"მეუღლისგან ვიცოდი, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით და იმუქრებოდა... ჩემი მეზობელი იყო, ერთი კედელი გვყოფს და ამწარებდა ცოლს" - კვირის პალიტრა

"მეუღლისგან ვიცოდი, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით და იმუქრებოდა... ჩემი მეზობელი იყო, ერთი კედელი გვყოფს და ამწარებდა ცოლს"

მეზობლის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ბოლო პერიოდში ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა.

როგორც მან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მამაკაცი ჩაკეტილი ადამიანი იყო.

„როგორც ვიცი, როდესაც ბინა დაცალა სამზარეულო და წყლის გამაცხელებელი ჰქონდა წამოსაღები და არ ატანდა. ირმამ (მეუღლემ) თქვა, რომ პოლიციის დახმარებით გაიტანდა. ნიკა (შვილი) იყო კარგი და საუკეთესო ადამიანი, მამასთანაც ვიცი, რომ საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მამა ეხმარებოდა შვილს, პროდუქტი მოჰქონდა, ფულს სჩუქნიდა, ყურადღებაც აქცევდა, მამა-შვილს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა.

ზოგადად, ნოდარი ჩაკეტილი ადამიანი იყო, მეზობლებს არაფერს ერჩოდა. იყო მომენტი, როდესაც გამარჯობას მეტყოდა, მეორე დღეს შესაძლოა, არც მომსალმებოდა, თავისებური იყო. გამოვრიცხავ, ბიჭებთან მოსვლოდა კონფლიქტი.

მომხდარს ვერაფერს ვუკავშირებ. ალბათ უფრო, ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა. ერთად ყოფნის დროს ეჭვიანობდა და როდესაც გაშორდნენ, მაშინ უფრო არაადეკვატური გახდებოდა. ჩემი მეზობელი იყო, ერთი კედელი გვყოფს, ამწარებდა ცოლს. [თანაცხოვრების დრო] სცემდა...ბევრჯერ დაურეკავს მეზობლისთვის, უთქვამს, რომ მეუღლე მცემს და პოლიციაში დარეკეთ, მაგრამ არავის დაურეკავს, იმიტომ, რომ მეორე დღეს ისევ ერთად იყვნენ“, - აღნიშნავს შორენა ყუშიტაშვილი.

მისივე თქმით, მამაკაცი მეზობლებთან არაადეკვატური არ ყოფილა.

„ვიცოდი მეუღლისგან, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით და იმუქრებოდა. მეზობლებთან არაადეკვატური არ იყო, მაგრამ ძალიან უაზრო რაღაცებზე ეჭვიანობდა. ერთს ვიტყვი, რომ მიცვალებული არც მანავში დაიკრძალება, არც კოსტავას ქუჩაზე, არც გზატკეცილზე, მიცვალებულს კორპუსში არ მივიღებთ.

ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველი კორპუსიდან დაიწყო სროლა, ჯერ გარეთ ისროდა, შემდეგ მივიდა თავის სახლში. ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა“, - აღნიშნავს შორენა ყუშიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

IPN