"ჩვენს მანქანას მაშინ ესროლეს, როცა ფარებჩამქრალი ვმოძრაობდით და სამედიცინო ჰოსპიტალში ნივთები მიგვქონდა. ორი ტყვია მომხვდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს მანქანას მაშინ ესროლეს, როცა ფარებჩამქრალი ვმოძრაობდით და სამედიცინო ჰოსპიტალში ნივთები მიგვქონდა. ორი ტყვია მომხვდა"

"იმ ღამეს ხელმეორედ დავიბადე"

ქალაქ დნეპრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია რამდენიმე ათეულ ადამიანზე, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. ბოლო მონაცემებით, ცხრასართულიან კორპუსზე თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც ორი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. მათ შორის 5 ბავშვია. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

ადგილზე მაშველებთან ერთად მოსახლეობა და მოხალისეები მუშაობდნენ. ადგილობრივი მოხალისე ნიკი ბილოკონი, რომელიც დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების დროს დაზიანდა, ჟურნალ "გზის" თანამშრომელს უყვება, რომ მრავალსართულიანი კორპუსის ორი სადარბაზო მიწასთან არის გასწორებული, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, შესაძლოა, მთლიანად შენობის ევაკუაცია გახდეს საჭირო, რადგან დაბზარული ან დახეთქილია კედლები, დაზიანებულია სახურავი და დიდი ალბათობით, საძირკველიც.

ნიკი ბილოკონი:

- ჩვენს მანქანას მაშინ ესროლეს, როდესაც ერთ-ერთი დასახლებისკენ ფარებჩამქრალი ვმოძრაობდით. სამედიცინო ჰოსპიტალში მედიკამენტები, გენერატორები და სურსათი მიგვქონდა. სავარაუდოდ, კოლაბორაციონისტებს ჰქონდათ ჩვენზე ინფორმაცია და ჩასაფრება მოგვიწყვეს. სიჩქარისგან ერთი რამ გამორჩათ, რომ უკრაინაში არსებობს საკმაოდ კარგად მომზადებული და ორგანიზებულად მოქმედი, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებმაც მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, პირველ ცეცხლში მე მოვყევი და ორი ტყვია მომხვდა, ერთი - ძვალში... ჰუმანიტარული დახმარება მაინც ჩავიტანეთ ადგილზე. ახალი წლის დღეები იყო და მოსახლეობას სიბნელეში, წყლისა და პურის გარეშე ვერ დავტოვებდით. ბავშვებიც გველოდებოდნენ.

იქვე აღმომიჩინეს სამედიცინო დახმარება. სისხლდენა შემიჩერეს, ნაკერები დამადეს. გაირკვა, რომ კოლაბორაციონისტთა ჯგუფი განეიტრალებული იყო. არ გამხარებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასიკვდილოდ გაგვიმეტეს. ის ხალხი რუსული პროპაგანდის მსხვერპლია, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეები, უკრაინელები, რომელთაც სჯერათ, რომ "დიდი რუსეთის" წინაშე ჩვენ ვართ დამნაშავე და რომ არა ჩვენი ამბიცია, დამოუკიდებლები ვიყოთ, არაფერიც არ მოხდებოდა. ჩვენ ვესროდით თურმე მათ კენჭებს და ვაღიზიანებდით. კამათისას უთქვამთ კიდეც, - ერთი ერი ვართ, ერთი აღმსარებლობის, რად გვინდა ნატო ან ამერიკაო?.. ანუ დასავლეთი უბედურების მომტანი ჰგონიათ, ძველებურად რუსეთთან ყოფნა კი "უზრუნველ საბჭოთა კავშირში დაბრუნება", სადაც კორუფცია ცხოვრების წესი იყო, დანაშაულიც ხდებოდა, კანონი მეასეხარისხოვანი გახლდათ, მაგრამ დაცულად გრძნობდნენ თავს. საბედნიეროდ, უკრაინაში "საბჭოთა დოქტრინას" ბევრი არ აღიარებს.

- ვიცი, რომ მოხალისეთა ჯგუფში თქვენი არასრულწლოვანი შვილიცაა. ხომ არ დაშავებულა?

