"კარმის გამწმენდის" ქონება აუქციონზე გაყიდეს!
"მკურნალს" ოფისის ქირაც არ გადაუხდია
სასოწარკვეთილი და დეპრესიაში მყოფი საზოგადოება ხშირად ხდება თაღლითების სამიზნე. სასწაულს მოწყურებული ხალხი ხან მკითხავებისა და ნათელმხილველების ჯიბეს ასქელებს, ხან კი "სასწაულმოქმედი მკურნალების".
კარგა ხანია საქართველოში ასეთ სასწაულმოქმედ მკურნალად "ქართული პარაფსიქოლოგიის მამა" ირაკლი ლომაია მოგვევლინა. ის ერთი სენაკელი ბიჭიდან რამდენიმე თვეში უნიკალურ მკურნალად იქცა, რომლის "სასწაულმოქმედებანი" თურმე მთელმა მსოფლიომ "აღიარა" (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა).
გავიდა არცთუ ისე დიდი ხანი და სრულიად მოულოდნელად ჩვენი მკურნალი "აითესა". პრობლემები, ეტყობა, მას ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეექმნა და მის პარაფსიქოლოგიურ ნიჭზე სარეკლამო სტატიებით სწორედ ამ დროს აჭრელდა ქართული პრესა.
სარეკლამო ინტერვიუში, რომელიც ივნის-ივლისში თითქმის ყველა ცნობილ ჟურნალში დაიბეჭდა, "პარაფსიქოლოგიის მამა" ირაკლი ლომაია თავისი ცხოვრების მძიმე გზაზე გვიამბობდა, ირწმუნებოდა, ტანზე იეროგლიფები და ეკლესია მესახებოდა, მირონიც მდიოდა და პატრიარქმა მითხრა, ირაკლი, შენ ღვთის შვილი ხარ, ეშმაკს არ ძალუძს მსგავსი სასწაულების მოხდენაო. მე, ერთადერთმა შევძელი ლიცენზიის მოპოვება და საქართველოში პარაფსიქოლოგიის ცენტრი გავხსენიო. სხვადასხვა ინტერვიუში ბატონი ლომაია გვიმტკიცებს, რომ ორგანიზმს წიდებისგან წმენდს, აღადგენს ბიოენერგეტიკულ ველს და ამ შედეგს მხოლოდ ის აღწევს, რადგან ასეთი დაავადებების წინაშე თანამედროვე მედიცინა უძლურია(!). სარეკლამო ავტობიოგრაფიაში ლომაიას ცხოვრების მძიმე ეპიზოდებზეც არის საუბარი და იმ "მოკრძალებულ" თანხაზეც (მოკრძალებული თანხა კი 236 ლარი გახლავთ), რომელსაც ლომაია მხოლოდ ერთხელ იღებს მკურნალობის პროცესში, ხოლო თუ პაციენტი მისი მეთოდით მკურნალობას არ დაექვემდებარა, გადახდილი თანხის 80 პროცენტს თურმე უკან უბრუნებენ.
ერთი სიტყვით, სარეკლამო სტატიებში ირაკლი ლომაიას ღვაწლი ისე დამაჯერებლად იყო გადმოცემული, რომ გადავწყვიტეთ, ლომაიას სასწაულმოქმედი ძალა პირადად გამოგვეცადა. მის ოფისს აგვისტოს ბოლოს მივმართეთ, რადგან სარეკლამო სტატიებში მითითებული იყო, რომ ლომაიასთან მოხვედრა მხოლოდ წინასწარ ჩაწერით არის შესაძლებელი. სარეკლამო სტატიებში მითითებულ (95 12 67) სატელეფონო ნომერზე დავუკავშირდით. "უშუალობითა და ადამიანურობით" განთქმულ ლომაიას ოფისში ყურმილი ქალბატონმა აიღო და მეორე დღის 12 საათისთვის დაგვიბარა და გვკითხა, 236 ლარი ხომ გაქვთო. ვუთხარი, ქალბატონო, ძალიან გაჭირვებული ვარ, ფული ახლა არა მაქვს, მომავალ კვირას მექნება და თუ შეიძლება, გულისხმიერებით სახელგანთქმულმა (ასე იყო ნათქვამი სარეკლამო სტატიაში) ბატონმა ირაკლიმ მიმიღოს და თანხას ნაწილ-ნაწილ მივართმევ-მეთქი. არა, გენაცვალე, 236 ლარი რომ გექნებათ, მერე დარეკეთო, უხეშად მიპასუხა გაღიზიანებულმა ქალმა და ისე, რომ მორიგი კითხვის დასმა ვერ მოვასწარი, ყურმილი დამიკიდა. რამდენიმე დღეში ლომაიას ოფისში ისევ დავრეკე, ჩაწერა ვითხოვე და ამჯერადაც იმავე ხმამ მიპასუხა, შვებულებაში გავდივართ და პირველი სექტემბრიდან მოგვმართეთო. რას ამბობთ, - შევიცხადე მე, - ძალიან მინდა ბატონი ირაკლის ნახვა, მძიმე დეპრესია მაქვს და მისი შვებულებიდან გამოსვლამდე რა მეშველება-მეთქი? აბა, როგორ გინდათ, ბატონი ირაკლი ამდენ ენერგიას ხარჯავს და ხომ უნდა ძალების მოკრება და სათანადო კონცენტრაციაო... ერთი სიტყვით, სექტემბერი დადგა თუ არა, ისევ მივაშურე ოფისს. რადგან ფოტოსურათისა და პირადობის მოწმობის მიტანა გვთხოვეს, "სამკურნალოდ" ჩემი მეგობრის ვითომდა მეუღლის ფოტო წავიღეთ, მაგრამ პაციენტის მაინცდამაინც 3X4-ზე ზომის ფოტო მოგვთხოვეს. ვიდრე ჩვენ ახალი ფოტო გავამზადეთ და ისევ ლომაიას ოფისს მივადექით, "ერთადერთი ლიცენზირებული პარაფსიქოლოგი" უგზო-უკვლოდ გაქრა. მის ასავალ-დასავალს ვეღარსად მივაგენით, - პირადი ტელეფონი გათიშული აქვს, საიტზე მითითებული ტელეფონები კი არ მუშაობს. დიდი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთ სარეკლამო სტატიაში მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს, უკვე დავიღალეთ ზარებით, ლომაიას მთელი ქვეყანა ეძებს და არ ვიცით, სად არის, ჩვენ თავი დაგვანებეთო.
იძულებული გავხდით ისევ კარგარეთელის 8 ნომერში (სადაც ირაკლი ლომაიას ოფისი იყო) მივსულიყავით. კარი ისევ დაკეტილი, ხოლო აბრა "ლომაია" ჩამოხსნილი დაგვხვდა. ეგრეთ წოდებული ოფისი იაშვილების ოჯახს ეკუთვნის. ლომაიამ ეს ბინა რამდენიმე ხნის წინ იქირავა. როგორც ბინის მფლობელმა გვითხრა, დამქირავებელი უეცრად გამქრალა, არც ოფისის ქირა გადაუხდია, მხოლოდ წერილი დაუტოვებია, ისე არ დაგტოვებთ, თქვენსა და ყველას ვალს აუცილებლად გადავიხდიო.
ლომაიას ასავალ-დასავალი არც მისმა უახლოესმა მეგობრებმა იციან (მეგობრებად იმ ხალხს ვთვლით, ვისი ფოტოსურათებიც ამშვენებდა ლომაიას ოფისს). ჩვენ დავუკავშირდით ეთერ კაკულიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ ირაკლი დაახლოებით ერთი წელია არ უნახავს. დავინტერესდით, სარგებლობდა თუU არა მეგობარი "სასწაულმოქმედის" მომსახურებით, მაგრამ ეთერ კაკულიამ გვიპასუხა, რომ ასეთი რაღაცები არ აინტერესებს და, ბუნებრივია, არც ლომაიას მომსახურებით უსარგებლია ოდესმე(?!).
ახლა რაც შეეხება შთაბეჭდილებას, რომელიც ლომაიას ოფისში შემექმნა. ლომაიას ოფისის მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახლდათ მოზრდილი დარბაზი, რომელიც დამშვენებული იყო პატრიარქთან და შოუბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად გადაღებული ფოტოებით. (ოფისში ფოტოს გადაღება იკრძალება. - ავტ.) დარბაზში იჯდა ხალხი, რომლებიც ვითომ ჩუმად, თავისთვის (არადა საკმაოდ ხმამაღლა, სხვების გასაგონად) ლაპარაკობდნენ, თუ როგორ განკურნა სასწაულმოქმედმა პარაფსიქოლოგმა მისი შვილი, ძმა, დეიდა ნათესავი თუ ბიძაშვილი უმძიმესი სენისგან. ამ სანუგეშო ინფორმაციით გაბრუებული პაციენტები უკვე წინასწარი ფსიქოლოგიური განწყობით შემზადებულნი შედიოდნენ "სასწაულმოქმედ" პარაფსიქოლოგთან. არადა ლომაიას კლიენტები მართლაც არ აკლდა. უმრავლესობა ნერვულ აშლილობას უჩიოდა, ზოგს სიმსივნიანი ავადმყოფი ელოდა შინ, ზოგიერთს სხვა უმძიმესი სენით დაავადებული შვილი ან დედა... ზოგი შვილის ბედით იყო შეწუხებული, აგერ უკვე 30-ს გადააბიჯა და ვერ თხოვდება ან ცოლი ვერ მოჰყავსო. ზოგიერთს კი მიაჩნდა, რომ მის ოჯახს ჯადო ჰქონდა გაკეთებული და კარმის გაწმენდა ესაჭიროებოდა... მოკლედ, ყველა "უბედურების მკურნალთან " აშკარა ხალხმრავლობა იყო. მეტიც, ერთი ქალბატონი ლომაიას კაბინეტიდან გახარებული გამოვიდა, გარდაცვლილი შვილის სულთან შეხვედრას დამპირდაო(!!!).
ძალზე დაგვაინტერესა იმ სითხემაც, რომელსაც ლომაია განსაკურნებლად აძლევდა პაციენტებს. სხვათა შორის, "სასწაულმოქმედ" სითხეს ყველასთვის როდი იმეტებდა. ზოგიერთს ეუბნებოდა, თქვენ წამლის მიღება არ გჭირდებათო და რამდენიმე სანთლის მიცემით იფარგლებოდა. სამწუხაროდ, სასწაულმოქმედი სითხე არც ჩვენ გვერგო, რადგან ცნობილი "მკურნალი" მოულოდნელად "აითესა". როგორც გავიგეთ, ლომაიას საკმაოდ დიდი ვალი დარჩა გადასახდელი, მათ შორის სარეკლამო თანხები, ოფისის ქირა. ლომაიას ქონება - მშენებარე ბინა ვაკეში და ორი ავტომობილი (მათ შორის "მერსედესი", რომელსაც ნომრის ნაცვლად ლომაია ეწერა) რამდენიმე ხნის წინ სააღსრულებო ბიურომ აუქციონზე გაყიდა TBC ბანკის ვალების გამო. ისიც დავადგინეთ, რომ ასეთი ორიგინალური ნომრის აღება 10.000 ლარი ჯდება.
სად გაქრა "ქართული პარაფსიქოლოგიის მამა", დაუდგენელია, მაგრამ მის საქმიანობას რომ თაღლითობის სუნი ასდის, ეჭვი, ალბათ, აღარავის ეპარება. როგორც ლომაიას ოფისის მეზობლად მცხოვრებლებმა გაგვიმხილეს, აქ ხშირი იყო აყალმაყალი, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ პრეტენზიები ოფისის ზღურბლს არასოდეს გასცდენია და არც ერთ უკმაყოფილო პაციენტს პრესის ან სამართალდამცველებისთვის არასოდეს მიუმართავს. ასევე ბევრი ყოფილა მადლიერი პაციენტიც, რომლებიც ლომაიას მზეს იფიცებდნენო.
ამ საქმეში გაუთვითცნობიერებელი და თაღლითური ტექნოლოგიების უცოდინარი ადამიანისთვის ლომაიას "წარმატების საიდუმლოს " ამოხსნა ღვთიური კავშირების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მათთვის, ვინც კარგად იცნობს თაღლითურ ტექნოლოგიებს, ხალხის გაცურება პრობლემას არ წარმოადგენს. ოფისში მკურნალის ყოვლისშემძლეობაზე საუბარი ჩვეული, ნაცადი ხერხი გახლავთ. ასეთ ფანდებს თაღლითები უცხოეთში გამგზავრების მსურველთა მახეში გასაბმელადაც წარმატებით იყენებენ. მათ ოფისებში მუდმივად ტრიალებს ხალხი, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებიან და სხვების გასაგონად წარმატებული გამგზავრების შესახებ ნაირ-ნაირ ვერსიებს ჰყვებიან. ასეთ მახეში ჩემი მეგობარი ჩემ თვალწინ გაება. ბევრი ვურჩიე, სისულელე არ ჩაედინა, მაგრამ ვინ დაგიჯერა? მიპასუხა, არ გესმის, რას ამბობენ? გაუგზავნიათ ამათი ახლობლები და კარგადაც მოწყობილანო.
