"როგორ ახერხებს საქართველო ნეიტრალიტეტის დაცვას ყარაბაღის კონფლიქტში" - DW - კვირის პალიტრა

"როგორ ახერხებს საქართველო ნეიტრალიტეტის დაცვას ყარაბაღის კონფლიქტში" - DW

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - "როგორ ახერხებს საქართველო ნეიტრალიტეტის დაცვას ყარაბაღის კონფლიქტში", რომელშიც განხილულია საქართველოს რეგიონული საგარეოპოლიტიკური კურსის ასპექტები - კერძოდ, დამოკიდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მიმართ მთიანი ყარაბაღის საკითხში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში და მის ყველა ეტაპზე საქართველო ამ საკითხის მიმართ ნეიტრალიტეტს იცავდა. თავის მხრივ, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არასდროს ითხოვდნენ თბილისისაგან, რომ საქართველო მკვეთრად და მკაფიოდ მიმხრობოდა რომელიმე მხარეს, თუმცა ბაქოც და ერევანიც პოზიციის გამოხატვას სხვა მეზობლებს ყოველთვის მოუწოდებდნენ.

დამკვირვებელთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიისათვის ასეთი ბალანსი ობიექტურად მომგებიანია: საქართველო რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩაბმულიყო, რეგიონში სიტუაცია ძალიან დამძიმდებოდა.

რა განაპირობებს საქართველოს ნეიტრალიტეტს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში და როგორ ახერხებს თბილისი ასეთი პოზიციის შენარჩუნებას?

ნეიტრალიტეტის ესტაფეტა

1991 წლიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან, ქვეყნის სათავეში სხვადასხვა ადამიანი იმყოფებოდა და მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა, ესტაფეტური ჯოხის მსგავსად, ერთმანეთს გადასცემდნენ ნეიტრალიტეტის კურსს მთიანი ყარაბაღის მიმართ. საქართველოს ნეიტრალური კურსის გატარებას ხელს არ უშლის არც მისი დამოკიდებულება აზერბაიჯანულ გაზზე და არც ის, რომ თბილისის პოზიცია საკუთარი რეგიონების - აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ ძალიან ჰგავს ბაქოს პოზიციას მთიანი ყარაბაღის მიმართ: ორივე ქვეყანაში თვლიან, რომ აღნიშნული რეგიონები მათი ქვეყნის ნაწილია (ორივე შემთხვევაში - დაახლოებით 20%) და რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია (დღეისათვის მთიან ყარაბაღს უკვე აზერბაიჯანი აკონტროლებს).

ქართველი პოლიტიკოსები და ლიდერები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ამ საკითხში დიდი სიფრთხილის დაცვა იყო საჭირო და შეცდომები არ უნდა დაეშვათ, ცდილობდნენ ბალანსი შეენარჩუნებინათ და მეზობლებისთვის არ ეწყენინებინათ.

"სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული" კავკასიაში

ქართული ეკონომიკა მართლაც ძალიანაა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობასა და მეტ-ნაკლებ სიმშვიდეზე. ექსპერტების აზრით, იმ დროს, როცა ყარაბაღის კონფლიქტი "გაყინული" იყო, საქართველოს არაფერი დაუკარგავს, პირიქით - უფრო მოგებული დარჩა: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სომხეთის იზოლაციის გამო, საქართველო წარმატებით ასრულებდა და ასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველო "სარგებლობდა სატრანსპორტო მონოპოლიით" სამხრეთ კავკასიაში.

"იმ დროიდან, როცა ნავთობსადენ "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ექსპლუატაცია დაიწყო, საქართველომ არა მარტო ეკონომიკური სარგებელი ნახა, არამედ - თავისი უსაფრთხოებაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო. საქართველომ, როგორც იქნა, შეძლო და ყურადღება მიიპყრო აშშ-ისა და ევროპის მხრიდან. მოკლედ, დასავლეთი საქართველოთი დაინტერესდა", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

დღესაც, როცა საქართველო ევროპასთან ინტეგრირებას ცდილობს, მას მით უფრო სჭირდება, რომ რეგიონში "სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძულად" დარჩეს. სხვათა შორის, ნეიტრალიტეტის დაცვა თბილისს საშინაოპოლიტიკური სტაბილურობისთვისაც სჭირდება: ქვეყანაში სომხებისა და აზერბაიჯანლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს და ბუნებრივია, კონფლიქტი ეთნიკურ უმცირესობებს შორის უკიდურესად არასასურველია.

