"მალე გავიგე, რომ ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ. ჩემს დას უნდოდა, ორივე წაეყვანა და ერთად გაეზარდა, მაგრამ უარი ვთქვი... სამშობიაროდან ერთი მე წამოვიყვანე, მეორე - მან" - კვირის პალიტრა

"მალე გავიგე, რომ ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ. ჩემს დას უნდოდა, ორივე წაეყვანა და ერთად გაეზარდა, მაგრამ უარი ვთქვი... სამშობიაროდან ერთი მე წამოვიყვანე, მეორე - მან"

ამბავი, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, შეიძლება ბევრი ქალის პრობლემა იყოს და ბევრი ეძებდეს გამოსავალს. საქართველოში ხშირი იყო შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარ დედმამიშვილებს საკუთარ ჩვილებს აძლევდნენ გასაზრდელად და არ ფიქრობდნენ, შემდეგ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას.

სოციალურ ქსელებში უამრავ უცნაურ ამბავს ვისმენთ გაყიდულ თუ სხვა გზით გაშვილებულ ბავშვებზე, რომლებიც დღეს ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ. ჩვენს რესპონდენტს თავის ცხოვრებაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა, ღელავდა და ტიროდა, რამდენჯერმე წამოიწყო და აზრს თავს ვერ უყრიდა... ის 4 შვილის დედაა, მათგან ერთი მისმა დამ გაზარდა, რადგან მას შვილი არ ჰყავდა. ბავშვმა 17 წლის ასაკში შეიტყო ეს ამბავი და მას შემდეგ ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვთ.

ნინელი გ.

- არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი ან რა შედეგი ექნება ამას, მაგრამ მინდა, ჩემი ისტორია სხვებმაც გაიგონ. ვიცი, ჩემს მდგომარეობაში ბევრი დედაა, ეს ნაბიჯი მარტო მე არ გადამიდგამს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უდიდესი და ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ამაზე მაშინ არ მიფიქრია...

საკუთარი შვილი გასაზრდელად ჩემს დას მივეცი, რადგან მას თავისი არ ჰყავდა, არადა, დედობაზე ძალიან ოცნებობდა. ახლა ვფიქრობ, ჩემს დას უცხო ადამიანისგან რომ ეშვილებინა ბავშვი და გაეზარდა, დღეს უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ისიც და მეც. წლებია, სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ, ორივე ოჯახს დიდი სადარდებელი გვაქვს, ღელავენ ჩემი სხვა შვილებიც, მაგრამ ვერ გამოვნახეთ გამოსავალი. ჩემი და სიგიჟემდე მიყვარს, თავის დროზე, ალბათ, ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.

ჩემი ამ ნაბიჯით ჩემს შვილსაც დავუმახინჯე ცხოვრება. საკუთარი შვილისგან იმხელა აგრესია წამოვიდა, მის თვალებში ვკითხულობდი, რომ მზად იყო, მოვეკალი.

ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ რამდენიმე წელია, საქართველოდან წავიდა და არ ბრუნდება.

ამხელა სტრესი გადაიტანა და ჩვენ ვერაფრით დავეხმარეთ. ერთადერთი, მისი მეგობრისგან ვიგებთ მის ამბებს.

მისი გამზრდელი დედა, რომელიც ძალიან უყვარდა, დღეს დასანახად არ უნდა...

- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი შვილი გაგეშვილებინათ? ამაზე მეუღლეც დაგთანხმდათ?

- ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, მე და ჩემი ქმარი ბედნიერები ვიყავით და სულ ვშრომობდით. ეკონომიკურად არ გვიჭირს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჩემი ერთი ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა, რასაც დღეს ძალიან განვიცდი და ძალიან უბედური ვარ.

საკუთარი შვილი ზიზღით მიყურებს.

ჩემმა სხვა შვილებმაც გააპროტესტეს ეს ამბავი, როცა დამინახავენ, რომ ვტირი, მეუბნებიან, ეს არ უნდა გაგეკეთებინაო...

გათხოვების შემდეგ მალე დავფეხმძიმდი და პირველი ვაჟი შემეძინა. მაშინ ჩემი და გათხოვილი არ იყო და ძალიან მეხმარებოდა შვილის აღზრდაში, ფაქტობრივად, მან გაზარდა, მე სამსახურში დავდიოდი.

შემდეგ თვითონაც გათხოვდა, ჩემი სიძე ძალიან კარგი ადამიანია, ცოლი ძალიან უყვარს. პრობლემა ოჯახში იმის გამო გაჩნდა, რომ ბავშვი არ ჰყავდათ. რამდენჯერმე მოეშალა ნაყოფი და ფეხმძიმობა ვერ დადგა. ქმართან - არა, მაგრამ დედამთილთან სერიოზული კონფლიქტები ჰქონდა. ის ქალი ყველანაირად ცდილობდა, ეს ოჯახი დანგრეულიყო. რამდენჯერმე ჩემი და სახლიდან წამოვიდა, მერე ჩემი სიძე მოდიოდა და ისევ მიჰყავდა უკან. ჩემი და განადგურებული იყო, თავის მოკვლაც სცადა...

გარკვეული პერიოდი ჩემთან ცხოვრობდა, მერე ისეთი გაუსაძლისი იყო დედამთილთან ცხოვრება, ჩემმა სიძემ ბინა იყიდა და ცოლ-ქმარი ცალკე გადავიდა.

მე მეორე გოგონა შემეძინა, წლინახევრის იყო ჩემი გოგონა, როცა მალევე ისევ დავრჩი ფეხმძიმედ და რადგან ორი პატარა მყავდა და ვიცოდი, უცებ მესამე შვილის გაზრდა გამიჭირდებოდა, ამიტომ აბორტის გაკეთება გადავწყვიტე. ეს რომ ჩემმა დამ გაიგო, გადაირია, მითხრა, მე შენ ამის უფლებას არ მოგცემო. ხომ ხედავ, როგორ ვნატრობ შვილს, რა დღეში ვარ და თუ შენ არ გინდა, მაშინ მესამე ბავშვი მე გამიჩინეო. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი. ისიც არ ვიცოდი, ეს ამბავი ჩემი ქმრისთვის როგორ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩემს დას ასეთ გაუბედურებულს რომ ვხედავდი, შემეცოდა და დავთანხმდი.

აბორტის გაკეთებას რომ ვაპირებდი, ჩემმა ქმარმაც იცოდა, კონსულტაციაზე ჩემი და გამომყვა და იქიდან დაბრუნებულმა, ქმარს ჩემი დის ნათქვამი ვუთხარი. არც ის წასულა ამის წინააღმდეგი და ნაყოფი შევინარჩუნე.

საოცარი რამ მოხდა, მალე გავიგე, რომ ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ. ჩემს დას უნდოდა, ორივე წაეყვანა და ერთად გაეზარდა, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი, ვიფიქრე, სახლში მეც ბავშვით დავბრუნდები და ჭორაობის და ეჭვიანობის საბაბს მეზობლებს და ნათესავებსაც არ მივცემ-მეთქი. გადავწყვიტე, არავისთვის მეთქვა, რომ მეორე შვილი ჩემს დაზე გავაშვილე. მეგონა, ეს დიდი საიდუმლო ჩვენ შორის დარჩებოდა და ამ ამბავს ვერასდროს ვერავინ გაიგებდა. როგორც ჩანს, ასეთი ამბავი არ იმალება და ყველაზე ცუდ დროს გახმაურდა, მაშინ როცა ბავშვი გარდატეხის ასაკში იყო.

ამის შემდეგ, მეც ამერია ცხოვრება და ჩემს შვილებსაც. დიდი სკანდალი მქონდა მანამდეც, სანამ ბავშვს ჩემს დას მივცემდი. ჩემმა დედამთილმა და მაზლმა გაიგეს ეს ამბავი და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ, ჩემს ქმარსაც ეჩხუბებოდნენ, ამას როგორ აკეთებო?! მაგრამ ამ დროს უკვე 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ვერ ვეტყოდი უარს ჩემს დას. ვხედავდი, რომ მას სიცოცხლის ხალისი დავუბრუნე. დედობისთვის მთელი 9 თვე ისიც ემზადებოდა, ყველაფერი იყიდა ბავშვისთვის და ტკივილს ვერ მივაყენებდი, არც ჩემს მეუღლეს დაუტანებია ძალა და, საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ტყუპი გაჩნდა, კლინიკიდან გაწერის დღეს დათო ჩემმა დამ წაიყვანა, გიორგი კი მე წამოვიყვანე სახლში. ჩემი შვილი კარგ გარემოში იზრდებოდა, სითბო და სიყვარული არ აკლდა, ჩემს სხვა შვილებთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვობიდან. ხან აქეთ მოჰყავდა ჩემს დას, ხან მე მივდიოდი ბავშვებთან ერთად და ერთი დიდი ოჯახი გვქონდა. ბავშვს ეგონა, რომ ჩვენ დეიდა და ბიძა ვიყავით და ასე გვეძახდა. ასე გადიოდა წლები.

- არ გიჭირდათ, როცა საკუთარი შვილი დეიდას გეძახდათ?

- ეს ძალიან ძნელი იყო და თავიდან ძალიან მტკივნეულადაც აღვიქვამდი. ჩემი და დათას სახლში რომ მოიყვანდა, გვერდიდან არ ვცილდებოდი, სულ ვეფერებოდი, გულში ვიკრავდი, მერე მარტო დარჩენილი ვტიროდი კიდეც. მისი ტყუპისცალი ეჭვიანობდა, ამბობდა, ის უფრო მეტად გიყვარსო. როცა პირველად დეიდა დამიძახა, საშინელ დღეში ჩავვარდი. განსაკუთრებით ჩემს ქმარს გაუჭირდა ამ სიტუაციასთან შეგუება, ბავშვი რომ მიდიოდა ჩვენგან, ღამით ტიროდა. მას არაფერს აკლებდა, როგორც სხვა შვილებს, ისე ექცეოდა მასაც, იმისთვისაც ისევე ყიდულობდა ყველაფერს, მაგრამ, საბოლოოდ, დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.

- როგორ გახმაურდა ამბავი?

- იმ წელს ბავშვები სკოლას ამთავრებდნენ. დათას, თურმე, თანაკლასელი გოგონა შეუყვარდა. ჩემს დასთან ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომ დედასაც მოუყვა, შეყვარებული რომ იყო. ის გოგო სხვა ბიჭსაც უყვარდა, თურმე. ამის გამო უჩხუბიათ ბიჭებს. მერე გოგოს უთხრეს, არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და გოგონამ დათა მიყვარსო რომ უთხრა, მაშინ უთხრეს იმ გოგოს, ის აყვანილიაო.

ეს წამოაძახეს დათას და, თურმე, გაგიჟდა...

გოგო სახლამდე მიიყვანა და ჩემს დასთან სახლში აღელვებული მისულა. ჩემი დისთვის მოუთხოვია, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. ისეთ დღეში იყო, დამალვას აზრი არ ჰქონდაო და ასე გაიგო მან სიმართლე. საშინელი რეაქცია ჰქონდა, სახლიდან გაიქცა და მთელი 10 დღე არ ვიცოდით, სად იყო. უმძიმესი დღეები გადავიტანეთ. შეყვარებული გოგონასთვის ჰქონდა მხოლოდ ერთი მესიჯი მიწერილი და კვალს ვერ ვაგნებდით. შემდეგ ჩემმა უფროსმა ბიჭმა ერთი ახლობლის ბინაში მიაგნო. მასთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ არ მოინდომა, საერთო ენის გამონახვა ვერავინ შეძლო. ჩემმა დამაც ყველაფერი სცადა, მაგრამ - უშედეგოდ. თქვენი დანახვა არ მინდაო, ძალიან აგრესიული იყო. შემდეგ ძმებმა წამოიყვანეს, ჩვენც შევხვდით, მაგრამ მითხრა, იცოდე, მე შენი შვილი არასოდეს ვიქნები, ამაზე ნურასოდეს იოცნებებ, შენ რომ გდომოდა, მეც გავიზრდები ჩემს და-ძმებთანო. ეს საშინელი მოსასმენი იყო. ძალიან ცუდად გავხდი, ძლივს მომასულიერეს.

იმაზე ვდარდობ დღემდე, რომ ჩვენი გაუაზრებელი ნაბიჯის გამო, ჩემს შვილს ცხოვრება ავურიე. გარკვეული პერიოდი ჩვენი ნათესავის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც სამუშაოდ საბერძნეთში იყო. მხოლოდ ძმები მიდიოდნენ მასთან. მერე წავიდა საზღვარგარეთ და უკვე მესამე წელია, გერმანიაშია. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. სწავლაზეც უარი თქვა და - ყველაფერზე.

- ასეთი ამბები არ იმალება, რატომ არ აუხსენით სიმართლე?

- ჩემი და ძალიან ახლოს იყო შვილთან, ყველაფერზე საუბრობდნენ, კარგი დედა-შვილობა ჰქონდათ. ყოველთვის ამბობდა, მირჩევნია მე ვუთხრა, ვიდრე სხვისგან გაიგოსო. ბავშვიც ყველა საიდუმლოს უყვებოდა, ისიც იცოდა, ვინ უყვარდა, ვინ მოსწონდა, ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ვერ ბედავდა ეთქვა სიმართლე. ჩემი და ამბობდა, გარდატეხის ასაკი გაუვლის, სკოლას დაამთავრებს და მერე ვეტყვი ყველაფერსო. მაგრამ არ დაგვცალდა, ვიღაცამ წამოაყვედრა და ჩვენი ბედნიერი ოჯახი უცებ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა მომისმინოს და მაპატიოს. დღეს იმის იმედად ვარ, რომ მეტად დაკაცდება და გააანალიზებს ყველაფერს, ჩვენს პატიებას შეძლებს. დღეს მხოლოდ ის მინდა, თვითონ ბედნიერი იყოს. თავის ტყუპისცალთან ძალიან მეგობრულად იყო, იმასაც ისე საშინელი რეაქცია ჰქონდა, ეს ამბავი რომ გაგო. მანაც დამადანაშაულა - ეს როგორ გააკეთეო. მასთანაც სერიოზული პრობლემები გვქონდა, სახლში ყველაფერი დაამტვრია, სულ ვეჭვობდი და ვფიქრობდი, დათა ჩემი ღვიძლი ძმა რომ იყოო. ძალიან ჰგვანან ფიზიკურად და ხასიათებითაც. არც უფროსმა ბიჭმა და გოგონამ იცოდა რამე. უფროსი უფრო დიდია და ჩხუბით არ უჩხუბია, რადგან ხედავდა, როგორ განვიცდიდით.

ჩემს ქმარს გულის შეტევა მოუვიდა და კლინიკაში გადავიყვანეთ, სტენტირებაც დასჭირდა და ამის შემდეგ ბიჭები უკვე ხმამაღლა აღარ აპროტესტებენ ამ ფაქტს. მამა ეცოდებათ და მას არ ანერვიულებენ. დათა, ალბათ, არ მაპატიებს, მაგრამ მინდა, ბედნიერი იყოს და გამზრდელ მშობლებთან აღადგინოს ურთიერთობა. ჩემი და და სიძე განადგურებულები არიან. ძალიან განვიცდით, ჩემი და რამდენიმე დღე ფეხზე ვერ დგებოდა საერთოდ. ეტყობა, ვიღაცამ უთხრა დათას ეს ამბავი და დაურეკავს გერმანიიდან, დედა, შენ არ მოკვდე, მე ჩემს ბიოლოგიურ მშობლებზე ვარ გაბრაზებული, მათ არასოდეს ვაპატიებ და შენ ცოტა ხანს მაცადე და დავბრუნდებიო. მაგრამ ეტყობა, ვერ გადახარშა და უკვე მესამე წელია გერმანიაშია. მისი ტყუპისცალიც აპირებს იქ წასვლას, მაგრამ რადგან ჩემი ქმარი ასე ცუდად იყო, ამიტომ შეიკავა თავი. ახლა მამამისი იქით ეუბნება, წადი და იქნებ აქეთ ჩამოიყვანოო.

არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ კიდევ ვამბობ, ვიცი, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი. ჩემი შვილები ერთად უნდა გამეზარდა, ჩემს დას უცხო ადამიანისგან უნდა ეშვილებინა შვილი და ისიც ასეთ დღეში არ იქნებოდა. ჩემი ქმარიც ახლა ამბობს, ძალიან არ მინდოდა ეს, რადგან სწორედ ამის მეშინოდა, მაგრამ ხათრი ვერ გავტეხე და უარი ვერ ვუთხარი შენს დასო.

ძალიან მინდა, ჩემს დასთან და სიძესთან, მის გამზრდელებთან მაინც აღადგინოს კარგი ურთიერთობა. მათ არაფერი დაუკლიათ, ფუფუნებაში გაზარდეს, სითბო და სიყვარული არ აკლდა, ოღონდ იმათ დაუბრუნდეს, ოღონდ ბედნიერი იყოს და დაე, მე ვძულდე. ალბათ, ეს დავიმსახურე.

ეს მარტო ჩვენს ოჯახში არ მომხდარა, ვიცი, ბევრი ბავშვი იზრდება ასე, თავისი ნათესავების გარემოცვაში. არ ვიცი, რა არის გამოსავალი, როდის უნდა უთხრან მშობლებმა შვილებს ეს ამბავი და როდის უნდა გაუმხილონ სიმართლე, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მაგალითი ბევრს დააფიქრებს.

ყველას ვურჩევ, დროულად უთხრან ბავშვებს სიმართლე, რომ მერე ჩვენნაირ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

მინდა, საჯაროდ მოვუხადო ბოდიში ჩემს შვილს და, მუხლმოდრეკილმა, პატიება ვთხოვო, - შვილო, მაპატიე, გემუდარები.

მინდა იცოდეს, რომ ძალიან გვიყვარს და მის გამზრდელ მშობლებსაც ძალიან უყვართ.

(სპეციალურად საიტისთვის)