცირებულ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებსა და "როსგვარდიის" პოლკებს, რომლებიც რამზან კადიროვის მამის - ჩეჩნეთის ყოფილი ხელმძღვანელის, ახმატ კადიროვის სახელს ატარებენ.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროიდან საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. თუ რატომ არ გამოდიან დღეს ომის წინააღმდეგ რუსი და ჩეჩენი დედები, გამოცემა ექსპერტებსა და უფლებადამცველებს ესაუბრა.

ფატიმა გაზიევა ჩეჩნეთის ომის დროს, თავისი სიცოცხლის ფასად, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს აფიქსირებდა და მთელი არქივი შექმნა, რომელიც მოგვიანებით შვეიცარიაში იქნა გატანილი. ბოლო დროს ფატიმა ბელგიაში ცხოვრობს, უფლებადაცვით საქმიანობას აგრძელებს და აქტიურად მონაწილეობს ჩეჩნური დიასპორის საქმიანობაში.

"მე არ მესმის რუსი დედების დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ. ვერ გამიგია, თუ რატომ არიან ისინი ჩუმად... განა დაღუპული შვილის პენსიის აღება და მის საფლავზე სიარული სიცოცხლეს აანაზღაურებს? განა შეიძლება იჯდე და უყურებდე, როგორ იღუპებიან შენი შვილები? იმიტომ, რომ პუტინს ასე სურს? იმიტომ, რომ ეშინიათ? ვიცი, რომ ათასობით ნამდვილი პატრიოტი ახლა პუტინის რეჟიმის ციხეებში იმყოფება, საპყრობილეებში სხედან ქალები და კაცები - ისინი, რომლებიც თავისუფლებისათვის, ახალი რუსეთისათვის იბრძვიან. მათ ხომ არ ეშინიათ?", - ამბობს ინტერვიუში ფატიმა გაზიევა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