საბჭოთა დისიდენტების დისკრედიტირების მთავარი მეთოდი "სამშობლოს ღალატისა" და "უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის" მოგონილი ბრალდებები იყო - კვირის პალიტრა

საბჭოთა დისიდენტების დისკრედიტირების მთავარი მეთოდი "სამშობლოს ღალატისა" და "უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის" მოგონილი ბრალდებები იყო

საბჭოთა პოლიტიკური პოლიცია ცდილობდა, რომ დისიდენტები ისეთ "ოპერატიულ კომბინაციებში" გაება, საიდანაც იოლი იქნებოდა მათთვის "სამშობლოს ღალატისა" და "უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებების წარდგენა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სახის დანაშაული ყველა ქვეყნის მოქალაქეების სამართლიან გულისწყრომას იწვევდა და იწვევს. ამ გარემოებით ხშირად სარგებლობენ ავტორიტარული რეჟიმები და მათთვის არასასურველ პირებს თუ ორგანიზაციებს "სამშობლოს ღალატისა" და "ჯაშუშობის" საქმეებს "უკერავენ". 1976 წლის ბოლოს კა-გე-ბემ "მოღალატის" და "ჯაშუშის" კანდიდატი შეარჩია: ეს იყო "ჰელსინკის ჯგუფის" ერთ-ერთი აქტიური წევრი ანატოლი (ნათან) შჩარანსკი. საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად ჯერ პროპაგანდისტული შეტევა დაიწყო.

reig2-1674802249.jpg

ანატოლი (ნათან) შჩარანსკი

1977 წლის 4 მარტს საბჭოთა გაზეთმა "იზვესტიამ" ა. შჩარანსკი ჯაშუშობაში დაადანაშაულა, რასაც იმით "ასაბუთებდა", რომ დისიდენტს კავშირი ჰქონია ამერიკელ ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან, რომლებიც სინამდვილეში ამერიკელი მზვერავები იყვნენო. უკვე 15 მარტს კი დისიდენტი დააპატიმრეს. სამაგალითო დასჯისთვის ა. შჩარანსკის კანდიდატურა კა-გე-ბემ ორი მიზეზით შეარჩია: ის, აქტიურ დისიდენტურ მოღვაწეობასთან ერთად საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელების უფლებების აქტიური დამცველიც იყო. ამიტომ "ჯაშუშობაში" შჩარანსკის ბრალდებით სუკ-ი ორ კურდღელს ერთდროულად დაიჭერდა: მსოფლიოს აჩვენებდა, რომ საბჭოთა დისიდენტებს ვითომდა უცხოეთის დაზვერვა მართავდა და, მეორეს მხრივ ყველა საბჭოთა ებრაელს, ვინც აპირებდა ისრაელში გამგზავრებას ვითომდა "მოსადი" და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აქეზებდნენ.

წლების მანძილზე ა. შჩარანსკის გარემოცვაში მოქმედებდა კა-გე-ბეს აგენტი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ვინმე ა. ლიპავსკი, რომელიც სუკ-მა 1972 წელს გადაიბირა და მისი ოპერატიული ფსევდონიმი "ერვინი" იყო.

სუკ-ის ერთ-ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ: "აგენტის დახმარებით განხორციელებული ოპერატიული კომბინაციის შედეგად, კა-გე-ბემ მოახერხა შჩარანსკის და "ერვინის" დასახლება ოპერატიული ტექნიკით აღჭურვილ ბინაში".

reig3-1674802249.jpg

მარჯვნივ ალექსანდრე ლიპავსკი

ა. შჩარანსკის სასამართლო პროცესზე სწორედ ა. ლიპავსკი იყო ბრალდების მხარის მთავარი მოწმე. მსოფლიოში ყველაზე "ჰუმანურმა" საბჭოთა სასამართლომ დისიდენტი "სამშობლოს ღალატის" მუხლით გაასამართლა და 1978 წლის ივლისში ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ღვაწლი" არ დაუკარგეს ლიპავსკისაც: კა-გე-ბეს წარდგინებით "სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სპეციალურ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის" 1979 წელს აგენტი "ერვინი" შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. აგენტისთვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენის მინიჭება მართლაც რომ უნიკალური მოვლენა იყო. ნათან შჩარანსკი კი, რომელიც 1986 წლის 11 თებერვალს გაცვალეს საზღვარგარეთ დაკავებულ საბჭოთა მზვერავებზე, ლეგენდარული პიროვნება არის და მის შესახებ უფრო დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ.

ანატოლი (ნათან) შჩარანსკის "ჯაშუშობის" საქმის პარალელურად ანალოგიური ბრალდებების "შეკერვა" კა-გე-ბე ქართველი დისიდენტების წინააღმდეგაც ასრულებდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ იმდენი ჭორ-მართალია გავრცელებული, რომ ბარე ათ პოლიტიკურ ლიდერს ეყოფა. ეს არაორდინარული პიროვნება ათწლეულების მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის კა-გე-ბეს მუდმივი ოპერატიულ-აგენტურული დამუშავების ობიექტი. ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ქართველი დისიდენტების დისკრედიტირების ოპერაციებს, მათ შორის 1978 წელს ზ. გამსახურდიას ცნობილი "სატელევიზიო მონანიების” სცენარების მომზადებას, პირადად გენერალ-ლეიტენანტი (შემდეგ კი არმიის გენერალი) ფილიპ ბობკოვი უწევდა კონტროლს. საქართველოში კი ამ პროცესებს უშუალოდ სუკ-ის თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი ინაური ხელმძღვანელობდა. კა-გე-ბეს მთავარი მიზანი ქართველი დისიდენტების უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირისა და "ჯაშუშობის" საჩვენებლად შესაბამისი ოპერატიული კომბინაციის დაგეგმვა-განხორციელება იყო. 1976 წლის ივნისში მოსკოვში მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც ფორმალური საფუძველი გახდა ზ. გამსახურდიასთვის "ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა" და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდების წასაყენებლად. ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" აღნიშნავს:

