"დავიღალეთ. იმედია, "თეოავთოობა" მალე დასრულდება... ჩვენ შორის თავიდანვე "ქიმია" იყო" - კვირის პალიტრა

"დავიღალეთ. იმედია, "თეოავთოობა" მალე დასრულდება... ჩვენ შორის თავიდანვე "ქიმია" იყო"

"პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილეები - ავთანდილ ჯაფარიძე და ბეატრის გაზდელიანი-კლიმენკო შეყვარებულები არიან. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, წყვილი ერთმანეთს რამდენად კარგად იცნობს. ამიტომ მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით. ბეა ფიქრობს, რომ მათი პასუხები ერთმანეთს დაახლოებით, 70%-ით დაემთხვევა, ავთოს აზრით კი - მინიმუმ 85%-ით. წყვილის ვარაუდი გამართლდა თუ არა, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ შეიტყობთ...

ბეა:

- ერთმანეთი 2014 წელს გავიცანით, როცა მესტიაში ვისვენებდი. ბავშვები ვიყავით, ერთად ვთამაშობდით...

ავთო:

- მე და ბეა ზრდასრულობისას დავახლოვდით. შემდეგ მეხსიერებაში აღვიდგინეთ, რომ ერთმანეთი სვანეთში გავიცანით. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. მას შემდეგ კონტაქტი აღარ გვქონია. ჩემს ძმასთან - მიშასთან ონლაინ მეგობრობდა. ამის შესახებ არ ვიცოდი. მერე, სანამ "პრაიმ ჰაუსში" შევიდოდა, 1 კვირით ადრე, ბეამ მიშას უთხრა, რომ ჩემგან რჩევების მიღება უნდოდა, რადგან პროექტში ნამყოფი ვიყავი. აი, ახლო ურთიერთობა მაშინ ჩამოგვიყალიბდა.

- თქვენი პირველი რომანტიკული პაემანი გაიხსენეთ...

ბეა:

- სხვათა შორის, მაგ დღეს ჩემთან ერთად გადაღებული ვიდეო "ტიკტოკზე" პირველად გამოაქვეყნა. თავიდან ბარში ვიყავით, შემდეგ "ივენთზე" წავედით, მთელი ღამე ვერთობოდით... მაგ დღეს შეყვარებულები გავხდით. 15 ოქტომბერი იყო.

ავთო:

- ბეა "პრაიმ ჰაუსიდან" გამოსული იყო. ერთმანეთს შევხვდით. 15 ოქტომბერი გახლდათ. ჯერ შეყვარებულები არ ვიყავით - უბრალოდ, ერთმანეთი მოგვწონდა. "ივენთზე" მივდიოდი და დავპატიჟე...

- პირველ პაემანზე რა ეცვა? შენ რა გეცვა?

ბეა:

- ავთოს ჯინსის ნაცრისფერი ქურთუკი ეცვა, მე - "ბეჟი" პიჯაკი.

ავთო:

- ბეას თეთრი, "ბრეტელებიანი" მაისური, შავი ან ყავისფერი ტყავის "მანტო" და მუქი ფერის ფეხსაცმელი ეცვა. მე რა მეცვა, არ მახსოვს (იცინის).

- სიყვარულში პირველად ვინ გამოტყდა?

ბეა:

- მართალია, ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ მასთან კონტაქტი არ მქონდა. უბრალოდ, "ფეისბუკ"-მეგობრები ვიყავით. "კოვიდ" პანდემიის პერიოდში, "ტიკტოკზე" შემთხვევით ავთოს ვიდეოები შემხვდა. ვიფიქრე, - ამას ხომ ვიცნობდი-მეთქი (იცინის)? ძალიან მომეწონა. მის მიმართ რაღაც გრძნობები გამიჩნდა, მაგრამ ჩემი ინიციატივით არაფრის გაკეთება არ მინდოდა... ავთოს ძმასთან, მიშასთან ვმეგობრობ. "პრაიმ ჰაუსში" შესვლამდე ძალიან ვნერიულობდი, რადგან საერთოდ არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. მიშას მივწერე, რომ ავთოს ნახვა და მისგან რჩევების მიღება მსურდა... მოკლედ, ავთოს შევხვდი, ბევრი ველაპარაკე, რჩევებიც მომცა... მას მერე უფრო და უფრო დავახლოვდით. ჩვენ შორის თავიდანვე "ქიმია" იყო... ვეღადავებოდი, - ადრე კი მომწონდი, მაგრამ ახლა აღარ მომწონხარ-მეთქი (იცინის). მგონი, სიყვარულში პირველი ავთო გამომიტყდა, მაგრამ შეხვედრის პირველივე დღიდან ერთმანეთის მიმართ ორივე რაღაცას ვგრძნობდით. იმ ღამით მომწერა კიდეც: ვერ ვიძინებ, შენზე ვფიქრობ, რა ხდებაო? ვუპასუხე, - მეც ასე ვარ-მეთქი...

