"ქართული ოცნება" რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს" - რას აცხადებს ყოფილი კონგრესმენი - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს" - რას აცხადებს ყოფილი კონგრესმენი

„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს, - ამის შესახებ ამერიკელმა ყოფილმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ განაცხადა და გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია CNN-ს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა,"სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, კობახიძის თქმით, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

IPN