"მძღოლმა დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე" - ლილოში მომხდარი ავარიის დეტალები - რას ჰყვება გოგონას დეიდა? - კვირის პალიტრა

"მძღოლმა დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე" - ლილოში მომხდარი ავარიის დეტალები - რას ჰყვება გოგონას დეიდა?

22 იანვარს თბილისში, ლილოში მომხდარ შემზარავ ავარიას 17 წლის მარიამ ბადალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა მარიამის სამი მეგობრის მდგომარეობა, რომლებიც, ასევე, ამ ავარიის დროს დაშავდნენ. ისინი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში შეიყვანეს. როგორც გვითხრეს, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ცნობილია, რომ გოგონები გზაზე გადადიოდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა მათ შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან 19 წლის ბიჭი იჯდა და დრიფტაობდა (ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება), რა დროსაც მანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონებს დაეჯახა. სამწუხაროდ, მარიამი ადგილზე დაიღუპა. ახალგაზრდა გოგონას დეიდამ, მარიამ თოღუზაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტი გაავრცელა. "კვირის პალიტრა" ქალბატონ მარიამს დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა:

- ჩვენი 17 წლის მარიამი საოცარი გოგონა იყო, რომელიც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ დრიფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა მანქანა, მძღოლმა დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა, ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაშია ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე, ციმციმა ანგელოზს ვეძახდით.

ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სოციალურ ქსელში სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრიფტაობდა, რაც ტყუილია. ახლა, პირველ რიგში, ის მაინტერესებს, შემთხვევის ადგილი თუ ნახეთ ჟურნალისტებმა. ჩემი დიდი თხოვნაა ყველა ჟურნალისტისადმი, რომ კვალიფიციურად გააშუქოთ ეს ამბავი და საზოგადოებას გააგებინოთ სიმართლე. შემთხვევის ადგილი გადაიღოთ და იქ გამოჩნდება რეალური სურათი. გაჩნდა ეჭვი, რომ რადგან ეს შემზარავი ავარია ასე მასშტაბურად არ შუქდება მედიით, როგორც სხვა დანაშაულები, ხომ არ არის ამაში ბიჭის მფარველების ხელი გარეული, ხომ არ უნდათ, სხვაგვარად შეაბრუნონ ეს საქმე. არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ეს საქმე ჩაიფარცხოს. ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავე ბიჭი თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შვილია და არ მივცემთ უფლებას, საქმე ჩაიფარცხოს.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში - "ჩემი ქალაქი მკლავს", დაიწერა მომხდარ ტრაგედიაზე, თვითმხილველები საუბრობდნენ, რა უბედურება დაატრიალა მკვლელმა იქ და უცებ გამოჩნდნენ ტროლები და ბოტები, რომლებმაც დაიწყეს დამნაშავის დაცვა. თურმე, მძღოლია ცოდვა და დაღუპული მარიამი - მეორე ხარისხოვანი. რა გვჭირს ამ საზოგადოებას, რომ მკვლელებზე ვაფანატებთ და დაზარალებულები არ გვეცოდება, გადავგვარდით ადამიანები?! უდანაშაულო ბავშვები შეიწირა და, თურმე, პასუხიც არ უნდა აგოს. უფრო შორს წავიდა მათი ტყუილები და ამ ჯგუფში ისიც დაიწერა, თითქოს მარიამი იჯდა საჭესთან, რაც ტყუილია. მარიამი ცხოვრებაში არ მჯდარა მანქანის საჭესთან, ჩვენი ციმციმა მარიამი და მისი სამი მეგობარი გოგონა გადმოდიოდა გზაზე, რომ ტრანსპორტში ასულიყვნენ და ამ დროს შეეჯახა მანქანა ბავშვებს. პოლიციამ ამოიღო ჩანაწერები, ჩანს ვიდეოში, ბავშვები გადმოვიდნენ გზაზე და ამ დროს 19 წლის ბიჭი, ვიღაც გიორგი, რომელიც ზის საჭესთან, მოდის დიდი სიჩქარით, ირგვლივ საშინელ ბუღს აყენებს, დრიფტაობს, ატრიალებს მანქანას და ეჯახება გოგონებს. ამ ვიდეოკადრების ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მძღოლი არის არაფხიზელ მდგომარეობაში, გაზს ფეხს არ უშვებს, კიდევ უფრო მეტად აჭერს, რომ დაატრიალოს მანქანა. მარიამზე მოხდა ძირითადი დარტყმა და ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

ისეთი რა სიჩქარით მოდიოდა, რომ ბავშვი მთლიანად დალეწილია - ნამსხვრევებად აქცია. შემთხვევის ადგილის ფოტოები გადმომიგზავნეს, შემზარავი კადრებია, ხის ძირას გდია მარიამი. არავინ ვართ დაზღვეული, რომ ამისთანა მანიაკები და მშობლებისგან გატუტუცებული ბიჭები ხვალ და ზეგ უარესს არ გააკეთებენ. მარიამს ჩვენ ვერ ვუშველით, ვერავინ გაგვიცოცხლებს, სიცოცხლით სავსე, ულამაზესი გოგო მოგვიკლეს, მაგრამ სხვა დედებს ხომ ჰყავთ შვილები, სხვა დედები ისე რომ არ გამწარდნენ, როგორც მარიამის მშობლები, ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ. როდემდე შეიძლება ასეთი განუკითხაობა იყოს ქვეყანაში, როდემდე შეიძლება ვკარგოთ ჩვენ ასეთი საჯიშე შვილები, სხვების გამო. ისედაც ცოტანი ვართ, ამისთანა უპასუხისმგებლობას, თავაშვებულობას რატომ უნდა შეეწირონ ეს ახალგაზრდები. დრიფტაობის ადგილია ქუჩა, სადაც ადამიანები მოძრაობენ? ეს რატომ არ იკრძალება?