- საბედნიეროდ, უვნებლად გადარჩა. 16 წლის ზუსტად იმ ღამეს, 28 დეკემბერს გახდა და მისი სურვილი იყო, დაბადების დღე იმ ხალხთან ერთად ეზეიმა, - ეს ჩემთვის საჩუქარი იქნებაო. ამ დღისთვის თანხას რამდენიმე თვე აგროვებდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმაში გვქონდა. მერე მითხრა, - ამიერიდან 28 დეკემბერს შენი დაბადების დღეც არის, რადგან ამ საღამოს ორივე გადავრჩით და ეს ტრადიციად ვაქციოთო. მართლაც, იმ ღამეს ხელმეორედ დავიბადე... ჩემი შვილი ხშირად არის ჩემ გვერდით, ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე დამავიწყდა, როდის იყო ბავშვი. რუსეთის რაკეტებმა, ომმა, მუდმივმა განგაშის სიგნალმა უკრაინაში ბავშვები "გააქრო", ყველანი ერთბაშად გაიზარდნენ და ცხოვრების რთულ გზას დაადგნენ. ხედავენ, როგორ იბრძვიან მათი მშობლები გადარჩენისთვის.

მეორე შვილიც მყავს, 11 წლის გოგონა - ევგენია. რამდენიმე დღის წინ მკითხა, რას გავაკეთებ, ომი რომ დასრულდება?.. ვუპასუხე, - ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავიდეთ მთელი ოჯახი-მეთქი. არ მოეწონა. ვკითხე, შენ რა გინდა, რომ გავაკეთოთ-მეთქი? - ეს დანგრეული სახლები ავაშენოთ და იმ ბავშვებს, ვინც დედა ან მამა დაკარგა, მშობლები ვუპოვოთ, მერე დიდი სახლი ავაშენოთ და პატრონის გარეშე დარჩენილი ძაღლები და კატები დავაბინაოთო. არაერთხელ მინახავს, პატარები თავიანთ ლუკმას, ტკბილეულს, პურს, რძის ნაწარმს გარეთ დარჩენილ ძაღლებსა და კატებს როგორ უყოფდნენ, ათბობდნენ, ეფერებოდნენ. ბავშვები ყოველთვის ამჩნევენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ... ძალიან ვცდილობთ, მაგრამ აქ შეუძლებელია პატარები ნეგატიურ ინფორმაციას მოარიდო, ამიტომ, როდესაც რომელიმე ქალაქის ან დასახლების დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდება, ჩემი შვილები, პირველ რიგში, მეკითხებიან, იყვნენ თუ არა დაშავებულებს შორის ბავშვები?..

- დნეპრის სარაკეტო თავდასხმას ვერც პატარები გადაურჩნენ...

- დიახ, დაშავებულთა შორის 16 ბავშვია. თავიდან მხოლოდ ერთის დაღუპვაზე გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ტერორისტი სახელმწიფოს ნასროლ რაკეტებს სამი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. არ ვიცით, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. ინფორმაციის დაზუსტება, ვინ იყო იმ საბედისწერო დღეს შინ და ვინ - არა, ძნელია... გადარჩენილები იხსენებენ, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ესმოდათ კივილი, ბავშვების განწირული ხმა. არ ვიცით, ისინი გადარჩნენ თუ არა.

- დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა იმ სადარბაზოებში?

- ქვეყანაში ომია და ადამიანები ქალაქებს შორის ხშირად მიგრირებენ, ნათესავებთან, ახლობლებთან რჩებიან, ცოტა ხნით სამშვიდობოს აფარებენ თავს. უხეშად თუ ვიანგარიშებთ, იმ ორ სადარბაზოში 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. პირველ ღამეს ნანგრევებიდან ადამიანების ხმები გვესმოდა. მაშველები ეძახდნენ და ხმებს უსმენდნენ. რამდენიმე ამოიყვანეს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის ნგრევა მთელი ღამე გრძელდებოდა. დიდ კედლებს ამწეებით, მძიმე ტექნიკით იღებდნენ. სპეციალისტები გაწვრთნილი ძაღლებით, შიშველი ხელებით, აგურ-აგურ წმენდნენ ნანგრევებს, დაშავებულებიც იპოვეს.

