"გული დამწყდა, რა მოხდებოდა, რომ ის ლაპარაკი ჩაეწერა-მეთქი... მამი, პატარა გოგო ხარ, მშვენიერი, ლამაზი, დაანებე ამ „ტრენიროვკებს“ თავიო"
მსახიობების ოჯახში დაბადებულმა პროფესიად ეკონომისტობა გადაწყვიტა, რითაც მამა ცოტა გაოცებული დატოვა, მაგრამ მამა, მიშა გომიაშვილი დემოკრატი იყო და მის არჩევანს არ შეწინააღმდეგებია. შემდეგ კინოსარეჟისურა და დრამატურგიაც ისწავლა. 5 წელი თეატრში სანდრო მრევლიშვილთან, თანაშემწედ იმუშავა. ბატონი სანდროს გარდაცვალების შემდეგ კი თეატრიდან წამოვიდა. ამ ეტაპზე საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიაშია, საქმიანობა საბაჟო დეკლარაციების მიმართულებით უწევს.
ნატალია გომიაშვილი მიშა გომიაშვილის პირველი შვილია და ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია:
- სანდრო მრევლიშვილისა და მისი მეუღლის გარდაცვალებაც როგორი საოცარი ტრაგედია იყო. მეუღლეები რამდენიმე წუთიანი ინტერვალით და ერთ დღეს რომ გარდაიცვალნენ...
- ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო. ბატონი სანდროს მეუღლე ჩემი ნათლია გახლდათ, ფაქტობრივად, ჩემი მეორე დედა... დედამაც (ნინო კვიტატიანი) და მამამაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგ თეატრში დაიწყეს მუშაობა. ისინი ჯგუფელები იყვნენ, ლილი იოსელიანის სტუდენტები... სანდრო მრევლიშვილის თეატრი ჩემთვის ოჯახივით იყო და ოჯახებითაც ვახლობლობდით.
ამ ეტაპზე თეატრთან აღარ ვთანამშრომლობ, სულ სხვა საქმეს ვაკეთებ, რადიკალურად განსხვავებულს და ჩემი ცხოვრებაც ახლა ასეთია. სამსახურებრივად არ ვარ თეატრთან ახლოს, თორემ თეატრი რომ ჩემი გარემოა და ცხოვრების ნაწილი, ამას რად უნდა ლაპარაკი. ჩემი პირველი სამსახურიც თეატრს უკავშირდება. მეგობრები, ახლობლები, ნათესავები ყველანი ამ სფეროდან არიან. ამ სამყარომ მომცა საოცარი ურთიერთობები, მეგობრობა, გვერდში დგომა, ცხოვრება სხვანაირად დამანახა. მერე ბატონი სანდროს თეატრში ხომ გამორჩეულად ოჯახური, მეგობრული ატმოსფერო იყო.
- სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მამა დაკარგეთ, გენიალური არტისტი მიშა გომიაშვილი. როგორია მის გარეშე ცხოვრება?
- ამასთან შეგუებული ჯერ არ ვარ, ძალიან ცოტა დრო გავიდა... რთულია, მის გარეშე ცხოვრება და მწარეა. რაც მთავარია, ამის გაცნობიერებაა რთული. იმაზე არ ვფიქრობ, რომ მიშა აღარ არის...
- თქვენ ბოლო საუბარს ხომ არ გაიხსენებთ?
- ამ ზაფხულს დასასვენებლად რომ ვიყავი, მიშას ვიდეოზარით ველაპარაკებოდით. ერთ-ერთ ჯერზე დამირეკა და ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ. რატომღაც თავისი ბავშვობის ამბებს, ბავშვობის კურიოზებს მიყვებოდა, მამას იხსენებდა... ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებოდა და ვცადე, ჩამეწერა. „აიფონი“ მაქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ხმას არ იწერს... დამრჩა მხოლოდ გამოსახულება... გული დამწყდა, რა მოხდებოდა, რომ ის ლაპარაკი ჩაეწერა-მეთქი... ...ასევე ზაფხულში ასევე ტრენინგზე ვიყავი და იქ დამირეკა. ვუთხარი - ტრენინგზე ვარ-მეთქი და გავუთიშე. მერე გადავურეკე და ასე მეხუმრა: - რა ამბავია, ამდენი „ტრენიროვკები“, ხომ ხედავ, პეწია მშვენიერაძემ იმდენი „იტრენიროვკა“ რამხელა გახდაო (დიდი აღნაგობის წყალბურთელი იყო. - ლ.ფ.) და მისი ფოტოც გამომიგზავნა და დააყოლა - მამი, პატარა გოგო ხარ, მშვენიერი, ლამაზი, დაანებე ამ „ტრენიროვკებს“ თავიო.
- ბაბუასთან, გენიალურ არტისტთან, არჩილ გომიაშვილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ბაბუასთან ზაფხულში და ხანდახან საახალწლოდ ჩავდიოდი მოსკოვში... 18 წელია, ის აღარ არის, თუმცა ჩემს მეხსიერებას ასე შემორჩა - ბაბუა, რომელიც სულ მუშაობდა რესტორანში, ან თავის დიდ მაგიდასთან იჯდა, ან დარბაზში, სტუმრებს მასპინძლობდა, ყველას ესაუბრებოდა. პირადი, ოჯახური მოგონებები ნაკლებად მაქვს ბაბუასთან დაკავშირებით, რადგანაც პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა.
- რას ნიშნავს ზოგადად ის, რომ ასეთ ოჯახში დაიბადეთ, ამდენი არტისტის გარემოცვაში გაიზარდეთ?
- ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ, ამ ყველაფერს ერთი დამატებითი რამ ახლავს, ხალხს უყვარდა ისინი, მათ ნიჭიერებას აღიარებდნენ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდეს, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე... სიამაყესთან ერთად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მათი პროფესიონალიზმი, თუ კარგი ადამიანობა წინ გხვდება. ამით ბედნიერი ვარ. ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ მიშას შვილი ვარ, რომ იგებენ, მოულოდნელობისგან იბნევიან. ყოფილა ასეთი შემთხვეა, როდესაც უკითხავთ, მიშა შენი ნათესავი ხომ არ არის? ან ხომ არ იცნობ? მამაა, რომ ვპასუხობდი, იყო სასიამოვნო გაოცება, სიხარული.
- მამას ხასიათით გავხართ?
- როგორც ამბობენ, ყველაფრით - ფიზიკურადაც და ხასიათითაც ვგავარ. ისე, რთულია, თვითონ მიამსგავსო მშობელს შენი თავი, მაგრამ თვისებებით, გემოვნებით, ინტერესებით მსგავსება არის...
- პროფესიის არჩევისას მამა რა რეკომენდაციები მოგცათ?
- არასდროს ერეოდა არც ჩემი და არც ჩემი ძმის გადაწყვეტილებებში. შეიძლება რაღაცაზე გვესაუბრა, რჩევა მოეცა, მაგრამ ისე, რომ ჩარეულიყო ჩვენს საქმეში, ასეთი არ ყოფილა. პატივს სცემდა ჩვენს პირად შეხედულებას, ცხოვრებას, არჩევანს, გადაწყვეტილებას. ...მიშას პანაშვიდზე მისმა მეგობარმა მითხრა, შენზე ასე ამბობდა - მე რომ ვერ შევდივარ, იმ კარში შედისო.
- ანუ ჩემზე ყოჩაღიაო, ხომ? გააგრძელეთ კითხვა