ჯავშნიანი "ლეოპარდებიდან" "მებრძოლი შევარდნებისკენ" ანუ ტანკებს მალე გამანადგურებლებით დახმარებაც მიჰყვება? - კვირის პალიტრა

ჯავშნიანი "ლეოპარდებიდან" "მებრძოლი შევარდნებისკენ" ანუ ტანკებს მალე გამანადგურებლებით დახმარებაც მიჰყვება?

25 იანვარი მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინისთვის, დასავლეთის წარმოების ტანკების გადაცემის ძალზე გაწელილ პროცესში - გერმანიიის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ იწყებს "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების გადაცემას უკრაინისთვის და არც სხვა ქვეყნებს შეუშლის ხელს ამაში...

25 იანვრის ბოლოს, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ სამუშაო დღე იქნება, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმაც ოფიციალურად განაცხადოს "აბრამსის" ტიპის ტანკების უკრაინაში გაგზავნის შესახებ...

მართალია, პირველ ეტაპზე გამეტებული გერმანული და ამერიკული ტანკების რაოდენობა მიზერული იქნება, მაგრამ მთავარია, პროცესი დაიწყო და ერთმანეთის შემყურე ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ბოლოს და ბოლოს დაძლიეს რუსეთის რიდი თუ შიში და იწყებენ უკრაინის დამცველებისთვის სწორედ იმ საჭირო საბრძოლო ტექნიკის გაგზავნას, რომელიც აუცილებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად...

ტანკების გაგზავნა-არ გაგზავნის რთული პერიოდის საბოლოო გარკვევის პარალელურად, უფრო ინტენსიური გახდა ნახევრადოფიციალური განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინელი ტანკისტების შემდეგ გულნატკენს არც უკრაინელ პილოტებს დატოვებენ და მათთვისაც მოიძებნება დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები.

საერთოდ, საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გადაცემა კიდევ უფრო რთული თემაა, ვიდრე - ტანკების, რადგან ნატოს სტანდარტის სამხედრო ავიაციის ინფრასტრუქტურა, როგორც საფრენოსნო, ისე - სააეროდრომო, მნიშვნელოვნად განსხვავდება უკრაინის საბჭოთადროინდელი ავიაციისგან და დიდ მოსამზადებელ სამუშაობს მოითხოვს იმისთვის, რომ დასავლური სამხედრო თვითმფრინავები მუდამ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.

ყველაზე მოსალოდნელია, რომ ნატო უკრაინის საჰაერო ძალებს თავდაპირველად მაინც "მებრძოლი შევარდნებით" ანუ კარგად ცნობილი ამერიკული F-16 Fighting Falcon-ებით დაეხმარება, რაზეც მიუთითებს ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაც, რომ ის განიხილავს ამ გამანადგურებლების გადაცემას, თუკი უკრაინის ხელისუფლება ასეთი თხოვნით მიმართავს, რასაც მოჰყვა ამერიკელების გამოხმაურება, რომ ისინიც წინააღმდეგ არ წავლენ, თუკი ნიდერლანდები თავისი "მებრძოლი შევარდნების" უკრაინისთვის ჩუქებას გადაწყვეტს.

საბჭოთადროინდელი "ტ-64"-დან გერმანულ "ლეოპარდ-2"-ზე უკრაინელი ტანკისტების სწრაფი კურსით გადამზადებას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება. მართალია, "მიგ-29"-დან F-16 -ზე გადასაჯდომად უკრაინელ პილოტებს ბევრად მეტი მომზადება სჭირდებათ, მაგრამ თანამედროვე სიმულიატორები ამ საქმეში ძალიან დაეხმარებიან.

რას წარმოადგენს ამერიკული "მებრძოლი შევარდენი" F-16-ი და რა მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა შეუძლია მას, როგორც უკრაინის ცის დაცვაში, ისე - რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურებაში?

საქმეც სწორედ ისაა, რომ ჯერ კიდევ 1974 წელს გამანადგურებლის რანგში შექმნილი პირველი F-16A-ს თანამედროვე "შთამომავლები", იგივე F-16E/F Block 60-ი, უკვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში მოწინააღმდეგის გამანადგურებელთანაც შეუძლია წარმატებული ბრძოლა "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმოქმედი რაკეტებით, ასევე, ზუსტად შეუძლია გაანადგუროს რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორიდან მტრის ტანკი "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტით და არც ზღვაში გაუშვას დაუსჯელად უცხო სამხედრო კატარღა "ჰაერი-ხომალდი" კლასის მართვადი რაკეტის უზუსტესი მოხვედრით... ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ უკრაინას F-16-ის ბოლო, თანამედროვე მოდიფიკაციები გადასცენ, მაგრამ იმავე ნიდერლანდების (რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა ამ გამანადგურებლების კიევისთვის შესაძლო ჩუქებაზე) შეიარაღებაშია F-16AM/BM მოდიფიკაციის 61 გამანადგურებელი თვითმფრინავი.

"მებრძოლი შევარდნების" უკრაინელი პილოტების მიერ წარმატებით ათვისება და საბრძოლო გამოყენება შეიძლება იმ ფაქტორმაც გააადვილოს, რომ უკრაინის ორ კარის მეზობელს - პოლონეთსა და რუმინეთს უკვე ჰყავთ შეირაღებაში ეს ამერიკული გამანადგურებლები და თავიანთ დიდ გამოცდილებას გაუზიარებენ უკრაინელებს, მათ შორის - ამ "შევარდნებისთვის" საჭირო საეროდრომო ინფრასტრუქტურის მოწყობის მხრივაც.

"ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმით F-16-ები ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო თვითმფრინავებად ითვლებიან მსოფლიოში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღემდე 4 600-ზე მეტი ასეთი სამხედრო თვითმფრინავია წარმოებული, რითაც მეოთხე თაობის რეაქტიულ გამანადგურებლებში F-16 სრულ ლიდერობას ინარჩუნებს.

აშშ-ის გარდა, F-16-ები მსოფლიოს კიდევ 25 ქვეყანას აქვს შეიარაღებაში და მათ რიგს მალე შეიძლება, უკრაინაც მიურთდეს და თანაც ისე, რომ ეს "მებრძოლი შევარდნები" მართლაც პირდაპირ ბრძოლებში ჩაებმებიან რუსულ "სუებთან" და "მიგებთან"...