ავთო:

- ჩემი აზრით, სიყვარულში ორივე ისეთ დროს გამოვტყდით, რომ უკვე გასაგები იყო, ერთმანეთის მიმართ გრძნობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ბავშვობაშიც მომეწონა - ორივე ძალიან საყვარლები და ლამაზები ვიყავით, მაგრამ გააზრებულად მისით ზრდასრულობისას მოვიხიბლე. ბეა ჩემთან ახლოს ცხოვრობს. როცა პირველად ვნახე, არაფრის მოლოდინი არ მქონია. უბრალოდ, მასთან შესახვედრად იმისთვის მივდიოდი, რომ რჩევები მიმეცა. დავინახე თუ არა, მაშინვე თვალში მომხვდა, რომ მაღალი იყო (იცინის). საერთოდ, მაღალი გოგონები მომწონს. პირველ შთაბეჭდილებას ხომ გარეგნობა ახდენს, არა? უხერხულობის განცდა არ გვქონია, პირიქით - ორივე "გავიხსენით", თავისუფლად ვისაუბრეთ. თითქოს ბავშვობიდან დღემდე სულ ვმეგობრობდით... მერე ლისის ტბაზე გავისეირნეთ, ბევრი ვილაპარაკეთ... პროექტის გარდა უამრავი სასაუბრო თემა აღმოგვაჩნდა... საბოლოო ჯამში, პირველი ნაბიჯი მე გადავდგი, რადგან მამაკაცი ვარ (იცინის), თუმცა ერთმანეთი ორივეს გვიყვარდა.

- შენი აზრით, ხალხს რომელი თქვენგანი უფრო მეტად უყვარს?

ბეა:

- ერთხელ სწრაფი კვების ერთ-ერთ ცნობილ ობიექტში ვიყავით, როცა ავთოს გამო, ერთმა გოგომ ტირილი დაიწყო... მგონია, მეც ბევრს ვუყვარვარ, მაგრამ მე - უფრო ბიჭებს, ავთო კი გოგონებს (იცინის).

ავთო:

- რა თქმა უნდა, მე (იცინის)! ისედაც მე უფრო დიდი ხანია, რაც ფართო საზოგადოების წინაშე ვჩანვარ. ხალხისგან დიდი სიყვარული მას შემდეგ ვიგრძენი, რაც გიორგი ნაზღაიძეს ისე მოვექეცი, როგორც იმსახურებდა და პროექტიდან წამოვედი.

- ეჭვიანია? თავად თუ ხარ ეჭვიანი?

ბეა:

- საშინლად ეჭვიანია. ნერვები მეშლება!.. სხვათა შორის, მეც ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ უაზრობის გამო - არა. შეიძლება, დაქალებთან ერთად გასართობად წასვლა მომინდეს, მაგრამ არ გამიშვას. კოსტაზეც ეჭვიანობდა: ხედავდა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა (ახლაც კარგი მეგობრები ვართ), ვწერდი ხოლმე... ბოლოს ავთოს კოსტა სპეციალურად გავაცანი. როცა გაიგო, როგორი ტიპის ადამიანია, დაწყნარდა.

