"მუსიკაში ყოველთვის უნდა ჟღერდეს ვნება და ენთუზიაზმი და ეს არ უნდა იყოს გაცვეთილი" - ქართველი პიანისტის უდიდესი წარმატებები გერმანიაში - კვირის პალიტრა

"მუსიკაში ყოველთვის უნდა ჟღერდეს ვნება და ენთუზიაზმი და ეს არ უნდა იყოს გაცვეთილი" - ქართველი პიანისტის უდიდესი წარმატებები გერმანიაში

დეტმოლდის შემდეგ, ქალაქ მიუნსტერში ცხოვრობდა და იქაურ "Musikhochschulen"-ში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა. იქიდან ბერლინში გაემგზავრა, რადგან მას კლასიკური მუსიკის მსოფლიო დედაქალაქად თვლიდა.

ჰამბურგის ფილარმონიაში მის მიერ ჩატარებული კონცერტის შესახებ ქართული პრესა წერდა. სულ ცოტა ხნის წინ, ლაიფციგში გამართა კონცერტი. უახლოეს მომავალში კი ახალი კონცერტები აქვს დაგეგმილი. ეს წარმატებული ქართველი პიანისტი ეკატერინე ხვედელიძეა, რომელსაც ქართული საზოგადოება აუცილებლად უნდა იცნობდეს.

- ეკატერინე, ვფიქრობ, რომ ადამიანთა მოდგმამ უძველესი მეცნიერების, მაგიის დიდი ნაწილი თითქოს დაკარგა, მაგრამ მისგან თუ რამე დარჩა, მხოლოდ მუსიკაა. ძალასთან ერთად მუსიკა თრობაცაა და არ მიკვირს, როცა ის „ათრობს“ მსმენელს, რაოდენ უფრო „დაათრობს“ იმას, ვინც მის სრულყოფილებას შეეხო...

მიუხედავად ამისა, გეკითხებით, რამდენადაა შესაძლებელი განწყობის გადმოცემა უკვე არსებული ნაწარმოებების შესრულებით? ანუ, თქვენ ახალს ხომ არ ქმნით...

- დაკვრის დაწყების წინ, საოცარი გრძნობა მეუფლება, სრულიად კონცენტრირებული ვარ მხოლოდ დასაწყის მელოდიაზე, ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი „გასაღები“ შევაღწიო ჯერ მუსიკის დერეფანში, მერე მის სიღრმეში. თავს წარმოსახვის უფლებასაც ვაძლევ, თუმცა ეს თავისთავად ხდება, მაგრამ აქაც, აუცილებლად ბოლომდე შინაგანი სიმშვიდით და დაკვირვებით ვეპყრობი ყოველ ბგერას...

შესრულებისას ჩემთვის, ორი უკიდურესი და მნიშვნელოვანი მომენტია: ზედმეტი ღელვა და ზედმეტი სიმსუბუქე. ორივე ძალიან ვნებს შესრულებას. მთავარია, ოქროს შუალედი, ჩემთვის სწორედ აქედან იღებს სათავეს ნამდვილი ხელოვნება და შემოქმედება.

სიმსუბუქეში ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს ერთი და იგივე ნაწარმოები შესრულებული, მასში ყოველთვის უნდა ჟღერდეს ვნება და ენთუზიაზმი და არ იყოს გაცვეთილი. ამ ბალანსზე ფიქრი ცოტა მაკრთობს.

- თქვენი შემოქმედების გზა საქართველოდან, ერთი ტრადიციული ქართული ოჯახიდან იწყება, სადაც ჯერ კიდევ ძალიან პატარა გოგონა - საბავშვო ბაღში, ბავშვური ფანტაზიით მუსიკას თხზავდით, შინ დაბრუნებული კი, ნამდვილ ფორტეპიანოს მიუჯდებოდით და თქვენს შეთხზულს ოჯახის წევრებს ასმენინებდით... ეს მცირე მონაკვეთია, რაც ვიცი თქვენი, ასე ვთქვათ, შემოქმედების დასაწყისზე.

მომიყევით, როგორ მოხდა თქვენი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე?

