რა ადვილი ყოფილა ნატოში გაწევრების დაბლოკვა... - კვირის პალიტრა

რა ადვილი ყოფილა ნატოში გაწევრების დაბლოკვა...

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, თურქეთის საელჩოს წინ, დანიური ანტიისლამური პარტიის ხელმძღვანელმა სახალხოდ დაწვა ყურანი...

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე კი, "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენლებმა იმავე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, მერიის წინ, ფეხებით ჩამოკიდეს თურქეთის პრეზიდენტის - ერდოღანის ფიტული...

და ეს მაშინ, როდესაც შვედეთი და ფინეთი მხოლოდ თურქეთის (და უნგრეთისაც) დასტურს ელოდებიან, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ...

შვედეთისა და ფინეთის 31-ე და 32-ე წევრებად შემატება სერიოზულად გაზრდის ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ შესაძლებლობებს ჩრდილოეთ ფლანგზე, რაც ასე არ სურთ კრემლში, იმ კრემლში, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში იმიტომაც შემოიჭრა, რომ ჩვენს ქვეყნებს გადაკეტოდათ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. თუმცა რუსეთის ამ აგრესიულმა ქმედებებმა საპასუხო შედეგიც გამოიღო და ალიანსის წევრობა სასწრაფოდ გადაწყვიტეს შვედეთსა და ფინეთში, რომლებსაც ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ ნატოს შექმნიდან გასულ შვიდ ათეულ წელზე მეტი ხნის პერიოდში, მაგრამ არ სურდათ, ახლა კი იგრძნეს "რუსული სამყაროს" სახიფათო მიახლოების საშიშროება და თავის შეფარება ნატოს "თავდაცვის ქოლგის" ქვეშ მოინდომეს, მაგრამ - ნურას უკაცრავად, წინ თურქეთი გადაეღობათ...

დასავლეთი ყოველთვის ამაყობდა თავისი დემოკრატიითა და იმით, რომ ევროკავშირისა და თვით ნატოს წევრი ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსით ანუ ურთიერთშეთანხმებით იღებენ...

ნატოს სწორედ ეს კონსენსუსი იქცა საქართველოსა და უკრაინისთვის იმ მოჯადოებულ წრედ, რომელიც ვერაფრით გადავლახეთ და მიუხედავად 15-წლიანი მუდმივი შეპირება-დაპირებისა, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების "ქოლგამ" ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ დაიცვა, რადგან ეს "დასაწვავი" კონსენსუსი ვერ და არ შედგა - ნატოს 30 წევრიდან ერთი ქვეყნის უარიც კეტავს ალიანსის იმ "ღია კარს", რომელსაც ვერა და ვერ მივადექით.

მაგრამ ახლა დადგა ისეთი მომენტი, რომ თავად ნატო წაიტეხს ფეხს თავის სანაქებო კონსენსუსზე - თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, კატეგორიულად წინააღმდეგია, მხარი დაუჭიროს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას, სანამ სტოკჰოლმი ანკარას რამდენიმე პირობას არ შეუსრულებს.

არადა, თურქების პირობები ისეთია, რომ შვედეთს შეიძლება უარის თქმა მოუწიოს დემოკრატიულ ღირებულებებზე - ანკარა დაჟინებით ითხოვს, რომ "ქურთების მუშათა პარტიისა" და გიულენის ოპოზიციური მოძრაობის ყველა ის წევრი, რომლებსაც შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ, სასწრაფოდ ექსტრადირებული იყვნენ თურქეთში!

ოფიციალური ანკარის ეს კატეგორიული მოთხოვნა მიმართულია ფინეთისკენაც, რომელმაც, ასევე, გადაწყვიტა სასწრაფოდ ნატოს უსაფრთხოების "ქოლგის" ქვეშ თავის შეყოფა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ტანკებით შეიჭრა.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალიანსის 30 წევრიდან ორი - თურქეთი და უნგრეთი "გაჯიუტდნენ" და დღემდე არ ახდენენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრების რატიფიცირებას თავიანთ საკანონმდებლო ორგანოებში.

თურქეთის პრეტენზიებზე ზემოთ მოგახსენეთ, უნგრეთი კი მისი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პრემიერ-მინისტრის - ვიქტორ ორბანის სახით, სპეციალურად აჭიანურებს ამ პროცესს და უფრო ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნატოზე მეტად კრემლის მთავარ ბინადარს "ეთაყვანება".

სხვათა შორის, უნგრეთთან დიდი პრობლემები აქვს ევროკავშირსაც, რომლის არა ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე პრემიერმა ორბანმა დაბლოკა, რითაც არ შედგა ის ყბადაღებული კონსენსუსი და გაბრაზებულ ევროპელ ჩინოვნიკებს წამოაცდენინა, დროა, გაუქმდეს კონსენსუსის მოთხოვნა, რადგან ასე წინ ვერ წავალთო.

როდის მივა ნატოს ხელმძღვანელობა ანალოგიურ დასკვნამდე, როდესაც კონსენსუსის ნაცვლად საკმარისი იქნება უბრალო უმრავლესობით ალიანსის ახალი წევრების მიღება (არადა, გაფართოება ნატოს მომავალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განვითარება არ უწერია), მალევე გამოჩნდება, როდესაც თურქეთი და უნგრეთი ან უსასრულოდ გააჭიანურებენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში ახალ წევრად მიღების პროცესს, ან სტოკჰოლმსა და ჰელსინკს მართლაც აიძულებენ ანკარის ისეთი მოთხოვნების შესრულებას, რაც ევროპელი დემოკრატების მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

2-sto-1674549620.png
ერდოღანის ფიტულის ფეხებით ჩამოკიდებას სტოკჰოლმის ცენტრში თურქეთი კიდევ დიდი ხანი არ აპატიებს შვედებს...

ყველაფერ ამას კი დაემატა ჯერ ერდოღანის ფიტულის ფეხებით ჩამოკიდება, შემდეგ კი - ყურანის დაწვა სტოკჰოლმის ცენტრში, რამაც არა მარტო თურქეთის ხელისუფლების, არამედ - მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, ისევე, როგორც ისლამურ სამყაროში, უდიდესი, სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

ფიტულის ჩამოკიდება და ყურანის დაწვაც სულ რამდენიმე ადამიანმა განახორციელა, რომლებსაც ამის ოფიციალური ნებართვა სტოკჰოლმის მერიამ ოფიციალურად მისცა და მიტინგების გამართვისთვის დაწესებული ფულადი შესატანიც გადაახდევინა...

რა გამოდის?

რუსეთის დაზვერვას შეუძლია, დაიქირავოს ათასი ჯურის ულტრამემარჯვენე ნახევრადპოლიტიკოსი და მათ თურქეთის დროშები დააწვევინოს სტოკჰოლმისა და ჰელსინკის ცენტრში, რასაც, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, არც შვედეთის და არც ფინეთის პოლიცია არ შეეწინაღმდეგება, სამაგიეროდ, გააფთრებული თურქეთი ყველანაირად დაბლოკავს ამ ორი ქვეყნის მიღებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო გაძლიერებას ჩრდილოეთ ფლანგზე, უშუალოდ რუსეთის საზღვართან, რაც შედიოდა კრემლის სტრატეგიულ ინტერესებში...