მასმედიის პოზიცია და ინტერესები

რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს სამივე ქვეყანაში, ამ მხრივ სიტუაცია, პოლიტიკოსების პოზიციებისგან განსხვავებით, არცთუ ერთმნიშვნელოვანია. როცა 2022 წლის სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები ატყდა, ზოგიერთი სომეხი ჟურნალისტი აღშფოთებული იყო იმით, რომ ქართული მასმედია სათანადო ყურადღებას არ აქცევდა მის გვერდით განვითარებულ მოვლენებს და ამ დროს ფართოდ აშუქებდა უკრაინის ამბებს.

თუმცა ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტის აზრით, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქართული მასმედია ხშირად ნეიტრალურ ტონს არღვევდა და ბალანსს არ იცავდა, მაგალითად, ყარაბაღის მეორე ომის დროს, 2020 წლის შემოდგომაზე. ქართველები უფრო მეტად ბაქოს უჭერდნენ მხარს, ვიდრე - ერევანს და ეს ბუნებრივი იყო: აზერბაიჯანი ომს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აწარმოებდა, ეს საკითხი კი ძალზე აქტუალურია საქართველოსთვის.

როცა ყველას ყველაფერი აწყობს...

აზერბაიჯანელი პოლიტიკური ანალიტიკოსი, შაჰინ რზაევიც თვლის, რომ საქართველო, კაცმა რომ თქვას, თუ ფაქტებს დავაკვირდებით, მაინცდამაინც ისეთი ნეიტრალური არ არის, როგორც თბილისს სურს, საკუთარი თავი წარმოადგინოს. იგი ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროში, ეუთოში საქართველო ხმას ყოველთვის ბაქოს სასარგებლოდ აძლევს. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, საქართველოს "პროაზერბაიჯანული" პოზიცია განპირობებულია იმით, რომ თბილისსაც მსგავსი ტერიტორიული პრობლემა აქვს.

გარდა ამისა, შაჰინ რზაევის თქმით, სომხეთი ყოველთვის ეყრდნობოდა რუსეთის დახმარებას, რომელიც საქართველოსთვის ოკუპანტ ქვეყნად ითვლება. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ თბილისს მეტი სიმპათიები აზერბაიჯანისადმი უფრო ექნება, ვიდრე - სომხეთის მიმართ.

"ამასთან, აზერბაიჯანშიც ესმით, რომ საქართველოსაგან მეტ ლოიალობას არ უნდა ელოდნენ. სომხეთშიც აცნობიერებენ, რომ თბილისს თავიანთ მხარეს ვერ გადაიბირებენ. ამიტომაც უმჯობესი იქნება, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. დღევანდელი მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს აწყობს - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ისინი პრაგმატიზმით ხელმძღვანელობენ", - ამბობს ანალიტიკოსი.

როგორც ჩანს, შექმნილი ვითარება აწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც რეგიონში სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ (ჟურნალისტიკაში, კვლევით სფეროში და ა.შ.). სწორედ საქართველოში ტარდება ყველაზე მეტი სემინარები, კონფერენციები და შეხვედრები, რომლებშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

მოგვარდება თუ არა მთლიანად ყარაბაღის კონფლიქტი ახლო მომავალში თუ კიდევ წლობით გაჭიანურდება, ეს საქართველოზე, დამკვირვებლების თქმით, მაინცდამაინც არ აისახება: თბილისისათვის მთავარია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისევ არ დაიწყონ სრულმასშტაბიანი ომი და ხელი არ შეუწყონ რუსეთის გავლენის გაფართოებას რეგიონში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