ვინ იყო თიანეთელი "კუჟანა" და ვის ეკუთვნოდა სასადილო, რომელსაც ვაჟა-ფშაველა სტუმრობდა
ბაღი თიანეთში და მისი დაარსების ამბავი
თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკს წლის ყველა სეზონზე ჰყავს სტუმარი. იქვე დგას ვაჟა-ფშაველას ძეგლი, რომელიც ლამპიონებით განათებულ სივრცეში ზამთარში განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია - დიდ შემოქმედს თითქოს მხრებზე თოვლის მანტია მოუსხამს და ბუნების მესაიდუმლე სიმაღლიდან გადმოჰყურებს გარემოს. გასულ წელს ჩატარდა ვაჟა-ფშაველას პარკის რეაბილიტაცია და მან ახალი იერი მიიღო. თუმცა, ამ ადგილს თიანეთში კუჟანას ბაღს ან კუჟ-ბაღის სახელით იცნობენ და არაერთ თაობას ის ასე ახსოვს...
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ოფიციალურად 1952 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე შენობაში ბევრი საინტერესო ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალაა დაცული. აქ დიდი სიამოვნებით გიდობას გაგიწევენ მუზეუმის თანამშრომლები. თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტი ვატო ურუშაძე კი ცდილობს, საზოგადოებას ის ხალხიც გაახსენოს თუ გააცნოს, ვინც წარსულში თიანეთის ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით კვალი დატოვა და ერთ-ერთი ასეთი კუჟანა ცომაიაა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ზევით ნახსენები ბაღის დაარსების ამბავიც.
ვატო ურუშაძე:
- კუჟანა ცომაიამ წარუშლელი კვალი დატოვა თიანეთის ისტორიაში. სწორედ მის სახელს ატარებს საყვარელი სკვერი კუჟ-ბაღი.
მისი ნამდვილი სახელი ალექსანდრეა. საინტერესოა მეტსახელის - "კუჟანას" ისტორია. ჯერ კიდევ სრულიად პატარა ალექსანდრე, დაახლოებით 6-7 თვისა, ხორბლის მკის პერიოდში თან წაიყვანეს, რადგან სახლში დამტოვებელი არავინ იყო. მუშაობისას ჩრდილში მწოლიარე ჩვილი ღორმა გაიტაცა. რა თქმა უნდა, მაშინვე დაედევნენ და დინგიდან გამოჰგლიჯეს. შეშინებულებმა სახვევები სასწრაფოდ შეხსნეს, რომ ენახათ, ბავშვს სხეული ხომ არ დაუზიანდა, მაგრამ ის უვნებელი გადარჩა. ამის შემხედვარე კაცს, რომელიც კალოზე მუშაობდა, უთქვამს: რა უნდა მოსვლოდა, კუჟრივით იყო შეხვეულიო. სწორედ ამ ამბის მერე შეარქვეს ალექსანდრეს "კუჟანა", რაც სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.
არ ჰქონია კუჟანას დალხენილი ბავშვობა. ექვსი თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამამისი კი ბრმა გახლდათ. ამიტომ გასაზრდელად ნათესავებთან, ზემოთიანეთში წაიყვანეს (ზემოთ მოტანილი ამბავიც სწორედ იქ მოხდა). ჯერ მხოლოდ ექვსი წლის იყო, როცა ერთ ოჯახს მაღაზიაში მოჯამაგირედ დაუდგა, მისი მოვალეობა სასმელი წყლის მოტანა იყო. ალექსანდრე რომ წამოიზარდა, ვაჭრობის ნიჭი აღმოაჩნდა და ამ გზას გაჰყვა. მძიმე ახალგაზრდობის მიუხედავად, ძალიან თვინიერი და მშვიდი ხასიათი ჰქონდა. დაოჯახების შემდეგაც სახლის უმეტეს საქმეს თავის თავზე იღებდა, მაქსიმალურად ემსახურებოდა ცოლსა და 5 შვილს, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულ მეუღლედ დარჩა.
