"რისკები არსებობს" - რას აცხადებს "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"რისკები არსებობს" - რას აცხადებს "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პროგნოზის გაკეთება რთულია, სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა - კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება კოვიდინფექციის წყაროს, ჩხაიძე ამბობს, რომ პროცესში კლინიკის ინფექციონისტები არიან ჩართული და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდი. ვინაიდან შესაბამისი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა - მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ეჭვი იყო კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სწრაფი ტესტი, შემდეგ კი „პისიარ“ ტესტით დადასტურდა. ექიმთა კონსილიუმი გუშინვე შეიკრიბა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული. მიმდინარეობს მკურნალობა.

მესმის ადვოკატების მოწოდებები რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა, ყოველდღე დადიოდა. აქამდე ამბობდა, რომ საერთოდ არ გვქონდა რეანიმაცია და ახლა ამბობს, რეანიმაციაში გადაიყვანეთო. სად გადავიყვანოთ, თუ რეანიმაცია არ გვაქვს?! ეს აღჭურვილობა იქ ყოველთვის იყო.

მკურნალ ექიმთან ერთად ვმონაწილეობდით ყველა ექიმი კონსილიუმში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, როდესაც მსგავსი შემთხვევა ხდება, ჩვენი ეპიდემიოლოგიურ სამსახური აქტიურადაა ჩართული. დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს.

IPN