reig4-1674802249.jpg

ზვიად გამსახურდია

" მათ (იგულისხმება სუკ-ი - ბ. ა.) დაიწყეს ჩემი იზოლირება დანარჩენი სამყაროსგან, მომიგზავნეს აგენტები და პროვოკატორები. მიუხედავად ჩემი დევნისა, სახელმწიფო უშიშროება მაინც არ მიკრძალავდა მოსკოვში გამგზავრებას, სადაც 1976 წლის ივნისში კიდევ ერთი ინციდენტი მქონდა. არც მე და არც ჩემ მეგობრებს დანაშაულად არ მიგვაჩნდა უცხოელებისგან ჩვენთვის საინტერესო პოლიტოლოგიის ლიტერატურის მიღება. ამ მიზნით ჩემს ნაცნობსს, მოსკოვში ამერიკის საელჩოს პირველ მდივან ი. ბელუსოვიჩს ვთხოვე, დროებით ეთხოვებინა ჩემთვის საინტერესო პოლიტიკური ლიტერატურა ინგლისურ და რუსულ ენებზე. თუმცა, მისი მხრიდან მაინც წინდაუხედავობა იყო ამ ლიტერატურის გადმოცემა ჩემთვის ღია ადგილას, სასტუმრო "უკრაინას" მახლობლად. თუმცა თავად მეც გადამეტებულად ვაფასებდი ახლად დადებული ჰელსინკის შეთანხმების ძალას, ვფიქრობდი, რომ კა-გე-ბე ვერ გაბედავდა ლიტერატურის ჩამორთმევას". შემდეგ ზ. გამსახურდია იხსენებს, რომ კა-გე-ბეს თანამშრომლები მეტროში დაეწივნენ (?) და განუცხადეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და მათ უნდა გაჰყოლოდა. ი. ბელოუსოვიჩი კი, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი ჰქონდა, საბჭოთა ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა. ზ. გამსახურდია წერს, რომ მას ჯერ ემიგრაციაში წასვლა შესთავაზეს, შემდეგ კი განუცხადეს: ”თქვენ უცხოეთის სპეცსამსახურების ანკესზე ხართ, მაგრამ თქვენი ბატონები არ დაგიცავენ. გირჩევთ შეწყვიტოთ ეს საქმიანობა. ახლა წადით და ფრთხილად იყავით ”.

ზ. გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრას სასტუმრო "უკრაინასთან" ვიდეოზე იღებდნენ და რომ მისი დაკავების შემდეგ კა-გე-ბე ცდილობდა შეექმნა ვერსია, რომ გამსახურდია აშშ-ის ჯაშუშია, ხოლო ბელუსოვიჩი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან მისი კურატორია. ბუნებრივია, რომ საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ არ იცოდა, რომ საბჭოთა დისიდენტები კა-გე-ბეს დიდი "ოპერატიული კომბინაციის" მსხვერპლნი იყვნენ და მის შეხვედრას ბელოუსოვიჩთან ზ. გამსახურდიას კომპრომეტირებისთვის გამოიყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის სუკ-ის თავმჯდომარე იური ანდროპოვმა 1977 წლის 18 თებერვალს "სრულიად საიდუმლო” #330-ა მოხსენება გააგზავნა სკკპ ცკ-ში. ამ დოკუმენტიდან ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს ქვემოთ გთავაზობთ. ი. ანდროპოვი, ეხება რა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯეიმს კარტერის ადმინისტრაციის გააქტიურებას "საბჭოთა კავშირში დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის” მხრივ და ამ პროცესში აშშ-ის სპეცსამსახურების მონაწილეობას, აღნიშნავს:

"აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველმა მდივანმა ბელოუსოვიჩმა 1976 წლის ბოლოს ქართველ ნაციონალისტ გამსახურდიას გადასცა დიდი რაოდენობით მტრული ანტისაბჭოთა ლიტერატურა... 1976 წლის აგვისტოში საელჩოს მრჩევლები გროსი და ლობნერი მოსკოვის სინაგოგაში ყოფნის დროს ავრცელებდნენ სიონისტურ ლიტერატურას. საელჩოს პირველი მდივანი კომბსი 1976 წლის დეკემბერში ცნობილ "დისიდენტ” ორლოვთან შეხვედრისას აძლევდა მას ანტისაბჭოთა ჯგუფების გააქტიურების პრაქტიკულ რეკომენდაციებს”.

ამ საიდუმლო დოკუმენტში მოყვანილია აგრეთვე ცნობილი საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის მოსკოვში აშშ-ს საელჩოში რამდენიმე ვიზიტის საკმაოდ დაწვრილებითი ანგარიში. ჩემი აზრით კა-გე-ბეს ინფორმაციის წყარო ყველა ზემო აღნიშნულ შემთხვევაში, მოსკოვში აშშ-ის საელჩოში დამონტაჟებული ფარული მოსასმენი აპარატურა ან/და ცნობილი დისიდენტების გარმოცვაში "ჩანერგილი” მრავალრიცხოვანი აგენტურა იყო. საინტერესოა ვინ იყო ამერიკელი დიპლომატი იგორ ბელოუსოვიჩი და როგორ წარიმართა ამ ინციდენტის შემდეგ მისი ცხოვრება?

წაიკითხე წინა ბლოგი

(მეხუთე ნაწილის დასასრული)