ავთო:

- გარკვეულწილად, ორივე ეჭვიანები ვართ, ოღონდ - ეს ჩვენს ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. ერთმანეთს 100%-ით ვენდობით. უბრალოდ, ეჭვიანი ბუნების ადამიანები ვართ. ჩემი აზრით, ეჭვიანები ერთგული ადამიანები არიან. მესაკუთრე უფრო ვარ, მით უმეტეს, როცა შეყვარებულზეა საუბარი: შეყვარებული ჩემი ნაწილი უნდა იყოს, 100%-ით მეკუთვნოდეს, ოღონდ - კარგი გაგებით, რა თქმა უნდა.

- რა დადებითი თვისებები აქვს მას? შენ?

ბეა:

- ორივე გულწრფელი ვართ. ურთიერთობაში თავიდანვე "გახსნილები" ვიყავით - არ ვთამაშობდით, სხვა ადამიანების როლები არ მოგვირგია.

ავთო:

- ბეას დადებითი თვისებებიდან ყველაზე მეტად, ის მომწონს, რომ განსხვავებული და მრავალფეროვანია, ასევე - მხიარული, ძალიან ერთგული და გულწრფელი. ჩემთვის ძმაკაციცაა, შეყვარებულიც და მეგობარიც. ჩემთან ურთიერთობაში ძალიან უშუალოა. მომწონს, რომ ხელოვანია... მე მოსიყვარულე, კომუნიკაბელური, მხიარული, თავდაჯერებული და ყველაზე ერთგული ვარ. სწორედ ამიტომ მოვითხოვ, რომ ადამიანი ჩემ მიმართაც ერთგული იყოს.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

ბეა:

- ადრე "მამას დრაკონს" ვეძახდი, ახლა - "ჯიხვს". თავად "ლემურს" მეძახის (იცინის).

ავთო:

- ყველაზე ხშირად რასაც ვეძახი, ესაა: "ჩემი ბავშვი", "ჩემი პატარა"... ამაზე საუბარი უხერხულია (იცინის)... კიდევ "ლემურს" ვეძახი, თავად კი - "ჯიხვს", ასევე - "საწყალს". ქართული ენა კარგად არ იცის. წარმოსათქმელად რა სიტყვაც მოსწონს, იმას მეძახის (იცინის). თავდაპირველად, "ჯიხვის" და "საწყალის" მნიშვნელობაც არ იცოდა. სიტყვა "ჯიხვი" ყაზბეგში ყოფნისას გაიგონა - ზამთარში მთებიდან ჯიხვები ჩამოდიან ხოლმეო....

- "პრაიმ ჰაუსში" ვის გულშემატკივრობს? შენ ვის გულშემატკივრობ?

ბეა:

- თავიდან ჩემ გამო უყურებდა, ახლა კი ავთო "პრაიმ ჰაუსს" საერთოდ არ უყურებს... მე ყველაზე მეტად კოსტას ვგულშემატკივრობ, ასევე - ლენუკას და სალომეს.

ავთო:

- ალბათ, ბეა ლენუკა ყიფშიძეს, კოსტას და სალომეს გულშემატკივრობს. მე არ ვუყურებ, არ მაინტერესებს და არც არავის ვგულშემატკივრობ.

- როდის აქვს დაბადების დღე მას? შენ?

ბეა:

- მას - 22 იანვარს. მალე "ოქროს დაბადების დღე" ექნება. მინდა სიურპრიზები მოვუწყო (იცინის). მე 23 ივლისს მაქვს დაბადების დღე.

ავთო:

- ბეას -23 ივლისს, მე - 22 იანვარს.

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

ბეა:

- მისი - ხინკალი. ჩემი - კუბდარი ან ჩაქაფული (ორივე ძალიან მიყვარს).

ავთო:

- ბეასი - კუბდარი, ჩემი - ხინკალი.

- თოვლის ბაბუას არსებობის რომელ ასაკამდე სჯეროდა მას? შენ?

ბეა:

- ალბათ, 10-11 წლამდე სჯეროდა, მეც - ამ ასაკამდე... რაც გავიზარდეთ, ახალი წლის დღესასწაული ორივეს გვეზიზღება.

ავთო:

- მისი არსებობის ბეას დღესაც სჯერა. მეც მჯერა. შეიძლება, თავად ბეამ ამის შესახებ არ გითხრა - ალბათ ერიდება, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ სერიოზულად ვისაუბრეთ: რაკი ახალი წლის დღესასწაული გვიახლოვდება, ვუთხარი, რომ სანტას არსებობის მჯერა. ისიც გამომიტყდა (იცინის)...