ერთი ოჯახი სხვა ქალაქიდან, ტორეცკიდან დევნილი იყო და ამ კორპუსში ცხოვრობდა. ის ბიჭი, რომან ჟურავსკი მაშველებთან ერთად, დაკარგულ დედას ეძებს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი ტელეფონით საუბრობდა. შვილი იხსენებდა, - უეცრად ისეთი ხმა გავიგონე, თითქოს დედას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე დაეხეთქა; მაშინვე რამდენჯერმე გადავურეკე, მაგრამ ზარი არ გადიოდა; რამდენიმე წამში ძლიერი აფეთქების ხმა ქუჩაშიც გავიგონე და თითქოს გულმა მიგრძნო, რომ ეს ჩემს სახლში იქნებოდაო. აფეთქების შემდეგ ქალაქში უზარმაზარი ცეცხლის ბურთი და კვამლი ამოვარდა. მაშინვე სახლისკენ გამოვქანდი და ასეთი სურათი დამხვდაო... მან სამუშაო იარაღები და ინსტრუქცია ითხოვა, - მითხარით, რა გავაკეთო, წასასვლელი არსად მაქვსო. საკუთარ დედასთან ერთად, სხვის დედებს, შვილებს, ოჯახის წევრებს ეძებდა... დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და აქაურ ექიმთან დაჰყავდა. ბინაც ამიტომ აიღო - გართულების შემთხვევაში დროულად რომ მიეყვანა დნეპრის საავადმყოფოში. ის ჩემთვის გმირია, ისევე როგორც სხვები, რომელთა ოჯახის წევრების ბედი გაურკვეველია, მაგრამ თავიანთი დანგრეული სახლებიდან მაშველებისა და მოხალისეებისთვის ცხელი ჩაი და ყავა გამოაქვთ, ქუჩაში დარჩენილებისთვის კი თბილი პლედები და ტანსაცმელი.

ხანდახან ვფიქრობ, ასეთ დროს მტრის სიკვდილი კი არ უნდა ინატრო მათ დასასჯელად, არამედ ის, რომ საკუთარ თავზე გამოცადონ ის ყველაფერი, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ის ადამიანური ტრაგედიები, შიმშილი, სიცივე, ახლობლების დაკარგვა, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების ცხედრების ნახვით "გამოფიტული" ემოცია, გამშრალი ცრემლი... ამ ერს, ფიზიკური ტკივილის გარდა, მორალური განცდები, ზნეობრივი მხარე არ გააჩნია; სინდისის ქენჯნა კი არა, სინანულის განცდაც არა აქვთ იმის გამო, როგორც იქცევა მათი ტერორისტული ხელისუფლება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, საკუთარ ახალგაზრდებს რას უშვრებიან: უშვებენ შვილებს, ძმებს, ოჯახის წევრებს "საზარბაზნე ხორცად", ფეხშიშველებს, მშივრებს, გათოშილებს აქ დასახოცად. ტყვედ ჩავარდნილები რამდენიმე დღის უჭმელები, სიცხიანები არიან, უმეტესობას ფილტვების ანთება აქვს. მათი სამედიცინო ჩანთა, აღჭურვილობა რომ ნახოთ, გაოცდებით... ღამე ტემპერატურა მინუს ოც გრადუსამდე ეცემა, მათ კი თბილი ამუნიცია არა აქვთ, საწვიმარივით ქურთუკები, თხელძირიანი ჩექმები აცვიათ. ზოგი ტყვე ჰყვება, რომ გაქცევა ვერ შეძლო, რადგან ყინვისგან ფეხები დამზრალი ჰქონდა და დიდი ალბათობით, ქვედა კიდურების მოყინვა დაუფიქსირდათ. დაჭრილებს ან "ვაგნერელები" ხოცავენ, ან "კადიროველები", რათა საქმე გაიადვილონ...

- ქართველი მეომრები ჰყვებიან, რომ ყველაზე რთული დაჭრილების გამოყვანაა.

- ასეა, თუმცა ეს ჩვენთვის, უკრაინელებისთის, ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ღირებულია, უპირველესი ამოცანაა. რუსებისთვის კი ერთი ან რამდენიმე ათეული ადამიანის დაკარგვით არაფერი იცვლება - მათსავე "უკვდავ" ფრაზას მოვიშველიებ: რუსი ქალები ბავშვებს კიდევ გააჩენენ...

თუმცა, აქ თითქმის ყველა სამედიცინო პუნქტთან, სისხლის ბანკებთან სისხლის ჩაბარების მსურველი ადამიანების რიგი დგას და მათ შორის ის რუსებიც არიან, რომლებიც რეალობას ადეკვატურად აფასებენ. მათგანაც გაიგონებთ, რომ ამ ყველაფრისთვის უნდა ზღოს რუსეთმა და იმ რუსებმაც, რომლებიც ამ უბედურებას უყურებენ და თავიანთ თუ სხვა ქვეყნებში მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას. ისინი 1939-1945 წლების გერმანელებს ჰგვანან, რომლებმაც იცოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შესახებ, მაგრამ "არ იცოდნენ", რა ხდებოდა იქ... რუსეთში აუცილებლად მოხდება რეალური "დენაციფიკაცია", ამ ქვეყანამ ამ ფორმით აღარ უნდა იარსებოს და ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები უნდა მოვიდნენ. ეს იქნება სასჯელი კრემლის იდეის ერთგული ადამიანებისთვის და გამარჯვება იმ მცირე ნაწილისთვის, ვინც ამ მტარვალი ხელისუფლების ტერორს ეწინააღმდეგება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"