"არ ვაპირებ ამ აქციაზე მისვლას და ზოგადად, არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, ვიდრე არ მეცოდინება, პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ ამ აქციაზე მისვლას და ზოგადად, არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, ვიდრე არ მეცოდინება, პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება"

„გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია არ აპირებს, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას შეუერთდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი თვითგამორკვევიდან უნდა დაიწყოს და პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რატომ სურთ ხალხის ქუჩაში გამოსვლა.

„არ ვაპირებ ამ აქციაზე მისვლას და ზოგადად, არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, სანამ არ მეცოდინება, რომელ პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება. ის, რომ გამოვიდეთ და უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ, ამას ყოველდღე ვაკეთებთ და 24 თებერვლისთვის ლოდინი რა საჭიროა“,-განაცხადა ხვიჩიამ.

ის ფიქრობს, რომ აქციები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ.

„გინახავთ საქართველოში პოლიტიკური პარტია აქციას სხვისი პოლიტიკური მიზნებისთვის რომ აკეთებდეს?! უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ 24 თებერვალსო, ვფიქრობ, ესეც კარგი ამბავია. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ცდილობენ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც-რაღაცები შესთავაზონ, როგორც მაგალითად, იყო ზაფხულში შეთავაზება, რომ შემოდგომიდან „ქოცებს“ დავამხობთ, რევოლუციას მოვაწყობთ, "ცხელი შემოდგომები" და ა.შ. ის ხალხი, ვინც „ცხელ შემოდგომას“ აანონსებდა, „ცხელ გაზაფხულს“ აანონსებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მან გასული წლის მაგალითი გაიხსენა, როდესაც ევროინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა.

„გასულ წელს 100 ათასი კაცი მოვიდა მიტინგზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი გვაკლდა? მგონი, ამას ჭკუა უნდა ესწავლებინა იმიტომ, რომ ხალხი გამოდის, მაგრამ შენ არ სთავაზობ არაფერს. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს კოლეგებს, მოდი, ჯერ ხალხს შესთავაზეთ რა გინდათ, რისთვის ეძახით აქციაზე. რომ მოვიდეს 200 ათასი კაცი, თქვენ რას შვებით, მერე შეიძლება ხალხს სთხოვო მოსვლა, ამის გაკეთება მინდა, თუ შევიკრიბებით ამდენი, მარტივად გავაკეთებთ. პროცესი თვითგამორკვევიდან უნდა დაიწყოს. ვინ ვარ მე, უნდა დაუსვას შეკითხვა საკუთარ თავს ქართველმა პოლიტიკოსმა, რომელიც ხალხს ქუჩაში ეძახის. როდესაც ამ კითხვაზე პასუხს იპოვის, მერე შეუძლია მშვიდად უთხრას ხალხს, მე გადავწყვიტე ამ მიზეზით გავიდე ქუჩაში, ვეძებ თანამოაზრეებს, თუ შემომიერთდებით და ბევრი ვიქნებით, მერე მოვიფიქრებთ გაგრძელებას“,-განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი და უკრაინის სოლიდარობის აქციას დააანონსეს.