- მე წილად მხვდა ბედნიერება, ეს ყველაფერი სიღრმისეულად მესწავლა დიდებულ პიანისტთან, იგორ მ.ჟუკოვთან, თავად ლეგენდარულ ჰაინრიჰ ნოიჰაუზის მოსწავლესთან.

2004 წლიდან 2018 წლამდე იგორ მიხაილოვიჩი ჩემი მენტორი იყო, მან გამანდო მისი ყველა შემოქმედებითი საიდუმლო, განსაკუთრებით მასთან შევიგრძენი სკრიაბინის მისტერიული სამყარო.

მოგვიანებით უკვე, ლაიფციგის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ვან სტეინი ესწრებოდა ჩემს ერთ-ერთ სოლო კონცერტს. როგორც აღმოჩნდა, მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემ მიერ სკრიაბინის ინტერპრეტაციამ და მაშინვე განუზრახავს სამომავლოდ ჩემი სოლისტად მიწვევა. თუმცა, მან ეს ჩანაფიქრი დაახლოებით ერთი წლის წინ გამიზიარა და უფრო მეტიც, პატივი მქონდა ალექსანდრე სკრიაბინის 150 წლის იუბილეზე შემესრულებინა კომპოზიტორის ულამაზესი და გამორჩეული საფორტეპიანო კონცერტი ლაიფციგის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რობერტ ვან სტეინის ხელმძღვანელობით და ერთ-ერთი ჩემი სურვილი განმეხორციელებინა.

eka-1674470049.jpg

ჩემი საყვარელი ორი კომპოზიტორის, სკრიაბინის 150 და ცეზარ ფრანკის 200 წლის საიუბილეო კონცერტი, რომელიც გაიმართა ლაიფციგის სამ სხვადასხვა კულტურის სასახლეში, ჩემთვის იყო როგორც ერთგვარი გამოწვევა, ასევე დიდი სიამოვნება.

სამივე კონცერტზე იგრძნობოდა აუწერელი მისტიკა, რაც სწორედ რომ სკრიაბინს ახასიათებს.

ასეთი მდგომარეობის და ემოციის გადმოცემა შესაძლებელია მხოლოდ ბრწყინვალე დირიჟორის, როგორც ვან სტეინია და მისი ორკესტრის თანხლებით. ასევე ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელის მხრიდან...აქვე გეტყვით, რომ ვან სტეინი ჩემთან ერთად გეგმავს კონცერტებს უახლოეს მომავალში...

- თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება სრულიად კლასიკას დაუკავშირდა. კლასიკის გარდა უსმენთ რამეს?

- დიდი სიამოვნებით ვუსმენ ჯაზს, განსაკუთრებით ბილ ევანს. მიყვარს ჯაზის ცოცხალი შესრულება. ასევე მქონდა ბედნიერება 2018 წელს დამეკრა ლეგენდარულ ჯაზ-პიანისტთან, ჩიკ კორეასთან ერთად ოთხ ხელში მის ერთ-ერთ სოლო კონცერტზე ბერლინში. ეს მართლაც სენსაცია და დაუვიწყარი მომენტია ჩემ ცხოვრებაში.

- საქართველოს პრეზიდენტი შეგხვდათ გერმანიაში, თქვენს კონცერტს დაესწრო თუ არ ვცდები. თქვენ მაშინ სურვილს გამოთქვამდით რომ თბილისშიც სიამოვნებით ჩაატარებდით კონცერტს, შემდეგ პანდემია დაემთხვა... ასე არ იყო?

- პანდემიის პერიოდში გავაცნობიერე, რომ სწორედ დრო განსაზღვრავს ყველაფერს; რომ დროის უსასრულო ფუფუნებაც ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს. ამ თემაზე შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ…

მთელი ძალისხმევით ვეცადე ამაზე არ მეფიქრა და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამომეყენებინა. დავიწყე ინტენსიური მუშაობა ახალ რეპერტუარზე... ჩემი ვიდეო ჩანაწერიც, სკრიაბინის 24 პრელუდია, სწორედ ამ დროში განვახორციელე.

