იანვარი სანდროს თვეა და დღეს მე ვარ უსამართლობის მსხვერპლი! - კვირის პალიტრა

იანვარი სანდროს თვეა და დღეს მე ვარ უსამართლობის მსხვერპლი!

"მე მგონია, ჩვენს ქვეყანას შეუძლია იყოს უაღრესად კომიკური (და არა მარტო ტრაგიკული), ჩვენს ქვეყანაში ძალიან იოლად ივიწყებენ კიდეც და აინუნშიც არ აგდებენ საკუთარ ჭრილობებს, საკუთარ შეცდომებს. უფრო მეტიც, თვალს ხუჭავენ უსამართლოდ მიყენებულ ტკივილზე, ჩაგვრაზე, მარცხზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვუჭახუნებთ ჭიქებს და ვხალისობთ. ეს მართლაც, რომ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ იმ მწვავე მოვლენებს, რაც ბოლო წლებში გადავიტანეთ, რომელთა შედეგებსაც დღემდე იმკიან ადამიანები".

ნინო ხარატიშვილი „მერვე სიცოცხლე“

ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერია, მაგრამ როგორ შეიძლება შიდა მტრობასა და პირად აგრესიაზე იყოს დაყვანილი ქვეყნის ბედი? ასეთი, ე. წ. ბრძოლა პოლიტიკოსებისა, რომელიც აშკარად რეალობიდან გასულია, ისევ ამ სისტემის მიზანს ემსახურება, იმ სისტემის შენარჩუნებას, რომლითაც ხან ერთი ხელისუფლება ჩაგრავს ხალხს, ხან მეორე. ვამბობ ამას, რადგან განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკა, საზოგადოებაზე და ქვეყანაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და არა ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ან დარჩენისთვის ბრძოლის საქმე.

ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს, მაგრამ ჩვენ, ადამიანებმა, ხომ ეს ყველაფერი უკვე ვიცით. დღეს, ერთადერთი ამბისთვის ვახსენებ ამ პოლიტიკურ ძალას.

იანვარია და იანვარი სანდროს თვეა. სანდრო გირგვლიანის! რომლის მკვლელობაც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

17 წელი გასულა!

და, ამ ხნის მანძილზე, ოდნავადაც არ უგრძნიათ რასთან გვაქვს საქმე. აღარ მინდა „მათი“ ცინიკური განცხადებები ჩამოვამწკრივო აქ... ვერ გაითავისეს, რომ ეს უბედურება ჩაიდინა სისტემამ და ამ სისტემაში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ, ყველანი, ისევ.

იანვარი სანდროს ხსენების გარეშე ვერ ჩაივლის... უპირველესად კი, ხელისუფლებას შევახსენებ, რადგან ძალაუფლება მის ხელშია და მერე ოპოზიციას: სამართლიანობის აღდგენა ვერასოდეს იქნება მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის თვალის გასწორება და დამნაშავეების დასჯა.

უსამართლო მმართველობის და დანაშაულის დაუშვებლობა, პირველ რიგში ხდება საკუთარი თავიდან, საკუთარი ხელისუფლებიდან.

შეუძლებელია გუშინდელი მკვლელი დღეს გმირად გამოაცხადო. შეუძლებელია მუდმივად უადგილო ადგილას უკრავდე ტაშს. შეუძლებელია სისტემის ჩამოშლაში გულისხმობდე მხოლოდ ერთ ადამიანს, რაც გინდა ფულიანი და გავლენიანი იყოს ის...

ვფიქრობ, რა შეიცვალა სანდროს მკვლელობის შემდეგ? არსებითი ალბათ არაფერი. არავითარი აღიარება, არავითარი სურვილი სისტემის შეცვლისა. ქვეყნის მთავარი პრობლემა „მათი“ გადანაწილება ყოფილა და მეტი არაფერი.

რაგინდ სამწუხაროც არ უნდა იყოს, წლების განმავლობაშიც კი ვერ მოვახერხეთ საერთო აზრის ჩამოყალიბება, თუ რა არის თავისუფლება, რა იგულისხმება ამ თავისუფლებაში და ამიტომ ყველა უკულტურო, ადამიანის უფლების დამრღვევი, კონფორმისტი და კორუმპირებული, სიტყვა "ბრძოლას" იყენებს გავლენების შესანარჩუნებლად, სათავეში მოსასვლელად.

2006 წლის იანვარში მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის სიმახინჯე გამოააშკარავა. ამავე დროს, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმესთან თანამშრომელთა დაკავშირება იყო "პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა და მეტი არაფერი..." არ გენიშნათ? ეს სიტყვები ხომ წლიდან წლამდე, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე არ იცვლება ჩვენს ქვეყანაში.

ყველა ხელისუფლება "რაღაც" რეფორმას ახორციელებს "დემოკრატიის" სახელით და სინამდვილეში მახინჯი სისტემა, რომელიც ჩვენს ტვინებშია ჩაბუდებული არა და არ ვცლით.

ჰოდა მე, დღეს, ისევ სანდრო ვარ! გმირი ირინა ენუქიძის შვილი!

სანდრო ვარ, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში აღარაფერი დარჩა საინტერესო, არც ინიციატივა, არც პერსპექტივა, არც შემოქმედება, ხალხს გასაქანს აღარ უტოვებთ!

მე სანდრო ვარ, ვიდრე ჩემს ქვეყანაში იქნება სისტემა, რომელშიც გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით, სამართლიანობით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და მის რეგრესზე მუშაობს.

მე სანდრო ვარ, ვიდრე პატრონიანთა და უპატრონოთა მიხედვით მუშაობს ყველა სტრუქტურა!

ვიდრე ვიღაც მეტია ჩემზე, როგორც პრივილეგირებული ჯგუფის წევრი!

ვიდრე, ამ არაფრისმთქმელი პოლიტიკით ხალხს ნაცარს აყრით თვალებში და მთავარი პრობლემები, ისევე როგორც მოქალაქის ღირსება ფეხქვეშ გათელილია.

და, მკლავენ სანდროსავით ყოველდღე...

მე მჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობა ჩემს მიმართ. დღეს მოხმაურე პოლიტიკოსები კი მსგავს სახელმწიფოს ვერ შექმნიან. ეს არის მკვეთრად უსამართლო მიდგომები, რამაც ადამიანის სიცოცხლისგან და საზოგადოებისგან გაუცხოება გამოიწვია. ამიტომ არ ვრეაგირებთ მოქალაქეები თქვენს მოთხოვნებზე პოლიტიკოსებო!

როდესაც არასწორი პოლიტიკოსები იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ეს არ ქმნის სამართლებრივ გარემოს. საზოგადოებას უჭირს სწორი შეფასებები. ეს თავის მხრივ წარმოშობს უნდობლობას, ეს უნდობლობა კი აგრესიის მთელ ჯაჭვს. ასეთი ცხოვრება კი აუცილებლად მიგვიყვანს კატასტროფამდე თუ გონს არ მოვეგეთ და არ დავიწყეთ იმ პრობლემების ძირეული გაანალიზება, რაც განვითარებაში ხელს გვიშლის.