"გიორგი გახარია მზად არის, ივანიშვილს დებატებში დაუჯდეს" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარია მზად არის, ივანიშვილს დებატებში დაუჯდეს"

ბატონი ივანიშვილი არის გახარიას კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქემოკლიძემ განმარტა, პოლიტიკურ დებატებში გახარია ბიძინა ივანიშვილთან დაჯდებოდა და ის ამისთვის მზად არის.

მისივე განცხადებით, "ქართულ ოცნება“ გიორგი გახარიასთან დებატებში შესვლას ვერ ბედავს.

"რაც შეეხება ბატონ გახარიას და მის გამოჩენას, ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, ნათქვამი აქვს, რომ გამოჩნდება, ჩემი აზრით, ძალიან მალე გამოჩნდება და ბევრი პოლიტიკური ბატალიაც იქნება. ეს წელი საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ.

გიორგი გახარია დებატებში კი აპირებს შესვლას, მაგრამ ხელისუფლების წევრები ვერ ბედავენ მასთან დებატებში შესვლას მათსავე მოედანზე. ნეიტრალურზე კი არა, საკუთარ მოედანზე მზად ვართ არათუ გახარია, მისი გუნდის ინდივიდუალურად თითოეული წევრი დავუსხდეთ და იქ ვაჩვენოთ, "სად ზამთრობენ კიბორჩხალები“, მათ კარგად იციან, რომ ჩვენთან დებატებში შანსი ნულს დაბლა აქვთ, ამიტომაც არიან სოროებში შემალულები“, - აცხადებს ქემოკლიძე.

კითხვაზე, ვისთან დაჯდებოდა გახარია პოლიტიკურ დებატებში, ქემოკლიძე ასე პასუხობს:

"ბატონ ივანიშვილთან, ბატონი ივანიშვილი არის მისი კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან. ბატონ ივანიშვილს აქვს, როგორც ჩანს, მასთან კითხვები, შესაბამისად, ის მზად არის, ბატონ ივანიშვილს დაუჯდეს დებატებში. ეს თავად ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა იმ ე.წ. წერილში, რომელიც თურმე, პოლიტიკიდან წასულმა ადამიანმა დაწერა. თქვენ გჯერათ, რომ ბატონი ივანიშვილი ამ 2 წლის თავზე პოლიტიკიდან წავიდა? - ის არსად წასულა, „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში, სწორედაც, ამ ადამიანის მეშვეობით იმართება და ამავდროულად, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ“, - აცხადებს ქემოკლიძე.

მან ასევე ია კერზაიასა და 20 ივნისზეც ისაუბრა.

„ია კერზაიასთან შემხებლობა გიორგი გახარიას საერთოდ არ ჰქონია, ამიტომ ვისთვის ეს შეცდომა იყო, ვისთვის - დანაშაული და ვისთვის - საერთოდ არაფერი ყოფილა. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მას ამ საქმესთან შეხება ნული ჰქონდა...ის საქმე საერთო ჯამში გამოძიებულია, შესაბამისი დასკვნა დადებულია, სტრასბურგში გასაჩივრებულია და ყველა ელოდება ამ სარჩელს, თუკი რამე იყო შეცდომა, გადაცდომა, ან დანაშაული, ვინმე გაექცა პასუხისმგებლობას? - ჩვენი სიძლიერეც ამაში მდგომარეობდა, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი მოლაპარაკე მშიშარა თუთიყუშებისგან განსხვავებით, არასდროს პასუხისმგებლობას არ გავქცევივართ. შეცდომა 20 ივნისთან დაკავშირებით რა იყო - გახარიასი კი არა, მთლიანად სახელმწიფოსი: ნახევრად ჯაშუშურ ორგანიზაციაში რომ გაწევრიანდნენ, მთელი ჯაშუშური ორგანიზაციის ამხელა ჯგუფი რომ ჩამოიყვანეს, 3 კაცის მეტი რომ ვერ დავბლოკე, ბატონი კობახიძე აზერბაიჯანში გაიქცა, ამასობაში საკუთარი სკამი რომ დაუთმო, ლამის ქვეყანა რომ გადატრიალდა და დღეს, რომ ვიღაცის ღალატზე და თურმე, დანაშაულზე საუბრობს.

აქციაზე იყო ბევრი გადაცდომა და ამ გადაცდომის საპირწონედ ბევრი პოლიციელი დაისაჯა, რაც შსს-ს ისტორიაში არასდროს მომხდარა. ზოგიერთმა პოლიციელმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და პასუხი აგო კიდეც. პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე არსებობდა თუ არა ჩაშლილი ინსტრუქცია იქ რაღაც განსაკუთრებული ძალა გამოეყენებინათ? - ასეთი ინსტრუქცია არ არსებობდა, ეს იცის ყველა პოლიციელმა, რადგან ისინი საკუთარ რაციაში ისმენდნენ ცენტრალური აპარატიდან, რა ინსტრუქცია იშლებოდა აქციის დამეჯმენტებისას“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"