"ფეისბუკში" ვიღაცამ ჩემი პროფილის მსგავსი გვერდი გააკეთა" - როგორ სძალავენ ადამიანებს ფულს? არ გაებათ მახეში! - კვირის პალიტრა

"ფეისბუკში" ვიღაცამ ჩემი პროფილის მსგავსი გვერდი გააკეთა" - როგორ სძალავენ ადამიანებს ფულს? არ გაებათ მახეში!

თაღლითები რომ სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ადამიანების მოტყუებას, ეს ყველამ კარგად იცის. მართალია, ბევრი სქემა გაშიფრულია, მაგრამ ისინი ახალ-ახალ მეთოდს იყენებენ და არ უჭირთ მსხვერპლების პოვნაც. სიფრთხილისკენ მოწოდების მიუხედავად, ადამიანები თაღლითების მახეში მაინც ეხვევიან და დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ ყველაფრისთვის ისინი ძირითადად ყალბ პლატფორმებს იყენებენ, მათ შორის, სოციალურ ქსელებს, ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა საიტს.ჩვენ დღეს კონკრეტულ ამბებს მოგიყვებით.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ფეისბუკში" ვიღაცამ ჩემი პროფილის მსგავსი გვერდი გააკეთა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე ვინაობა ლათინურად მეწერა, მან კი ქართულად დაწერა. ფოტო არ შეუცვლია. ეტყობა მანამდე წინასწარ შეისწავლა ჩემი მეგობრების სიაც. გვერდი ღიაა და ყველა ხედავს ჩემს მეგობრებს. შემდეგ მათ გაყალბებული "ფეისბუკ"-გვერდიდან მეგობრობა გაუგზავნა..."

"სათითაოდ ყველას გაუგზავნა შეტყობინება და მოიკითხა, როგორ ხარო? იმათაც უპასუხეს, დიალოგიც შედგა. რომ გაუშინაურდა, შემდეგ ყველას ერთნაირი შინაარსის ტექსტი მისწერა: ახლა კოჯორში ვარ, მეგობართან, დაბადების დღეზე. ჩემს მეგობარს საბაჟოზე ფინანსური პრობლემა შეექმნა, ტვირთი შემოაქვს, დააკლდა 800 ლარი და ხომ არ შეგიძლია ეს თანხა მასესხო, ხვალ ჩამოვალ კოჯრიდან, თანხას უკან დაგიბრუნებო. ბევრი ამას არ წამოეგო, რადგან ვინც კარგად მიცნობს, მიხვდა, რომ თუ ფული დამჭირდებოდა, მათ დავურეკავდი და ისე ვთხოვდი, არ მივწერდი, მაგრამ ჩემს მეგობრებში მან მაინც იპოვა რამდენიმე ადამიანი, რომელიც მახეში გააბა..."

"ასეთი სქემა გამოიყენა: ჩემს ერთ-ერთ მეგობარს მისწერა, შენი ანგარიშის ნომერი მომწერე, რამდენიმე ადამიანი დაგირიცხავს თანხას და შემდეგ ეს თანხა ამა და ამ ანგარიშზე გადამირიცხეო. ესეც სპეციალურად გაითამაშა, თითქოს იმ მეგობრის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხა, ვის დასახმარებლადაც ფულს ვთხოვდი. ამ გზით ის და მისი ანგარიშიც არ გამოჩნდებოდა. მართლაც, ასე ჩაირიცხა ჩემი მეგობრის პირად ანგარიშზე სულ 1.100 ლარი, მან კი ეს თანხა გადარიცხა მითითებულ ონლაინკაზინოს ანგარიშზე..."

"როგორც გავარკვიე, არის თურმე ასეთი სქემა, რომ შეიძლება ონლაინკაზინოში პირისპირ ითამაშოს ვინმესთან, რომელთანაც წინასწარ შეთანხმებული იქნება, მას ეს თანხა მოაგებინოს და ამ გზით დაიბრუნოს თაღლითურად მიღებული თანხა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა