"რეჯეფ ერდოღანის გეგმა ომსა და მშვიდობაზე“ - კვირის პალიტრა

"რეჯეფ ერდოღანის გეგმა ომსა და მშვიდობაზე“

ბრიტანული ჟურნალის - "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რეჯეფ ერდოღანის გეგმა ომსა და მშვიდობაზე “ (ავტორი - სტივენ ჰეიდემანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"არის ისეთი გლობალური პრობლემები, რომლებიც ორივეს გვაღელვებს“, - ერთგვარი იდუმალებით განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრისას, გასულ კვირას. მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც ენტონი ბლინკენის გვერდით იდგა, იგივე აღნიშნა: "ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ პარტნიორობაზე როგორც ორმხრივ, ასევე - რეგიონულ საკითხებში“. მოკლედ, მათ ნათქვამში, თითქოსდა, ჩვეულებრივი დიპლომატიაა გამოხატული, მაგრამ მოსაწყენი ბანალურობის მიღმა თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებული სერიოზული განხეთქილება იმალება.

გასული წლის დეკემბერში სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ - ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კონტაქტებში გაჩენილი ხანგრძლივი, 11-წლიანი პაუზის შემდეგ. მოლაპარაკების დროს დაიგეგმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, რომლის შემდეგ, ალბათ, ერთმანეთს თურქეთისა და სირიის ლიდერები - რეჯეფ ერდოღანი და ბაშარ ასადი შეხვდებიან. სავარაუდოდ, ანკარისა და დამასკოს ურთიერთობის აღდგენა სირიაში მიმდინარე კონფლიქტში 2015 წლის შემდეგ (2015 წელს რუსეთის დახმარებით განხორციელებულმა დაბომბვებმა სამოქალაქო ომში ბაშარ ასადის გამარჯვება განაპირობა) ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

სასწორზეა დადებული არა მარტო სირიის მილიონობით მშვიდობიანი მცხოვრების ბედი, არამედ - თურქეთში თავშეფარებული სამნახევარი მილიონი სირიელის მდგომარეობაც, რომლებსაც, თუ თურქეთსა და სირიას შორის შეთანხმება დაიდება, იძულებით სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ. გარდა ამისა, ანკარისა და დამასკოს დაახლოება და "ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი სავარაუდო ბრძოლა, საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ სირიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ქვედანაყოფების უსაფრთხოებასაც. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ის, რაც სირიაში ხდება, მხოლოდ სირიაში არ რჩება, მის მიღმაც ვრცელდება.

თურქეთის გასვლა სირიიდან და მათ მიერ დატოვებულ პროვინციებში ბაშარ ასადის ხელისუფლების აღდგენა კვლავ გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციას მეზობელ ქვეყნებში (ვთქვათ, ერაყში, იგივე - თურქეთში და, ალბათ, ევროპაშიც). დღეს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეფარებულია მილიონობით ადამიანი, რომლებიც მხარს უჭერენ სირიის ოპოზიციას. მათ ძალიან კარგად იციან, რა ელოდებათ, თუ მათ საცხოვრებელ რეგიონში ბასარ ასადის სასტიკი სპეცსამსახურები დაბრუნდებიან.

მეზობელ სირიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე რეჯეფ ერდოღანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან თურქეთის შიდა პრობლემები დგას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლიდერმა ხელისუფლების მკვეთრი ცენტრალიზება განახორციელა, ოპონენტები მარგინალებად გადააქცია და ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპები დაარღვია, რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობა არც ერთხელ არ ყოფილა ისეთი მყიფე, როგორიც დღესაა.

ამჟამად, პრეზიდენტის ბედს ორი საკითხი წყვეტს: ეკონომიკის მდგომარეობა და ლტოლვილები. თურქეთის ეკონომიკა ღრმა დეპრესიაშია, ინფლაციის დონე 135 პროცენტს აღწევს. რაც შეეხება ლტოლვილებს, თურქები სირიელებს საკმაოდ მტრულად უყურებენ. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ ლტოლვილებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მიესალმა, მაგრამ ბოლო დროს ოპოზიციურმა პარტიებმა მოსახლეობაში ნაციონალისტური განწყობები გააღვიძეს, რათა რეჯეფ ერდოღანის მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერა შესუსტებულიყო.

ამ ფონზე თურქეთის პრეზიდენტი იძულებული გახდა, სირიისათვის მიემართა, თავისი საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანმა მრისხანება მიმართა "ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK- Partiya Karkerên Kurdistan) მიმართაც, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან. აღსანიშნავია, რომ PKK-ის სირიული ანალოგი - "დემოკრატიული ერთიანობის პარტია“ (PYD - Partiya Yekîtiya Demokrat) კი აშშ-ის საკვანძო მოკავშირედ ითვლება "ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და მას ვაშინგტონი ეხმარება სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით.

ამერიკისა და სირიელი ქურთების მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რეჯეფ ერდოღანმა თავისი არმია იმ ქურთულ რაზმებთან საბრძოლველად გამოიყენა, რომლებიც, მისი თქმით, თურქეთის ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. 2016 წელს ანკარამ დაიწყო ოპრაციის განხორციელება კოდური სახელწოდებით - "ევფრატის ფარი“, რომელიც მიმართული იყო "სირიის სახალხო თავდაცვის“ ძალების (YPG -Yekîneyên Parastina Gel) წინააღმდეგ, რათა მათ ქურთული "კანტონი“ არ შეექმნათ სირიის აღმოსავლეთით მდებარე ერაყის საზღვრიდან დასავლეთით მდებარე ქალაქ აფრინამდე. თურქეთის არმიამ ჯერ აღნიშნული ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, შემდეგ კი თანდათან გააფართოვა ტერიტორია (დაახლოებით, 3400 კვადრატული კილომეტრამდე). თუმცა, ამის მიუხედავად, ქურთული ძალები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში კვლავ აქტიურობენ, აშშ-ის მხარდაჭერის შედეგად.