- იქნებ გვიამბოთ, რომელ საათზე მოხდა ფაქტი და მარიამი სად იმყოფებოდა?

- 22 იანვარს, კვირას, დღის 3 საათზე დატრიალდა ეს საშინელება. მარიამი ჩემი დეიდაშვილის შვილია, დედამ დატოვა მძინარე, სახლში, თვითონ კლინიკაში მუშაობს და სამსახურში წავიდა. შვილი არ გაუღვიძებია, აბიტურიენტი იყო მარიამი, მთელი ღამე მეცადინეობდა, იურისტობაზე ოცნებობდა. ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის, მე-12 კლასელია. მთელი ღამე უმეცადინია...

დედამისი მორიგე იყო და რომ წასულა საავადმყოფოში, ბავშვისთვის წერილი დაუტოვებია. დაუწერია წერილში, ხელოსანი მოვა და არ გახვიდე სახლიდანო. ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე ახლოვდებოდა და მარიამს და მის მეგობარ გოგონებს უფიქრიათ რადგან კვირა დღე იყო, ლილოში, საჩუქრის საყიდლად წასულიყვნენ. ოთხივე ერთად წავიდნენ ლილოს ბაზრობაზე. იმ დღეს "ლილო არენაზე" ფესტივალი ტარდებოდა და საჩუქრის ყიდვის შემდეგ იქ გადასულან. იქიდან ბრუნდებოდნენ ბავშვები, ტრანსპორტში უნდა ასულიყვნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. დედამ შვილი გარეთ ვერ უნდა გაუშვას? ძალიან ცუდად არიან, როგორც ვიცი, მარიამის მეგობარი გოგონებიც. პირველი დარტყმა მარიამმა მიიღო, მერე სხვებმა. სამძიმარზე იყო მოსული ერთ-ერთის დედა, მას ვესაუბრე, მითხრა, ჩემს შვილს მძიმე ტვინის შერყევა აქვს, მენჯის ძვალი აქვს ჩალეწილი და ხელი აქვს დაზიანებული, კიდევ ერთ გოგონას ხერხემალი დაუზიანდაო, დაშავებულია ყველა. ორი რეანიმაციაშია. ასე დაღუპა და გააუბედურა ოჯახი.

მარიამის მშობლები საშინელ დღეში არიან. მამა სთხოვდა, სამედიცინოზე ჩაებარებინა, მაგრამ იურისტობა ჰქონდა გადაწყვეტილი. იმდენად თბილი, იმდენად საყვარელი იყო, ვეძახდი, ჩვენი ციმციმა ანგელოზი ხარ-მეთქი. მე ლექციებს ვკითხულობ და სულ მაქვს შეხება ახალგაზრდებთან, მაგრამ მარიამი გამორჩეული იყო. ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო მოგვიკლეს. ერთი და ჰყავს, უფროსი, რომელიც ფეხმძიმეა, შვილს ელოდება, დღედღეზე უნდა იმშობიაროს და ამხელა სტრესის და ტკივილის ქვეშ აღმოჩნდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ ტკივილს.

- დამნაშავე დაკავებულია?

- როგორც ვიცით, ის მაშინვე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ეტყობა, მამამისს დაურეკა, მამამისი მისულა იქ და ადგილს ათვალიერებდაო. როგორც გვითხრეს, 19 წლის მკვლელი ბიჭის მამა მაჟორიტარი დეპუტატია. ჩვენი ინფორმაციით, გვიან ღამით დააკავეს დამნაშავე და იმის მერე რა ხდება, არ ვიცით. ვის სცალია ჯერ ამისთვის, რადგან ჯერ მარიამი არ დაგვიკრძალავს. ეტყობა, ვიღაცებს აქვთ მცდელობა, რომ ეს ამბავი ნაკლებად გახმაურდეს. ისეთი სისულელეც დაიწერა, თითქოს მარიამი და გოგონები იმ მანქანაში ისხდნენ. ამ დროს პოლიციაში დევს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ბზრიალ-ტრიალით მოდის მანქანა და მთელი სიძლიერით როგორ ეჯახება გოგონებს. ისეთი ბუღი აქვს დაყენებული, საერთოდ, ბავშვებს ვერ ხედავდა. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები. ასეთი ანგელოზის მკვლელობა არ ვიცით, როგორ უნდა გადავიტანოთ.

კანონი შესაცვლელია. დრიფტაობა უნდა აიკრძალოს, სიჩქარეზე, სიმთვრალეზე ჯარიმები დიდი უნდა იყოს, რეალობას გაუსწორონ თვალი, დღე არ გადის, ავარიას, გადაჭარბებულ სიჩქარეს, ვიღაცის სიმთვრალეს, ვიღაცის დაუდევრობას არ შეეწირონ ადამიანები. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? ღმერთმა ყველა დედა დაიფაროს, მაგრამ არავინ არ არის დაზღვეული ასეთი უბედურებისგან, არავინ იცის ხვალ ვის კარზე მიაკაკუნებს ეს უბედურება, ამიტომ ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს და კანონის გამკაცრება უნდა მოთხოვოს ხელისუფლებას. დამნაშავე კი საკადრისად უნდა დაისაჯოს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)