რაც შეეხება კუჟ-ბაღის დაარსებას, თავიდან იქ ისეთივე რიყე იყო, როგორიც მდინარე ივრის მიმდებარედ. ტერიტორია კუჟანამ შეიძინა და დაიწყო გაწმენდა, რაც თავისთვად, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სამუშაო იმდენად დიდი იყო, რომ საქმეს 20 მუშა ასრულებდა. ქვისგან გასუფთავების პარალელურად, მდინარიდან არხი გაჭრეს, რომელზეც კუჟანამ წისქვილი გააკეთა. დიდი სამუშაოს შემდეგ, მანვე დარგო წნორის ხეები და ტერიტორია მთლიანად მოაწესრიგა.
მოგვიანებით ბოლშევიკებმა, გაურკვეველი მიზეზის გამო, როგორც მათ სჩვეოდათ, კუჟანას წისქვილი წაართვეს. მას აღმასკომის მაშინდელი თავმჯდომარისთვის ვ.გ.-ისთვის უთქვამს, - ნუ დაანგრევთ წისქვილს, დრო გავა და შეიძლება აღარსად იყოს, მომავალი თაობები ნახავენ და ეცოდინებათ, როგორ იყოო. რაზეც თავმჯდომარეს უპასუხია: აქედან დაიკარგე, შენ ვინ გეკითხებაო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ კიდევ რამე პრეტენზია ექნებოდა ალექსანდრეს, გადასახლება ელოდა. როგორც ჩანს, თავად კუჟანა არ იყო კარგად განწყობილი ბოლშევიკების მიმართ და ამიტომაც ჩამოართვეს საკუთრება.
საინტერესოა ერთი სახალისო ამბავი, რომელიც უკვე ხანში შესულ კუჟანას უკავშირდება. ერთხელ, როცა თავის სახელობის სკვერში - კუჟ-ბაღში შვილიშვილი სასეირნოდ წაიყვანა, ბავშვმა ბაღში ვაჟა-ფშაველას ძეგლის დანახვის შემდეგ, პაპას უთხრა: აკი ამბობდი, კუჟ-ბაღი ჩემია და ეს კაცი აქ რატომ დგასო? ამაზე პაპას უპასუხია: ეგ ვაჟა-ფშაველაა, ჩემი ვალები აქვს და "ნისიებში" დაუდგა ბაღს ყარაულადო. თიანეთში კუჟანას სასადილოც ჰქონდა, სადაც ვაჟა ხშირად მიდიოდა და მას ყოველთვის უფასოდ უმასპინძლდებოდნენ. ასე რომ, ვაჟა-ფშაველას მართლაც საკმაოდ ჰქონია დაგროვილი "ნისიები"...
კუჟანას ერთ-ერთი შვილი - არჩილი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი ყოფილა. მისი ნიჭი იმდენად შესამჩნევი ყოფილა, რომ მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი გამხდარა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაცვლილა: თელავიდან ცხენით ბრუნდებოდა თურმე ზამთრის პერიოდში და იმდენად დიდი თოვლი ყოფილა, რომ გზის გაგრძელება გასჭირვებია, ამიტომ ანისხევთან, ხიდის ქვეშ გაუთევია ღამე. როგორც ჩანს, გაცივდა, ფილტვები დაუზიანდა და ამის გამო მალევე გარდაიცვალა.
დღესდღეობით კუჟ-ბაღში ძირითადად ფიჭვები და ვერხვები დგას, რამდენიმე ნაძვიც ხარობს. კუჟ-ბაღს 2022 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საკმაოდ კარგად გაკეთდა. მოეწყო სკვერი, სტადიონი და ბავშვებისთვის რამდენიმე გასართობი ადგილი.
კარგი იქნება, თუ კუჟ-ბაღში გაკეთდება კუჟანა ცომაიას სახელზე მემორიალური დაფა, სადაც ყველა მიმსვლელს საშუალება ექნება სკვერის დამაარსებლის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
ანა კალანდაძე