თავდაპირველად რეჯეფ ერდოღანი ახალი შეტევის დაწყებას გეგმავდა და "ქურთული ჩიხიდან“ საბოლოოდ გამოსვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლოს უპირატესობა სირიასთან დაახლოებას მიანიჭა. არც რუსეთს და არც ამერიკას არ სურთ მწვანე შუქი აუნთონ ისეთ მოქმედებას, რომელიც სირიის კონფლიქტს უარესად გაამწვავებს. ამას წინათ რუსმა მაღალჩინოსნებმა რეჯეფ ერდოღანს მიანიშნეს, რომ კარგი იქნებოდა, მოსკოვის შუამავლობით მას სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან ათეული წლის წინათ გაწყვეტილი კავშირები აღედგინა. წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, სირიის არმია თურქეთის საზღვართან დაბრუნდებოდა, ტერიტორიას გააკონტროლებდა და ქურთული რაზმების თავდასხმებსაც შეაჩერებდა - განხორციელდებოდა თავდაცვის პირველი ზღუდის შექმნა, რაც რეჯეფ ერდოღანის ინტერესებშიც შედის.

თურქეთის პრეზიდენტმა ამაში პოლიტიკური სარგებელიც დაინახა: ბაშარ ასადთან დაახლოება იმ კრიტიკოსებსაც გააჩუმებდა, რომლებიც მას სირიასთან ურთიერთობის გაურესებას საყვედურობდნენ, ხოლო სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებით თურქეთი მიიღებდა ერთგვარ "ბუფერს“ ქურთების წინააღმდეგ.

სხვათა შორის, რეჯეფ ერდოღანმა თავისი ხედვები სირიის მხარეს ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გააცნო, მაგრამ დამასკომ თავდაპირველად უარყო მისი ხედვები. თურქი ლიდერის გარემოცვა, მაღალჩინოსნები მთელი შემოდგომის განმავლობაში ცდილობდნენ იმას, რომ ბაშარ ასადის მთავრობის რომელიმე წევრთან შეხვედრა გამართულიყო.

სირიის პრეზიდენტი დროს აჭიანურებდა, მას მაინცდამაინც არ სურდა მოწინააღმდეგის (არადა, ბაშარ ასადი და რეჯეფ ერდოღანი ოდესღაც ოჯახებით მეგობრობდნენ!) ელექტორალური პერსპექტივის გაუმჯობესება. მაგრამ მოსკოვის აშკარა ზეწოლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მოლაპარაკებას დათანხმდა მთავრობის რომელიმე წევრის დონეზე. ასე განხორციელდა თურქეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მოსკოვში, სერგეი შოიგუს მონაწილეობით და შუამავლობით. ახლა უკვე გაისმის ხმები, რომ უახლოეს ორ კვირაში ერთმანეთს თურქი და სირიელი საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეხვდებიან. როგორც ჩანს, ბაშარ ასადი არ გამორიცხავს თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც, ალბათ, რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდება, ვთქვათ, მაისის დასაწყისში.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ერდოღანი და ასადი ერთმანეთს შეხვდნენ, თურქეთსა და სირიას შორის მაინც სერიოზული პრობლემები დარჩება. ანკარას ჯერჯერობით არანაირი დემონსტრირება არ მოუხდენია იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლას აპირებს, რაც ბაშარ ასადისათვის პირობის დარღვევას ნიშნავს. თავის მხრივ, ვაშინგტონიც სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ცდილობს. იანვრის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტი თავისი ყველაზე მკაცრი განცხადებით გამოვიდა ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან დაახლოების მსურველთა გასაგონად: "ჩვენ არ მივესალმებით სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტებს და მხარს არ დავუჭერთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა.

და მაინც, იმის დამოუკიდებლად, აღადგენენ თუ არა რეჯეფ ერდოღანი და ბაშარ ასადი ერთმანეთთან ძველ კავშირებს, თვით კონტაქტების არსებობაც კი შიშს იწვევს ჩრდილოეთ სირიის მოსახლეობასა და ოპოზიციურ დაჯგუფებებში. გარდა ამისა, ვაშინგტონი შიშობს, რომ თუ თურქეთიდან სირიელი ლტოლვილები დაბრუნდებიან, ეს "ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას არ წაადგება. რუსეთის საშუამავლო გამბიტი არ ნიშნავს იმას, რომ თუ სირიაში ძალადობა შესუსტდება, კონფლიქტი დასრულდება.

იდეალურ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ, დასავლეთის მთავრობები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წინ უნდა აღუდგნენ და ანკარა-დამასკოს ხელი უნდა შეუშალონ განზრახვის შესრულებაში, მაგრამ ჩვენ, ალბათ, მხოლოდ "შეშფოთების“ გამოხატვას მივიღებთ. რას ვიზამთ, ეს დიპლომატიაა, როგორც ყოველთვის". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