ეს ჩანაწერი ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლის საერთაშორისო კონკურსზეც გავაგზავნე, რომელსაც ივო პოგორელიჩი ხელმძღვანელობდა, ჩემდა მოულოდნელად ვერცხლის პრიზით დამაჯილდოვეს. კონკურსების დიდი მოყვარული არ ვარ, თუმცა პანდემიამ აქაც რაღაც ბიძგი მომცა და სხვა განზომილებით დამანახა ყველაფერი. ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და თუნდაც რამდენიმე წინადადების გაცვლა მასთან. მისგან საოცარი შინაგანი სიძლიერე იგრძნობოდა, ამავე დროს ძალიან მოვიხიბლე მისი ელეგანტურობით, დახვეწილობით. გადავეცი საჩუქრად ჩემი დისკი და ჰამბურგის ფილარმონიაში ჩემ სოლო კონცერტზეც დავპატიჟე, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ვიზიტის გამო ვერ შეძლო კონცერტზე დასწრება. ვიმედოვნებ, მალე კიდევ მექნება პრეზიდენტის მოპატიჟების შესაძლებლობა ჩემს კონცერტზე, ან პირიქით, ამას დრო გვიჩვენებს.

- ვინ იქნებოდა ეკატერინე ხვედელიძე მის ცხოვრებაში მუსიკა რომ არ ყოფილიყო?

- თუ ჩემი ცხოვრების წესს გადავხედავ, იგი მოცულია ბალეტით. მართალია გვიან დავიწყე და სპორტი ბალეტით ჩავანაცვლე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემთვის დიდი განტვირთვის საშუალება და ამასთანავე, დიდი ვნებაა. თერთმეტი წელია კვირაში სამჯერ ვუთმობ ბალეტს, სპორტთან შედარებით, ბალეტი ჩემთვის მეტად ესთეტიურია და ამავე დროს აქაც მუსიკასთან ვარ ახლოს. საოცარი გრძნობაა, როცა მოძრაობ მუსიკის თანხლებით, როდესაც ზოგიერთს თავად ასრულებ. რადგანაც სირთულე და მისი გადალახვა მიყვარს, რაც თითქმის რუტინაში გადამეზარდა,

ვისურვებდი ბალეტი ამერჩია პროფესიად, თუმცა ეს პირად ოცნებაზე არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ ბალეტი მოითხოვს ზოგადად კიდევ მრავალ შესაბამის უნარს, ნიჭის გარდა, მათ შორის გამორჩეულ ფიზიკურ და ესთეტიურ შესაძლებლობას. ამიტომ აქ დიდი კითხვის ნიშანი რჩება.

ჩემი სამეგობრო წრეც ერთგვარი შემოქმედებაა, ხელოვანი და შემოქმედი ადამიანებით ვარ გარშემორტყმული, უმეტესად მწერლებით, ფილოსოფოსებით. ეს ძალიან მავსებს, მათგან ბევრს ვსწავლობ და სულიერ საზრდოს ვიღებ.

ალბათ მუსიკა რომ არა, ‘მძიმე ტვირთს’- კალამს ავიღებდი ხელში. მოკლედ რომ გიპასუხოთ, ყველა შემთხვევაში ეკატერინე ხვედელიძე შემოქმედი იქნებოდა.

- ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ „სამყარო მუსიკით შეიქმნა და მუსიკის მეშვეობითვე იმ საწყისს უბრუნდება, რომელმაც ის შექმნა..“. ეს, გახსენებთ თუ არა სკრიაბინს, რომელიც ასე სჭარბობს თქვენს შემოქმედებაში?

- ყველა საგანი და არსება სრულყოფილი სიცოცხლით ცოცხლობს და სიცოცხლის ნიშანი, რომელსაც ეს ცოცხალი სილამაზე ასხივებს, არის სწორედ მუსიკა. ჩემს შემოქმედებაში სკრიაბინი სჭარბობს, რადგან მისი მუსიკა უაღრესად მისტიკურია...

სხვას არაფერს ვიტყვი, უბრალოდ დავამატებ, რომ 2023 წელს გამოიცემა ალექსანდრე სკრიაბინის ათივე სონატა ჩემი შესრულებით.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)