- როგორი რეაქცია გაქვს, როცა თეოს და ავთოს წყვილის მომხრეები სოციალურ ქსელებში აქტიურობენ? მას როგორი რეაქცია აქვს?

ბეა:

- თავდაპირველად არ მომწონდა, თუმცა გული არ მწყდებოდა. ახლაც არანაირი რეაქცია არ მაქვს - არ მაინტერესებს. ცუდ რაღაცებსაც ხომ მიწერენ ხოლმე, არა? უკვე მივეჩვიე. ამ სიტუაციით ავთოც დაიღალა. მოდერატორებიც გააფრთხილა - ვინც "თეო და ავთოს" დაწერს, "დაბლოკეო" (იცინის). მოკლედ, დავიღალეთ. იმედია, "თეოავთოობა" მალე დასრულდება.

ავთო:

- ორივეს "გვკიდია". რაც ფართო საზოგადოების წინაშე გამოვჩნდი და ხალხმა გაიგო, რომ თურმე შეიძლება, გოგოები მყავდეს, მას მერე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა: ის გიხდება, ეს - არაო და ა. შ. ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ყველა გოგოს თავისი მომხრეები ჰყავდა. ამას შევეჩვიე. აღარ ვაკვირდები.

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდა? შენ რაზე ოცნებობდი?

ბეა:

- ამერიკული ფეხბურთის თამაში უნდოდა. მე მსახიობობა მსურდა. მშობლებს წინააღმდეგი იყვნენ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ბავშვობიდან უბრალოდ, მუსიკოსი ვარ. ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ.

ავთო:

- ალბათ, ბეას მოდელობა ან მუსიკოსობა სურდა, მე ბავშვობიდან ბიზნესმენობა მინდოდა.

- შენში ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მასში?

ბეა:

- ჩემში მოსწონს მრავალფეროვნება, პირდაპირობა და ის, რომ მატყუარა არ ვარ. ასევე, ჩემი სიმაღლეც ძალიან მოსწონს. ავთოში გულწრფელობა, თავდაჯერებულობა და უშიშრობა მომწონს.

ავთო:

- 175 სმ სიმაღლის რომ არის, ეგ მომწონს (იცინის). საერთოდ, მისი ყველაფერი მომწონს. გოგოში რასაც ვაფასებ, ბეას ყველაფერი აღმოაჩნდა და ამიტომ შემიყვარდა. თავიდანვე მივხვდი, რომ ყველასგან განსხვავდება. ძალიან მრავალფეროვანია, ხელოვანია. ვერ შევეგუები, რომ გოგოს იმაზე ნაკლებად ვუყვარდე, ვიდრე მე მიყვარს, ბეას კი ისე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ის ან შეიძლება - უფრო მეტადაც... ყველაზე მეტად ეს მომწონს... ალბათ, მას ჩემი თავდაჯერებულობა მოსწონს.

- 10 წლის მერე, თქვენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

ბეა:

- მგონია, რომ საქართველოში ან ამერიკაში ვიქნები, ან - ორივეგან, პერიოდულად. სხვათა შორის, საქართველო ძალიან მიყვარს. სადაც უნდა წავიდე, მაშინვე უკან, სახლში დაბრუნება მინდა... იმედია, ცნობილი მსახიობი ვიქნები (იღიმის). შეიძლება, მუსიკოსი ვიყო. ვიმედოვნებ, ავთოც ჩემ გვერდით იქნება. 10 წლის მერე, თავისი ცხოვრება ავთოსაც უეჭველად ჩემ გვერდით წარმოუდგენია. ორივეს ერთნაირი რაღაცები გვინდა, მაგალითად - პოპულარობა.

ავთო:

- უეჭველად ერთად ვიქნებით. უკვე 2 შვილი - ბიჭი და გოგო გვეყოლება. მინდა ბევრგან ვიმოგზაუროთ. შეიძლება, გარკვეული პერიოდით ლონდონში ვიცხოვროთ, მაგრამ ბოლოს მაინც საქართველოში დავბრუნდებით.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"