კა-გე-ბეს  პირველი "ოპერატიული  კომბინაცია"  ქართველი დისიდენტების  წინააღმდეგ:  ჯაშუშობაში  ბრალდება - კვირის პალიტრა

კა-გე-ბეს  პირველი "ოპერატიული  კომბინაცია"  ქართველი დისიდენტების  წინააღმდეგ:  ჯაშუშობაში  ბრალდება

საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია კა-გე-ბეს ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა შემუშავებული, რაზეც ქვემოთ მოტანილი საიდუმლო დოკუმენტიც მეტყველებს. 1975 წლის 29 დეკემბერს, როდესაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე ახალი წლის სამზადისში იყო, კა-გე-ბეს შეფმა, იური ანდროპოვმა “სრულიად საიდუმლო” მოხსენება (#3213–А) გააგზავნა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:

“ 1975 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით შრომით-გამოსასწორებელ დაწესებულებებში (ანუ ე.წ. “კოლონიებში” – ბ.ა.) განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისთვის სასჯელს იხდის 860 მსჯავრდადებული, მათგან ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის – 261 ადამიანი, რომლებიც ორ შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში იმყოფებიან”.

მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ “ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა”, რომელიც საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით ისჯებოდა (იგივე ნორმა მოქმედებდა სხვა რესპუბლიკებშიც), დისიდენტების პასუხისგებაში მიცემის ძირითადი საფუძველი იყო. აქედან გამომდინარე, ამ დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ 1975 წლის დასასრულისთვის სულ 261 დისიდენტი იმყოფებოდა კოლონიებში. მართლაც არაა დიდი ციფრი საბჭოთა იმპერიის კვალობაზე. ეს კი ორი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული: ან საბჭოთა საზოგადოება ინერტული იყო და “ღრმა ძილს” მისცემოდა, ან კა-გე-ბე ვერ მუშაობდა ეფექტიანად და ვერ ავლენდა დისიდენტებს. კიდევ ერთი ციტატა იური ანდროპოვის საიდუმლო მოხსენებიდან ნათელს ფენს ამ საკითხს:

“1971-1974 წლების პერიოდში 63 108 ადამიანს ჩაუტარდა პროფილაქტიკა. ამავე პერიოდში მხოლოდ პროფილაქტიკის გზით ფორმირების სტადიაში აღკვეთილი იქნა 1839 ანტისაბჭოთა ჯგუფის საქმიანობა”.

მკითხველს შევახსენებ , რომ ე.წ. “ანტისაბჭოთა საქმიანობის პროფილაქტიკა”, რომელიც ი. ანდროპოვის “ნოუ-ჰაუ” იყო, გულისხმობდა დისიდენტურ საქმიანობაში ეჭვმიტანილებთან გასაუბრებას, მათ დაშინებას მოსალოდნელი პრობლემებით (მათთვის და ოჯახის წევრებისთვისაც) და, რაც ყველაზე მთავარია, გადაბირებას და უკვე აგენტის სტატუსით უკან დისიდენტურ ჯგუფში დაბრუნებას.

დისიდენტური ჯგუფების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი თუ უძლებდა ამგვარ ზეწოლას და ბოლომდე საკუთარი პრინციპების ერთგული რჩებოდა. ამის შემდეგ მათი მძიმე ცხოვრება ციმბირის კოლონიებში, უმკაცრეს კლიმატურ და სარეჟიმო პირობებში გრძელდებოდა. “პროფილაქტირებულების” უდიდესი ნაწილი საერთოდ თავს ანებებდა დისიდენტებთან კონტაქტს, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი კა-გე-ბესთან თანამშრომლობის ხელწერილს დებდა და მცირე სასჯელის მოხდის შემდეგ დისიდენტურ ჯგუფში ბრუნდებოდა. ახლა კი ცხადი უნდა იყოს, თუ რატომ იხდიდა სასჯელს მხოლოდ 261 დისიდენტი, დანარჩენები კი “პროფილაქტირებულნი” (ანუ უკვე დამუშავებულნი) იყვნენ.

ამ მეთოდებით კა-გე-ბე სრულად აკონტროლებდა სიტუაციას, რასაც ადასტურებს კიდევ ერთი ამონარიდი იური ანდროპოვის საიდუმლო მოხსენებიდან:

“ჩამოყალიბების სტადიაშივე შევძელით დაგვექსაქსა (ტექსტშია “разложить” –“გაგვეხრწნა”, რაც შეიძლება უფრო ზუსტად ასახავს სუკ–ის მუშაობას – ბ.ა.) მთელი რიგი ნაციონალისტური, რევიზიონისტული და სხვა ანტისაბჭოთა მიმართულების საშიში დაჯგუფებები. ავტორიტეტების კომპრომეტირებამ . . საშუალება მოგვცა თავიდან აგვეცილებინა არასასურველი შედეგები ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში. ასევე გაამართლა ისეთმა ღონისძიებებმა როგორებიცაა: საბჭოთა მოქალაქეობის ჩამორთმევა და საზღვარგარეთ გაძევება (სოლჟენიცინი, ჭალიძე, მაქსიმოვი, კრასინი, ლიტვინოვი, ესენინ-ვოლგინი და სხვ.). ოპერატიული მდგომარეობის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო აგრეთვე მრავალი ექსტრემისტისთვის საბჭოთა კავშირიდან ისრაელში გამგზავრების უფლების მიცემამ”.

ამ მოხსენებაში საბჭოთა უშიშროების შეფი ცდილობს საბჭოთა დისიდენტებს (ამ სიტყვას ანდროპოვი მხოლოდ ბრჭყალებით იყენებს – ბ.ა.) ბრალეულობა წინდაწინ დაუმძიმოს და მომავლისთვის უფრო მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლების წინაპირობა შექმნას. ამაზე მეტყველებს ქვემოთ მოტანილი ციტატა:

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ “დისიდენტების” მოქმედებები, რომლებიც თავიდან ანტისაბჭოთა პროპაგანდით შემოიფარგლება, შემდეგ, მთელ რიგ შემთხვევებში, იღებს ისეთ მძიმე ფორმებს, როგორიცაა: ტერორიზმი, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზება, ჯაშუშობა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირის დამყარება და სხვ”.

საიდუმლო მოხსენების ბოლოს კა-გე-ბეს თავმჯდომარე „პარტიული ხელმძღვანელობის“ წინაშე პირობას დებს:

“სუკ-ი მომავალშიც მკაცრად ადევნებს თვალს, რათა ეგრეთ წოდებულმა “დისიდენტებმა” ვერ შექმნან ორგანიზებული ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი და ვერ ჩაატარონ ანტისაბჭოთა საქმიანობა, მათ შორის “ლეგალური პოზიციებიდან” (სახაროვის ”ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტი”, “საერთაშორისო ამნისტიის ჯგუფი”, შეკრებების ორგანიზება გარკვეული პოლიტიკური მიზნებით და ა.შ.)”.

ზემოაღნიშნული დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ კა-გე-ბეს საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ მოქმედებების მრავალფეროვანი არსენალი ჰქონდა დამუშავებული და ამ საკითხს “შემოქმედებითად” უდგებოდა.

მაგალითად: ოპერატიული კომბინაციების შედეგად “მახეს აგებდა” და თავად ახდენდა “ანტისაბჭოთა” ჯგუფების შექმნის პროვოცირებას; თავად უბიძგებდა დისიდენტებს კავშირი დაემყარებინათ უცხოეთში მოქმედ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებთან, რათა ეს ფაქტი შემდეგ მათივე კომპრომეტირებისთვის გამოეყენებინა.

ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი იხსენებს, რომ კა-გე-ბე ფარულად ხელს უწყობდა საბჭოთა დისიდენტების დაკავშირებას უცხოეთში მოქმედ ანტისაბჭოურ ორგანიზაცია “НТС” (“народно-трудовой союз” )-თან. “НТС” საბჭოთა პროპაგანდის მიერ საბჭოთა ხელისუფლების მთავარ მტრად იყო შერაცხილი და იმდენად იყო “დემონიზირებული”, რომ მასთან კავშირი ძალზე ამძიმებდა დისიდენტთა ბრალდებას, ცდებოდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლს და 65-ე (“სამშობლოს ღალატი”) და 66-ე (“ჯაშუშობა”) მუხლებით ისჯებოდა. აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებს, როგორც “НТС” –ში, ასევე სხვა ემიგრანტულ ორგანიზაციებსა და უცხოურ “რადიო-ხმებში” მრავლად ჰყავდა აგენტურა, რაც უადვილებდა

“დისიდენტებისთვის” ხაფანგების დაგებას. ასე, რომ კა–გე–ბეს პირველი კლასიკური „ოპერატიული კომბინაცია“ დისიდენტების ჯაშუშობაში ბრალდება და მათი უცხოეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირება იყო.

gamsaxurdia-1674547042.jpg

კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები

ზვიად გამსახურდია „ავტობიოგრაფიაში“ ვრცლად საუბრობს დისიდენტურ წარსულზე. საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 1960-იანი წლების ბოლოდან ჰქონდა კონტაქტები მოსკოველ და ლენინგრადელ დისიდენტებთან. თუმცა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ზოგიერთი დისიდენტი დააპატიმრა, ხოლო ნაწილი იძულებით ემიგრაციაში გაგზავნა, ეს კონტაქტები დაიკარგა და მხოლოდ 1972 წლის დამდეგიდან შეძლო მან ახალი კონტაქტების დამყარება ცნობილ საბჭოთა უფლებადამცველებთან, კერძოდ ა.სახაროვთან, ი.შაფარევიჩთან, ვ.ჭალიძესთან, ს.კოვალიოვთან, ა.გინზბურგთან და სხვ. იმ პერიოდში ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“ შექმნეს. პარალელურად მათ ე.წ. „საჰაერო ხიდი“ მოაწყვეს მოსკოვსა და თბილისს შორის: ისინი რეგულარულად მიფრინავდნენ საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში და იქიდან თბილისში „სამიზდატის“ (ანუ საბჭოთა კავშირში არალეგალურად დაბეჭდილი ლიტერატურა) და „ტამიზდატს“ (ასე ეძახდნენ საზღვარგარეთ დაბეჭდილ ლიტერატურას, რომელიც არალეგალურად შემოჰქონდათ საბჭოთა კავშირში) ლიტერატურა ჩამოჰქონდათ. ამ აკრძალული ლიტერატურის ნაწილს თბილისში ოფსეტურად ამრავლებდნენ, რომელიც შემდეგ ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას უკან, მოსკოვში ჩაჰქონდათ გასავრცელებლად. გასაგებია, რომ ყმაწვილობიდან (ჯერ კიდევ 1956 წლიდან) კა–გე–ბეს აღრიცხვაზე მყოფი პიროვნებების ეს „საეჭვო მოძრაობები“ უშიშროებას მხედველობიდან არ გამორჩებოდა.

„საჰაერო ხიდი“ განსაკუთრებით გააქტიურდა 1974 წლის ზამთრის პერიოდიდან, მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთიდან დაიწყო ა. სოლჟენიცინის მთავარი ნაწარმოების „არქიპელაგ გულაგის“ ფარული შემოტანა. ზ. გამსახურდია „ავტობიოგრაფიაში“ აღნიშნავს, რომ თბილისში ოფსეტურად ამრავლებდნენ ამ წიგნს და მოსკოვსა და ლენინგრადში ჩაჰქონდათ.

kostava-1674547121.jpg
კონსტანტინე გამსახურდია და მერაბ კოსტავა

ზ. გამსახურდიას მონათხრობს ადასტურებს ქვემოთ მოტანილი დოკუმენტიც. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის თბილისის საქალაქო სასამართლოს 1978 წლის 19 მაისის განაჩენში ვკითხულობთ: “1974 წელს, ქ. ლენინგრადში იგი (საუბარია ზ. გამსახურდიაზე – ბ.ა.) დაუკავშირდა ნ. ე. გორბანევსკაიას, რომელიც ადრე მსჯავრდადებული იყო ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის, ამჟამად კი ცხოვრობს საზღვარგარეთ და თანამშრომლობს ანტისაბჭოთა რადიოსადგურ „თავისუფლებასთან“. მისგან მიიღო სოლჟენიცინის თხზულებები .. . , რომლებიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების სახელგამტეხ ცილისმწამებლურ მონაჭორს. . . 1975 წელს ქ. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროდრომზე, გამსახურდიას ჩამოართვეს ანტისაბჭოთა ლიტერატურის დიდი ნაწილი, რომელიც მას კვლავ გორბანევსკაიამ გადასცა. . . . . იმის ნაცვლად, რომ 1975 წელს ქ. მოსკოვში ანტისაბჭოთა ლიტერატურის ჩამორთმევის შემდეგ სათანადო დასკვნები გამოეტანა, გამსახურდიამ კვლავ გააგრძელა მსგავსი ქმედება“.

ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას და სხვა ქართველი დისიდენტების ყველა მოქმედებას კა–გე–ბე სრულად აფიქსირებდა. ამაზე მეტყველებს “განაჩენში” მოტანილი ფაქტები. ასე, რომ კა-გე-ბესთვის კარგად იყო ცნობილი ქართველი დისიდენტების (უპირველესად ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას ) კავშირი მოსკოვსა და ლენინგრადში მცხოვრებ საბჭოთა დისიდენტებთან. ასე, რომ ზემოთ მოტანილი ამონარიდიც კარგად მეტყველებს, რომ 1974-1975 წლებში კა-გე-ბეს საკმაოზე ბევრი მტკიცებულება ჰქონდა ხელთ ქართველი დისიდენტების საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გასასამართლებლად, თუმცა ამას არ აკეთებდა.

ამ გარემოებით გაკვირვებული ყოფილა თავად ზ. გამსახურდიაც, რომელიც მოგვიანებით წერდა: „წარმოუდგენელია, რომ კა–გე–ბეს არ სცოდნოდა წიგნის გამრავლების შესახებ, რადგან ჩვენ ვიყავით მჭიდრო, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა სახელმწიფო უშიშროება კარგა ხანს დუმდა, ნაბიჯს არ დგამდა. ეს აოცებდა მოსკოველ დისიდენტებს.“

ქართველი დისიდენტები არა მარტო აკრძალულ რუსულენოვან ლიტერატურას ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ, არამედ 1975 წლის გაზაფხულზე მათ ჟურნალების: „ოქროს საწმისისა“ და “საქართველოს მოამბის” არალეგალურად ბეჭდვა და მათი ასლების გავრცელებაც დაიწყეს. ორივე ჟურნალს ზ. გამსახურდია რედაქტორობდა. მკითხველს უნდა შევახსენო, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს მკაცრად ისჯებოდა ცენზურაგაუვლელი პუბლიკაციების დაბეჭდვა და გავრცელება. ამგვარი ლიტერატურა, სულაც „უცოდველი“ და არაპოლიტიკური შინაარსის ლექსებიც რომ ყოფილიყო მაინც იკრძალებოდა, ხოლო ავტორი, როგორც “ცილისმწამებლური მონაჭორის“ გამავრცელებელი, მკაცრად ისჯებოდა. მით უფრო გასაკვირია, რომ კა–გე–ბე თითქმის ორი წელი თვალს ხუჭავდა ჟურნალების: „ოქროს საწმისისა“ და “საქართველოს მოამბის” დაბეჭდვა–გავრცელებაზე. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სსრ სუკ-ს სრული ინფორმაცია, ჰქონდა ამ პროცესზე და მასში მონაწილე პირებზე, თუმცა მათ დაპატიმრებას და არალეგალური ჟურნალების ბეჭდვის შეწყვეტას არ ჩქარობდა. საინტერესოა რა იყო ამის მიზეზი?

ზ. გამსახურდია ამ ფაქტს შემდეგ ახსნას უძებნიდა: იმ პერიოდში კონსტანტინე გამსახურდია მძიმედ იყო ავად და მათ სახლში ჩხრეკის ჩატარებას და ზვიადის დაპატიმრებას ვერ გადაიტანდა, მისი სიკვდილი კი მთელი საქართველოსა და მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა და დიდ აღშფოთებას გამოიწვევდა. ამიტომ სანამ მწერალ-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია ცოცხალი იყო კა–გე–ბეს არ უნდოდა მდგომარეობის გართულება.

ეს არგუმენტი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, თუმცა დიდი ქართველი მწერლის გარდაცვალების (1975 წლის 17 ივლისი) შემდეგაც კა–გე–ბე ქართველი დისიდენტების მიმართ განსაკუთრებით „ჰუმანური“ იყო: კანონდარღვევის ფაქტზე მათ აკავებდნენ და რამდენიმე საათში კი ათავისუფლებდნენ.

ზ. გამსახურდია იხსენებს 1975 წლის 31 ივლისსა და 1976 წლის 22 მაისს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაკავების შემთხვევებს, როდესაც მისი ბარგიდან დიდი რა ოდენობით აკრძალული ლიტერატურა ამოიღეს. თუმცა ამ ფაქტებს სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია. ჩემი აზრით იმიტომ, რომ კა–გე–ბეს ქართველი დისიდენტები უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის სჭირდებოდა: მათი მოქმედებები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან მართულად უნდა ეჩვენებინათ. ამიტომაც ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ კა–გე–ბეს პირველი „ოპერატიული კომბინაცია“ ჯაშუშობაში ბრალდებას და ამ გზით მათ კომპრომეტირებას გულისხმობდა.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)