"აბრამსებიდან" და "ლეოპარდებიდან" ურანისშემცველი ჭურვების გასროლას "ჭუჭყიანი" ბირთვული იარაღის გამოყენებად შევაფასებთ - კრემლი წინასწარ იმუქრება - კვირის პალიტრა

"აბრამსებიდან" და "ლეოპარდებიდან" ურანისშემცველი ჭურვების გასროლას "ჭუჭყიანი" ბირთვული იარაღის გამოყენებად შევაფასებთ - კრემლი წინასწარ იმუქრება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელებმა და გერმანელებმა "აბრამსისა" და "ლეოპარდის" ძირითადი საბრძოლო ტანკების მცირე პარტიების გადაცემა გადაწყვიტეს უკრაინელებისთვის, რუსეთი კიდევ ერთხელ დაიმუქრა...

"ჩვენ ვიცით, რომ "აბრამსისა" და "ლეოპარდის" ტანკების, ისევე, როგორც "ბრედლისა" და "მარდერის" ქვეითთა საბრძოლო მანქანების ქვემეხების შეიარაღებაში არის ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები, რომელთა გამოყენება იწვევს გარემოს რადიოაქტიურ დაბინძურებას, როგორც ეს იუგოსლავიასა და ერაყში მოხდა.

უკრაინაში ურანის შემცველი ამ ჭურვების გასროლას მოსკოვი შეაფასებს, როგორც "ჭუჭყიანი" ბირთვული ბომბების გამოყენებას და შესაბამის, ადეკვატურ ზომებს მიიღებს" - წინასწარ იმუქრებიან კრემლიდან...

მართლაც, ამერიკული "აბრამსები" გაღარიბებული "ურან-238"-ის შემცველ 120 მმ-იან ჯავშანგამტან ქვეკალიბრის ჭურვებს იყენებენ, რომელიც გასროლამდე თითქმის არ არის სახიფათო, მაგრამ ჯავშანზე დიდი სიჩქარით მოხვედრისა და მისი გარღვევისას, ურანის ეს იზოტოპი მტვრის სახით იფანტება და მისი ჩასუნთქვით ადამიანის ორგანიზმში იონიზებული გამოსხივების უხილავი წყაროები ხვდება.

იმის გამო, რომ 120 მმ კალიბრის ნატოს სტანდარტის სატანკო ჭურვი სტანდარტულია, მისი გამოყენება გერმანულ "ლეოპარდ-2"-სა და ფრანგულ "ლეკლერკებსაც" შეუძლიათ, გარდა ბრიტანული "ჩელენჯერ-2"-ისა, რადგან მათი ქვემეხების ლულა ხრახნიანია და არა - გლუვი.

2-uran-1674733472.png
გასროლისას ტანკის ლულიდან 1,7 კმ/წმ სიჩქარით გამოტყორცნის შემდეგ, ქვეკალიბრის ჭურვი ფრაგმენტებად იშლება და მოწინააღმდეგისკენ ფრენას მხოლოდ გაღარიბებული ურანისგან დამზადებული მოგრძო ღერო აგრძელებს...

M829A2 ტიპის ამერიკული 120 მმ-იანი ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის ჭურვში მოთავსებული მოგრძო გულა გაღარიბებული "ურან-238"-ისგანაა დამზადებული და ტანკის ლულიდან გასროლისას უზარმაზარ საწყის სიჩქარეს -1,7 კმ/წმ-მდე ავითარებს და 2 კმ-ის სიშორეზე მართი კუთხით მოხვედრისას შეუძლია 620-750 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა, რაც ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად ითვლება "ჭურვი-ჯავშანის" სამსაუკუნოვან ისტორიულ პაექრობაში.

ჯავშანგამტანობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს სწორედ გაღარიბებული ურანის გამოყენება განაპირობებს და ამიტომაც, ნატოს წევრი ქვეყნები ასეთ ჭურვებს მართლაც ხშირად იყენებდნენ, როგორც ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში, ისე - ერაყის ორივე ომში.

3-uran-1674733513.png
ერაყის არმიის საბჭოთა ტანკის კოშკურა ამერიკულმა ქვეკალიბრის ჯავშანგამტანმა ჭურვმა, რომელიც გაღარიბებული ურანისგან იყო დამზადებული, გამჭოლად გახვრიტა...

სიმართლე რომ ითქვას, ამ მხრივ სუფთები არც რუსები არიან, რადგან მათი ტანკების შეიარაღებაშიც, 1991 წლიდან მოყოლებული, მოიპოვება 125 მმ-ანი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები Свинец , რომლის გულა, ასევე, გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული და ორ კმ სიშორეზე 650 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

არც დასავლური და არც რუსული გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ჯავშანგამტანი ჭურვების საბრძოლო გამოყენება ეკოლოგიას არ გააუმჯობესებს და არც ადამიანების ჯანმრთელობას გააკაჟებს, პირიქით...

გამოსავალი ისაა, რომ გაღარიბებული ურანის ნაცვლად, ეს ჯავშანგამტანი ღეროები ვოლფრამისგან რომ დამზადდეს, რომლის საბრძოლო შესაძლებლობები დიდად არ ჩამოუვარდება ურანისგან ჩამოსხმულს, მაგრამ ვოლფრამი იშვიათი მეტალია, მისი შემცველება დედამიწის ქერქში არა უმეტეს 0,0006 %-ს შეადგენს, შესაბამისად, მისი მოპოვება (ძირითადად, ბოლივიაში, სამხრეთ კორეასა და კანადაშია შესაძლებელი) და გადამუშავება რთული და ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მაშინ, როდესაც გაღარიბებული ურან-238 რუსეთსა და აშშ-ს ასი ათასობით ტონის ოდენობით დაუგროვდათ ბირთვული იარაღისა და ატომური ელექტროსადგურების საწვავის მრავალწლიანი გადამუშავებისას და არ იციან, სად წაიღონ...

საერთოდ, საბრძოლო მოქმედებების ზონებში, რადიოაქტიური დაბინძურება მაინც ხდება, ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშეც.

რუსეთ-უკრაინის თითქმის ერთწლიან ფართომასშტაბიან ომში, საერთო ჯამში, ათი ათასზე მეტი საბრძოლო ტექნიკაა - ტანკები, ჯავშანმანქანები, საარტილერიო დანადგარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რაკეტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, საზღვაო ხომალდები და კატარღები - განადგურებული, რომელთა დიდ ნაწილზე ეყენა რადიოაქტიური ელემენტების შემცველი ხელსაწყოები და ამ ტექნიკის აფეთქების შედეგად, ეს რადიოიზოტოპები ჰაერში გაიფანტნენ, ასევე, ნიადაგსა და წყალში მოხვდნენ...