ერთი სიტყვით, ჩემმა მეგობარმა და სხვებმა თაღლითებს 200-200 დოლარი ჩააბარეს და კანადაში ვოიაჟისთვის მოემზადნენ, მაგრამ ფირმა ერთ კვირაში აორთქლდა. მის ასავალ-დასავალს ვეღარც პოლიციამ მიაგნო, ვეღარც კლიენტებმა.
ახლა რაც შეეხება უკმაყოფილო პაციენტებისთვის თანხის უკან დაბრუნებას. განა თაღლითი ასე იქცევა? ასეთ შემთხვევებში თანხის დაბრუნება პატიოსნების მანიშნებელი სულაც არ არის, პირიქით, ეს ცნობილი თაღლითური სქემაა. მაგალითად, ერთი თაღლითობისთვის გასამართლებული ქალის ისტორიას მოვიყვან და ყველაფერი ნათელი გახდება. 80-იანი წლების ბოლოს, როცა ქვეყანაში ინსტიტუტში "მოწყობისა" და დიპლომიანების ბუმი იყო, დააკავეს თაღლითობაში ბრალდებული ქალი, რომელსაც არც ერთი მომჩივანი არ ჰყავდა.
თაღლითი დიპლომის მაძიებლებისა და ჩაბარების მსურველთა მშობლებს შინ იბარებდა და სოლიდურ გასამრჯელოდ საქმის გაჩარხვას ჰპირდებოდა. ასობით მსურველიდან 20 აბიტურიენტი მაინც ხვდებოდა ინსტიტუტში ჩაწყობის გარეშე. თაღლითი ამას თავის დამსახურებად ასაღებდა და სოლიდურ თანხასთან ერთად მშობლების მადლობებსაც იღებდა. ვინც ვერ ჩააბარებდა, დაარწმუნებდა, რომ მოულოდნელად მისი ნაცნობი კომისიის წევრი მოხსნეს და საქმის გაკეთება ამიტომაც ვერ მოხერხდა, კლიენტებს ბოდიშს უხდიდა და თანხასაც უბრუნებდა. უკმაყოფილო და დაზარალებული, ბუნებრივია, არავინ ჩანდა.
ასე რომ, ეს "კეთილშობილური ჟესტიც" კარგად დაგეგმილი თაღლLითუUრი აქციის შემადგენელი ნაწილი იყო.
ისევ ირაკლი ლომაიას ოფისში შევიჭყიტოთ. მას საკმაოდ დიდი აპარატი ჰყავდა, - პიარმენეჯერებით, ბუღალტერიითა და ა. შ. პარაფსიქოლოგს რატომღაც თავდაუზოგავად აპიარებდა ზოგიერთი ტელევიზია თუ ჟურნალი. სოფლიდან ჩამოსული უსუსური ბიჭისგან ლეგენდის შექმნა იოლი ნამდვილად არ არის და მარტო ნამდვილად ვერ გაართმევდა ამას თავს.
პაციენტების განკურნებას კი ფსიქოლოგები და ექიმები ძალზე მარტივად ხსნიან: მკურნალობის დროს წინასწარი ფსიქოლოგიური განწყობა და რწმენა დიდ როლს თამაშობს (მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე დეპრესიას, ცუდ განწყობას, კარმის გაწმენდასა და საერთო პროფილაქტიკას შეეხება). ლომაიას განმარტებით (სარეკლამო სტატიებზე დაყრდნობით), პარაფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც იკვლევს ცოცხალი ორგანიზმის ბიოენერგეტიკას, კერძოდ, სად არის გააქტიურებული ენერგეტიკული ველი და მას საერთო არაფერი აქვს მკითხაობასა და ნათელ ხილვასთან. არადა, სპეციალურ ლიტერატურაში მკაფიოდ არის მოცემული პარაფსიქოლოგიის განმარტება. კერძოდ, პარაფსიქოლოგია არის კვლევა-ძიების დარგი, რომელიც აღიარებს აღქმის ისეთი ფორმის არსებობის შესაძლებლობას, რომელიც არ არის დაკავშირებული გრძნობათა ორგანოებთან. ამ მოვლენას უწოდებენ ექსტრასენსორულ ან არაგრძნობად აღქმას. მას მიეკუთვნება ტელეპათია, ნათელხედვა, პარადიაგნოსტიკა და სხვ.
ფსიქიატრიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავით ზურაბაშვილი: - ჩემი მოსაზრებით, ყველაფერი, რასაც ადამიანის აზრი ქმნის, სინამდვილეში შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენ ამისთვის მზად არა ვართ. ასევე არ ვიყავით მზად 100 წლის წინ, რომ დაგვეშვა მობილური ტელეფონის, ტელევიზორისა და სხვა მიღწევების არსებობა. დღეს კი ყველაფერი ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, მაგრამ სხვა არის პარაფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების არსებობის საკითხი და სხვა, აქვს თუ არა ლომაიას ამის ნიჭი. ის, რომ პარაფსიქოლოგია არსებობს, ამ აზრს მეც ვიზიარებ, მაგრამ ლომაიას პარაფსიქოლოგობაზე ვერაფერს მოგახსენებთ.
პარაფსიქოლოგიის ერთ-ერთი მომენტია ორ ადამიანს შორის ინფორმაციის ტაქტილური გადაცემა. პარაფსიქოლოგია ადამიანს აძლევს საშუალებას, გაიგოს, რა აწუხებს მეორე ადამიანს, მაგრამ სხვაზე ზემოქმედებისა და მკურნალობის უნარით პარაფსიქოლოგები ნაკლებად არიან დაჯილდოებულნი. ლომაიას შევხვედრივარ. ამტკიცებდა, თითქმის ყველა დაავადებას ვკურნავო. მე ვკითხე, რას ვერ კურნავ-მეთქი და ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ლომაიას რომ ჰკითხო, ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს შველის. ეს კი შეუძლებელი რამ არის.
- რატომ, ერთ ადამიანში ამდენი ნიჭი არ შეიძლება იყოს თავმოყრილი?
- ადამიანს შეიძლება განუსაზღვრელი ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ შეუძლებელია ყველა ნიჭის რეალიზება.
- ამბობენ, რომ ლომაიას ტანზე იეროგლიფები და სტიგმები, ეკლესიები ესახებოდა, არც ეს ნიშნავს რამეს?
- თქვენ გინახავთ ეს იეროგლიფები? მე - არა.
- არც მე მინახავს, მაგრამ ამბობენ...
- მე სასწაულის მჯერა. მჯერა, რომ ხატს მირონი და ზეთი მოსდის, მაგრამ ის, რომ ადამიანს სხეულიდან მირონის დენა დაეწყოს, ამის არ მჯერა...
რაც შეეხება ფართოდ რეკლამირებულ ლომაიას ლიცენზიას. ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც გვიპასუხეს, რომ საქართველოში პარაფსიქოლოგია არალიცენზირებადი დარგია და აქედან გამომდინარე, სამინისტროს ლომაიასთვის ლიცენზია არ მიუცია. მთავარი, რითაც ლომაია კლიენტებთან ნდობის მოპოვებას ახერხებდა, პატრიარქის კურთხევის მოშველიება იყო.
საპატრიარქოს პრესსამსახურში ჩვენ გაგვიმარტეს, რომ პატრიარქს ლომაიას საქმიანობაზე კურთხევა არასოდეს მიუცია.
მაია გაგუა, საპატრიარქოს პრესსამსახურის თანამშრომელი: - თუ უწმინდესი ვინმეს დალოცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მას საქმიანობაზე აძლევს კურთხევას.
- ლომაიას უწმინდესთან ერთად ფოტოც აქვს გადაღებული. ის ოფისში ჰქონდა გაკრული...
- უწმინდესი ძალზე თავმდაბალი ადამიანია, ნებისმიერს, ვისაც ამის სურვილი ექნება, შეუძლია მასთან ერთად ფოტოს გადაღება, მაგრამ შემდგომ ეს უკანასკნელი რაში და როგორ გამოიყენებს ამ ფოტოს, ვერაფერს გეტყვით.