ვინ იყო "ჰომეროსი", რომელმაც "ოპერაცია "ოქრო" გასცა?
"ცივი ომის" დასაწყისი ყველაზე ტრაგიკულად გერმანიაზე, უპირველესად კი - ბერლინზე აისახა. 1949 წელს ქალაქი ორად გაყვეს - მისი ერთი ნაწილი საბჭოთა კავშირის სატელიტის - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა. მეორე ნაწილი კი, სადაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი საოკუპაციო ზონა იყო, დასავლეთ გერმანიის სახელმწიფოს ერთ-ერთი ტერიტორიული ერთეული გახდა. ორად გაყოფილ ბერლინში საზღვარი პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გადიოდა, ბევრი სახლის ერთი ნაწილი აღმოსავლეთ, ხოლო მეორე ნაწილი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებში მოხვდა. ამ გარემოებით არ შეიძლება არ დაინტერესებულიყვნენ მოწინააღმდეგე მხარეების სპეცსამსახურები.
თუ საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ორად გაყოფილ ბერლინს კაპიტალისტურ ქვეყნებში აგენტების შესაგზავნად იყენებდა, აშშ-ის და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა ამ ტერიტორიული სიახლოვის უფრო ორიგინალური მიზნით გამოყენება გადაწყვიტეს. ახლადჩამოყალიბებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის შეფმა - რეინჰარდ გელენმა, რომელიც ბერლინს საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა და ამერიკელებთან თავის გამოჩენა ძალზე სურდა, 1953 წელს ა. დალესს აღმოსავლეთ ბერლინის სატელეფონო კომუნიკაციების ნახაზები წარუდგინა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ბერლინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთას მეტრში გადიოდა ის სატელეფონო სადენები, რომელსაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები და საბჭოთა დიპლომატები მოსკოვ-ბერლინის კავშირისთვის იყენებდნენ. ეს სადენები მიწაში 1.8 მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული. ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლებს გააცნეს ეს ინფორმაცია და გადაწყვიტეს, ერთობლივი ძალებით გაეყვანათ გვირაბი და სატელეფონო სადენებზე ინფორმაციის "მოსახსნელი" აპარატურა დაემონტაჟებინათ.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაშინდელი დირექტორის - ალენ დალესის საიდუმლო ბრძანებით დაიგეგმა და განხორციელდა განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაცია კოდური სახელწოდებით - "ოქრო". ეს იყო "ცივი ომის" პერიოდში ფარული მიყურადების ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სპეცოპერაცია, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. 1953 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ლონდონში ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (მი-6) და აშშ-ის საგარეო დაზვერვის (ცსს) ხელმძღვანელების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, სადაც "ოპერაცია "ოქროს" საკითხები განიხილეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ შეხვედრას ესწრებოდა საბჭოთა "თხუნელა" ("თხუნელა" - ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი ან თანამშრომელი, რომელიც ფარულად სხვა ქვეყნის სპეცსამსახურზე მუშაობს), 31 წლის "ჰომეროსი" (ოპერატიული ფსევდონიმია).
1953 წლის დეკემბრის ბოლოს გვირაბის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. საინჟინრო სამუშაოების შესანიღბად გვირაბის გათხრა დასავლეთ ბერლინში მდებარე აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო საწყობიდან დაიწყეს. ამოღებული მიწის ერთი ნაწილი შეუმჩნევლად გაჰქონდათ, ხოლო დანარჩენს ტომრებში ჰყრიდნენ და გვირაბის გასამაგრებლად იყენებდნენ. ამერიკელმა სამხედრო ინჟინრებმა, რომლებიც ძალზე ფრთხილად მუშაობდნენ, ერთ წელზე მეტი დახარჯეს თითქმის 500-მეტრიანი გვირაბის გასაყვანად, რომელიც მიწის ზედაპირიდან 4,5 მეტრის სიღრმეში იყო და სიმაღლე ორ მეტრამდე ჰქონდა. გვირაბის გაყვანა და შესაბამისი აპარატურით აღჭურვა შვიდ მილიონ დოლარამდე დაჯდა. დღევანდელი კურსით ეს, დაახლოებით, 90-100 მილიონი დოლარია. 1955 წლის 11 მაისს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დაასრულეს საბჭოთა მიწისქვეშა სატელეფონო კვანძზე სპეციალური ჩამწერი აპარატურის მიერთება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ ბერლინში მდებარე საბჭოთა სამხედრო კომენდატურის საუბარს მოსკოვთან.
საიდუმლო მასალა ისეთი მოცულობის იყო, რომ ვაშინგტონში მთარგმნელები და ანალიტიკოსები დღედაღამ მუშაობდნენ. ამ პერიოდში ჩაწერილი იყო, დაახლოებით, 450 ათასი სატელეფონო საუბარი, თუმცა კახელის ნათქვამის არ იყოს: "გამაადგათ, რო!". თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, ამერიკელებისა და ბრიტანელებისთვის სრულიად მოულოდნელად, 1956 წლის 22 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცები აღმოსავლეთ ბერლინში მდებარე გვირაბის დასაწყისში შევიდნენ. გაოცებულმა ამერიკელმა ოპერატორებმა ძლივს მოაწრეს გაქცევა. საბჭოთა "პროპაგანდისტულმა მანქანამ" საიდუმლო გვირაბის "შემთხვევით აღმოჩენის" ფაქტი მშვენივრად გამოიყენა საერთაშორისო სკანდალის გასაბერად.
მხოლოდ 1961 წელს გაირკვა, რომ გვირაბის შესახებ ინფორმაცია კა-გე-ბეს ჯერ კიდევ მის გაყვანამდე ჰქონდა "ჰომეროსისგან" და მთელი წლის განმავლობაში მოწინააღმდეგეებს დეზინფორმაციით კვებავდა. კა-გე-ბემ ჩვეულ სტილში გათვალა – მოწინააღმდეგეს გვირაბის გაყვანა აცალა, ბლომად ფული დაახარჯვინა, დეზინფორმაცია გაასაღა და ბოლოს "იმპერიალისტებიც" მაგრად გააშავა. ვინ იყო "ჰომეროსი"? იხილეთ გაგრძელება
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს