"ჩვენი 8 შვილიდან 5 პატრიარქის ნათლულია" - ექიმისა და პაციენტის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"ჩვენი 8 შვილიდან 5 პატრიარქის ნათლულია" - ექიმისა და პაციენტის სიყვარულის ამბავი

15 წლის დავითი, 13 წლის ანასტასია, 12 წლის ნიკოლოზი, 11 წლის ანდრია, 7 წლის ნატალია, 6 წლის ლუკა, 4 წლის ლაზარე და 2 წლის იოანე - გიორგი ჩაფიჩაძისა და თამარ ტყემალაძის ოჯახში იზრდებიან. მათგან 5 პატრიარქის ნათლულია. თამარი პედაგოგია, გიორგი - ექიმი. როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებდა, ბატონმა გიორგიმ შინ 7 შვილი ფეხმძიმე მეუღლესთან დატოვა და ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დადგა. რა აძლევდა ძალას, როგორ უმკლავდებოდა მონატრებას? პასუხი მარტივია, - უფლის წყალობით.

როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, როგორ გახდა პაციენტი ექიმის მეუღლე და როგორია მრავალშვილიანობის მადლი - 8 ახალი სიცოცხლის დაბადების სიხარული? - ამის შესახებ თავად მოგვითხრობენ.

თამარ ტყემალაძე:

- ჩვენი ერთ-ერთი შვილი 7 იანვარსაა დაბადებული და ქრისტეს დაბადების სიხარულს, ჩვენი პირადი სიხარულიც ერთვის.

ერთი შვილი ნათლისღებას დაიბადა...

- სანამ დაოჯახდებოდით, ფიქრობდით, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?

- მაშინ 8 შვილზე არ ვფიქრობდი, მაგრამ 4 შვილის გაჩენას ნამდვილად ვაპირებდი, ვფიქრობდი, გოგოს და, ბიჭს კი ძმა ჰყოლოდა. თავად ერთი ძმა მყავს და სულ მინდოდა, და მყოლოდა, აქედან გამომდინარე არ მსურდა, ჩემს შვილებსაც იმავე განცდით ეცხოვრათ. მადლობა უფალს, რომ ჩემი სურვილი ორმაგად ამისრულა, 6 ბიჭისა და 2 გოგოს დედა ვარ.

გიორგი:

- მეც არ ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, მხოლოდ ერთი და მყავს, მაგრამ ჩემი წინაპრებისთვის მრავალშვილიანობა უცხო არ ყოფილა. ბაბუაჩემი 12-შვილიანი ოჯახიდან იყო.

- როდესაც იოანეზე ფეხმძიმედ იყავით, პანდემია გახლდათ. ბატონი გიორგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ გვერდით არ იყო, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა. იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. 7 თვის ორსულმა "კოვიდი" გადავიტანე, ჩემი მეუღლის კლინიკაში ვმკურნალობდი. ძალიან ცუდად ვიყავი. ორმაგად რთული პერიოდი გვქონდა: ჯერ ის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს გვერდით მეუღლე არ მყავდა და ამას დამატებული - შიში. ოჯახიდან მხოლოდ მე და ჩემი დედამთილი დავინფიცირდით, ბავშვებს არ შეხვედრიათ. გიორგის თავადაც "კოვიდი" ჰქონდა, მაგრამ პაციენტები ამ მდგომარეობაში მყოფსაც წუთით არ მიუტოვებია.

გიორგი:

- შეუძლებელი იყო, სხვაგვარად მოვქცეულიყავი. თავად ძალიან რთულად არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ანთება მქონდა. მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვღელავდი. კლინიკაში თერაპიულ განყოფილებაში დავაწვინეთ და განყოფილების გამგე ძალიან დაგვეხმარა. მადლობა უფალს, ყველაფერი კარგად დასრულდა!

- იმ ფიზიკურად, ემოციურად და პროფესიულად რთულ პერიოდში ძალას რა გაძლევდათ?

- ღვთის წყალობით შევძელი, იმ რთულ დღეებს გავმკლავებოდი. იმდენ გაჭირვებულ პაციენტს ვხედავდი, ძალა მეძლეოდა. ადამიანი გაჭირვებაში უფრო ძლიერი ხარ.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

თამარი:

- 19 წლის სტუდენტი ვიყავი, როცა გიორგი გავიცანი. მეც ჭიათურელი ვარ. იმ დღეს თბილისში ლექციებზე უნდა წავსულიყავი და ცუდად გავხდი. საავადმყოფოში მივედი. აღმოჩნდა, რომ ბრმა ნაწლავის ოპერაციის ჩატარება იყო საჭირო. ოპერაცია გიორგიმ გამიკეთა. ჩვენი სიყვარულის ამბავიც იმ დღიდან დაიწყო.

8-shviliani-1674551929.jpg

- ეს როგორი ამბავი გქონიათ!.. მიამბეთ, რიგითი პაციენტი როგორ გახდა ქირურგის მეუღლე?

- დიახ, ჯერ პაციენტი ვიყავი და შემდეგ მეუღლე გავხდი. საავადმყოფოში რომ შევედი, კიბეზე ავდიოდი, ვიღაც ზემოდან სწრაფი ნაბიჯებით ჩამოდიოდა; იმდენად სწრაფად, რომ დამეჯახა. ჩავილაპარაკე, - ცოტათი ნელა იარეთ-მეთქი. თურმე, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა გართულებულა და გიორგი მასთან მიიჩქაროდა.

- ეს იყო პირველი შეხვედრა?

- დიახ. მალე გაირკვა, რომ ოპერაცია ჩემთვის მას უნდა გაეკეთებინა. ოპერაციის შემდეგ კონსულტაციაზე დამიბარეს, გადახვევა უნდა გაეკეთებინათ, მაშინაც გიორგი დამხვდა.

- მთავარი ამბავი როდის დაიწყო?

- კონსულტაციაზე რომ მივედი, რაღაც ვიგრძენი; ისიც კი გავიფიქრე, ჩემი მეუღლე რომ გახდეს-მეთქი... შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სატელეფონო საუბრებით გაგრძელდა, მერე იყო შეხვედრები და ოჯახი ძალიან მალე, 5-6 თვეში შევქმენით. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობის ინიციატორი გიორგი იყო. დღეს, გარდა იმისა, რომ მეუღლეები ვართ, პირველ რიგში, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახლავართ.

- თქვენ რას საქმიანობთ?

- უცხო ენების პედაგოგი ვარ. ერთმანეთის სამსახურის ამბები სულ ვიცით და შეძლებისდაგვარად, ერთურთს მხარში ვუდგავართ. გიორგი საავადმყოფოში რომ მიდის, რომელიმე პაციენტზე თუ ნერვიულობს, მის მდგომარეობას მეც განვიცდი, მის პაციენტებს მოვიკითხავ ხოლმე. ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს.

- 8 შვილს ზრდით, მუშაობას მაინც ახერხებთ?

- დიახ, სკოლაში ვმუშაობ, მოსწავლეებსაც ვამზადებ. ჩემს პროფესიულ განვითარებაზე იმდენი ვიწვალე და იმდენი ვიშრომე, არ მინდა, შრომამ ფუჭად რომ ჩაიაროს.

- ბავშვების მოვლაში ვინმე გეხმარებათ?

- პატარები კერძო ბაღში დაგვყავს, ბებოსთანაც ვტოვებთ. დედამთილ-მამამთილიც პედაგოგები მყავს, "კომაროველები" არიან. მათ კარგად იციან, როგორია პედაგოგის შრომა.

- ბავშვები, რომლებიც ბევრ დედმამიშვილთან ერთად იზრდებიან, გამორჩეულად მზრუნველები არიან. თქვენი შვილების შემთხვევაშიც ასეა?

- მართალია. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ბიჭები არიან, სულ ერთმანეთის ამბავს კითხულობენ. უფროსს ექიმობა (არა მხოლოდ უფროსს) უნდა. პატარები ეკითხებიან, - დღეს მასწავლებელთან იყავი? ქიმიის გაკვეთილი ხომ არ გააცდინე?.. ძალიან კარგად სწავლობენ, ერთმანეთს ეხმარებიან, ამეცადინებენ. საოჯახო საქმეშიც ჩართულები არიან, მაღაზიიდან პურის მოტანაა საჭირო თუ სხვა პროდუქტის, ერთმანეთს ასწრებენ.

- თქვენი შვილები პატრიარქის ნათლულები არიან?

- დიახ, ჩემი 8 შვილიდან 5 პატრიარქის ნაღლულია. ბავშვები სამშობიაროდან რომ გამომყავდა, მალევე ვნათლავდი, მოუნათლავი 40 დღემდე არც ერთი არ გამიჩერებია.

- პანდემიის პერიოდში მამის მონატრებას როგორ უმკლავდებოდნენ?

- გიორგი შინ ვერ მოდიოდა. მას რომ ვურეკავდით და ეკიპირების ფორმაში შეფუთულს ხედავდნენ, კითხულობდნენ: მამას რა დაემართა? რამე სტკივა? რატომ არ მოდისო? ვუხსნიდი, რომ მათი მამიკო მათნაირი ბავშვების დედიკოების და მამიკოების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობდა და ამის მოსმენა ძალიან ახარებდათ.

გიორგი:

- 4 თვე ისე გავიდა, შინ საერთოდ ვერ მოვედი. ერთადერთხელ სახლთან მოსული შინ არ შემოვედი, ბავშვებს შორიდან შევხედე და გავბრუნდი.

თამარი:

- როდესაც დაბრუნდა, ეს შეხვედრა ემოციურად დაუვიწყარი იყო. ბავშვები აღარ შორდებოდნენ, უამრავ შეკითხვას უსვამდნენ, დიდი სიხარული და ჟრიამული იყო.

- რას ურჩევთ ოჯახებს, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი ბავშვი იზრდება? ზოგიერთი ბევრ შვილს მატერიალური მდგომარეობის გამო არ (ვერ) აჩენს.

- მატერიალური გაჭირვება არაფერ შუაშია. რამდენ შვილსაც აჩენ, უფლისგან რამდენ საჩუქარსაც იღებ, ღმერთი უფრო მეტად გეხმარება. რადგან ჩვენს სამშობლოში დემოგრაფიული პრობლემა მწვავედ დგას, კარგი იქნება, მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ჰქონდეთ. პირველ ორ შვილზე მეც არ მქონდა ამდენი საშუალება, მაგრამ ახლა ჩემი შვილები ზაფხულის და ზამთრის კურორტებზე ისვენებენ. გირჩევთ, გააჩინეთ ბევრი შვილი, ამით დავეხმარებით ერთმანეთს, სამშობლოს.

- თქვენნაირ ოჯახებზე იმიტომ ვწერთ, რომ სხვებისთვის სამაგალითოები ხართ. მადლობა ინტერვიუსთვის!

- დიდი მადლობა თქვენ, ყველას ბედნიერი წელი გვქონდეს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"