"საქართველოს პატივსაცემად ჩემს ქალიშვილს ჯორჯია დავარქვი...ეს ქვეყნა 23 წლის წინ აღმოვაჩინე" - რას ამბობს იტალიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოზე სამი წიგნი დაწერა - კვირის პალიტრა

"საქართველოს პატივსაცემად ჩემს ქალიშვილს ჯორჯია დავარქვი...ეს ქვეყნა 23 წლის წინ აღმოვაჩინე" - რას ამბობს იტალიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოზე სამი წიგნი დაწერა

იტალიელი მოგზაური, ისტორიკოსი, მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი უკვე მრავალი წელია, საქართველოს გარშემო მოგზაურობს, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას, ენასა და ტრადიციებს იტალიელ საზოგადოებას აცნობს და მათთვის წიგნებსაც წერს. ფრანჩესკო ამბობს, რომ საქართველო მისთვის მეორე სამშობლოსავითაა და იმდენად უყვარს ჩვენი ქვეყანა, რომ შვილს პატივსაცემად ჯორჯია დაარქვა. იგი 45 წლისაა, ქართულ ანბანს სწავლობს და ქართულად უკვე კარგად საუბრობს. ფრანჩესკო გვიყვება, როგორ აღმოაჩინა ჩვენი ქვეყანა და რა უყვარს აქ ყველაზე მეტად:

- ფლორენციაში ვცხოვრობ. დაქორწინებული ვარ და 2 ქალიშვილი გვყავს. პოლიტიკისა და შუა საუკუნეების ისტორიის ხარისხი მაქვს და ამჟამად ელექტრონიკის კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ. საქართველო 23 წლის წინ, იტალიურ ჟურნალში აღმოვაჩინე. რეპორტიორი წერდა, რომ ამ ქვეყანაში უძველესი ენა და ანბანი არსებობდა. აღნიშნავდა იმასაც, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი არიან. მეც გადავწყვიტე ჩამოსვლა და მას შემდეგ ამ ქვეყანაზე შეყვარებული ვარ. ძალიან მომწონს ქართული ენა, ანბანი, ისტორია და კულტურა. საქართველოში პირველად 2003 წელს ჩამოვედი და ამის შემდეგ კიდევ 10-ჯერ დავბრუნდი.

- სწავლობთ ქართულ ენას. როგორც წესი, სწავლა ერთულებათ ხოლმე - თქვენ რა გეხმარებათ შესწავლაში?

- დიახ, ვსწავლობ ქართულ ენას. მყავს ორი 2 მაღალი დონის პროფესორი: გაგა შურღაია და ვარდი თვალაძე. ძალიან მიყვარს ქართული ენა, ძალიან რთულია, მაგრამ ქართული ენის შესწავლა ჩემთვის ყველაზე ლამაზი რამაა მსოფლიოში.

- ქართული ღირსშესანიშნაობების შესახებ ხშირად ესაუბრებით თქვენს აუდიტორიას, აცნობთ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ჩვენს ისტორიას - რა გახდა თქვენთვის მოტივაცია?

- საქართველოს უძველესი ისტორია აქვს. თქვენ მოახერხეთ თქვენი ენისა და იდენტობის შენარჩუნება 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს საოცრებაა! სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას, რომ ქართული ისტორიისა და კულტურის დიდი სიძველის შესახებ ვისაუბრო, რომელიც არ უნდა დაიკარგოს და მის შესახებ ბევრმა გაიგოს. იხილეთ სრულად